დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში რუმინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დუმიტრუ ბადეას უმასპინძლა. შეხვედრას რუმინეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ნიკუ სეკარაც დაესწრო.
მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსაც.
როგორც მინდია ჯანელიძემ განაცხადა: „ვისაუბრეთ საქართველოსა და რუმინეთს შორის მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე, ამ თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ჩვენ სამინისტროებს შორის შეთანხმებულია ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა 2015 წლისთვის. ვგეგმავთ საინტერესო ღონისძიებების ჩატარებას. ასევე აღსანიშნავია, რომ რუმინეთი არის მუდმივი მხარდამჭერი ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. მომავალშიც ველით რუმინეთისგან მხარდაჭერის აღმოჩენას ყველა იმ ინიციატივის განხორციელების პროცესში, რასაც არსებითი პაკეტი, ნატოსთან საქართველოს, ჩვენი შეიარაღებული ძალების დაახლოება ითვალისწინებს“.
რუმინეთის ელჩმა ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა: „საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ბატონ მინდია ჯანელიძესთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. ეს მხოლოდ გაცნობითი შეხვედრა არ იყო, ჩვენ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რუმინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. ალბათ იცით, რომ რუმინეთი საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა. შეხვედრაზე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხებსაც შევეხეთ. ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, ძალაში რჩება. რუმინეთი საქართველოს ჩრდილო-ატლანიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მხარს უჭერს“.