როგორ ხდება საგარეო პოლიტიკის დირიჟორობა

როგორ ხდება საგარეო პოლიტიკის დირიჟორობა

საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში საქართველოს ელჩის, მიხეილ უკლებას გადადგომას არ ადასტურებს. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ელჩი აქტიურად მუშაობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე უკრაინაში, რომელიც დაგეგმილია მომავალი წლის დასაწყისში. ბერუჩაშვილის ამ გაცხადების მიუხედავად, უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩის, მიხეილ უკლებას შეცვლის საკითხი დღის წესრიგში დგას. უკლებასთან ერთად, თანამდებობის დატოვება სავარაუდოდ რამდენიმე ელჩს მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილება შეეხება აშშ-ში, საფრანგეთში და ჩეხეთში საქართველოს საელჩოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის შეფასებით, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოს საელჩოების დაკომპლექტების საკითხი გადასახედია. რაც შეეხება უკრაინას, საგანელიძე აცხადებს, რომ ფაქტია უკრაინასთან მიმართებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა. 

„უკრაინაში საქართველოს მოქმედი ელჩის შეცვლის საკითხი ჩემთან ნამდვილად არ დამდგარა. არ ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე რას ფიქრობს, თუმცაღა ჩემი, ერთი ადამიანის აზრია, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში ჩვენი საელჩოების დაკომპლექტების საკითხის გადახედვა მოგვიწევს. ის, რომ დღეს უკრაინაში გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, სახეზეა, თუმცა ანალიზია საჭირო, რამდენად იყო ეს საელჩოზე დამოკიდებული. საგარეო უწყებამ ბევრი შეცდომა დაუშვა იმ მიმართულებით, რომ ბევრ ქვეყანაში ინფორმაცია სწორად არ იყო მიტანილი, რათა საელჩოებს მთავრობებთან სწორად ემუშავათ“, - აცხადებს დავით საგანელიძე. 

საგანელიძისგან განსხვავებით ელჩთან კითხვები არ აქვს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს, რომლის განცხადებით უკრაინასთან დაკავშირებით, საგარეო უწყება უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო, მთავრობის წარმომადგენლები უფრო ხშირად უნდა ჩასულიყვნენ კიევში და მაშინ ელჩსაც უკეთ გაეხსნებოდა ხელები.

„მიხეილ უკლება ჩემი ახლო მეგობარია, ის უმაღლესი რანგის პროფესიონალია და ძალიან კარგი ელჩია, მაგრამ მარტო ელჩი ვერაფერს გახდება. უფრო აქტიური უნდა ყოლფილიყო უკრაინასთან კონტაქტის თვალსაზრისით საგარეო უწყება, მთავრობის წევრებიც უფრო ხშირად უნდა ჩასულიყვნენ ვიზიტით კიევში და მაშინ ელჩსაც უკეთ გაეხსნებოდა ხელები“, - აცხადებს თედო ჯაფარიძე.

რაც შეეხება ზვიად ჯანყარაშვილს, ჯაფარიძეს არ აქვს ინფორმაცია რა სტატუსით ჩადის უკრაინაში ჯანყარაშვილი, როცა იქ გვყავს მოქმედი ელჩი. თედო ჯაფარიძის განცხადებით, ბოლო დროს ხშირია ორი ერთნაირი რაღაცის შექმნა.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის თენგიზ ფხალაძის თქმით, უკრაინაში საქართველოს ელჩის მიხეილ უკლებას გადადგომის საკითხზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსჯელობა არ ყოფილა.

„უკრაინაში საკმაოდ პროფესიონალი გუნდია და ძალიან მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რომელსაც იქ ჩვენი საელჩო ასრულებს. არ ვიცი რაზეა საუბარი, შესაძლოა რომელიმე ელჩს როტაციის წესიდან გამომდინარე უწევს თანამდებობის დატოვება. ყველა საკითხს აქვს თავის პროცედურა. ეს საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის გასავლელი. უწყებას ეს საკითხი პრეზიდენტთან არ დაუყენებია“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მაშ ასე, გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ უკლებას თანამდებობა ვაკანტური მალე გახდება. რაც შეეხება უკლებას შემვცვლელს, ის ზვიად ჯანყარაშვილი ნამდვილად არაა. უკლებას სავარაუდოდ, ზვიად კვაჭანირაძე ჩაანაცვლებს. რაც შეეხება ზვიად ჯანყარაშვილს, ის უკრაინაში ოფიციალურად დესპანის თანამდებობაზე დაინიშნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლებას საგარეო მიმართულებით სულ უფრო მეტი ჩავარდნა ექნება. მისივე თქმით, ეს არ არის კონკრეტული ელჩის ბრალეულობა, ეს არის ხელისუფლების არადეკვატური პოლიტიკის შედეგი.

„რაც შეეხება ელჩებს და კონკრეტულად უკრაინის ელჩს, დღეს როდესაც საუბარია რუსეთის სანქციებზე, ყველა ახსენებს უკრაიანას, უკრაინის დეოკუპაციას, ხოლო საქართველოს თემა სამწუხაროდ, ამოვარდა. მე ამას საგარეო უწყების მინუსად ვთვლი. საქართველოს ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ არ გააღიზიანოს კარასინი, იძულებულია ილაპარაკოს თითქოსდა რუსეთთან მდგომარეობა დაალაგა, თითქოსდა ყველაფერი კარგად მიდის და ის სავაჭრო ბრუნვა, რომელიც არის საქართველოსა და რუსეთს შორის, ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც არსებობდა ჩვენსა და რუსეთს შორის. მაშინ, როდესაც მთელი პროგრესული მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს, ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მიხეილ მაჭავარიანი.

დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ერთი წელი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ საელჩოებს მოეხერხებინათ სწორი ინფორმაციის მისაწოდებლად არხების აწყობა იმ სამიზნე ორგანიზაციებთან, რომელთათვისაც აუცილებელია სწორი ინფორაციის მიწოდება ქვეყანაში მომხადრ პროცესებზე.

„საელჩოების მუშაობის კუთხით არის ხარვეზები და ამას ირიბად ადასტურებს პრემიერ-მინისტრის ამასწინანდელი განცხადება, რომ დასავლეთში ვერ მოიხსნა იმის განცდა, რომ საქართველოში კვლავ ხდება პოლიტიკური ნიშნით დევნა. ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ინფორმაციის მიწოდების სისტემა ვერ იქნება აწყობილი. საელჩოები და იქ მომუშავე ადამიანები ვერ აწოდებენ სათანადო ინორფმაციას მათთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე.

ინფორმაციის მიწოდებას თავისი ტექნიკა აქვს, თუ შენ ამას არ ფლობ, მაშინ ზოგადი და არაფრისმთქმელი ინფორმაცია არაა დამაჯერებელი. მითუმეტეს დასავლეთში, სადაც ინფორმაციას სერიოზულად უდგებიან. ალბათ, ამიტომაც დადგა ზოგიერთ საელჩოში საკადრო ცვლილების საკითხი. შეიძლება იყოს სხვა მიზეზიც. ალბათ, მეტი ყურადღებაა საჭირო იმისთვის, ვის ვარჩევთ ჩვენ ელეჩებად, ეს ადამიანები თავისი კომპეტენციით უნდა აკმაყოფილებდნენ იმ სტანდარტებს, რაც საჭიროა დასავლეთში მუშაობისთვის“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება უკრაინას, ანჯაფარიძე აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები არ შეიძლება საელჩოს დაბრალებდეს, რადგან იქ სხვა ფაქტორებიც მოქმედებდა, რომელმაც ზეგავლენა იქონია პროცესებზე.

„თუ სადმე არის ჩავარდნა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს ელჩის გამოწვევის საკითხი. თუმცა, ასეთი მასობრივი გამოწვევა არ იქნებოდა მთლად გამართლებული. ამას საერთაშორისო წრეებში არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება. ალბათ, საჭიროა გარკვეული დრო იმისთვის, რომ ზუსტად შეფასდეს მათი მუშაობა და გავიგოთ ხარვეზი. ეს ხარვეზი იქნას აღმოფხვრილი, მაგრამ გააჩნია ვინ იქნება შემფასებელი და რამდენად იქნება ამ შეფასებაში ობიექტურობა დაცული. მათი მუშაობის შეფასება არ უნდა მოხდეს წმინდა პოლიტიკური კუთხით“, - აცხადებს for.ge -სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ მიზეზები უფრო ღრმად არის მოსაძებნი. მისივე თქმით, როდესაც ორკესტრი ცუდად უკრავს, ეს შეიძლება შემსრულებლების ბრალი იყოს, ან დირიჟორის.

„როგორ ხდება საგარეო პოლიტიკის დირიჟორობა? მე არ ვამბობ, არის თუ არა მითითებები, მაგრამ მახსოვს სააკაშვილის დროს ერთ-ერთი ადამიანი დანიშნეს ჩინეთში ელჩად. გამგზავრების წინ შემხვდა, ვუთხარი რა ინსტრუქცია მოგცეს-თქო და მიპასუხა: არანაირი ინსტუქცია არ მოუციათო. ვინ არის ელჩი ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ელჩი აქედან მიცემულ საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაზე არის ორიენტირებული, ის მხოლოდ შემსრულებელია. იმდენად მაღალი რანგის დიპლომატია უკლება, მეეჭვება ცუდად შეესერულებინა ინსტრუქცია. დავსვათ კითხვა, პრობლემა ხომ არაა ისტრუქციებში?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.