ლარი ისევ გაუფასურდა - ბოლო ვაჭრობის შედეგად, მისი კურსი დოლართან მიმართებაში 1.8984 პუნქტამდე დავიდა. ეს ყველაზე დაბალი კურსია 2004 წლის ივლისის შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დღეებში ლარმა ყველა ანტირეკორდი დაამყარა.
ეროვნული ვალუტის ბედის გარკვევაში უკვე პარლამენტიც ჩაერთო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი არ გამორიცხავს საკითხი პარლამენტის განსჯის საგანი გახდეს და დეპუტატებმა პასუხი და არგუმენტები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოსთხოვონ.
„შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად, რა პრობლემებიც აქვს ეკონომიკას, ეს ლარის კურსის ცვლილებაშიც გამოიხატება. მსოფლიოში სრულიად ჯანმრთელი ეკონომიკა არავის აქვს. ეკონომისტებს უყვართ ავადმყოფთან შედარება - როცა პირი დაავადებულია მას შეიძლება მაღალი პულსაცია ჰქონდეს.
საქართველოს ეკონომიკის პრობლემები ამ ეტაპზე ლარის კურსის ცვალებადობაში გამოიხატა და ცხადია, მას გარკვეული მკურნალობა სჭირდება. არის როგორც შიდა ასევე საგარეო ფაქტორები.
გაცვლითი კურსის ცვლილება ყველა მეზობელ ქვეყანაში ხდება, დოლარი მყარდება, თუმცა რიგი ფაქტორები როგორიცაა ინვესტიციების სიმცირე, ექსპორტის შემცირება და იმპორტის გაზრდა ამაზე დამატებით გავლენას ახდენს. მარტივი მდგომარეობა არ არის, რადგან კურსი რეალურად შეიცვალა, მაგრამ არ მგონია კიდევ შორს წავიდეს - არის პიკის ფარგლებში“, - აცხადებს ონოფრიშვილი.
კითხვაზე, ახდენს თუ არა გავლენას ლარის გაცვლით კურსზე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ონოფრიშვილი განმარტავს, რომ ამაზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ მთავარი ფაქტორი არ არის.
„ორი წელია რაც ბიუჯეტი არათანაბრად იხარჯება. ეს ბიუჯეტისთვის პრობლემაა და კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. კარგია მომავლისთვის ბიუჯეტის უფრო კარგი დაგეგმვა მოხდეს, რაც მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს არ ეხება. ეს ეხება იმ უწყებებსაც, რომლებიც დაფინანსებას ითხოვენ და საქმე საქმეზე რომ მივა, ფული ანგარიშზე არის, მაგრამ ვერ ხარჯავენ. მართლაც არის გარკვეული პრობლემა, რაც 2 წელია გრძელდება და ამას მთავრობამ უნდა მიხედოს“, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, „ლარის კურსის ძველ ნიშნულთან დაბრუნება, ალბათ, გამორიცხულია“. მინისტრი მზადაა იმ ექსპერტებს შეხვდეს, რომლებსაც ბიუჯეტთან დაკავშირებით „შიში აქვთ“.
„გაცვლით კურსზე ბიუჯეტს ექნებოდა დაწოლის ეფექტი იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის დეფიციტი იქნებოდა უფრო მაღალი, ვიდრე იყო დაგეგმილი. დაგეგმილი გვქონდა 3,9%, დღეისათვის ბიუჯეტის დეფიციტი არის 3,5%-ზე ნაკლები. ექსპერტების მოსაზრებებს მე არ ვეთანხმები. შემიძლია, ყველას, ვისაც აქვს შიში ბიუჯეტთან დაკავშირებით, შევხვდე, მივაწოდო სტატისტიკური ინფორმაცია და დავარწმუნო, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მინიმუმ არ ემსახურება ლარის სიმყარეს. ისინი, სამწუხაროდ, მოსახლეობაში, ნებით თუ უნებლიედ, თესავენ პანიკას, რაც ასევე ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე გარკვეულწილად გააკვირვა ფინანსთა მინისტრის პოზიციამ. ზურაბ ტყემალაძემ ფინანსთა მინისტრის სიტყვებზე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ „ხადურს არ უთქვამს, რომ ლარის კურსი ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდება“. ტყემალაძის აზრით, მინისტრმა იგულისხმა მომდევნო 2 კვირის პერიოდი, როდესაც ახალ წლამდე რთული იქნება ლარის კურსის ძველ ნიშნულამდე - 1.76-მდე დაყვანა.
„არასწორია, როცა ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მის კომპეტენციაში არ არის ლარის კურსი“, - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელმა - „სამინისტროს კომპეტენციაში ბევრი რამ არის, მათ შორის, ლარის კურსის მდგრადობის საკითხიც. ლარის კურსი, ძირითადად, ეროვნული ბანკის კომპეტენციაა, მაგრამ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მან ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ კურსის ცვალებადობა არ მოხდეს“.
ლარის შესახებ აზრი გამოთქვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმაც. „დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. ერთ კვირაში ხდება რაღაც, უამრავი განცხადება გაკეთდა. არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი. განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი ნორმალურია, კარგად მუშაობს მთავრობა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
სპეციალისტთა აზრით, როდესაც ლარის კურსის ცვალებადობაზე მიდის საუბარი, მხოლოდ ერთი უწყების კომპეტენციაზე აქცენტის გაკეთება სწორი არ არის. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე იმ მიზეზებს ასახელებს, რამაც კურსის ვარდნაზე მოახდინა გავლენა:
„ლარის გაუფასურება, ერთი მხრივ, გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებამ, რამაც, თავის მხრივ, ასევე მოიტანა დოლარის მასის შემცირება საქართველოში. კიდევ ის, რომ ქვეყანაში უფრო ნაკლები დოლარი შემოდის, ვიდრე გადის. გარდა ამისა, ხარჯვითი პოლიტიკა არაგეგმაზომიერად მიმდინარეობს და მიმოქცევაში ჭარბი რაოდენობის ლარი გამოდის. ყველა ეს მიზეზი, ცხადია, მოქმედებს იმაზე, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება“, - აცხადებს კალანდაძე.
მისი აზრით, არასწორად წარმართულმა საბიუჯეტო პროცესმა გამოიწვია ის, რაზეც დღეს ფინანსთა სამინისტროს მიმოქცევაში ჭარბი ფულის გამოშვება უწევს. ფორმალურად, ქაღალდზე შესრულებულ ბიუჯეტს, სჯობს, პასუხიმსგებელმა უწყებებმა აღიარონ, რომ ბიუჯეტი გარღვეულია.