„თუ მიაღწევენ, რომ ივანიშვილმა შეცვალოს ღარიბაშვილი, ეს ოპოზიციის სერიოზული გამარჯვება იქნება“

„თუ მიაღწევენ, რომ ივანიშვილმა შეცვალოს ღარიბაშვილი, ეს ოპოზიციის სერიოზული გამარჯვება იქნება“

„ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე საკადრო გადაადგილებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის შესუსტებად აღიქმება. ზოგიერთები პრემიერ-მინისტრის ჩანაცვლებასაც არ გამორიცხავენ და კონკრეტულ თარიღსაც ასახელებენ, რომ გაზაფხული ბოლო ვადა იქნება, როცა ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილს კალაძით ან სერგეენკოთი შეცვლის. პარალელურად, გააქტიურებულია სააკაშვილი. იგი ვარშავიდან იქადნება, რომ საქართველოდან ივანიშვილის გაქცევის შემდეგ, ის ერთადერთ ადამიანს დასჯის, მას, ვინც პროკურორებს იბარებს და დავალებებს გასცემს, და ეს დრო მალე დადგება. მოკლედ, სცენარი რეალიზმს კარგა ხანია გასცდა და მავანთათვის სასურველ ჟანრში გადავიდა.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით For ge. ექსპერტ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

ბევრს საუბრობენ ხელისუფლებაში .. კახელების დაჯგუფების პოზიციის დასუსტებაზე. ზვიად ჯანყარაშვილისა და რომან ჩხენკელის შემდეგ შესაძლოა, თანამდებობა კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმაც დატოვოს. რამდენად საღი პროცესი მიმდინარეობს? ეს ცვლილებები რამდენად აუცილებელი და დროში გამართლებულია და კიდევ თუ ელით ცვლილებების მორიგ ტალღას, ამჯერად უფრო მაღალ პოზიციაზე?

- მე ვერ ვხედავ ღარიბაშვილის კლანს ამ პოლიტიკურ სინამდვილეში. ღარიბაშვილი არის ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი, რომელიც მუშაობდა და მუშაობს ადამიანთა ჯგუფთან და ამ გზით მართავს ქვეყანას, ის არის მთავრობის მეთაური. ცალკეული ადამიანების გადანაცვლება, წასვლა თანამდებობებიდან, ჩემი აზრით, არ ნიშნავს, ღარიბაშვილის ხელისუფლების და, უფრო ზუსტად, მისი ძალაუფლების შესუსტებას. პირიქით, მე ვფიქრობ, ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც პოლიტიკაში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება არ აქვს, სერიოზული გამოცდა ჩააბარა.

ეს იყო, ჩემი აზრით, რბილი და ხავერდოვანი საპარლამენტო გადატრიალების მცდელობა, როდესაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დადგა ეჭვქვეშ. ბუნებრივია, ამით მთავრობას საპარლამენტო დასაყრდენი ხელიდან გამოეცლებოდა. ამას შესაძლოა, მიეღო გარკვეული რბილი საპარლამენტო გადატრიალების ფორმა. ამ შემთხვევაშიც მთავრობის მეთაური იქცეოდა აბსოლუტურად დინჯად, მოზომილად და ამას დაერთო ლარის გაუფასურების საკმაოდ რთული პროცესი.

ამ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილს არ უკეთებია პოპულისტური განცხადებები. ის ელოდა მოვლენათა განვითარებას შესაბამისი ბერკეტების მეშვეობით და ეს პროცესი, ვფიქრობ, უკვე შეჩერებულია. მალე ჩვენ მივალთ ლარის წონასწორობის იმ ახალ ნიშნულამდე, რომელიც დაასტაბილურებს სიტუაციას. თანაც, ეს პროცესები ისე წარიმართა, რომ დღის წესრიგში არ დამდგარა მთავრობის ეკონომიკური გუნდის ცვლილების საკითხი. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობა სტაბილურია და ცვლილებების საჭიროება არ ჩანს. ეს ოპოზიციის მიერ შემოგდებული თემაა, რომელიც ოპოზიცია იმიტომაა, რომ ყველა სირთულე და პრობლემა გამოიყენოს სათავისოდ, თავისი ინტერესებისთვის. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, აბსოლუტურად უნიადაგო, თითიდან გამოწოვილი და საფუძველს მოკლებულია ღარიბაშვილის სერგეენკოთი ან კალაძით ჩანაცვლების იდეა, ესეც ოპოზიციის „მზაკვრობების“ გამოვლინებაა, რადგან სურთ ივანიშვილის ხელისუფლების გავლენის შესუსტება. ფაქტობრივად, ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც მისმა ავტორიტეტმა მოიყვანა ხელისუფლების სათავეში და საკმაოდ ძლიერი „ნაციონალური მოძრაობა“ პირწმინდად დაამარცხებინა. ასეთი ხმები ივანიშვილის გავლენის შესუსტების და ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის, მისი მემკვიდრეების დასუსტების მიზნით მიმართულ გამიზნული დარტყმებს ემსახურება, რადგან ბუნებრივია, ღარიბაშვილი არის ივანიშვილის მიერ რეკომენდებული, მისი მემკვიდრე.

თუ მიაღწევენ იმას, რომ ამ პრობლემებსა და სირთულეებში დასდებენ ბრალს ღარიბაშვილს, რა პრობლემებიც ქვეყნის წინაშე ამ ორ წელიწადში ნამდვილად არ ჩამოყალიბებულა და, თუ მიაღწევენ იმას, რომ აიძულონ ივანიშვილი, შეცვალოს ღარიბაშვილი, ეს იქნება ოპოზიციის დიდი და სერიოზული გამარჯვება, მაგრამ საამისოდ რეალურად არაფერი ჩანს. ღარიბაშვილმა საკმაოდ დინჯად დაიჭირა პაუზა, არ დაუწყია თავის მართლება ლარის კურსის დევალვაციის პროცესში და საპარლამენტო რბილი და ხავერდოვანი გადატრიალების მცდელობაც აღიკვეთა, შეჩერდა ისე, რომ მას შეცდომები არ დაუშვია. ამიტომ, რატომ უნდა შეიცვალოს ღარიბაშვილი? ეს საკმაოდ უნიათო ფანტაზიის ნაწილია.

ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილის ხელწერას ხედავთ? ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილს აქვს ერთი ასეთი თვისება, ის რამდენიმე ხნის განმავლობაში ვითარებას აკვირდება და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. ასევე, ზოგიერთები ირწმუნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესზე ზეწოლაში მხილებულ რამდენიმე პირს, მათ შორის, დღეს გადამდგარ ზოგიერთ ჩინოსანს, კვირის ბოლომდე მისცა ვადა და საქართველოს დატოვება ურჩია. ამ ყველაფერს ემატება მარგველაშვილის განცხადება, რომ ივანიშვილმა უფრო ღიად უნდა ილაპარაკოს და თქვას, რომ მას რეალურად გავლენა აქვს პოლიტიკაზე და ეს არ უარყოს.

- ივანიშვილის ფაქტორი, ბუნებრივია, არსებობს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მინდა მოვუწოდო ჩემს ფავორიტ ვებგვერდს - For.ge-ს, რომ ანალიტიკას ნუ აგებს ხმებზე და მითქმა-მოთქმაზე, რადგან რაზეც საუბრობენ, ეს არის საინფორმაციო სივრცეში ზოგჯერ წინასწარი და ბოროტი განზრახვით შემოგდებული ვერსიები. ადამიანი, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმი დაამარცხა და ხელისუფლებაში მოიყვანა კოალიცია, რომლის სუბიექტებიც თავისი რეიტინგით 3-5 %-ს ვერ აცდებოდნენ, დამოუკდებლად რომ ეყარათ კენჭი, ადამიანს, რომელმაც თავისი შეხედულებისამებრ დატოვა მთავრობა, გახდა კერძო პირი და ოფიციალურად არ ერევა არც პოლიტიკაში, არც სახელმწიფოს მართვაში, ამ ყველაფრის გამკეთებელ ივანიშვილს (თუ გავითვალისწინებთ მის ფინანსურ შესაძლებლობას და უზარმაზარ ქველმოქმედებას), ბუნებრივია, აქვს წონა და მისი შეხედულებები აისახება პროცესების მიმდინარეობაზე. მათ შორის, როგორც თავად აღიარებს, აქვს კონსულტაციები ხელისუფლების პირველ პირებთან-ღარიბაშვილთან, უსუფაშვილთან. ესეც ბუნებრივია.

თუ ბრიტანეთში პრემიერი ქემერონი მართავს კონსულტაციებს გორდონ ბრაუნთან, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შოტლანდიის რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, ივანიშვილისგან მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და რჩევების მიცემა მისი მემკვიდრის მიმართ, რომელიც, ამავე დროს, მისი გუნდის წევრია და მასთან დაახლოებული პირია, არ უნდა იყოს აჟიოტაჟის საფუძველი. პირიქით, საქართველო დიდი და გამორჩეული პიროვნებების, ინდივიდების ქვეყანაა და საზოგადოებრივი ასპარეზიდან ასეთი ადამიანების მოკვეთა, მათი ჩაქოლვა ხშირად გვიყვარს, განსაკუთრებით,- ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. პირიქით, ეს ჩვენი გამორჩეული ინდივიდუალიზმია. ძლიერი ინდივიდები უნდა რჩებოდნენ პოლიტიკაში, ოღონდ მათი მონაწილეობა პოლიტიკაში უნდა იყოს გასაჯაროებული და არა- კულუარული.

თქვენ აცხადებთ, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციის მიერ დაყრილი ხმებია, მაგრამ განვმეორდები და გკითხავთ, თუნდაც ჯანყარაშვილის და სხვების ჩამოცილება, რომლებიც ღარიბაშვილის გუნდის წევრებად ან ახლობლებად განიხილებიან, ხომ არ არის ღარიბაშვილის ერთგვარი განიარაღება?

- მესმის თქვენი კითხვის შინაარსი, მაგრამ ასე შევხედოთ სიტუაციას - ახალგაზრდა პერსპექტიული და ნიჭიერი კაცი გახდა პრემიერ-მინისტრი. ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის ან პეტრიაშვილის რეკომენდებული კადრით ვერ მართავს ქვეყანას. მას სჭირდება გარემოცვა, რომელზე დაყრდნობითაც პროცესებს წარმართავს. მან შეარჩია ჩხენკელების, ჯანყარაშვილის ჯგუფი და ამის მონათვლა კახურ კლანად - გადაჭარბებულია. თუ წარმოშობით ადამიანი გურიიდანაა, შეიძლება, რამდენიმე გურული დანიშნოს საკვანძო თანამდებობაზე, რადგან მათ იცნობს, ენდობა, იცის მათი შესაძლებლობები. იგივე მეგრელი თუ გახდება პირველი პირი, შეიძლება, რამდენიმე მეგრელი დანიშნოს საკვანძო თანამდებობაზე. ასე მოხდა აქაც, ადამიანმა ისინი მოიყვანა, ვისაც იცნობდა და ენდობოდა, შემდეგ მოხდა მათზე დაკვირვება. შეიძლება, ამ საქმეში რჩევები მან ივანიშვილისგანაც მიიღო, როგორც ყოფილი პრემიერისგან. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ვერ ამართლებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, პირველ რიგში, ტენდერების საკითხებით დაინტერესდება, სწორედ ბოლო დროის ტენდერებმა გამოიწვია გაურკვევლობა. იმასაც ამბობდნენ, რომ გარკვეულწილად, ამ ტენდერებში ცალკეული ადამიანების ხელიც ერია .

- პირველ რიგში, ტენდერების შესახებ ვიტყვი, რომ ხარჯვა მთავრობამ შეანელა იმის გამო, რომ ტენდერების ორგანიზებაში იყო გარკვეული შეფერხებები. მაგალითად, ნაციონალებს ჰქონდათ კარგად აწყობილი ტენდერების სისტემა. მათ ჰყავდათ ადამიანების გარკვეული წრე, რომლებსაც ენდობოდნენ, მათ შორის, ოფშორებში დარეგისტრირებული ფირმები. იცოდნენ, ვინ იყო მათ უკან და ერთი და ორი ცრუმაგიერი კომპანიის წარდგენით, ვითომ ტარდებოდა ტენდერები. შემდეგ მათთვის სასურველი კომპანიები იგებდნენ ამ პროცესებს, ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობდა, ეს იყო ელიტური კორუფციის ნაწილი და აქედან ამონაგები თანხით გამარჯვებული კომპანიები უხვად აფინანსებდნენ საარჩევნო კამპანიებს. ასეთი სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია. ამიტომ უკვე აღარ არის ის კომპანიები, რომლებმაც აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ ამ ტენდერებში, ხანდახან გამოკრთებოდა ვიღაცის ნათესავის კომპანია, ვიღაცის მეუღლის კომპანია, მაგრამ პოლიტიკური ნება ივანიშვილის და შემდეგ უკვე ღარიბაშვილის იყო ასეთი, რომ ასეთი კომპანიები აღარ არსებობდნენ. ამიტომ შეფერხდა ტენდერების ჩატარების პროცესი და ხარჯვის პროცესიც გარკვეულწილად, დაბრკოლდა. კიდევ უფრო საიმედო რომ იყოს ეს მიმართულება და არანაირი შანსი რომ არ არსებობდეს კორუფციული პროცესების გააქტიურებისთვის, ამისთვის გადაიყვანეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც პრინციპულობით, მიუკერძოებლობით და არაკორუმპირებლობითაა ცნობილი. ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მიზანი ცხადია - უნდა გაკონტროლდეს ტენდერები, რომ არ გახდეს აღებ-მიცემის საშუალება, როგორც ადრე იყო.

კომპანიაკავკაზუს როუდ პროჯექტიდა კომპანიაარდიარც მალავენ, რომ არაპროფესიონალი მოხელეების პანიკური შიშით შედგენილი სატენდერო პირობები ქართულ ბიზნესს დღესაც ანგრევს და დასახმარებლად პრემიერს მიმართავენ... ისევ საკადრო თემას დავუბრუნდეთ. მურმან დუმბაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის გაპრემიერებას არ უნდა დათანხმებულიყვნენ, რადგან მას 30 წლის ასაკში ქვეყნის მართვა ჩააბარეს, რაც მძიმე ტვირთია. დუმბაძის თქმით, „ღარიბაშვილს საქმის კეთება გულწრფელად სურს, მაგრამ გარემოცვა და ახალგაზრდული გამოუცდელობა ხელს უშლის“. მართალია, ბევრს მოსწონს ღარიბაშვილის ახალგაზრდული შემართება, მაგრამ ზოგიერთ მის ყოფილ თანაგუნდელში ასეთ ნიჰილისტურ განწყობას რით ახსნით? ესეც მურმან დუმბაძის ოპოზიციონრობით აიხსნება?

- კატეგორიულად არ ვეთანხმები მურმან დუმბაძეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად გამოცდილი ადამიანია და ცხოვრებაში ბევრი რამ აქვს ნანახი, ახალგაზრდობა არც ღირსებაა და არც ნაკლი. საერთოდ, მე ხელისუფლების თინეიჯერიზაციის, იუნიზმის, ასაკობრივი დისკრიმინაციის გამოვლენის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვარ, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა 40 წელს ზემოთ გამოცდილი, უმწიკვლო ადამიანებს თანამდებობებზე არ ნიშნავდნენ. ახალგაზრდობა შემაფერხებელი გარემოება არ უნდა იყოს ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნისთვის. პირიქით, მოცემულ შემთხვევაში ივანიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა განათლებული, განსწავლული, პრინციპული კაცი ჩაუყენა მთავრობას სათავეში. ერთადერთი გამოკვეთილი ნაკლი, რაც შემიძლია დავაფიქსირო ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობაში. ეს არის, რომ ის რატომღაც არჩევს მუშაობას მრჩევლების გარეშე და მის გვერდით ვერ ვხედავთ საინტერესო ფიგურებს, ანალიტიკოსებს, პრინციპულ ადამიანებს, რომლებიც შექმნიდნენ გარკვეულ წრეს, რადგან ყველგან, დასავლეთში, დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთ ფიგურებს მრჩევლებად ჰყავთ არა მარტო ერთი პირი, არამედ ისინი იმართებიან ინსტიტუტების და მრჩეველთა ძლიერი ჯგუფების მეშვეობით. სხვა თვალსაზრისით, არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავრობას ორი წლის განმავლობაში შეეძლო სასწაული მოეხდინა და ის პრობლემები, რომლებიც ათწლეულების პერიოდში გრძელდებოდა მოეგვარებინა, ციური მანანა წამოსულიყო ციდან და დაეპურებინა გაჭირვებული საქართველო. ამისთვის გადაიდგა პირველი ნაბიჯები, სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ის მწირი რესურსები იქნა მიმართული, რაც ჰქონდა ჩვენს ბიუჯეტს. ეს გარკვეული რისკი იყო, რადგან სოციალური პროექტებისკენ რესურსების მიმართვას სჯობს ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩაიდოს ეს ფული, მაგრამ ივანიშვილის და ღარიბაშვილის პოზიციაც იდენტურია, როცა ხალხს შია, ექიმთან მისასვლელი ფული არ აქვს, ასეთ დროს სოციალური პროექტები უნდა დაფინანსდეს, რადგან ბოლოს და ბოლოს, ხალხმა აირჩია და მოიყვანა ეს ხელისუფლება სათავეში. ამიტომ უნდა მოვუმატოთ ხალხს პენსია, დახმარება, რადგან ადამიანების დიდი რაოდენობა შიმშილობს. ღარიბაშვილთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ივანიშვილის მემკვიდრეების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური კამპანიის შედეგია, რომლის უკანაც სააკაშვილი და ნაციონალები დგანან.

ლარის კურსის დევალვაციის გარდა, მთავრობაში არსებული ცვლილებები ხომ არ არის უკრაინის მოვლენებით ინსპირირებული, სადაც ნაციონალების დესანტმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია?

- უკრაინული მოვლენების კვალს ამ პროცესთან მიმართებით ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, დოლარის გამყარება ეროვნულ ვალუტებთან მიმართებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს, გამონაკლისი მხოლოდ აზერბაიჯანია, თავისი მდიდარი ენერგორესურსებით. ბუნებრივია, ახლა ილუზია შეექმნათ ნაციონალებს, რომ დადგა მათი დრო და ახალი სუნთვა გაეხსნათ, მაგრამ აბსოლუტურად ილუზორულია მათი მისწრაფებები, შეუტიონ ივანიშვილის მემკვიდრებს, მათ შორის, ღარიბაშვილს. მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ახდენს საქართველოზე გავლენას. მეორე მხრივ, ეკონომიკური პროცესების მოწესრიგება ქვეყანაში, ახალი პროექტების მოძიება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა ისე, რომ სიღატაკის ზღვარს ქვევით მყოფ ჩვენს მოსახლეობას საარსებო მინიმუმი შეუნარჩუნდეს, ურთულესი ამოცანაა. მოჩვენებითი სინგაპურიზაციის ტაქტიკით და ფასადების ღებვით ეს ხელისუფლება არ აპირებს ფონს გასვლას. მე ამ ხელისუფლების თანმიმდევრული კრიტიკოსი გახლავართ, დაწყებული ბიძინა ივანიშვილის საქმიანობით, დამთავრებული მისი მემკვიდრეების მოღვაწეობით, მაგრამ, როცა საქართველოს ბედს ეხება საქმე და საქმე ეხება მთავრობის იმ პოლიტიკას, რომ მან არ გადაუხვიოს ევროპული ინტეგრაციის კურსიდან და დაალაგოს ვითარება ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვალდებული ვარ, ეს დესტრუქციული პოლიტიკა ვამხილო და მთავრობას მხარი დავუჭირო.