„სწორედ ეროვნული ბანკის ასეთმა პოლიტიკამ განაპირობა, რომ ლარის კურსი ლოგიკურად გასკდა“

„სწორედ ეროვნული ბანკის ასეთმა პოლიტიკამ განაპირობა, რომ ლარის კურსი ლოგიკურად გასკდა“

„საქართველოში არის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, ამიტომ ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს“,- ასკვნის „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია და ყოფილი პრემიერის - ბიძინა ივანიშვილის განცხადებას - „არაფრისგან გინდათ აჟიოტაჟი შექმნათ, ეკონომიკა არის მყარი“ -პასუხისმგებლობისგან გაქცევად აფასებს.

შედარებით უფრო ლმობიერია საპარლამენტო უმცირესობის წევრი - ზურაბ ჯაფარიძე. ის მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ვარდნის გამო ეკონომიკური ბლოკის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას.

„უნდა დადგეს ეკონომიკური ბლოკის მინისტრების, როგორც ფინანსთა მინისტრის, ისე ეკონომიკის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო ჯერ კიდევ შარშან, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში, პირველად გაირღვა ბიუჯეტი და ახლა მაინცაა ეს გადაწყვეტილება მისაღები“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში ქვეყანამ სავალუტო რეზერვები უნდა დახარჯოს იმისთვის, რომ ლარის გაუფასურების ტენდენცია შემცირდეს, წლის ბოლომდე მაქსიმალურად შეზღუდოს ხარჯები, მხოლოდ სოციალური ხარჯები და ხელფასები გასცეს და უარი თქვას ნებისმიერი ავანსის გაცემაზე.

ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად, მთლიანად ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობას ითხოვს ნაცმოძრაობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი. საკითხის შეფასებისას - ლარის კურსის გაუფასურება გარე ფაქტორებით ხომ არ არის განპირობებული, -იგი აცხადებს, რომ გარე ფაქტორების მოშველიება აბსურდია. „ნუთუ ასე მივებით რუსულ ეკონომიკას, რომ რუსულმა კრიზისმა დაანგრია ლარი?“ - ინტერესდება მიხეილ მაჭავარიანი და განმარტავს, „რომელი დოლარი დააბალანსებს სიტუაციას, როცა 9-მილიარდიანი მწირი ბიუჯეტიდან დეკემბერში ასაკრები და დასახარჯია მილიარდ 400 მილიონი, რომელსაც სხვას ვუხდით. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში ინვესტიციები შემცირებულია, არ იზრდება სამუშაო ადგილები, არასწორი ხარჯვა მიმდინარეობს, ხოლო რუსეთიდან, უკრაინიდან ფულის შემოდენა შემცირდა, რადგან გაუფასურდა რუბლი დოლართან მიმართებით.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მთავრობის და, კერძოდ, ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობას ამ ეტაპზე გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ლარი ყოველდღიურად უფასურდება. For.ge-სთან საუბარში ექსპერტი აცხადებს, რომ დღეს გადადგომაზე საუბარი უბრალოდ არაა საჭირო, რადგან ჯერ მდგომარეობა სტაბილიზაციისკენაა წასაყვანი.

„სწორედ ეროვნული ბანკის ასეთმა პოლიტიკამ, მთავრობის სისუსტემ მიიყვანა სიტუაცია აქამდე, როდესაც გარე ობიექტური და შიდა სუბიექტური ფაქტორები ერთმანეთს დაემთხვა და ლარის კურსი, რომელიც ხელოვნურად იყო უზარმაზარ ნიშნულზე გაჩერებული, ლოგიკურად გასკდა. ეს მოსალოდნელიც იყო. ამაზე პირადად ვსაუბრობ ორი წელია, რომ ლარის კურსის დევალვაცია აუცილებელია, ოღონდ ეკონომიკასთან კავშირში კი არ გააკეთეს ეს, არამედ მოთამაშედ გადაიქცა ეროვნული ბანკი.

ნაცვლად იმისა, რომ მარეგულირებლის ფუნქცია ეტვირთა, ეროვნული ბანკი თვითონ გახდა დილერი ამ ბაზარზე იმპორტიორების, მსხვილი ფინანსური ჯგუფების სასარგებლოდ. ახლა სავალალო მდგომარეობაა, საჭიროა კოორდინირებული მოქმედება, რომ სიტუაცია შეჩერდეს. ნელ-ნელა უნდა გამოცხადდეს, რომ ლარის კურსი კიდევ ქვევით წავა. რა თქმა უნდა, შედეგების მიხედვით, ყველას პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში არა მგონია, ფინანსთა მინისტრის ბრალი იყოს ის, რაც მოხდა. რაც შეეხება ხარჯებს, ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ხარჯები უნდა შემცირდეს უბრალო მიზეზის გამო, თუ სტაბილიზაცია ვერ მოხდა, პროექტებზე გაცემული ლარი ბიუჯეტიდან დოლარის შესყიდვაზე წავა, რადგან ჩვენი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად უამრავი რამ საზღვარგარეთ იყიდება. ჩვენ ხომ არაფერს ვაწარმოებთ“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

ამასთან, ნაცმოძრაობის მიერ ეკონომიკური გუნდის დათხოვნის მოთხოვნა ტენდენციურად შეაფასა. ექსპერტი თვლის, რომ რაც ჩვენს ქვეყანას სჭირს, სწორედ ცხრაწლიანი მანკიერი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის შედეგია. ამას ემატება ისიც, რომ, სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ უდიდესი სისუსტე გამოიჩინა და ვერ შეცვალა ეკონომიკური, თუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ვერ აიღო მართვის სადავეები, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ეკონომიკის გააქტიურება და დასაქმების უზრუნველყოფა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, პირველ რიგში, უპასუხისმგებლოდ იქცევიან სავალუტო ჯიხურები და, რაც დღეს სავალუტო ჯიხურებში ხდება, ეს არის აჟიოტაჟური კურსი. ამის გამო ეროვნულმა ბანკმა სერიოზული მითითება უნდა მისცეს სავალუტო ჯიხურებს იმ ქმედებისთვის, რასაც ისინი აკეთებენ. კერძოდ, ეროვნული ბანკის კურსი არის სხვა და ამ კურსის მაღლა დგას სავალუტო ჯიხურებში ყიდვა-გაყიდვის კურსი. ამიტომ პასუხი უნდა მოეთხოვოთ სავალუტო ჯიხურებს ამ უპასუხისმგებლო ქმედებისა და სპეკულაციისთვის.

შეკითხვაზე, რატომ არ სურს ეროვნული ბანკს სავალუტო ჯიხურების პასუხისმგებლობის დაყენება და ხომ არ უკავშირდება ეს თავად ეროვნული ბანკის დაინტერესებას ინფლაციით, ირაკლი ლექვინაძე ეჭვობს, ასე იყოს.

„არა მგონია, ეროვნული ბანკი ამით ინტერესდებოდეს. ეროვნული ბანკი არის სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია ინფლაციაზე. ის არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩემი აზრით, ის დამოუკიდებელია, მას უყურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ასე მარტივად ამის გაკეთება რთულია. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათ ვურჩევდი, ნაკლებად პოლიტიზირებულნი იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან პოლიტიკოსების განცხადებებმა შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს ბაზრის მდგომარეობა. პანიკის საფუძველი უნდა მოიხსნას. ის, რაც ხდება საგარეო ფაქტორების გავლენით, ამან გამოიწვია ლარის კურსის მერყეობა საქართველოში. ხარჯების თემა მნიშვნელოვანია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ასათვისებელ თანხებთან მიმართებით, რომელიც ჩასაშვებია და არ ათვისებულა მთელი წლის განმავლობაში. დღეს პარასკევია, ამიტომ ეროვნული ბანკის ინტერვენცია ძალზე მნიშვნელოვანია. მოდის შაბათ-კვირა და ერთი დღით ადრე, ანუ პარასკევ დღეს ლარის კურსის გაურკვეველმა გაქცევამ არ უნდა გამოიწვიოს შაბათ-კვირის სპეკულაციების უფრო მეტი შესაძლებლობა. ამიტომ, ვფიქრობ, ეროვნული ბანკი მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს. ეროვნულმა ბანკმა ორჯერ უკვე განახორციელა ინტერვენცია და ეს სიგნალი იყო, რომ პროცესი მართვადია და პანიკის საფუძველი არ უნდა არსებობდეს“, -აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.