“ხუდონჰესის” პროექტის სახელმწიფოს მიერ განხორციელების იდეა ფეხს სულ უფრო იკიდებს. დრო და დრო ამ თემაზე კომენტარს მსხვილ-მსხვილი მოხელეები აკეთებენ.
ამჯერად ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა “ხუდონჰესთან” დაკავშირებულ საკიხთებზე და არც ის დაუმალავს, რომ პროექტის განხორციელება, შესაძლოა, სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს.
“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით “ხუდონჰესის” პროექტის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. დღესდღეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ინდურ კომპანია “ტრანს ელექტრიკასთან”. მოვითხოვეთ, რომ სრულიად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველანაირი პროცესი.
ეს კომპანია დარეგისტრირებული იყო ოფშორში, ჩვენ კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყველაფერი იყოს გახსნილი, რადგან მოსახლეობის ინტერესი ამ პროექტთან დაკავშირებით ძალიან დიდია და დაფარული არაფერი უნდა იყოს. ინვესტორს მოვთხოვეთ, წარმოადგინონ, ვინ არიან დამფუძნებლები და ასევე, გვინდა დაგვანახონ შესაძლებლობა, შესწევთ თუ არა ამ პროექტის განხორციელების უნარი”, - განაცხადა კალაძემ.
წინა ხელისუფლების დროს ძალიან ცუდი იყო ის, რომ კომპანიას მიწები 1 ლარად გადასცეს ისე, რომ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის არაფერი უკითხავთ.
“სიმართლე გითხრათ, დარეგისტრირებული არ იყო მიწები იქ მცხოვრებ ადამიანებზე, თუმცა ისინი მოიხმარდნენ ამ მიწებს. ჩვენ ვთხოვეთ ამ კომპანიას, რომ პირველ რიგში უნდა მომხდარიყო მიწების დაბრუნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, უნდა ჩატარებულიყო აზომვითი სამუშაოები, შეფასება და შესაბამისად, ანაზღაურება. ამ ეტაპზე ვართ მოლაპარაკების პროცესში, რადგანაც ჩამოთვლილი ყველა დეტალი უნდა იყოს გათვლილი და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით.
არ დაგიმალავთ იმასაც, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი ხომ არ დავიბრუნოთ სახელმწიფომ ეს პროექტი და თავად სახელმწიფომ განახორციელოს მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. მთავრობაში ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა და უახლოეს მომავალში ყველასთვის ყველაფერი იქნება ცნობილი”, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ წუთშივე გააკრიტიკა ენერგეტიკის მინისტრის ახალი იდეა. კალაძეს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ნაციონალი ზურაბ ჯაფარიძე უკვე კომენტარს აკეთებდა. მისი აზრით, თუ მთავრობა გადასახადების გაზრდით “ხუდონჰესის” დაფინანსებას აპირებს, ეს ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
ჯაფარიძე სახელმწიფოს მხრიდან “ხუდონჰესის” აშენებას წარმოუდგენლად მიიჩნევს. ჰესის მშენებლობას 2 მილიარდ 300 მილიონი ლარი სჭირდება, რისი საშუალებაც სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს.
“ჩვენი ეკონომიკის პირობებში წარმოუდგენელია, რომ “ხუდონჰესს” სახელმწიფო ააშენებს. ამხელა ფული საქართველოს ბიუჯეტში, უბრალოდ, არ არის. ეს არის საქართველოს ბიუჯეტის თითქმის მესამედი. მე არ ვიცი წყარო საიდანაც მთავრობას შეუძლია ამ ოდენობის ფული ბიუჯეტში გააჩინოს. თუ ისინი აპირებენ გადასახადები აწიონ და ასე დააფინანსონ ეს პროექტი, ეს იქნება კიდევ უფრო სერიოზული დარტყმა საქართველოს ეკონომიკისთვის და მერე ნახეთ ლარის გაუფასურება”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ხუდონჰესთან დაკავშირებით არსებობდა ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გამოჩნდა, თუმცა ამ პროცესის მენეჯმენტი ხელისუფლებამ ვერ განახორციელა ეფექტურად და ეს ინვესტორი, როგორც ჩანს, დაიკარგა.