პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო კარუსელის დატრიალებას აპირებს, რომელსაც სავარაუდოდ, ეკონომიკური გუნდის მინისტრების პოსტები შეეწირება.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, სამთავრობო ცვლილებები სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე განხორციელდება.
წყაროს ცნობით, ფინანსთა მინისტრის თანანმდებობიდან ნოდარ ხადურის გაშვება გადაწყვეტილია, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე კი მსჯელობა მიმდინარეობს.
„მთავრობიდან ხადურის გაშვება ოქტომბერშიც იყო გადაწყვეტილი, მაგრამ მას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას წასვლამ და შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა უშველა“, - აღნიშნა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა for.ge-სთან საუბარში.
მოსალოდნელია თუ არა მთავრობაში საკადრო ცვლილებები და პოსტის დატოვება მოუწევს თუ არა ნოდარ ხადურს, ამაზე პასუხის გაცემა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს უჭირს და დეპუტატი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას პირველად ესმის, რომ ფინანსთა მინისტრის მიმართ უკმაყოფილება მატულობს. საგანელიძის შეფასებით, ის მთავრობიდან ნოდარ ხადურის გაშვების მიზეზს ვერ ხედავს.
„ვერ გეტყვით, პრემიერს თუ რა დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ხადურის პოსტიდან გაშვების მიზეზს ვერ ვხედავ. ეკონომიკურმა გუნდმა ბევრი პრობლემა მოაგვარა, რაც ქვეყანაში არსებობდა. სახელმწიფო ელიტარულ კორუფციაზე იდგა და ეკონომიკურ პოლიტიკას რამდენიმე ადამიანი განსაზღვრავდა. თავისუფალი ბიზნესის განვითარება ექვს თვეში ვერ ხდება, მაგრამ ქვეყანა წინ მიდის“, - განაცხადა საგანელიძემ, რომელიც ყურადღებას ლარის კურსის ვარდნაზე ამახვილებს.
კანონმდებელის მოსაზრებით, ლარის კურსის ვარდნა მოსახლეობაში პროტესის გრძნობას გაზრდის, მაგრამ რევანშისტულ ძალას ერთი სული აქვს ქვეყანაში უკმაყოფილება გაიზარდოს.
„პანიკას ის ძალები თესავენ, რომელთაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი აქვთ და ცდილობენ, როგორმე სტრუქტურები დაასუსტონ და საკუთარი თავი როგორმე მმართველ გუნდში დააბრუნონ“, - აღნიშნავს დეპუტატი.
საგანელიძის თქმით, ლარის კურსთან შექმნილი პრობლემები სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული.
„ეროვნული ბანკის ფუნქციაა, რომ ლარის კურსის ცვლილებას თვალი მიადევნოს და თუ საჭიროა, გარკვეული კორექტივები შეიტანოს. როცა საჭიროა, ეროვნულმა ბანკმა ბირჟაზე მეტი ეროვნული ვალუტა, ან დოლარი უნდა გამოიტანოს, რომ კურსი დაიჭიროს. სამწუხაროდ, გარკვეულ პერიოდებში, პანიკის გამო დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. შეიძლება, ამის მიზეზი არასწორი განცხადებებიც იყოს“, - განაცხადა საგანელიძემ, რომლის მსგავსად, ნოდარ ხადურის პოსტიდან წასვლის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რესპუბლიკელი ნოდარ ებანოიძე.
for.ge-სთან საუბარში ებანოიძე აღნიშნავს, რომ მას ხადურის პოსტიდან წასვლაზე არაფერი სმენია. დეპუტატის განცხადებით, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას პრობლემები არ შეექმნება, შესაბამისად, პოსტიდან ხადურის მოხსნა ლოგიკური არ არის.
„ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილს შევასრულებთ. რაც შეეხება იმას, ხადური მუშაობაში არის თუ არა პრობლემები, გეტყვით, რომ პრობლემები ყველას მუშაობაშია, მათ შორის ჩემს მუშაობაში“, - განაცხადა ებანოიძემ, რომლის მსგავსად ხადურის თანანმდებობიდან წასვლის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს ოპოზიციონერი დეპუტატი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი.
კანონმდებელი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, პრობლემები ეკონომიკაში არის, განსაკუთრებით კი, ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვაში. მისი თქმით, რიგ უწყებებს ბიუჯეტით დაგეგმილი თანხები ათვისებული არ აქვთ, რაც გარკვეულ ზეწოლას ლარზე ახდენს.
ონოფრიშვილის განმარტებით, ქვეყანაში იმ რაოდენობის ინვესტიციები არ შემოდის, რაზეც მოლოდინი იყო.
„გადარიცხვები და ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, რაც ვალუტის შევსების წყაროა. ასევე შემცირებულია ექსპორტი, ხოლო გაზრდილია იმპორტი. ეს კი, სავალუტო კურსის გაუფასურებაზე მოქმედებს. ახლა დოლარის კურსი პიკშია და მეტი აღარ გაიზრდება“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მოუწევთ თუ არა პორტფელიოების დათმობა, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. შესაძლოა, ამ საკითხზე საუბარი კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზეც გაიმართოს, რომელიც სავარაუდოდ, ხვალ, ან ზეგ გაიმართება.