„პროკურორი სამთავრობო დაწესებულებაზეა ჩამოკიდებული და ესაა მთელი უბედურება“

„პროკურორი სამთავრობო დაწესებულებაზეა ჩამოკიდებული და ესაა მთელი უბედურება“

დავით უსუფაშვილი თვლის, რომ იუსტიციის მინისტრის პროკურატურისგან სრულად განიარაღებით პარლამენტს ზედმეტი მოუვიდა, რაზეც პასუხისმგებლობას იღებს. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, იუსტიციის მინისტრს, პროკურატურასთან მიმართებაში ჩამორთმეული გარკვეული უფლებამოსილება უნდა აღუდგეს და უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო ბერკეტებით, რომ გარკვეული ხარვეზები გამოავლინოს და შეძლოს ზომების მიღება, რაც გააუმჯობესებს სისტემის ეფექტურობას.

„პროკურატურის შესახებ კანონში“ ცვლილებები უმრავლესობის წევრის, კობა დავითაშვილის ინიციატივით 2013 წლის აპრილში შევიდა. კანონის მიზანი იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებათა ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში პროკურატურის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბება იყო. დავითაშვილის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი უმრავლესობამ ერთხამად დაუჭირა.

1995 წელს, როცა კონსტიტუცია შემუშავდა, მაშინ პროკურატურა გამოცხადდა, როგორც სასამართლო დაწესებულება. გენერალურ პროკურორს წარადგენდა პრეზიდენტი და ამტკიცებდა პარლამენტი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს დაუქვემდებარა, რითაც ის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურად შეიქმნა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ თავის დროზე, საკითხი სისტემური გააზრების გარეშე იქნა მიღებული. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, უწყების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით წუხილი ქვეყნის გარეთ არ შემცირებულა, პირიქით გაიზარდა. მისივე თქმით, უწყების დამოუკიდებლობისთვის, მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტა არ აღმოჩნდა საკმარისი.

„იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება აწარმოა პროკურატურამ და ბრალდების მხარდამჭერადაც პროკურატურა გამოვიდა სასამართლოში, ბუნებრივია, წუხილები უფრო მეტად პროკურატურის მიმართ არის, სადაც გამამართლებელი განაჩენი დადგა. ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ ის და კარგად წარმოჩინდა, რომ პრობლემა ობიექტურ გამოძიებაშია.

აუცილებელია უწყებისთვის პოლიტიკური ელემენტის ჩამოშორება და პროფესიონალებზე ზრუნვა. ეს არის ერთადერთი წამალი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას და მათ შორის პროკურატურას დააბრუნებს დემოკრატიულ რელსებზე. სხვა შემთხვევაში, ყოველთვის იქნება ის ნაკლოვანებები და შეცდომები, რომელიც საბოლოო ჯამში, სასამართლოში გამამართლებელი განაჩენით დადგინდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

საქართველოს 1997 წლის ორგანული კანონის „პროკურატურის შესახებ კანონის“ ავტორი და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი გია მეფარიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუ გვინდა, გამოირიცხოს ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირების შესაძლებლობა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ პროკურატურას. მისივე თქმით, აქ იგულისხმება პროკურატურა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც არ შედის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში.

for.ge გია მეფარიშვილს ესაუბრა.

პარალამენტის თავმჯდომარის აზრით, იუსტიციის მინისტრს, პროკურატურასთან მიმართებაში ჩამორთმეული გარკვეული უფლებამოსილება უნდა აღუდგეს და უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო ბერკეტებით. ბატონო გია, ხომ არ ფიქრობთ, რომ პროცესი დაგვიანებულია?

- პროკურატურის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეყვანა რომ არ გაამართლებდა, ეს თავიდანვე იყო ნათელი. იუსტიციის მინისტრი პოლიტიკური თანამდებობის პირია. ის არის პოლიტიკოსი და ის არ შეიძლება სარგებლობდეს იმ საპროცესო უფლება-მოსილებებით, რომელსაც უნდა ფლობდეს გენერალური პროკურორი (ანუ იუსტიციის მინისტრი)

ეს რამდენად გავრცელებული მოდელია?

- ასეთი მოდელი არის ზოგიერთ ქვეყნებში და საკმაოდ კარგად არის აპრობირებული, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ამ ქვეყნებს გააჩნიათ საკუთარი სამართლებრივი ტარდიცია და საკუთარი განვითარების სპეციფიკური ისტორიები. საქართველო არის განსხვავებული ქვეყანა და მთელი რიგი საკითხები მოითხოვს სრულიად თავისებურ გადაწყვეტას. მე დღესაც ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს პროკურატურასთან გაერთიანების შესახებ, რომელიც მიღებული იყო სააკაშვილის დროს, იყო შეცდომა.

ამის მიზეზი იყო მხლოდ ერთადერთი - ერთი კაცისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი, რადგან ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესები უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი ამ სახელმწიფო სტრუქტურის მეშვეობით, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო. თუ, ჩვენ ავიღებთ და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში განვათავსებთ პროკურატურას, დადგება მთელი რიგი საკითხები. კერძოდ, საზედამხედველო უფლებამოსილებები, პოლიციის საქმიანობაზე ზედამხედველობა, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა და ა.შ. ეს საკითხები დღეს მოითხოვს სრულიად თანამედროვე გააზრებას.

რამდენად სწორია პროკურატუარას ჰქონდეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესაძლებლობა, თუ იგი აღმასრულებელ სისტემას წარმოადგენს?

- არასწორია, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, ვინაიდან ამ მოდელებს არც ისე შორეული წარსულიდან ვიცნობ. დღევანდელ პირობებში ყველაზე ოპტიმალურად მეჩვენება პროკურატურის, როგორც სახელმწოფო ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს არსებობა, ისე, რომ არ დავარღვიოთ ხელისუფლების დანაწილების სამწევროვანი სისტემა. პროკურატურა არ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში. პროკურატურა არის სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება, იგი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი, როგორც უმთავრესი ორგანული კანონით და მოქმედი კანონმდებლობით.

ასეთი მოდელი არის ბალტიისპირეთის ორ ქვეყანაში, არის ესპანეთში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში და საკმაოდ წარმატებით მუშაობს. რა გვინდა ჩვენ, რომ მივიღოთ? - მთავარია პროკურატურა შეესაბამებოდეს იმ პირობებს, რომელიც საქართველოში არის. პროკურატურა სუფთა სამართლებრივი დევნის ორგანოდ არ შეიძლება იქნას განხილული, ისე როგორც ეს არის აშშ-ი, საფრანგეთში, გერმანიაში და ა.შ. პროკურატურას აქვს უფრო სხვა დანიშნულება.

ეს სხვა დანიშნულება სისხლის სამართლებლივი დევნის გარდა, მოიცავს პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობას, სახელმწიფო ბრალდების მხარის დაჭერას სასამართლოში, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. ასეთი მოდელები უნდა იყოს გააზრებული მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა გავა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და მისი ადგილი იქნება დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებაში.

სასამართლო ხელისუფლებაში როგორც მართლმსაჯულების განმხორციელებელი?

- არა. აქ იგულისხმება მხოლოდ დაწესებულება, ანუ ინსტიტუცია. თავისი საქმიანობით გამოძიება და ბრალდებაზე მხარის დაჭერა გაცილებით უფრო ადვილად და ახლოს არის წარმოსადგენი სასამართლო ხელისუფლებასთან, ვიდრე აღმასრულებელთან.

ხარვეზები, რომელზეც საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, ის არის, რომ იუსტიციის სამინისტრო გამოეყო პროკურატურას?

- გენერალური პროკურორის თანამდებობა ხდება პოლიტიზირებული, იმიტომ, რომ ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. პროკურორი სამთავრობო დაწესებულებაზეა ჩამოკიდებული და ესაა მთელი უბედურება.

თქვენი განმარტებით, იმისათვის, რომ პოლიტიკური მხარე ჩამოშორდეს მთავარ პროკურატურას, აუცილებელია საგამოძიებო უწყება აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში არ შევიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა ბედის ელის საგამოძიებო უწყებას?

- გამოძიების უფლება 5 უწყებას აქვს გადანაწილებული. პროკურატურა მარტო საგამოძიებო უწყება არაა. პროკურატაურას გარდა ამისა დაკისრებული აქვს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიც არის - სახელმწიფო ბრალდებაზე მხარდაჭერა, თავისუფლების აღკვეთის კანონიერებაზე ზედამხედველობა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია და ა.შ. დღეს, მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგშიდაც კი არაა წარმოდგენილი. ამავე დროს, მას ევალება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, რაც სრულიად გაუმართლებელია და თეორიულადაც დაუსაბუთებელი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ჯობია ეს გააკეთონ იმ ხალხმა, ვისაც შეხება აქვთ ამ საკითხთან, მარტო არასამთავრობო ორგანიზციებით ნუ გადაწყდება ეს საკითხი.