პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობამ შესაძლოა უკრაინა ახალი საპროტესტო ტალღის წინაშე დააყენოს.
„სირცხვილი! სირცხვილი! სირცხვილი!“ ამ შეძახილებით შეეგება მოსახლეობა მაიდნის მსხვერპლთა საპატივცემულო ცერემონიაზე მისულ უკრაინის ლიდერს. პროტესტანტები პრეზიდენტს მათთვის მიცმული პირობის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. „ღირსების რევოლუციის“ ერთი წლის შემდეგ, პოლიტიკოსები უღირსად იქცევიან. არჩვენებიდან ერთი თვის თავზე, უკრაინას ჯერ კიდევ არ ჰყავს მთავრობა. მიმდინარეობს ბრძოლა თანამდებობებისა და საპარლამენტო ადგილებისათვის, რომელიც გადაუდებელი მნიშვნელობის საკითხი არ გახლავთ. „ეს არის ცირკი, საბავშვო ბაღი!“ ამბობს მარია ჟარტოვსკაია, ვებგვერდ Ukrainskaya Pravda-ს პოლიტიკური კორესპოდენტი.
ხუთმა პროდასავლურმა პარტიამ ხელი მოაწერა კოალიციურ შეთანხმებას. ბატონმა პოროშენკომ და პრემიერმინისტრმა, არსენ იაცენიუკმა, განაცხადეს, რომ მალე წარადგენდნენ სამთავრობო შემადგენლობას, მაგრამ შიდაკონკურენცია აფერხებს მოლაპარაკებებს. საარჩევნო ხმების დათვლის შემდეგ, იაცენიუკის პარტია – „სახალხო ფრონტი,“ პირველ ადგილზე გავიდა, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო. ეს ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა ბატონი პოროშენკოსთვის, რასაც უკრაინაში ორი ძალის დაპირისპირება მოჰყვა. არსებულმა შეუთანხმებლობამ გააჩინა შიში იმისა, რომ „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდგომ განვითარებული მოვლენები - სახელისუფლებო პარტიებს შორის დაპირისპირება - გამეორდება.
პოროშენკო და იაცენიუკი ორ შეთანხმებულ ძალას არასდროს წარმოადგენდნენ. უკრაინის ევროპელი მოკავშირეები ცდილობენ მათ გაერთიანებას. ამ ეტაპზე, ყველა მცდელობა (არჩევნების წინ ეს ორი პარტია ერთ ძალად გაერთიანდეს) კრახით დასრულდა – ამბობენ, რომ უთანხმოების ერთ–ერთი მიზეზი გაერთიანებული პარტიის საერთო სახელზე ვერ შეთანხმებაა. ლვოვის მერს, ანდრეი სადოვს, რომლის პარტია კოალიციაში მოსახლეობის მხარდაჭერით მესამე ძალაა, აღიზიანებს „შიდა უთანხმოება და პატარ–პატარა დაპირისპირებები.“ ახლა მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელიც შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა, ასევე პარლამენტის სპიკერმა უნდა გააკეთონ.
მინისტრთა კაბინეტზე კონტროლის შენარჩუნება მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც ცდილობენ არ დაკარგონ გავლენის სფეროები. ვლადიმირ ფესენკოს, კიევის კვლვითი ინსტიტუტის „Penta”-ს პოლიტიკურ მრჩეველს, მიმდინარე მოვლენები ტერიტორიებისათვის „ცხოველებს“ შორის გაჩაღებულ ბრძოლას აგონებს. გავლენის მოპოვების მსურველთა შორის მთავარია იგორ კოლომოისკი, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქის მმართველი და სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლის აქტიური მხარდამჭერია. არსენ ავაკოვს – მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც მოხალისეთა ბატალიონებს ხელმძღვანელობს – უშუალოდ ბატონ კოლომოისკთან აკავშირებენ.
კოალიციის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში ზოგიერთი საკითხი მოსაწონია, მათ შორის დეპუტატებისთვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მოხსნა. სვეტლანა ზალიშჩუკი, მაიდნის აქციების აქტიური წევრი, რომელიც პარლამენტში პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენელია, ამბობს, რომ შეთანხმების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანეს მოწვეულმა ექსპერტებმა. ამასთანავე ის ამბობს, რომ მინისტრთა არჩევის წესი ძველი კანონით ხდება. მინისტრებს პარტიული წევრობის საფუძველზე ირჩევენ. ალექსანდრე პაშკავერი, უკრაინის ორი ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი, ამბობს, რომ „ვერ ხედავს ახალი ხელისუფლების მზაობას სისტემური ცვლილებებისთვის.“ დასავლელი დიპლომატები მოუწოდებენ უკრაინას მოთმინებისკენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პოროშენკომ და იაცენიუკმა დაძაბულობის მიუხედავად მაინც მოახერხეს ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება. დასავლეთის მხარდაჭერა რჩება ძლიერ იარაღად: შეთანხმების მიღება წინ უსწრებდა უკრაინაში ამერიკის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტს.
აღნიშნული შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი – უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, ქვეყნისთვის შემდგომი სამხედრო კონფლიქტის საფრთხეა. 26 ნოემბერს, მას შემდეგ რაც, უკრაინამ განაცხადა ქვეყნის საჰაერო სივრცეში, სეპარატისტების კონტროლირებად დონბასში, რუსეთის ორი თვითმფრინავის უკანონო შემოჭრის ფაქტზე, უკრაინას ნატოს შეიარაღებული ძალების უფროსი კაპიტანი, ფილიპ ბრიდლოვი ეწვია. რუსეთს შეეძლო შეტევის გაძლიერება, მაგრამ როგორც ჩანს კრემლი კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ დონბასის რეგიონით ახერხებს ქვეყნის შიგნიდან დასუსტებას და ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას. არსებულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა შესაძლოა უფრო ძლიერი რყევები გამოიწვიოს ქვეყანაში და გააძლიეროს სეპარატიზმის საფრთხე სხვა პრორუსულ რეგიონებში. ყველა შეაშფოთა ამ თვეში უკრაინის კონტროლირებად ქალაქ ხარკოვში მოულოდნელმა აფეთქებებმა, რომლის დროსაც სრულად განადგურდა ერთ–ერთი სამხედრო ბაზა.
სტატია თარგმნა თაკო ჩილინგარიშვილმა
foreignpress.ge