სააკაშვილს „ბრალს“ თავდაცვის უწყებაც უყენებს

სააკაშვილს „ბრალს“ თავდაცვის უწყებაც უყენებს

პროკურატურის მიერ ძებნილ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს „ბრალს“ ამჯერად, საქართველოს თავდაცვის უწყებიდან უყენებენ. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ყოფილი მთავარსარდლის მიერ ქართველი ოფიცრების შესახებ გაკეთებული განცხადება საკუთარი სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული, ხოლო ამგვარი პროპაგანდა გაუმართლებელია.

უფრო კონკრეტულად კი, საუბარია მიხეილ სააკაშვილის ერთგვარ მოწოდებაზე, რომელიც ქართველი სამხედროების უკრაინაში წასვლასა და სამხედრო კარიერის მეზობელ ქვეყანაში გაგრძელებას ითვალისწინებს.

„ბევრი ქართველი ოფიცერი ამ დღეებში იღებს უკრაინის მოქალაქეობას. უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ყველა მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდან, მე ვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომში, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ შეიარაღებულ ძალებში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ქართველმა ოფიცრებმა დატოვეს ქვეყანა და სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დაიწყეს სამსახური.

„ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაში იმყოფება საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც წლების წინ მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ამჟამად, შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არ ირიცხებიან. ქართველ ოფიცერთა შემადგენლობა ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენი ოფიცრები, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ არ შეწყვეტენ საკუთარი სამშობლოს, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას. ისინი იცავდნენ და ყოველთვის დაიცავენ საქართველოს“,- განმარტავენ თავდაცვის უწყებაში და აღნიშნავენ, რომ საქართველო ნატო-სკენ სწრაფვას განაგრძობს და ამ მიმართულებით სულ უფრო მეტ წარმატებებს აღწევს.

სააკაშვილის განცხადებაზე საკუთარი მოსაზრებები აქვთ საკითხის სპეციალისტებსა და დარგის ექსპერტებს.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტის განცხადება, შესაძლოა, მხოლოდ ყოფილი სამხედროებისთვის აღმოჩნდეს საინტერესო.

„არ მგონია, ექსპრეზიდენტის განცხადებას საქართველოში ბევრი გამოეხმაუროს. ეს განცხადება, შესაძლოა, საინტერესო მათთვის იყოს, ვინც სააკაშვილის დროს პრივილეგირებულები იყვნენ, მაღალი თანამდებობები ეკავათ, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი თანამდებობები დატოვეს და შეიარაღებული ძალებიდან წავიდნენ. ეჭვი მეპარება, რომ დაინტერესდნენ ის ოფიცრები, ვინც დღეს მსახურობენ. ასეთი შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ერთეული ადამიანი გამოჩნდეს. მაგრამ, დიდი რაოდენობით რომ წავიდნენ და ამან ზიანი მიაყენოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ასეთი რამ ნაკლებად მოსალოდნელია“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

„არსენალის“ მთავარი რედაქტორის ინფორმაციით, უკრაინაში დღეს იბრძვიან ქართველები, მაგრამ ის ოფიცრები თუ სერჟანტები საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან კარგა ხნის წასულები არიან.

„სხვათა შორის, რამდენიმე მათგანი, სწორედ, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს წავიდა არმიიდან. თუ რატომ წავიდნენ, ეს სხვა საქმეა. თუ ვინმეს აქვს დღეს სურვილი ქართველი ოფიცრებიდან, რომ უკრაინაში წავიდეს და იბრძოლოს, მაშინ მოუწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების დატოვება და კონტრაქტის გაწყვეტა. როცა პირი კონტრაქტს გაწყვეტს და ამ საკითხზე სასამართლოც შედგება, უკვე შეუძლია, უკრაინაშიც წავიდეს და სხვაგანაც - სადაც მას სურს. საქართველოდან თუ ვინმე წავა, უნდა იცოდეს, რომ თუ უკრაინის მოქალაქეობას აიღებს, უნდა დათმოს საქართველოს მოქალაქეობა, იმიტომ რომ უკრაინაში არ მოქმედებს ორმაგი მოქალაქეობა“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი და აღნიშნავს, რომ უკრაინაში დღეს სხვებთან ერთად ირაკლი ქურასბედიანი იბრძვის, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი იყო, თუმცა იგი, სწორედ, ხელისუფლებაში სააკაშვილის ყოფნის დროს ჩამოაქვეითეს.

„არსენალის“ მთავარ რედაქტორი უკრაინაში ქართველი სამხედროების წასვლის საკითხზე ყურადღებას სხვა მიმართულებითაც ამახვილებს. იგი ფიქრობს, რომ უკრაინაში ბრძოლა ქართველი სამხედროებისთვის, ბევრი ფაქტორის გამო, კარგი გამოცდილების მომცემი შეიძლება იყოს.

„ერაყში, ავღანეთსა და მით უმეტეს, კოსოვოში, აბსოლუტურად სხვა ტიპის საბრძოლო მოქმედებები მიდის. ძირითადად, ეს არის ანტიპარტიზანული ბრძოლები, როდესაც, ერთ მხარეს მყოფ კოალიციას აქვს სრულყოფილი შეიარაღება - ავიაციაც, კოსმოსური დაზვერვაც, არტილერიაც, ხოლო მეორე მხარე პარტიზანულად მოქმედებს. ქართველი სამხედროები დღეს, სწორედ, ამ კოალიციური ძალების მხარეს არიან. ღმერთმა არ ქნას და ხვალ რომ ისევ განახლდეს საქართველოში საბრძოლო მოქმედება რუსეთის მხრიდან - რეგულარულ არმიასთან, როგორც ეს 2008 წელს იყო - იქნება იგივე სიტუაცია, რაც დღეს უკრაინაშია, ფრონტის ხაზის მეტნაკლებად შეკავება თუ შევძელით. ამიტომ, გამოცდილება, რომელიც დღეს უკრაინაში შეიძლება მიიღოს ადამიანმა, რუსების რეგულარულ და ნახევრად რეგულარულ დანაყოფებთან ბრძოლაში, საკმაოდ დიდი გამოცდილებაა“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

ყოფილი პოლიტპატიმარი და სამხედრო საკითხთა ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი ფიქრობს, რომ უკრიანაში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ქართველი ყოფილი სამხედროების ჩართვის იდეა წარუმატებელი იმის გამოც შეიძლება იყოს, რომ ამ „ინიციატიავას“ მიხეილ სააკაშვილი ახმაურებს.

„ქართველი ოფიცრები ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და ბუნებრივია, მათ ჯერ საკუთარი სამშობლო აქვთ დასაცავი, ვიდრე მეზობელი და ძმური ერის ტერიტორია. მეორეც, უკრაინაში მებრძოლი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცრების რაოდენობა არ არის იმდენად დიდი, რომ გახდეს სტიმულის მიმცემი სხვებისთვის. ჯარისკაცები, რომლებიც დღეს სეპარატისტულ რეგიონებში ირაკლი ქურასბედიანის მეთაურობით ომობენ, დაახლოებით 50 თუ იქნება, ანუ უკრაინაში მეომარი ქართველი მოხალისეების რაოდენობა მცირეა. თუ სააკაშვილი ყოფილ სამხედროებს მოუწოდებს აღნიშნულ ოპერაციებში ჩასართავად, სხვა საქმეა. ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, თავადაც მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას. სააკაშვილის მოწოდებამ კი პირიქით უფრო შეიძლება შეაფერხოს ასეთი ადამიანების სულისკვეთება“,- აცხადებს ვახტანგ მაისაია.

სამხედრო საკითხთა ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს სამხედროების თემაზე საუბრის მორალური უფლება არ გააჩნია, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის და მთავარსარდლობის დროს სამხედროებს სათანადოდ არ აფასებდა.

„სააკაშვილი ჩვენთან იყო, სწორედ, სამხედროების დამსჯელი. მან დასაჯა ქართველი სამხედროები, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ - ამის მაგალითია თეთრაძის, ქარდავას და შავაძის მკვლელობები. ანუ, ის ადამიანები, რომლებიც წინა ხაზზე იყვნენ, არათუ დააფასეს, დასაჯეს... ეს არის ადამიანი, რომელიც სამარცხვინოდ გაიქცა ფრონტის ხაზიდან, კუშნერი მიატოვა და დაოთხილი მიფოფხავდა, იმიტომ, რომ რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავის შეეშინდა, რომელიც მორიგ ოპერაციას ასრულებდა და არც ჰქონია საბრძოლო ამოცანა“,- აცხადებს ვახტანგ მაისაია.