„დღევანდელი კონფიგურაციის შეცვლა და გაურკვევლობაში შებიჯება არავისთვისაა სასარგებლო“

„დღევანდელი კონფიგურაციის შეცვლა და გაურკვევლობაში შებიჯება არავისთვისაა სასარგებლო“

არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თემა 2012 წლის შემდეგ აქტუალურია და რამდენიმე პოლიტიკური ძალა შანსს არ უშვებს, მის მიზანშეწონილობაში დაგვარწმუნოს. თუმცა, ჯერ კიდევ პრემიერობის დროს, ბიძინა ივანიშვილმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საჭიროება გამორიცხა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, სახელისუფლებო კულუარებიდან უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ შესაძლოა, გაზაფხულზე ახალი პარლამენტის არჩევა მოგვიხდეს. მიზეზად არაეფექტური მთავრობა სახელდება, თუმცა უფრო ღრმა მიზეზებზეც შეიძლება საუბარი, მაგრამ ეს სხვა თემაა - საინტერესოა, თეორიულად რა მექანიზმები არსებობს სახელისუფლებო კრიზისის ხელოვნურად გამოსაწვევად და დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრიდან ვინ დარჩება ასეთი შესაძლებლობით მოგებული.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თეორიულ მექანიზმებზე, ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

კულუარებში რეალურად განიხილავენ შესაძლებლობას, რომ სწორედ ხელისუფლების ინიციატივით მალე ქვეყანაში რიგგარეშე საარჩევნო არჩევნები შედგება. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ეს ვერსია რეალობასთან ახლოსაა, როგორ ფიქრობთ, რომელი პოლიტიკური ძალა შეიძლება დარჩეს მოგებული?

- დავიწყოთ იმით, ვის შეიძლება, აწყობდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები როგორც პარლამენტს შიგნით, ასე მის გარეთ არსებულ პოლიტიკურ ძალებს შორის. ყველაზე ნაკლებად ეს პროდასავლური ფლანგისთვის არის მომგებიანი.

დღევანდელი მოცემულობით, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, მივიღოთ ყველაზე უფრო მეტად პრორუსული თუ ანტიდასავლური პარლამენტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც, უმრავლესობა შეიძლება იყოს პრორუსული - კანონების მიღებისთვის საჭირო უმრავლესობას ვგულისხმობ, მაგრამ დღემდე არსებულ ყველა პარლამენტზე უფრო ანტიდასავლური პარლამენტის მიღების ყველაზე დიდი შანსია. პროდასავლური პარტიები უბრალოდ, ვერ მოასწრებენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებას ვერც საარჩევნო კამპანიის წარმოების და ვერც ფინანსების მობილიზების თვალსაზრისით.

თუ ხვალ აღმოჩნდა, რომ მართლაც გარდაუვალია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რა ვადებზე შეიძლება იყოს საუბარი?

- თუ დავუშვებთ, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, ყველაზე მოკლე ვადა შეიძლება იყოს რამდენიმეთვიანი პერიოდი. ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის, ან კიდევ ორი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის ახალ შემადგენლობას.

ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დროში საკმაოდ გაწელილი პროცედურაა, თეორიულად შესაძლებელია, მთავრობა ვერ დამტკიცდეს და პარლამენტის დათხოვნის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. სწორედ იმას ვამბობ, რომ 2015 გაზაფხულზე ან შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ყველაზე სუსტი ძალები ექნებათ პროდასავლურ ძალებს.

რომელ ძალებს გულისხმობთ?

- „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მინიმუმ დაემშვიდობება მაჟორიტარებს პარლამენტში - მათ მხარდამჭერთა რიცხვი 10-15%-ის ფარგლებში მერყეობს. ამას დაემატება რესპუბლიკელები, თუ ისინი ცალკე გამოვლენ, პლუს ალასანიას პარტია და ყველანი დღევანდელი მონაცემებით, მთლიანად სადღაც 30-35%-მდე ხმებს მოგროვებენ.

რაც შეეხება პრორუსულ ან გნებავთ, ანტიდასავლურ ფლანგს - რთულია საუბარი, ვინ შეავსებს ამ რიგებს, რადგან ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა არის დასავლეთის წინააღმდეგი, მაგრამ ღიად არ აფიქსირებს რუსეთის მომხრეობას. თითქმის არ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამას აღიარებენ, თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც რუსებზე არიან „მიწებებულები“ საკმაოდ მომრავლდნენ და ისინი ამას არც მალავენ.

პოლიტიკური ძალები, რომლებიც დასავლეთის წინააღმდეგ გულმოდგინედ იბრძვიან, აცხადებენ, რომ დასავლეთთან ბრძოლა არ ნიშნავს რუსეთთან მიკედლებას.

დასავლეთის მიმართ ნიჰილისტურად ან აგრესიულად განწყობილი ან ერთგვარად „გზააბნეული“ ცენტრისტული ძალები, ვგულისხმობ უშუალოდ პარტია „ქართულ ოცნებას“, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ერთად მოაგროვებენ მკვეთრად გამოხატულ პროდასავლურ ძალებზე უფრო მეტ ხმას - მათ ფლანგზე იგულისხმება ასევე ნინო ბურჯანაძე, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის პარტია. დაახლოებით ასეთი ლანდშაფტი იკვეთება მომავალი პარლამენტის რიგგარშე საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში.

პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც ივანიშვილის არსებული ავტორიტეტი ეყოფა იმისათვის, რომ შეინარჩუნოს პირველი პოზიცია არჩევნების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ვერ შეძლებს უბრალო უმრავლესობის მოპოვებასაც კი (76 ხმა), ამიტომ ის დასავლეთის მიმართ ნიჰილისტურ-აგრესიულად განწყობილ ძალებთან ერთად შეიძლება ვიხილოთ უმრავლესობის სახით.

თუ, ამ გზით წავიდა ხელისუფლება, საპარლამენტო ან ნახევრადსაპარლამენტო რესპუბლიკებში მიღებული პრაქტიკაა, ხელოვნური კრიზისების გამოწვევა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პარტია გრძნობს, რომ მისი პოზიციები დღეს გაცილებით მყარია, ვიდრე იქნება ხვალ - ანუ არჩევნების განსაზღვრულ ვადებში ჩატარების შემთხვევაში.

თუ დავუშვათ, ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მისთვის მომგებიანი შეიძლება იყოს დღეს არჩევნების ჩატარება, ამისათვის რა ტიპის კრიზისები შეუძლია გამოიწვიოს?

- შეიძლება ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შეიქმნას კრიზისული სიტუაცია. საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორ თვეში, თუ პარლამენტი ვერ დაამტკიცებს ბიუჯეტს, ეს ჩაითვლება უნდობლობის საკითხის აღძვრის საფუძვლად და იწყება 81-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურები.

ასეთ შემთხვევაში, უნდობლობის პროცედურების აღძვრის შესახებ პარლამენტს შეიძლება მიმართოს პარტლამენტის სიითი შემადგენლობის 2/5-მა - ეს არის 60 დეპუტატი. უნდობლობის საკითხის აღძვრაზე კენჭისყრა იმართება საკითხის დაყენებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს -25 დღისა. უნდობლობის შესახებ საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას უნდობლობის საკითხის აღძვრაზე, მაშინ 6 თვის განმავლობაში დუშვებელია კვლავ მიუბრუნდნენ ამ საკითხს.

მეორე ვერსია არის პარლამენტის მიერ მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადება და ეს ხდება მაშინ, როცა მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 5 წევრი იცვლება.

ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ახალ მთავრობას ნდობის მისაღებად. ამჯერად იწყება უკვე მე-80-ე მუხლთ გათვალისწინებული პროცედურები, რაც გულისხმობს, რომ თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, პარლამენტში, 30 დღის განმავლობაში ხელახლა ეყრება კენჭი იგივე ან განახლებულ შემადგენლობას. თუ ვერ მიიღებს ნდობას, მაშინ პრეზიდენტი 7 დღის განმავლობაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ამჯერად, უკვე, პარლამენტის სიითი შემადგენლობის 2/5-ის მიერ მხარდაჭერილს.

რაკი 60 კაცს აქვს უფლება, წამოაყენოს კანდიდატი, პრინციპში გამოდის, რომ პრემიერობის ორი კანდიდატის დასახელების უფლება აქვს პარლამენტს. შემდეგ უკვე საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 ხმა, რომ დამტკიცდეს მთავრობა.

თუ ესეც ვერ ხერხდება და კვლავ ვერ უცხადებს პარლამენტი ნდობას, ასეთ შემთხვევაში, 3 დღის განმავლობაში ითხოვს პრეზიდენტი პარლამენტს და ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

თეოერიულად შანსი იმისა, რომ შეიქმნას კრიზისი, რა თქმა უნდა, არსებობს. თუ ბიუჯეტის დამტკიცებისას არა, შეიძლება, ხელოვნურად დადგეს ორი მინსტრის შეცვლის საკითხი და მთავრობამ ამ შემთხვევაში აიძულოს პარლამენტი არ გამოუცხადოს ნდობა და საბოლოოდ ყველაფერი დასრულდეს იმით, რომ პრეზიდენტი იძულებული გახდეს, დაითხოვოს პარლამენტი.

თვითონ პარლამენტს რამდენად შეიძლება აწყობდეს რიგგარეშე არჩევნები? ანუ, ხელოვნურად რომ ჩააგდოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, აქვს ამისი მიზეზი?

- შექმნილ სიტუაციაში უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების უმრავლესობას ნულოვანი შანსი აქვს, მოხვდეს რომელიმე პარტიის გამსვლელ სიაში, შესაბამისად - პარლამენტში. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის მთავარი ბარიერი, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემას განვიხილავთ.

არ ვიცი, რა ბერკეტს გამოიყენებს ან რატომ უნდა სურდეს ღარიბაშვილს ხელოვნურად მოახდინოს სამთავრობო და საპარლამენტო კრიზისი და რა ბერკეტებით უნდა აიძულონ ამდენი დეპუტატი, რომ მათ ვერ შეძლონ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.

ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რატომ უნდა უნდოდეს მთავრობის მეთაურს ან საპარლამენტო უმრავლესობას რიგგარეშე არჩევნები. მათ დღეს აქვთ შანსი, რომ იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, შეინარჩუნებენ თუ არა თანამდებობას ან დეპუტატის მანდატებს, ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

თუ დავუშვებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაითანხმეს და მთვრობის მეთაურიც იძულებული გახდა, მიჰყვეს ამ ტენდენციას და დაიწყება უნდობლობის პროცედურა, ასეთ შემთხვევაში, არსებობს თეორიული შანსი, რომ რესპუბლიკელების, „თავისუფალი დემოკრატების“, ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატისა და ნაციონალების ხმებმა დაიწყონ „ზრუნვა“, რომ დღევანდელი მთავრობა შენარჩუნდეს ხელისუფლებაში, რათა თავიდან აირიდონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

უმრავლესობას აქვს 85 ხმა, მათ შორის 12 ახლადშემატებული, „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლის შემდეგ. უმცირესობას, ანუ ნაციონალების სამივე ფრაქციას მთლიანობაში აქვს 51 ხმა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალებს არ აწყობთ ვადამდელი არჩევნები, რადგან ვეღარ აიღებენ ხმათა იმ რაოდენობას, რაც დღეს აქვთ, ამიტომ, იმ ხმების ერთობლიობით, რომლებსაც ამ ეტაპზე არ აწყობთ (პროდასავლური ძალები) რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მთლიანობაში გროვდება 74 დეპუტატი, რომელიც მეორე მხარეს აღმოჩნდება და ძალიან გასაკვირი იქნება, თუ დღევანდელი მთავრობის შენარჩუნება სწორედ ნაციონალების წყალობით მოხდება.

თუკი არავის აწყობს რიგგარეშე არჩევნები, არც უმრავლესობას არც უმცირესობას და არც მთავრობას, გამოდის, რომ არსებობენ სხვა აქტორებიც, რომლებიც არ ჩანან და ფაქტობრივად, მართავენ სიტუაციას ან ცდილობენ მართვას და სწორედ მათ ინტერესშია ეს - კულუარებში საუბარია, ბიძინა ივანიშვილზე. რაში შეიძლება მას აწყობდეს ასეთი კომბინაციის გათამაშება?

- მას შეიძლება აწყობდეს იმ შემთხვევაში თუ არ მოსწონს დღევანდელი მთავრობა და პარლამენტი და იმ პროცესების ინიცირება დაიწყოს, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე.

მაგრამ, მაშინ, მას უნდა სჭირდებოდს თვისობრივად განსხვავებული პარლამენტი, რომელიც იქნება რეალურად დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და ასეთივე შემოქმედებითი სახეები მთავრობაში. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ღირდეს კიდეც ფიქრი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე.

თუმცა, არ ვიცი, მას აქვს თუ არა ასეთი სურვილი. ამიტომ, ცოტა რთულად განსახორციელებელია ის გეგმა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე რთული ნამდვილად არა.

რაც შეეხება საგარეო აქტორებს, ეს შეიძლება აწყობდეს რუსეთს. ამ სიტუაციაში, სანამ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ყველა ელის, რომ ამერიკაში მოვა გაცილებით ქმედითი ხელისუფლება, ვიდრე დღევანდელია, რომელიც შეეცდება, თავისი მიმოფანტული გავლენები ახლო აღმოსავლეთში თუ ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ისევ გააძლიეროს და შემოიკრობოს. რუსეთს ურჩევნია, დრო მოიგოს და მანამ, სანამ საქართველოსთვის ნაკლებად სცალიათ, მისთვის სასურველი კომბინაცია გაათამაშოს.

რამდენად მოახერხებს - ეს სხვა თემაა. თუმცა, ლოგიკურად, მას ამისი ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს ამ ატაპზე. იგივე, რუსული ბაზარი, რომელიც რუსეთისთვის წმინდა პოლიტიკური ბერკეტია, ასეთ შემთხვევაში, მისთვის მომგებიანი იქნება იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რომლის ანგარიშზეც არის რუსული ბაზრის გახსნა.

თუმცა, არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის გარდა, ამ ბაზარს აღიქვამენ როგორც საქართველოს თავზე დაკიდებულ „დამოკლეს მახვილს“, რადგან ყოველთვის შეიძლება გახდეს პოლიტიკური ზეწოლის იარაღი - რუსეთის მთელი ძალისხმევა სწორედ ამ, პროდასავლური ძალების წინააღმდეგ წარიმართება.

უკვე ვთქვით, რომ პროდასავლურ ძალებს არ აქვთ სათანადო ფულადი რესურსი წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. გარდა ამისა, მათ არ გააჩნიათ რეალური შესათავაზებელი საზოგადოებისთვის, რომელიც იქნება რუსული ბაზრის საპირწონე. ჩვენ 20 წელი ხმას ვაძლევდით იდეას და იდეალებს, ხოლო რუსეთი იყო ნომერ პირველი მტერი. რუსეთი ბევრისთვის დარჩა მტრად, მაგრამ ბაზრის სახით მან შეიძინა ამავე დროს ახალი რაკურსი, რომელიც ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის ერთგვარი სოციალური და ეკონომიკური გადარჩენის არხად იქცა.

აქედან გამომდინარე, დასავლეთს აუცილებლად სჭირდება სასწრაფოდ ისეთივე შესათავაზებელი, რომელიც იქნება არა იდეა, არამედ ისეთივე რეალური, როგორიცაა რუსული ბაზარი. მაგალითად, უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. სურვილის შემთხვევაში, ეს შეიძლება მოესწროს საპარლამენტო, თუმცა არა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე.

გარდა ამისა, შესაძლებელია უამრავი სხვა პროექტიც, იგივე სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით და ა.შ. დღეს ევროპა არის ელიტის კუთვნილება - მხოლოდ მათთვის არის ხელმისაწვდომი უცხოეთში წასვლა, ხალხსაც უნდა მიეცეს ევროპასთან შეხების რეალური საშუალება, იგივე ფერმერების წაყვანა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში და ა.შ.

თუ თეორიულად არის პრორუსული ძალების გამარჯვების შანსი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ეს როგორ შეიძლება აღიქვას დასავლეთმა? ის შეეგუება ძალთა ასეთ ბალანსს საქართველოს ხელისუფლებაში?

- ესეც ძალზე მნიშვნელოვანი თემაა - შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების საგანიც კი გახდეს, რადგან პროდასავლური ძალებისთვის ანტიდასავლური პარლამენტი იქნება თავზარდამცემი, არ მგონია, რომ შეეგუონ ასეთ შედეგებს, რაც თავისთავად გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც, უპირველესად ვგულისხმობ ამერიკას.

დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილი მართლაც უკმაყოფილოა მთავრობის მუშაობით და ღარიბაშვილს მართლაც, ხელიდან გაექცა რაღაც პროცესები - როგორც კულუარებში ლაპარაკობენ. ამისგამოსასწორებლადაუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები? ხომ შეიძლება მხოლოდ მთავრობის შეცვლით ამოიწუროს ეს ყველაფერი?

- მთავრობის შესაცვლელად პარლამენტის დათხოვნის აუცილებლობა არ არის. ამისი მოხერხება მარტივად არის შესაძლებელი. დღევანდელი პარლამენტი არა იმდენად ღარიბაშვილის, არამედ ივანიშვილის მადლიერია და ანგარიშვალდებული. ამდენად, ის უფრო ადვილად შეასრულებს იმ ადამიანის სურვილს, ვისთანაც ვალშია.

სიმართლე გითხრათ, ვერც იმას ვხედავ, როგორ უნდა შეძლოს ხელისუფლებამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება. პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც სრულიად ამორფული, არშემდგარი და უთავოდ დარჩენილი სტრუქტურაა, ამ ეტაპზე კალაძეს შეატოვეს ხელში. ხელისუფლებას არჩევნებში წარმატების მისაღწევად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ყველა შემთხვევაში დასჭირდება.

პარტიას, როგორც ცნობილია, ბოლო დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო „კურირებდა“, როგორც აცხადებდნენ თავად კოალიციის წევრები. ღარიბაშვილის კადრებისგან, შესაბამისად, პარტიის კურატორებისგან გაწმენდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც მიმდინარეობს. ჰოდა, ამ ადმინისტრაციულ რესურსს ვინ „დაქოქავს“?! ახლად დანიშნული და საქმეში ჯერ ჩაუხედავი ფიგურები?! „მეოცნებეებს“ ისე არ დაემართოთ, სააკაშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რომ ჩამოაშორა შინაგან საქმეთა სამინისტროს მერაბიშვილი და თავზე რომ ჩამოემხო ლამის მთელი სტრუქტურა.

ესეც არ იყოს, მთავრობა, რომელსაც არაფერი ემუქრება, ვხედავთ როგორც მუშაობს და როგორ იმუშავებს მთავრობა, რომელსაც ეცოდინება, რომ 45 დღეში სახლში უნდა წავიდეს? ვინ მოამზადებს პარტია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებისთვის? ფულადი რესურსი თუ ეყოფათ, ადამიანური რესურსი შეიძლება არ ეყოთ.

ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი ნაკლებად რეალურად მეჩვენება. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს ამ კითხვებზე პასუხი.

არსებობს ასეთი ინფორმაციაც, რომ შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროს ამბები შემოუტრიალონ ღარიბაშვილს, რადგან პროკურატურა ვერ ახერხებს იმ დანაშაულის დამტკიცებას, რომლის გამოც ადამიანები სასჯელს იხდიან, ხოლო თავდაცვის მინისტრი გადააყენეს. რაკი თეორიულად ეს ომი ღარიბაშვილმა წამოიწყო (თუ წამოაწყებინეს), შესაძლოა, პასუხიც სწორედ მას მოსთხოვონ?

- ვფიქრობ, რომ პროცესი ანუ დღევანდელი პარლამენტი მისაყვანია 2016 წლამდე - ყველასთვის უმჯობესია, ხელისუფლებისთვისაც და ოპიზიციისთვისაც. მარტივი გამოსავალი კი ის არის, რომ იმ უწყების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც გამოძიებას აწარმოებდა ანუ შეიძლება, პროკურატურაზე გადატყდეს ჯოხი და არ დაისაჯოს პრემიერი. თუმცა, ისიც საკითხავია - უკვე მოხსნილ-მიჭირხვნილებთან ერთად თუ დადასტურდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ღარიბაშვილის კადრების მოხსნის და მისივე გარემოცვის წევრი გუბერნატორების გათავისუფლების თაობაზე, ეს ხომ ღარიბაშვილის საჯარო დასჯა და შეურაცხყოფა იქნება და ამის შემდეგ როგორ უნდა მართოს მან მთავრობა?! ეს კითხვა დაებადა ვინმეს?! თუ სხვა ტაქტიკასთან გვაქვს საქმე: ჯერ გარემოცვა შემოაფცქვნეს, პრინციპით: სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და მერე თავად მისი ჯერიც დადგება?!

ფაქტია, რომ განსაკუთრებული კატაკლიზმები დღეს ქვეყანას არ აწყობს. რეალურად საქართველოში არის იმ ტიპის დემოკრატია, რომელიც აბსოლუტურად უჩვეულოა პოსტსაბჭოთა სივრცისათვის. პრეზიდენტი აბსოლუტურად დამოუკიდებელი მოთამაშეა, პარლამენტი ცდილობს, იყოს დამოუკიდებელი და თავისი სიტყვა თქვას, ხოლო მთავრობა, ამას ხელს არ ან ვერ უშლის.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კონფიგურაცია არის ისეთი, რომელზეც ვერ ვიოცნებებდით წლების წინ. ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ ქართული დემოკრატიით გავაოცებ ევროპასო და ეს ნამდვილად არის ის კონფიგურაცია, რომლითაც ჩვენი სამეზობლოს გაოცება შეგვიძლია. გააჩნია, რა რაკურსით შევხედავთ - შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ ხელისუფლება უსუსურია, მაგრამ ის რეალობა, რაც ზემოთ ვახსენე - დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოები -სანატრელია ძალიან ბევრი ქვეყნისთვის. ამიტომ, ამ კონფიგურაციის შეცვლა და აბსოლუტურ გაურკვევლობაში შებიჯება არავისთვის არის სასარგებლო.