„მთავრობა არსებული შემადგენლობით საქმიანობას 2016 წლამდე გააგრძელებს“

„მთავრობა არსებული შემადგენლობით საქმიანობას 2016 წლამდე გააგრძელებს“

„თავისუფალი-დემოკრატები“ სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში არიან და სახელისუფლებო კრიზისზე აპელირებენ, მმართველი გუნდი კი ირწმუნება, რომ მთავრობის არსებული შემადგენლობა 2016 წლამდე არ შეიცვლება და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს.

სახელმწიფო სტრუქტრურებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია და ის დუმილს ამჯობინებს, მაგრამ საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს.

როგორც for.ge-ს ფრაქცია „თავისუფალი-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, ის პირები, რომელთაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოსტები დატოვეს, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრები იყვნენ.

დეპუტატის შეფასებით, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არცერთი ადეკვატური განცხადება არ გაკეთებულა, მითუმეტეს, მთავრობის ხელმძღვანელს  საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„სახეზეა გარკვეული დაპირისპირება და კრიზისი, რასაც შესაბამისი განმარტება სჭირდება. გვაინტერესებს, გადაწყვეტილებას ვინ იღებს?! შემთხვევითობაზე მეტია, როდესაც უცებ, შვიდი ადამიანი პოსტიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა, რომლის კითხვასაც პასუხს მისი თანაგუნდელი, ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე სცემს.

კანონმდებელის მოსაზრებით, საკადრო ცვლილებებზე გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი იღებს.

აბაშიძის განცხადებით, სახეზეა ღრმა სახელისუფლებო კრიზისი, ვინაიდან თანამდებობები ღარიბაშვილის გუნდის უახლოესმა წევრებმა დატოვეს.

დეპუტატის შეფასებით, დამოკიდებულება - თითქოს, არაფერი ხდება, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი იღებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. საკადრო ცვლილებების თაობაზე ინფორმაციას „ქართული ოცნების“ არცერთი წარმოამდგენელი არ ფლობდა“, - განაცხადა აბაშიძემ.

„თავისუფალი-დემოკრატებისგან“ განსხვავებით, უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავენ და აცხადებენ, რომ საკადრო პოლიტიკაზე გადაწყვეტილებას პრემიერმინისტრი იღებს.

for.ge-სთან საუბარში ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისეთი ტიპის ცვლილებები განხორციელდა, რომელიც პერიოდულად საჭიროა. კანონმდებლის თქმით, მიმდინარე პროცესების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი.

„აღნიშნულ პოსტებზე ვინც დაინიშნება, პრემიერთან ისინიც ასოცირებული იქნებიან. ბუნებრივია, პრემიერი თანამდებობებზე იმ პირებს დანიშნავს, რომელთაც იცნობს. მეც, თუ სადმე რაიმე ტიპის ბერკეტი მაქვს, ვცდილობ, იქ ის ადამიანი დავნიშნო, ვისაც ვიცნობ“, - აცხადებს დეპუტატი.

ძიძიგურის მტკიცებით, საკადრო პოლიტიკაზე გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილი იღებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი საკადრო პოლიტიკაში მაშინ არ ერეოდა, როცა პრემიერმინისტრი თავად იყო.

„ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი გამოვიდნენ და თქვან, მათ საქმეში ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერ ჩაერია! სამთავრობო ცვლილებებს არ ველი, რადგან პარლამენტმა მთავრობას ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს. მთავრობა ამ შემადგენლობით საქმიანობას 2016 წლამდე გააგრძელებს, მათ შორის ეკონომიკური გუნდი“, - განუცხადა for.ge-ს ძიძიგურმა, რომლის პოზიციას იზიარებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

for.ge-სთან საუბარში ბესელია აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესი ჯანსაღია და ხელისუფლებაში კრიზისის მაჩვენებელი არაფერი შეიმჩნევა. კანონმდებელის განცხადებით, საკადრო ცვლილებები იმისთვის ხდება, რომ მთავრობას რეფორმების პროცესში გაცილებით უკეთესი მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს.

„ყველა გადაწყვეტილება კორდინირებული პრემიერთან არის. ზვიად ჯანყარაშვილის შემთხვევაში, ყოველთვის იმაზე იყო აპელირება, რომ ის პრემიერის ნათესავია და ამის გამო ის უსამართლო დარტყმის ქვეშ დგებოდა. თავის დროზე, მან საჯარო სამსახური სწორედ ამ დამოკიდებულების გამო დატოვა. არ შეიძლება, მუდმივად, ეს თემა უარყოფით კონტექსტში პრემიერთან იყოს დაკავშირებული. ეს პროცესი რთული ჯანყარაშვილისთვისაც იყო“, - აცხადებს ბესელია, რომელიც მოსაზრებას არ ეთანხმება, რომ საკადრო ცვლილებებზე გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს.

შეგახსენებთ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები გასულ კვირას დაიწყო. პროცესი ზვიად ჯანყარაშვილმა გახსნა, რომელმაც პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, პოსტებსი დატოვება მოუწიათ - შს სამინისტროს გენინსპექციის ხელმძღვანელს, ირაკლი სამყურაშვილს, შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) უფროსს მალხაზ ჩიკვილაძეს, ეკონომიკური საბჭოს მდივანს რომან ჩხენკელს, გურიის გუბერნატორს გიორგი ჩხაიძეს და მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს აკაკი ჩხენკელს.