ღარიბაშვილი შესაძლოა, საქართველოს განვითარების ბანკის პრეზიდენტი გახდეს, პრემიერის პოსტი კი, სერგეენკომ დაიკავოს

ღარიბაშვილი შესაძლოა, საქართველოს განვითარების ბანკის პრეზიდენტი გახდეს, პრემიერის პოსტი კი, სერგეენკომ დაიკავოს

საქართველოში შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს და აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამთავრობო კარუსელი დატრიალდეს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ხელისუფლების მაღალ ეშალონებში საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჩაანაცვლოს, თავად ღარიბაშვილი კი, საქართველოს განვითარების ბანკის პრეზიდენტად დაინიშნოს.

წყაროს ცნობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა როგორც დეპუტატების მუშაობით, ასევე სამთავრობო გუნდის და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის, რომლის პოლიტიკური განიარაღებაც დაიწყო.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს საკადრო ცვლილებების განხორციელება საკუთარი გარემოცვიდან მოსთხოვა და მას პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტიდან ნათესავის ზვიად ჯანყარაშვილის გაშვება ურჩია, ხოლო ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის თანაშემწის თანანმდებობიდან მეგობრის - რომან ჩხენკელის.

მოსალოდნელია თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და სამთავრობო კარუსელის დატრიალება, ამის გარკვევას for.ge მმართველ გუნდში შეეცადა. საკითხზე კომენტარის გაკეთება რესპუბლიკელებმა არ ისურვეს, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი აცხადებს, რომ პრემიერის შეცვლაზე საუბარი ზედმეტია.

როგორც for.ge-ს საგანელიძემ განუცხადა, ქვეყნების განვითარებისთვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ცუდია, რადგან ბიზნესის საქმიანობა ფერხდება და ამავდროულად, ინვესტიციები შემოდინება ჩერდება. მისი თქმით, ის რიგგარეშე არჩევნების საფუძველს ვერ ხედავს.

„ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები მაშინ იმართება, როცა ქვეყანაში ძლიერი პოლიტიკური კრიზისია, პარლამენტის უმრავლესობა არ არსებობს, უმრავლესობა მთავრობას ვერ ირჩევს, კანონების მიღება ვერ ხდება და მთავრობა უუნაროა. ამ დროს, ქვეყანას გადახალისება სჭირდება. ამ პროცესების ნიშნები კი, ქვეყანაში არ არის. შეიძლება ძალიან ბევრს რიგგარეშე არჩევნები უნდოდეს და ისაუბროს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მომწიფდა, მაგრამ ამის ნიშნები არ შეიმჩნევა“, - განაცხადა საგანელიძემ.

კანონმდებელი ამბობს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებები შეიძლება ყოველთვის მოხდეს, მაგრამ ქვეყანა თავის გამარჯვებებით და წარმატებებით წინ მიდის.

„პრემიერის შეცვლაზე საუბარი ზედმეტია და ღამე ვიღაცას რაღაც რომ ესიზმრება, ის დღე ელანდება. დაწყნარდნენ და თავის თავს მიხედონ, რადგან ქვეყნებისთვის რიგგარეშე არჩევნები ცუდია. როგორც იქნა, ავადსახსენებელი კოაბიტაცია გამოვიარეთ, დავლაგდით და ახლა ეტყობა, ვიღაცეებს არჩევნები მოენატრათ, რომ მოსახლეობას ეკეკლუცონ. ცოტა ხანი მოითმინონ, რადგან 2016 წელი მალე მოვა“, - აცხადებს საგანელიძე, რომლის მსგავსად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრემიერ-მინისტრის შეცვლას გამორიცხავს.

for.ge-სთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ არანაირი ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ განიხილება.

სესიაშვილის განცხადებით, ვადამდელ არჩევნები იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ პარლამენტი ბიუჯეტს არ მიიღებს, ან მთავრობას არ დაამტკიცებს.

„არჩევნების ჩატარების თეორიული შანსიც არ არის. პარლამენტს ბიუჯეტის დამტკიცების ან მთავრობის დაკომპლექტების პრობლემა არ უდგას. პარლამენტში მყარი უმრავლესობაა და ეს ვეტოს დაძლევის დროს დამტკიცდა. რესპუბლიკელები კოალიციის წევრები არიან და მომავალშიც იქნებიან, ამა თუ იმ საკითხზე, მათ განსხვავებული დამოკიდებულება ადრეც ჰქონდათ და მომავალშიც ექნებათ. ეს არ არის ნიშანი იმისა, რომ პარლამენტში კრიზისი წარმოიშვას“, - აცხადებს სესიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განვითარების ბანკის თაობაზე პარლამენტში კანონპროექტი უკვე ინიცირებულია, სადაც ბანკის შექმნის პროცედურები დეტალურად გაწერილია, მაგრამ ცვლილებების განხილვის პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია და ამასთანავე, არ კონკრეტდება ბანკის მმართველად თუ ვინ მოიზარება, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამთავრობო ცვლილებების პროცესი უკვე დაწყებულია, რადგან დღეს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ, რომან ჩხენკელმა თანამდებობა დატოვა, რომელსაც პოსტზე ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია შეცვლის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დავით სუჯაშვილი დაინიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ კი, „ქართული ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ბიძინა ივანიშვილმა დატოვა მის „მემკვიდრედ“ ირაკლი ღარიბაშვილსა და დავით სერგეენკოს კანდიდატურებს ასახელებდნენ.