ა/წლის 4 დეკემბერს რუსეთის ფედერალური კრებისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დასავლური სანქციების გამო გართულებული საფინანსო პრობლემების ფონზე, აღიარა თავისი ფავორიტი პროექტის – „სამხრეთის ნაკადის“ შეჩერება. მანამდე, მან შეხვედრები გამართა აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან და უკრაინის გვერდის ამქცევ ახალ მარშრუტებზე იმსჯელა.
პუტინის მიმართვა ფედერალური კრებისადმი დასავლეთის ანტირუსული სანქციების წარმატების აღიარებაა
ზოგიერთმა უცხოელმა ექსპერტმა რუსეთის მხრივ „სამხრეთის ნაკადზე“ უარის თქმა “ბრწყინვალე ნაბიჯად“ მონათლა, ხოლო ზოგმა მას ანტი–რუსული სანქციების ქმედითი შედეგი უწოდა.
ნინო ბურჯანაძემ აღნიშნული მოვლენები განიხილა თავის სატელევიზიო გამოსვლაში. მან მიუთითა იმ მთავარ გზავნილებზე, რომლებიც რფ–ს პრეზიდენტის მიმართვაში გაჟღერდა: ყირიმის „საკრალურობა“, დასავლეთთან დიალოგი და ეკონომიკის ლიბერალიზაცია. ამასთან, მან აქცენტი დასავლეთთან „ჩაშლილ“ დიალოგზე გააკეთა.
აშკარაა, რომ „სამხრეთის ნაკადის“ შეჩერების წინ, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ორი ძირითადი მოთამაშის – კასპიური აირის მიმწოდებელი აზერბაიჯანისა და ტრანზიტორი თურქეთის მეთაურებთან პუტინის შეხვედრა, მიზნად ისახავდა „სამხრეთის ნაკადის“ შემცვლელი მარშრუტის ძემნას. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მოწოდება მასზედ, რომ ახლა დადგა ის დრო, როდესაც საქართველომ კრემლს თავის ტერიტორიაზე რუსული გაზის გატარება უნდა შესთავაზოს: „მივმართავ მთავრობას: გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და შესთავაზოს რუსეთს და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა. ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, მათ შორის ევროპაშიც. მოიტანს სერიოზულ პოზიტიურ ეკონომიკურ ძვრებს და, რაც მთავარია, გაამყარებს ქვეყნის სტაბილურობას. ეს პროექტი, ქვეყნის ჭკვიანი მმართველის პირობებში, ჩვენი სამშობლოს უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარების სერიოზული შესაძლებლობა გახდება“ – აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.
ქალბატონი ნინო გულისხმობს, რომ რუსეთის ხელისუფლებაში უძლიერესი ენერგეტიკული ლობის არსებობა არის ამ პროექტის წარმატების საწინდარი. სანაცვლოდ, საქართველოს საშუალება ექნება რუსეთი მნიშვნელოვან პოლიტიკურ დათმობებზე დაიყოლიოს.
რა მარშრუტით შეიძლება რუსული გაზის ტრანსპორტირება
რუსეთის მიერ 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიის და ნოემბრის ბოლოს აფხაზეთთან ე. წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შედეგად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტები. კერძოდ ისინი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტისათვის გამოყენებას გულისხმობენ. ამ „დერეფანს“ დასავლეთი უნდა „ერთ მუშტად შეეკრა“ და ის რუსულ ენერგომატარებლებზე საბედისწერო დამოკიდებულებისაგან ეხსნა, მაგრამ რუსეთის მიერ ყირიმის და აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიით საფრთხე დღეს სწორედ „დერეფანს“ შეექმნა.
საქმე ის არის, რომ შავ ზღვის სანაპიროზე მდებარე გაეროს წევრი სახელმწიფოები მიერთებულნი არიან გაეროს 1982 წლის „საზღვაო კონვენციას“ (UN Maritime Convenciaon), რომლითაც დადგენილია 12 საზღვაო მილიანი ტერიტორიული წყლები და 200 მილიანი განსაკუთრებული საზღვაო ეკონომიკური ზონები. შავი ზღვის წაგრძელებული გეომეტრიის გამო, მისი ჩრდილოეთ–სამხრეთის ნაპირები ჯამში 400 მილს ვერ აღწევს. ამიტომ, ამ ზღვაზე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად არა 200 მილი, არამედ ქვეყნებს შორის თანაბრად დაშორებული ხაზი, ანუ „მოდიფოცირებული მედიანა“ ითვლება და ზღვას ე.წ. ნეიტრალური წყლები არ გააჩნია.
ყირიმის და აფხაზეთის ანექსიამდე უკრაინასა და თურქეთს განსაკუთრებული ზონების ყველაზე დიდი სეგმენტები ჰქონდათ. სწორედ ამის გამო, უკრაინის გვერდის ამქცევი რუსული „სამხრეთის ნაკადის“ ნოვოროსიისკი–ვარნას საზღვაო სექციის გასაყვანად რუსეთი, მთელი რიგი დათმობების ფასად, თურქეთს 2009 წელს შეუთანხმდა.
ყირიმის და აფხაზეთის ანექსიის შედეგად, ბუნებრივია, მარშრუტის ასეთი ცვლილება აღარ იქნება აუცილებელი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შავ ზღვაში საზღვაო განსაკუთრებული ზონა უკრაინას ყირიმის სამხრეთით, და საქართველოს აფხაზეთის სანაპიროსთან, უბრალოდ აღარ ექნებათ.
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ევროპის ენერგობაზარზე რუსეთი თავის „ენერგეტიკულ იარაღს“, საქართველოში შემოჭრაზე კრიტიკის შესამცირებლად იყენებდა. ამიტომ, 2008 წლის ნოემბერში ბრიუსელმა „ევროკავშირის მეორე ენერგორევიუ – ენერგოუსაფრთხოებისა და სოლიდარობის სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ იქმნება ევროკავშირშის წევრი ქვეყნების ურთიერთდაკავშირებული მილსადენების სისტემა, ე.წ. „ტრანსევროპული ქსელი“ (TEN). ამავე დროს განისაზღვრა წევრი ქვეყნების „თამაშის საერთო წესები“ ენერგოპროექტების ირგვლივ მესამე მხარესთან მოლაპარაკებებში, ანუ შეიქმნა „საერთი ინტერესების პროექტების“ (PCI) ისეთი მექანიზმი, რომელიც წევრ ქვეყნებს ბრიუსელთან შეუთანხმებლად უკრძალავს ენერგომომარაგებისა და ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმებას.
ამის შემდეგ, 2009 წლის 8 მაისს ევროკავშირის პრაღის სამიტზე, მიიღეს ისტორიული დოკუმენტი „სამხრეთის დერეფანი – ახალი აბრეშუმის გზა“, რომელშიც კასპიისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მოიაზრება. ამ დოკუმენტით განისაზღვრა ოთხი სტრატეგიული პროექტი: „ნაბუქო“, „ინტერკონექტორი თურქეთი–საბერძნეთი–იტალია“ (ITGI), „ტრანსადრიატიული გაზსადენი“ (TAP) და “თეთრი ნაკადი“ (White Stream).
სწორედ ეს უკანასკნელი პროექტი დაზარალდა ყველაზე მეტად ყირიმის და აფხაზეთის ანექსიის შედეგად, რადგან ის საქართველო–უკრაინა(ყირიმი)–რუმინეთის მარშრუტს გულისხმობს და ევროკავშირისთვისაც, სხვა პროექტებთან შედარებით, უფრო მომგებიანია.
„დერეფნის“ დარჩენილი სამივე პროექტი გულისხმობს „შაჰდენიზის“ გაზის საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავკასიური გაზსადით“ (SCP) და თურქეთის ტერიტორიაზე დაპროექტებული „ტრანსანატოლიური გაზსადენით“, TANAP–ით ევროპაში ტრანზიტს.
როგორია ჰარმონიზაციის „გაკვეთილები“ საქართველოსთვის
XX ს. ბოლოდან კასპიისპირეთში ენერგომატარებლების ფართომასშტაბიანმა მოპოვებამ და ტრანზიტმა: ა) ერთის მხრივ, უზრუნველყო საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური და ფინანსური უსაფრთხოება; ბ) მაგრამ მეორეს მხრივ, სტაბილური ექსპორტისათვის, განსაკუთრებით 2008 წლის რფ-საქართველოს ომის შემდეგ, საჭირო გახდა ამ ქვეყნების სამხედრო და სატრანსპორტო–საკომუნიკაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღეს ეს საკითხი ისევ აქტუალურია.
ექსპერტები, 2008–2009 წლების ევროზონის ფინანსური პრობლემების ფონზე არ გამორიცხავდნენ, «დერეფნის» პროექტების გაიაფების მიზნით, მათ სხვადასხვა ფორმით ტრანსფორმაციას.
ერთ-ერთი ასეთი ტრანსფორმაციული იდეაა ევროპული და რუსული გაზსადენების გაერთიანება ფინანსური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად. ეს საკითხი პირველად 2010 წლის დასაწყისში დაისვა. 2011 წლის 10 იანვარს, ის კვლავ წამოჭრა აშშ-ს ელჩმა იტალიაში დ. ტორნმა.
ამგვარი გაერთიანების იდეას რუსეთში მართალია ღიად უარყოფდნენ, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, „სამხრეთის ნაკადის“ შეჩერებამ შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს და „გაზპრომი“ აიძულოს, რომ უკრაინული გაზის ქსელის გვერდის ამქცევ სხვა მარშრუტზე დაიწყოს ფიქრი, ან ევროპულ ბაზარზე თავისი გაზი გაცილებით ნაკლებ დანახარჯიანი, მარშრუტით გადაგზავნოს. ამ პროექტებიდან უკრაინასთან, მხოლოდ ყველაზე ნაკლებად დამუშავებული, ჯერ იდეის დონეზე არსებული, „თეთრი ნაკადია“ ასოცირებული. თანაც, უკრაინის გაზის ქსელის გამტარუნარიანობა შეზღუდულია. ექსპერტების გათვლებით, უკრაინაზე ტრანზიტი გაზზე ევროპის მზარდ მოთხოვნას, სრულად ვერ დააკმაყოფილებს. ამიტომ, პროექტების არა უკრაინის საშუალებით, არამედ სხვა ფორმატში გაერთიანებას, ახლა რუსეთმა შეიძლება დაუჭიროს მხარი. ექსპერტულ წრეებში უკვე გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ შეიძლება მოსკოვში ევროპული «დერეფნის» გაზსადენებთან რუსული აირის დაკავშირების ადგილის მოძიება დაიწყონ.
გარდაბანი – რუსულ–აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის „ჰაბი“
დღევანდელ პირობებში, ადგილი სადაც რუსეთის და კასპიისპირეთის გაზის დასავლური მარშრუტები იკვეთება, არის საქართველო. კერძოდ, საქართველოში გადის „ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი“, რომელიც რუსეთის ქ. მოზდოკიდან საქართველოს ტერიტორიით სომხეთს უკავშირდება. ის გარდაბანსა და ჯანდარას შორის კვეთს „სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს“ (SCP), რომლითაც ამჟამად „შაჰ-დენიზის“ პირველი სტადიის გაზი არა მარტო თურქეთს, არამედ მისი გაზის ქსელით, ევროკავშირის წევრ ქვეყანას, - საბერძნეთსაც მიეწოდება. SCP გაზსადენიდან საქართველო, სატრანზიტო მოსაკრებლის სახით, გატარებული გაზის 5%-ს იღებს უფასოდ, 5%-ს - შეღავათიან ფასად.
„მაგისტრალური გაზსადენი“, ორი დაწყვილებული მილისგან შედგება, - ძირითადი მილის დიამეტრია 1200 მმ, ხოლო სათადარიგოსი, - 700 მმ. დღეს ამ გაზსადენის ძირითადი მილით გაზი სომხეთს მიეწოდება, ვინაიდან საქართველო 2007 წლიდან „შაჰ-დენიზი 1“-ის გაზით მარაგდება.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ეს გაზსადენი, საპროექტო სიმძლავრესთან შედარებით (წლიურად 18 მლრდ კუბმეტრი), გაცილებით ნაკლები დატვირთვით (1.93-1.44 მლრდ კუბმეტრი) მუშაობს. თუმცა, საბჭოთა პერიოდშიც, მისი დატვირთვა არ აჭარბებდა წლიურად 9.5 მლრდ კუბმეტრს. ამჟამად, „მაგისტრალური გაზსადენიდან“ ტრანზიტის საფასურად „საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“ იღებს გატარებული რუსული გაზის 10%-ს, რაც 2008-2011 წლებში 193-144 მლნ კუბმეტრის ფარგლებში მერყეობდა. ეს კი საქართველოს გაზის მოხმარების 11.2-11.0%-ია.
სომხეთის კონტროლის პალატის 2009-10 წწ. ენერგო-სისტემის შემოწმების მასალებიდან ირკვევა, რომ სომხეთში იმპორტირებული ირანული გაზის ნაწილი საქართველოსაც მიეწოდება, რის სანაცვლოდაც სომხეთში «ერევნის თბოელექტროსადგური» საქართველოდან იღებს ელექტროენერგიას თანაფარდობით, - 1 კუბმეტრ ირანულ გაზში 4.5 კვტ/სთ ელექტროენერგია. სომხეთში იგივე ელექტროსადგური 1 კუბმეტრ ირანულ გაზში, რომელიც „არმროსგაზპრომის“ «თავრიზი-მეგრის» გაზსადენით მიეწოდება, ირანს უბრუნებს 3 კვტ/სთ ელექტროენერგიას. ნათელია, რომ «ერევნის თბოელექტროსადგური» საქართველოში გატანილსა და ირანიდან მიღებულ გაზის ყოველ კუბმეტრს შორის 1.5 კვტ/სთ ელექტროენერგიის ტოლ სხვაობას იღებს. ამის შედეგია, რომ თუ 2009 წელს «ერევნის თბოელექტროსადგურმა» საქართველოში 259 მლნ დრამის გაზი შემოიტანა, უკვე 2010 წელს ეს მაჩვენებელი გაათმაგდა და 2.2 მლრდ დრამი შეადგინა, რამაც სომხეთს საკმაოდ დიდი რაოდენობით ქართული ელექტროენერგია მისცა.
ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ „მაგისტრალური გაზსადენის“ ერთ-ერთი მილით საქართველოს ირანული გაზის მცირე რაოდენობა უკვე მიეწოდება. თუ ვთქვათ, ამ გაზსადენის 1200 მმ-იანი მილი ქ. გარდაბანთან SCP-ს დაუკავშირდება, მაშინ ის შესაძლებელია გადაიქცეს რუსული გაზის ერთი ნაწილის, რომელიც „სამხრეთის ნაკადისთვის“ იყო განკუთვნილი, დასავლეთისკენ საექსპორტო ახალ მარშრუტად. ეს გაზი, SCP-ს გავლით, შემდგომში „ნაბუქოთი“ ან „ტრანსადრიატიკით“ (TAP), ანუ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ რომელიმე გაზსადენით, ან «ტრანსანატოლიური გაზსადენით“, თურქეთიდან ევროპაში გაიგზავნება.
მიუხედავად ბრიუსელის წინააღმდეგობისა, სავარაუდოდ, აშშ-ს მხრივ გაზსადენების გაერთიანების იდეის კვლავ წამოწევა, ევროპაში გაზის საექსპორტო პროექტებს შორის კონკურენციის შესუსტებას ისახავს მიზნად. ამ მიზეზით, ეს იდეა ევროკავშირის ფინანსური პრობლემების ფონზე, შესაძლოა მალე ბრიუსელისთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდეს. ეს ევროპას გაზმომარაგების ალტერნატიული მარშრუტების განხორციელებას გაუადვილებს, ვინაიდან „სამხრეთის გაზის დერეფნის“ განხორციელებით უკვე მოსკოვიც დაინტერესდება და მოიხსნება ამ დერეფნისადმი რუსეთის ანტაგონიზმი. მეტიც, ეს კავშირი რუსულ და ევროპულ პროექტებს ურთიერთშემავსებელს გახდის, რითაც საქართველომაც შეიძლება ნახოს სარგებელი. კერძოდ:
ჯერ ერთი, ამ გზით გაიზრდება საქართველოზე გამავალი რუსული, აზერბაიჯანული და ირანული გაზის ნაკადები. შესაბამისად, მოიმატებს ქვეყანაში უფასოდ და შეღავათიანად დარჩენილი გაზის მოცულობა. ამით შეივსება ნახევრად დაუტვირთავი SCP და „მაგისტრალური“ გაზსადენები, და საქართველოს სატრანზიტო ამონაგები გაიზრდება, ისე რომ დამატებით ხარჯების გაწევა არც ქვეყნის ბიუჯეტიდან და არც დასავლეთელი დონორების მხრიდან საჭირო არ იქნება, - აუცილებელი იქნება მხოლოდ მილების გადაკვეთაზე - ქ. გარდაბანთან, სოფ. ჯანდარაში ე.წ. ინტერკონექტორის აგება.
მეორე, გაიზრდება ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოება, რადგან SCP -სთან მიერთებით რუსეთი დაინტერესდება „მაგისტრალური გაზსადენის“ მაქსიმალურად შევსებით და მისი გამართული მუშაობით, რადგან ეს მილი რუსეთს ახალი მარშრუტით, მაღალი წარმადობის დასავლურ საექსპორტო გაზსადენებთან დააკავშირებს. ასევე, გაიზრდება დასავლეთის მიერ საქართველოს უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნად გამოყენების ინტერესი, რადგანაც საქართველო გადაიქცევა გაზმომარაგების რეგიონალურ კვანძად.
მესამე, SCP-სა და „მაგისტრალური“ გაზსადენების ურთიერთდაკავშირება ირანისა და სომხეთის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს. ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ ირანი აპირებს სამჯერ გაზარდოს გაზის ექსპორტი და მსოფლიო გაზით ვაჭრობაში თავისი წლი 2%-დან 2015 წლისათვის 10%-მდე გაზარდოს. ჩინოვნიკმა ხაზი გაუსვა, რომ ამას თეირანი თავისი გაზის რუსეთში (რომელი მილით, უცნობია?!) და სხვა მეზობელ ქვეყნებში გატანით შეეცდება.
კერძოდ, ზოგიერთი ქართველი სპეციალისტის ნაშრომში მითითებულია, რომ „მაგისტრალური გაზსადენის“ ძირითადი მილი, რომლითაც ის ქ. გარდაბანთან SCP-ს შეუერთდება, შესაძლებელია მეორე ბოლოდან რევერსით, „თავრიზი-მეგრის“ გაზსადენის და სომხეთის გაზის ქსელის გავლით, გახდეს გარდაბნის მომავალ „ჰაბში“ გაზის სამხრეთიდან მიღების საშუალება. თავის დროზე – 2005–2006 წლებში, ამ აზრს, სრულიად სამართლიანად, „მაგისტრალური გაზსადენის“ პრივატიზაციის მოწინააღმდეგეები ავითარებდნენ. ეს იდეა სომხეთისთვის მისაღებია, რადგან ამ გზით ის თავის დიდი ხნის ოცნებას აისრულებს და პანევროპულ პროექტში ჩაერთვება. თანაც ერევანი რუსეთისაგან ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროს და სატრანზიტო მოსაკრებლებს მიიღებს. ამასთან, რუსეთიდან მისი გაზმომარაგება ჩვეულებრივ გაგრძელდება „მაგისტრალური გაზსადენის“ 700 მმ-იანი სათადარიგო მილით, რომლის სიმძლავრე, სომხეთის დღევანდელ მოთხოვნილებას (2011–2013 წწ. წელს ეს მაჩვენებელი საშუალოწლიურად დაახლოებით 2 მლრდ კუბმეტრი იყო), სრულად დააკმაყოფილებს.
ამრიგად, გარდაბნის რუსულ–აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის „ჰაბი“ რეგიონის ყველა ქვეყნის, და არც მთავარია – საქართველოს, ინტერესებს დააკმაყოფილებს.