ვინ დაიჭერს გაფრენილ ლარს

ვინ დაიჭერს გაფრენილ ლარს

კურსი ლარი დოლართან მიმართებაში ოფიაციალურად 1,9527-ის ნიშნულამდე გაუფასურდა და ასეთმა მკვეთრმა ვარდნამ მოსახლეობაში პანიკა კიდევ უფრო გააძლიერა. ამ დროს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებს და ამასვე მოუწოდებს მოსახლეობას.

ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან სპეციალური შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ლარის კურსთან დაკავშირებით სწორი და ეფექტური პოლიტიკის გასატარებლად, საქართველოს მთავრობა სრულ კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან და რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს.

„სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში შექმნილი აჟიოტაჟი უარყოფითად აისახება პროცესზე, ამიტომ მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მედიას და პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისგან.

ლარის კურსის მერყეობა სტაბილური ვალუტებისთვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში ჯდება. ეკონომიკური გუნდის ინფორმაციით, მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე დოლარის კურსი გამყარებულია ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ, რაც თავისთავად აისახება ლარი - დოლარის კურსზე“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კი ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ამის გარანტია ეროვნული ბანკია.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ და არა მხოლოდ გვითქვამს, საქმით დაგვიდასტურებია გაცილებით უფრო დიდი შოკის დროს“, - განაცხადა ეროვნულმა ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურების მიზეზებად როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებს ასახელებს - დაიკლო შიდა სავალუტო შემოდინებამ, თუმცა მისივე ინფომარციით, ეს დისბალანსი უკვე აღმოფხვრილია.

„რაც შეეხება იმ პროცესებს, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში, ის დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ დროს ფინანსური ბაზრებისთვის“, - განაცხადა ქადაგიძემ.

იგი ურჩევს ბაზრის მონაწილეებს და მოქალაქეებს, არ მიიღონ იმპულსური გადაწყვეტილება ვალუტის კონვერტაციასთან დაკავშირებით, რადგან აუცილებლად დაზარალდებიან.

„ყველა გაუფასურებას მოსდევს გამყარება, ამიტომ ბაზრის ის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებას კონვერტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ყოველთვის ზარალობენ“, - აღნიშნა ქადაგიძემ და დასძინა, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად ზარალდება ის მოქალაქე, რომელსაც სესხი აქვს დოლარში, ხოლო შემოსავალი - ლარში.

ეროვნულმა ბანკის პრეზიდენმა მოსახლეობა დამშვიდა, რომ ფასების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან მსოფლიოში ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტები - ნავთობი, შაქარი, ზეთი, ხორბალი იაფდება.

„მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა აისახება ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე, ჩვენ არ ველოდებით დაგეგმილზე უფრო მეტ ინფლაციას. ამის მიზეზი კი არის ორი რამ: პირველი - ისეთ სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი, ზეთი, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ფასის მნიშვნელოვანი კლება. მეორე მიზეზი, რის გამოც არ ველოდებით მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას, არის მონეტარული აგრეგატების ფაქტორი. უფრო მარტივად რომ გითხრათ - ფულის მასა შარშანდელისაგან განსხვავებით არ გაზრდილა. მეტიც, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დეკემბერში, ბიუჯეტის გადაჭარბებულ ხარჯვას ადგილი არ ექნება. ეს კიდევ უფრო შეასუსტებს წნეხს ინფლაციაზე“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით დრამატული არაფერი ხდება, თუმცა, როგორც დემოკრატიის განვითარების, ასევე ეკონომიკური თვასაზრისით, საქართველოში რისკები არსებობს.

ხუხაშვილის აზრით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში სავარაუდოდ, 1.90 ლარის ნიშნულზე დაბალანსდება, ყოველ შემთხვევაში, 2 ლარს არ ასცდება. როგორც მან სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ არსებობს, სერიოზულ რყევებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა, გარე ფაქტორები, ბუნებრივია, ვითარებაზე აისახება.

ხუხაშვილის აზრით, ქვეყნის შიგნითაც ხელისუფლება დევალვაციის წინააღმდეგი მაინცდამაინც არ არის და ამის რამდენიმე სავარაუდო მიზეზსაც ასახელებს.

„ეს შეიძლება გამოწვეულია საბიუჯეტო საკითხებიდან, ვინაიდან წლის ბოლოს იმპორტი იზრდება და შემსუბუქებული ლარით საბაჟო შემოსავლები უფრო მეტი იქნება, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო ლარის ძველ კურსზე. გარე ფაქტორებს რაც შეეხება, ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან, რუსეთსა და უკრაინაში ორჯერ გაიაფდა ადგილობრივი ვალუტა“, - განაცხადა ხუხაშვილმა და ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ფინანსური შესაძლებლობების შემცირების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„გარდა ამისა, წლის ბოლოს ფულის მასა იზრდება და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ დღეს მივიღეთ შემსუბუქებული ლარი. არა მგონია, რომ მივიღოთ იგივე ტიპის პროცესი რაც ხდება რუსეთში“, - განაცხადა ექსპერტმა.

ამასთან, იგი ხელისუფლების მხრიდან კურსის ხელოვნურ ცვლილებას გამორიცხავს.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის ზურაბ ტყემალაძის აზრით, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ზომები დაუყონებლივ უნდა იქნას მიღებული. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.

„ლარის კურსის შესუსტებას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. სასწრაფოდ იმ მექანიზმების გამოყენება უნდა მოხდეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს აქვთ. დაუყონებლივ უნდა მიიღონ ზომები. იმედია, აღნიშნულ თემაზე იქნება მთავრობის სხდომა, სადაც აუცილებელ გადაწვეტილებას მიიღებენ. არა მგონია, რომ გაგრძელდეს კურსის დაცემა - რაც ახლა არის, იმის გამოსწორება უნდა მოხდეს“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.