მთავრობა დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპს აუქმებს, რითაც წინააღმდეგობაში კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამასთან მოდის. for.ge კოალიციის საარჩევნო პროგრამას დეტალურად გაეცნო, სადაც 45-ე გვერდზე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული დაბეგვრის მექანიზმებს უზრუნველყოფს, მათ შორის ყოველწლიურად საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავ მინიმუმს დაადგენს, რომელიც საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება.
მთავრობამ 2012 წელს, საარჩევნო პროგრამის სწორედ ამ ჩანაწერით იხელმძღვანელა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში, „საგადასახდო კოდექსში“ დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი ჩადო, რომელიც ძალაში 2013 წელს შევიდა. ამჟამად კი, ფინანსთა სამინისტრო ამ საკანონმდებლო ნორმის გაუქმების იდეით გამოდის და პარლამენტს დაჩქარებული წესით ისევ „საგადასახადო კოდექსის“ განხილვას სთხოვს, სადაც ნათქვამია, რომ 2015 წლისთვის მიღებულ შემოსავლებზე დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი აღარ გავრცელდება.
კერძოდ, კანონპროექტით, ფიზიკური პირი, რომლის ერთობლივი შემოსავალი საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით 2013 და 2014 წლის განმავლობაში 6000 ლარს არ აღემატება, უფლებამოსილია, კალენდარული წლის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი გამოქვითოს.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, 2015 წელს, შესაბამის პირებს კვლავ ექნებათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვისა და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება, თუმცა, ეს უფლება 2015 წელს მიღებულ შემოსავლებზე აღარ გავრცელდება, რაც მათი შეფსასებით, შესაძლოა, იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს, ვინც ამ უფლებით სარგებლობდა.
რატომ აუქმებს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ შემოღებულ პრინციპს, ამას ვერც აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ვერც პარლამენტში ვერ აკონკრეტებენ.
for.ge-სთან საუბარში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი აღნიშნავს, რომ მას დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპის გაუქმების მოტივაცია ბოლომდე არ ესმის.
კანონმდებელის თქმით, კონკრეტულად გაურკვეველია, ამ პრინციპიდან გამოთავისუფლებული თანხები, 2016 წელს თუ რას მოხმარდება.
„მთავრობის მხრიდან ზოგადი პასუხი იყო, რომ თანხები სოციალურ ხარჯებს მოხმარდება, მაგრამ საკითხზე მეტი კონკრეტიკაა საჭირო. სანამ, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს არ ვნახავთ, მანამდე ვერ გაარკვევთ, ეს თანხა რაში იხარჯება“, - აცხადებს ონოფრიშვილი, რომლის მსგავსად მისმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ არ იცის, გამოთავისუფლებული თანხა თუ სად ჩაიდება, მაგრამ მას თანხების განკარგვის თაობაზე გარკვეული რეკომენდაციები აქვს.
როგორც for.ge-ს ებანოიძემ განუცხადა, დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპის შემოღება საქართველოსთვის საჭირო არ იყო, რადგან აღნიშნული რეგულაცია შეუსაბამო სქემას ეფუძნება.
დეპუტატის მოსაზრებით, თუკი პირმა დეკემბერში, საექსპერტო მომსახურებისთვის სოლიდური თანხა - 5800 ლარი მიიღო, მას დაუბეგრავი მინიმუმი რატომ უნდა შეეხოს.
„ამ პრინციპზე კითხვები მქონდა, რადგან ამ ნორმის ამოქმედების სანაცვლოდ, საგადასახადო გადასახადის 20 პროცენტიდან 18 პროცენტამდე შემცირება არ მოხდა. დაუბეგრავი მინიმუმის სქემაში ბევრი შეუსაბამობა იყო და თუკი ეს თანხები სოციალური პროგრამით წავა, ან მცირე მეწარმეების წახალისება მოხდება, ეს უკეთესი იქნება“, - განაცხადა ებანოიძემ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე კი ირწმუნება, რომ დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმება-არგაუქმების საკითხი 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით გადაწყდება. მისი მტკიცებით, ადგილი აქვს დაუბეგრავი მინიმუმის არა გაუქმებას, არამედ შეჩერებას.
„დაუბეგრავი მინიმუმი 2015 წლისათვის გაიცემა, 2016 წელს თუკი დაუბეგრავი მინიმუმი უფრო უკეთესი სოციალური პროექტით შეიცვლება, მხარს მას დაუჭერენ, თუ არა - გაგრძელდება ის, რაც არის“, - განმარტავს ტყემალაძე, რომელიც როგორც ჩანს, „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს დეტალურად არ იცნობს, რადგან კანონმდებლობიდან 81-ე პირველი პრიმა მუხლი და 153-ე მუხლის მეოთხე ნაწილის პირველ პრიმა მუხლი ამოდის, რომლის მიხედვით, დაქირავებულს უფლება ჰქონდა გადასახადის წყაროსთან დაკავშირებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშების და თანხის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო ორგანოში დეკლარაცია წარედგინა.
ტყემალაძისგან განსხვავებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ იარსებებს. კაკაურიძის განმარტებით, ამ პრინციპის ნაცვლად, რადგან სოციალური დახმარების გაუმჯობესებული სისტემა იქმნება მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. მისი ინფორმაციით, 2014 წლისთვის დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკან 130 მილიონი ლარი დაბრუნდა, ხოლო 2015 წელს გასაცემი თანხა დაახლოებით 140 მილიონი ლარი იქნება.
„მთავარია, თანხა, რასაც ვხარჯავთ, უფრო ეფექტურად იყოს მიმართული. უმჯობესია, დახმარება სწორედ ობიექტური კრიტერიუმებით შეფასებულმა სოციალურად დაუცველმა პირებმა მიიღონ. 2012 წლისათვის სოციალური დახმარება თითქმის გაორმაგდა, 2015 წელს კი უზრუნველყოფილი იქნება პროგრამა და ეს დახმარება მიზნობრივი გახდება“, - განაცხადა კაკაურიძემ, რომელიც მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადი 20 პროცენტიდან 18 პროცენტამდე შემცირდეს. არადა, ამ ნორმის ამოქმედება სწორედ დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპის შემოღებას შეეწირა.