სპეციალური შეზღუდვები ადგილობრივი წარმოების დასაცავად

სპეციალური შეზღუდვები ადგილობრივი წარმოების დასაცავად

ადგილობრივი წარმოების და ბაზრის დაცვის მიზნით, ხელისუფლება დრო და დრო სხვადასხვა ინიციატივით გამოდის. მათგან უპირველესი საზღვარზე ფიტოსანიტარული კონტროლის გამკაცრება იყო, რასაც შედეგადაც ასეულობით ტონა სხვადასხვა სახის უხარისხო პროდუქციისთვის საზღვრის ჩაკეტვა მოჰყვა. ამჯერად კი ხელისუფლება სუბსიდირებულ იმპორტზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავს.

ინიციატივის ერთ–ერთ მიზეზად პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ ტყემალაძეს თურქეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე არსებული 30%–იანი სუბსიდია მოჰყავს, რაც ამ ქვეყანას საქართველოში პროდუქტის დაბალ ფასად შემოტანის საშუალებას აძლევს.

ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, ახალი რეგულაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს არ დაარღვეს და არც სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უკმაყოფილებას გამოიწვევს.

„ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ თუკი ადგილზე არის რომელიმე დარგი, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ ბაზარს, მას უფლება მიეცეს, დააყენონ საკითხი, რომ ისინი აითვისებენ სამომხმარებლო სექტორს, რა თქმა უნდა, ხარისხიანი პროდუქციით. ამის შემდეგ შეიძლება რაღაც დროებითი, სეზონური გარკვეული შეზღუდვა დაუწესდეს ანალოგიური სახის იმპორტს.

ვაჭრობის წესები და ვაჭრობის პრინციპი ის არის, რომ ყველა იყოს თანაბარ პირობებში ჩაყენებული, როგორც ადგილობრივი მეწარმე, ფერმერი, ასევე უცხოური წარმოება“, – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესებს სპეციალური კანონიც დაიცავს. ყოველ შემთხვევაში, პროექტი უკვე მომზადებულია და იგი ჯერ მთავრობამ უნდა მოიწონოს, ხოლო შემდეგ პარლამენტმა.

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის მიერ ინიცირებული „საზღვრის დაცვის ღონისძიებების შესახებ კანონი“ ითვალსიწინებს ყველა იმ საქონლისგან თავის დაცვას, რომელიც საქართველოში ჭარბი მოცულობით იწარმოება.

მისი მოქმედების მექანიზმი კი შემდეგია: სპეციალური სააგენტო გამოყოფს მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც 2 თვის განმავლობაში შეისწავლის დარგის მწარმოებლურობის ხარისხს. სააგენტოს მიერ გადაგზავნილი მონაცემების დადასტურებიდან 4 წლის განმავლობაში იმპორტის კვოტირება, საბაჟო გადასახადის გაზრდა ან იმპორტის სრულად შეზღუდვა მოხდება, გააჩნია ეს რა პროდუქტს ეხება.

„საზღვრის დაცვის ღონისძიებების შესახებ კანონზე“ მუშაობა მეფრინველეობის განვითარების ასოციაციამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან 2012 წლის დეკემბრიდან დაიწყო, თუმცა საბოლოო ფორმით ეხლა ჩამოყალიბდა.

„ყველაზე რთული ჩვენთვის ის არის, რომ წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ იმპორტი იყო წახალისებული. ამის გამო იძულებული გავხდით 2013 წელს ჩვენი წარმოება მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა. ძალზე რთულია, როდესაც პროდუქციას აწარმოებ და ვერ ყიდი, ვერსად გაგაქვს. თუ ეს კანონი ძალაში შევა, პირობას ვდებთ, რომ 4-5 თვის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნებს სრულად დავაკმაყოფილებთ. ბოლო წლებში მთავრობის პოლიტიკა იყო ისეთი, რომ ადგილობრივი წარმოება ითრგუნებოდა, სამწუხაროდ, ახლაც ასეა“, - განაცხადა მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.