საკადრო ცვლილებები გრძელდება - ვინ იქნება შემდეგი?

საკადრო ცვლილებები გრძელდება - ვინ იქნება შემდეგი?

ბოლო 4 დღის განმავალობაში თანამდებობა ათამდე მაღალჩინოსანს დაატოვებინეს. არც ერთ მათგანს განთავისუფლების მიზეზებზე კომენტარი არ გაუკეთებია. თანამდებობა დატოვა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემაც. გვარამაძის შემცვლელად გიორგი თაბუაშვილი დასახელდა, რომლის კანდიდატურა დასამტკიცებლად პრემიერ-მინისტრს უკვე წარუდგინა ფინანსთა მინისტრმა. თანამდებობა დატოვა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძემ; გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ; შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, ირაკლი სამყურაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ჩიკვილაძემ და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ზვიად ჯანყარაშვილმა.

ყველა გათავისუფლებული პირი ღარიბაშვილთან უშუალოდ დაახლოებულები იყვნენ. მაგალითად, ძმები ჩხენკელები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთლიანად აკონტროლებდნენ ეკონომიკური პროფილის სამინისტროებს.

ღარიბაშვილის ნათესაობას შეეწირა ზვიად ჯანყარაშვილის თანამდებობაც, რომლის პრეს-სასმახურის ინფორმაციით, „პრემიერის ოჯახთან ნათესაობის გამო, ჯანყარაშვილს სხვადასხვა სახის ბრალდებას უყენებდნენ. იმისთვის, რომ საზოგადოებას აღარ დარჩეს კითხვები და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემით სპეკულირება, ზვიად ჯანყარაშვილმა გადაწყვიტა დაეტოვებინა პარტიული თანამდებობაც“. შეგახსენებთ, რომ სწორედ ანალოგიური განცხადება გაკეთდა ჯანყარაშვილის მიერ შსს-ს გენ-ინსპექციის თანამდებობის დატოვების მიზეზად.

მიუხედავად ყოველდღიური ცვლილებებისა, მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს იუსტიციის მინისტრი.

„ჩემთვის არაფერია ცნობილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გამოვრიცხავ ასეთ საკადრო ცვლილებებს. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ ცვლილებებს, ადამიანებმა გადაწვიტეს, რომ დაგვტოვონ. სულ ეს არის, რაც ვიცი. რატომ, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის და არც ვაპირებ ვეძიო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი თვლის, რომ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკთხი დადგეს. ხუხაშვილის განცხადებით, კომპეტენტურობისა და ქმედუნარიანობის კუთხით, მთავრობაში პრობლემებია.

თეა წულუკიანისგან განსხვავებით, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრობს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნი არმაზ ახვლედიანი, რომლის განცხადებით მთავრობაში საკადრო ცვლილებებს კიდევ უნდა ველოდოთ. მისივე განცხადებით, ყოველთვის მოიძებნება სხვა, რომელიც საქმეს უკეთ გააკეთებს. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით, სწორი, საჭირო საკადრო გადაადგილებები აუცილებელია.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ზვიად ჯანყარაშვილის შემცვლელს, ახვლედიანის განცხადებით, საქართველოში არის ათეულობით სხვადასხვა ასაკის არაჩვეულებრივი ადამიანი, ვისაც მართვა შეუძლია. მისივე განცხადებით, მთავარია იყოს არსით დემოკრატი, წესიერი, ჰქონდეს მართვის უნარი და იცოდეს რას ნიშნავს წესრიგი.

სამთავრობო სტრუქტურებში განხორციელებულ ცვლილებებს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ცალკეული პირების მიმართ არსებულ მითქმა-მოთქმას უკავშირებს. მისივე განცხადებით, ზვიად ჯანყარაშვილმა, ისევე როგორც ძმებმა ჩხენკელებმა, გადაწყვიტეს, დატოვონ პოსტი, რადგან ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა დაიწყო იმის თაობაზე, რომ არის რაღაც ჯგუფი - ეს იმის ნათესავია, ესენი ძმები არიან და ა.შ.

„ყველაზე კარგად თუ ვინმემ იცის, რა ხდება, საერთოდ, გნებავთ პარტიულ განვითარებაში, ეკონომიკური პროექტების რეალიზაციის საკითხებში, რეგიონული მართვის მიმართულებით, სწორედ ამ ხალხმა იცის, რადგან ისინი ახლოს დგანან ამ თემებთან. დარწმუნებული ვარ, მათი გადაწყვეტილება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რომ ხელი არ შეუშალონ მნიშვნელოვანი პროცესების განვითარებას პიარული, სკანდალური თემებით, რაც გამოწვეულია მათი ნათესაური კავშირებით“, - აცხადებს გია ვოლსკი. 

ვოლსკისგან განსხვავებით, საპირისპიროს ამტკიცებს განათლების მინისტრი და აცხადებს, რომ მიმდინარე საკადრო ცვლილებები არ არის დაკავშირებული რომელიმე ოჯახთან ან გვართან. რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებას - „საკადრო ცვლილებები თამაზ თამაზაშვილის გუნდის დაშლაა“, - ამაზე მინისტრი ამბობს, რომ „ცოტა უფრო კვალიფიციურ დასკვნებს მოელის, მით უფრო ექსპერტებისგან“. 

„საინტერესოა ცვლილება, რომელიც მიმდინარეობს, მაგრამ ის არ არის უშუალოდ დაკავშირებული რომელიმე ოჯახთან, ან გვართან. ცვლილებები ნებისმიერ მთავრობაში და ორგანიზაციებში ყოველთვის მიმდინარეობს. თუ ეს ცვლილებები უკეთეს შედეგს გამოიტანს - რატომაც არა. მე ვფიქრობ, ყველაფერი მიმართულია, რომ სიტუაცია უფრო გაჯანსაღდეს, მმართველობაში ახალი სისხლი შემოვიდეს. ვფიქრობ, საკადრო ცვლილებები ამ პოლიტიკას ეყრდნობა და ამ მიზანს ისახავს“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ბოლო დღეებში განხორციელებულ რამდენიმე თანამდებობრივ ცვლილებას უმცირესობაში კლანების ბრძოლად აფასებენ და ამბობენ რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველგან დანიშნა თავისი წარმომადგენელი ფინანსების გასაკონტროლებლად. უმცირესობაში აცხადებენ, რომ უჩა მამაცაშვილის (ბიძინა ივანაიშვილის დეიდაშვილი) კლანმა ამ ეტაპზე გარდამავალი უპირატესობა მოიპოვა ღარიბაშვილის კლანთან მიმართებაში.

„ეს ცვლილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოში მაფიოზური მმართველობა ჩამოყალიბდა, როდესაც ფორმალური მმართველობა ვის ხელში არის, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველო ავტორიტარული რეჟიმის მეორე სტადიაში გადადის, როდესაც რეპრესიები იწყება არა მხოლოდ პოლიტიკური მოწინააღმდეგების მიმართ და არა მხოლოდ გუნდში სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანების მიმართ, არამედ გუნდის უშუალო წევრების მიმართ.

ფაქტობრივად, ივანიშვილის მმართველობა განწირულია ამისათვის. იმიტომ, რომ პოზიტივების გაკეთება მათ არ შეუძლიათ, ამიტომ, ბუნებრივია რეპრესიები სხვა და სხვა მიმართულებით გაგრძელდება. სქემა რომელიც ააწყო ივანიშვილმა ე.წ. არაფორმალური მმართველობა, ის ყოველთვის მოიტანს უარყოფით შედეგებს, ამიტომ მისი ცვლა მუდმივად იქნება აუცილებელი“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი.

„თავისუფალი დემოკრაატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომსახეზეა, ღრმა სახელისუფლებო კრიზისი. მისი თქმით, თანამდებობები დატოვეს ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო წრის წარმომადგენლებმა და ამ პროცესს ბიძინა ივანიშვილი მართავს. 

„თანამდებობები დატოვეს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის უახლოესმა წევრებმა. ეს ხალხი უშუალოდ ღარიბაშვილთან იყვნენ ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული და კიდევ ერთხელ ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.