პატრიარქის მორიგი თხოვნა ბანკებისადმი

პატრიარქის მორიგი თხოვნა ბანკებისადმი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბანკების ხელმძღვანელებს მიმართა და სთხოვა, ზამთარში ადამიანები სახლების გარეშე არ დატოვონ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პატრიარქი საფინანსო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართავს. ბანკები ყოველთვის მიუთითებენ, რომ უწმინდესისა და უნეტარესის მიმართვას გაგებით ეკიდებიან, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ვალაუვალი ადამიანების ყოფა სულ უფრო მძიმდება.

ილია მეორეს თქმით, საპატრიარქოში მასთან ხშირად მიდიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ბანკში სესხის გამო სახლები დაკარგეს.

„მინდა, გაჭირვებული ხალხის მდგომარეობას შევეხო. ხალხმა ბანკებში სესხები აიღო და სახლები ჩადო. ბანკს გამოჰყავს სახლიდან და ამ შუა ზამთარში ისინი გარეთ რჩებიან. ვთხოვ ბანკის ხელმძღვანელებს, ზამთარში მაინც ნუ გააკეთებენ ამას. მოდიან შემდეგ ეს ხალხი საპატრიარქოში და ამის გამო ტირიან. ვთხოვთ ბანკების ხელმძღვანელებს, დაეხმარონ, აპატიონ ან სახლი არ გაუყიდონ“, - აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქს პერიოდულად ბანკირებისადმი მიმართვა იმის გამო უწევს, რომ ხელისუფლებამ ვერ დაარეგულირა იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა პრობლემა მით უფრო, რომ ეს მმართველი ძალის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ილიამ მეორემ ზაფხულშიც მიმართა თხოვნით ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, როცა მიწის გასხვისების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გლეხები მასობრივად აღმოჩნდნენ ვალში ჩადებული მიწების დაკარგვის საფრთხის წინაშე. პატრიარქმა მაშინ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ერთი წელია სერიოზული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობაში არსებული სიტუაციის გამოსწორებისათვის, მაგრამ შექმნილი ვითარება სხვა ქმედებებსაც საჭიროებს, მათ შორის, შეღავათიან და გრძელვადიანი სესხების გაცემას. პატრიარქმა სთხოვა ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციების შემოღებამდე, შეაჩერონ სესხების დაფარვის მიზნით მიწის გასხვისების პროცესი ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ.

დეპუტატი გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ საკითხი, რომელზეც პატრიარქმა ისაუბრა, ძალიან მძიმეა და ბევრ ადამიანს შეეხო ეს ტრაგედია. ამიტომ პატრიარქის მოწოდება ყოველთვის გასათვალისწინებელია.

„როდესაც ეს უჭკვიანესი და ბრძენი კაცი ამას ამბობს, ალბათ, უნდა მივიღოთ, მაგრამ ერთი პრობლემაა – ეს ხომ კერძო ბანკებია და ბევრი მათგანის დამფუძნებელი უცხოელია. ამიტომ მათთანაა სალაპარაკო, რომ მაგალითად ექვსი თვით გადაუდონ... თუ შემოვა რამე მსგავსი ინიციატივა. პატრიარქის ნათქვამიც იძლევა საშუალებას, განვიხილოთ და მივიღოთ რაიმე შემამსუბუქებელი რეგულაციები. ცოდოა ხალხი. ქუთაისის პარლამენტში რომ შევდივართ, ყოველდღე გვხვდება გაუბედურებული ხალხი. კარგი ინიციატივაა, დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ ამ ხალხს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ,“ – განაცხადა თოფაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ხელისუფლება ბანკების წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს და რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ, რათა შემდეგ პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივა მიიღოს დაზარალებული ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით კი, საბანკო სექტორისათვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, რომ მას ხშირად მიმართავენ მოქალაქეები რომელთაც იპოთეკური სესხის გამო ემუქრებათ გამოსახლება. ეს პრობლემა, სამწუხაროდ, არასწორედ იქნა ასოცირებული ბანკებთან. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ აღნიშნული პრობლემის შექმნაში, კერძო იპოთეკარებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორის წილი, რომლისთვისაც სოციალური პასუხისმგებლობა არის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი, იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამ პროცესის მონაწილეთაც კი არ შეიძლება იქნას განხილული“, – აცხადებს გვასალია.