„ახლა არ არის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრის დრო“

„ახლა არ არის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრის დრო“

2016 წლის გაზაფხულზე ნატო-ს მორიგი სამიტია დაგეგმილი. ამ დროისთვის უკვე განხორციელებულ პროექტებზე, როგორიც არის სასწავლო ცენტრი და სხვა ღონისძიებები, ნატო საქართველოსგან პროგრესს ელის. პარალამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საპარლამენტო არჩევნებია და მმართველი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პირნათლად შეხვდნენ იმ მნიშვნელოვან მოვლენას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

უსუფაშვილისგან განსხვავებით, ასე არ ფიქრობს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი. ელმარ ბროკის განცხადებით, ახლა არ არის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრის დრო. მისი თქმით, ნატო-ს ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ყველა წევრი ქვეყნის სანდო დაცვის მიზნით ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაზე უნდა მოახდინოს კონცენტრირება. 

„უმჯობესია, მხარი დავუჭიროთ პოლიტიკური და ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში უსაფრთხოების სტრუქტურების რეფორმას, რათა ეს ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს და საგარეო ბაზარზე მათი ინტეგრაცია მოხდეს. დებატები ამ ქვეყნების ნატო-ს წევრობაზე კონტრპროდუქტიულია“, - განაცხადა ელმარ ბროკმა. 

მისივე განცხადებით, ნატო-ს გაფართოების გადაწყვეტილება არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, არამედ მას სჭირდება ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა. მისივე განმარტებით, ყოველმა გაფართოებამ უნდა გააძლიეროს ალიანსის თანმიმდევრულობა და თავდაცვითი შესაძლებლობები. 

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი თვლის, რომ ელმარ ბროკი სწორ განცხადებას აკეთებს, ვინაიდან, ამ ეტაპზე საქართველოს ნატო-ს წევრობაზე საუბარი არ არის. საუბარია წევრობისკენ მიმავალ გზაზე, პაკეტით განსაზღვრული ნაბიჯების შესრულებაზე.

„მოდით ასე ვთქვათ - მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა და მას ნეიტრალურობის სტატუსის შეცვლაზე გეგმები არ გააჩნია. იქ არ დგას ნატო-ს წევრობის საკითხი. უკრაინას რაც შეეხება, ნათლად და გამოკვეთილად არც მას მიუთითებია, რომ იგი უახლოეს მომავალში ნატო-სკენ იმოძრავებს. უფრო მეტიც, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხაზი გაუსვა, რომ პირველი პრიორიტეტი ქვეყანაში რეფორმების გატარებაა. ჩვენ ვიზიარებთ მის ამ გამონათქვამს და ვთვლით, რომ მათი პრიორიტეტი რეფორმებია და დახმარებასაც გავუწევთ. 

რაც შეეხება საქართველოს, აქაც ყველაფერი ნათელია, მაგრამ განსხვავებული თვალსაზრისით. ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება, ეს არის ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველოს გადმოეცა, თავისი სტრუქტურით და არსით შედგენილია იმისთვის, რომ საქართველოს გაუწიოს დახმარება გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელმარ ბროკის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადის დღიდან, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც რეალობა სხვაგვარად წარმოედგინათ. უსუფაშვილის განცხადებით, ნატო-ს ხელმძღვანელი ორგანოები, მათ შორის უელსის სამიტი არის ადგილი, სადაც პოზიციებს გამოხატავენ ქვეყნები და ეს პოზიცია არის ურყევი და მყარი. უსუფაშვილის შეფასებით, ყველაფერი დანარჩენი არის მიმდინარე დისკუსია, დებატები, რომელსაც ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, მაგრამ მეტი ყურადღება გადაწყვეტილებებს უნდა მივაქციოთ.

„ევროპაში ყოველთვის იყვნენ პოლიტიკოსები, რომელიც წინააღმდეგნი იყვნენ ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების. ევროპა ძალიან დიდი სივრცეა. იქ არის ბევრი პოლიტიკური ძალა, ბევრი პოლიტიკოსი და ვიცით, რომ ზოგიერთს ასეთი განწყობები აქვს. მნიშველოვანია, რომ უმრავლესობა არის მოტივირებული და მოწადინებული, ნატოს ხელმძღვანელი ორგანოები, მათ შორის უელსის სამიტი, არის ის ადგილი, სადაც პოზიციებს გამოხატავენ ქვეყნები და ეს პოზიცია არის ურყევი და მყარი“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ელმარ ბროკს განცხადებას, რომ ახლა არ არის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრი, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის კრახად აფასებს.

საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ამ წუთის მდგომარეობით, საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი ნადვილად არ არის, მაგრამ ის, რომ ორივე ქვეყანა მიისწრაფვის ნატო-სკენ და ის, რომ ორივე ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება, დადასტურებულია უმაღლეს დონეზე და მათ შორის დადასტურებულია გერმანიის ხელისუფლების და იმ პარტიის მიერაც, რომელსაც ბატონი ბროკი წარმოადგენს. მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯებს, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე არ დგამს.

„ჩვენმა ხელისუფლემა ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკოსი ხედავს და ამბობს იმას, რა გზავნილებიც აქვს ევროპელებს ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით არ მუშაობს. მათ იციან, რომ ნატოსთან უფრო ბევრი მუშაობით გაღიზიანდება მათი მთავარი პარტნიორი რუსეთი და ამიტომ არ მუშაობენ, ისე, როგორც უნდა იმუშაონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მიხეილ მაჭავარიანი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, გერმანელ პოლიტიკოსებს და ნაციონალებს სხვა და სხვა მოტივები აქვთ. მისივე თქმით, გერმანიის მოტივაცია, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებისა, არის რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს მათთვის ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი. საყვარელიძის განცხადებით, დღეს, როდესაც უკრანიის თემის გარშემო ასეთი მწვავე ბრძოლაა და დასავლეთი სხვას ვერაფერს ბედავს, გარდა ეკონომიკური სანიქციებისა, მკაფიო ხდება, რომ დასავლეთი ძალიან ფრთხილია რუსეთის მიმართ დამოკიდებულების გამოხატულებაში.

„ასეთი სიფრთხილის ფონზე, იმ რუსეთს რომელსაც შეუძლია ადგეს და საომარი მოქმედება დაიწყო, სწორი იქნება ნატოში წითელი ნაჭერი აუფრიალოს გერმანიამ? გერმანიამ იცის, რომ ფრთხილი უნდა იყოს რუსეთთან პოლიტიკაში. ასე რომ, გერმანიის განცხადების მოტივაცია გასაგებია, ის არ გვატყუებს, არიქა შემოდითო. საქართველო ჯერ მხოლოდ დანიშნულია ნატოსთან ურთიერთობებში. პრინციპში, ეს სტატუსიც აუცილებელია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება შიდა კრიტიკას, საყვარელიძეს განცხადებით, თუ წინა ხელისუფლება „შესანიშნავად“ მუშაობდა საგარეო ასპარეზზე, რატომ არ აღმოჩნდა მათი მუშაობა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი გამხდარიყო? „უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როდესაც ოპონენტი პატიოსანი არ არის. მაშინ მის სიტყვას და მის კრიტიკას ფასი ეკარგება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.