ბოლო დღეების ძირითადი სასაუბრო თემა ლარის კურსი და სახელმწიფო ბიუჯეტია. სახარბიელო ვითარება არც ერთი მიმართულებით არ არის. პირველი მათგანი - ეცემა, მეორე - ირღვევა. ეროვნული ვალუტის დასტაბილურების შანსი, ასე თუ ისე, არსებობს, ბიუჯეტი შესრულებისა კი, პრაქტიკულად - აღარ, განსაკუთრებით, ხარჯვით ნაწილში. ახლა მხოლოდ იმის გამოთვლა მიმდინარეობს თუ რამდენი დააკლდება ბიუჯეტს.
სახელმწიფო უწყებების ნაწილს 10 თვეში წლიური ბიუჯეტის ნახევარი ათვისებული არ აქვს. ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, ბიუჯეტის შესრულების 10 თვის მონაცემებით, რიგ უწყებებს ოქტომბრის ბოლოს საბიუჯეტო გადასახდელების 12 თვის გეგმის ნახევარიც არ აქვთ ათვისებული. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებისთვის 2014 წლის ბიუჯეტში 10 379 873,38 ლარი იყო გათვალისწინებული, 10 თვის განმავლობაში კი მხოლოდ 6 969 093,55 ლარი დაიხარჯა, 3 41 779,83 ლარი კი ჯერ კიდევ ასათვისებელია. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ნახევარი არ აქვს შესრულებული ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს, რომელმაც 2 მილიონი ლარიდან, 10 თვის განმავლობაში მხოლოდ 986 169,73 ლარის დახარჯვა მოახერხა.
რაც შეეხება სამინისტროებს, ბიუჯეტის შესრულების კუთხით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ეკონომიკის სამინისტროს, რომლის ხარჯმა 10 თვის განმავლობაში 40 411 394,89 ლარი შეადგინა, 48 450 880,10 ლარის ათვისება კი წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. 12 თვის გეგმიდან (916,504,500.00 ლარი) ათ თვეში ათვისებული აქვს 630,875,550.04 ლარი, დასახარჯი რჩება 285,628,949.96 ლარი. 46 907 886,20 ლარიდან ათი თვის განმავლობაში მხოლოდ 13 15 251,84 ლარი აქვს დახარჯული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
როგორც მინისტრმა სოზარ სუბარმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ხარჯვა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და წლის ბოლომდე სამინისტრო ყველა თანხას აითვისებს. 2 400 000 ლარიდან ნახევრის ათვისება ვერ შეძლო 10 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომაც, რომელსაც 2 თვის განმავლობაში 1 378396,23 ლარი დარჩა დასახარჯი.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ 2014 წლის ბიუჯეტში სავარაუდოდ მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება. მისი თქმით, თუ დეკემბერში მთავრობას შეძლებს იგივე რაოდენობით შემოსულობებს მიღებას და გადასახადების გადახდას, როგორც ნოემბერში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში გაირღვევა დაახლოებით 700-800 მილიონი ლარით, საგადასახადო შემოსავლების ნაწილში - დაახლოებით 100-150 მილიონი ლარით, ხოლო გადასახდელების ნაწილში კი დაახლოებით 700-800 მილიონი ლარით.
„სერიოზული პრობლემებია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით. 2014 წლის ბიუჯეტით დაგეგმილია 9,105,000,000 ლარის შემოსულობების მიღება. აქედან, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შეადგენს 6,820,000,000 ლარს. 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, ბიუჯეტის შესასრულებლად, საჭიროა, წლის ბოლომდე 1,344,100,000 ლარის შემოსულობების მიღება (დაგეგმილის 15%), 710 მილიონი ლარის გადასახადების აკრეფა და 1,423,100,000 ლარის გადასახდელების გადახდა (დაგეგმილის 16%). ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ 1 თვეში ამის გაკეთება შეუძლებელია“, - აცხადებს ჯაფარიძე და დასძენს, რომ მთავრობა უკვე ორი წელია ვერ ახერხებს ბიუჯეტის დაგეგმვას და შესრულებას, ხოლო გარღვეული ბიუჯეტში ნიშნავს იმას, რომ დაიკარგება უამრავი სამუშაო ადგილი, რომელიც უნდა შექმნილიყო.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი თავგამოდებით ამტკიცებს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. „წლევანდელი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი გადაჭარბებით შესრულდება და 100 პროცენტზე მეტი იქნება. ჩვენ ეს ანალიზი გავაკეთეთ და ამის ყველა წინაპირობა არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად, ასევე, შესრულდება ხარჯების ნაწილიც და რეალურად შეიძლება ვთქვათ, რომ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება”, - განაცხადა ხადურმა.
ბიუჯეტის სამი კვარტლის ანალიზს აკეთებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე. მისი მინაცემებით, თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა შესრულებულია 73,3%-ით (მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების - 73,9%-ით), ანუ მეოთხე კვარტალში მობილიზებული უნდა იქნას წლიური გეგმის 26,7% (გადასახადების 26,1%), რაც, გასული წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს ძნელი შესასრულებელი. შემოსავლების მობილიზაციის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალის სიმძიმე 1,7 %-ით ნაკლებია (შესაბამისად, 26,7% და 28,4%).
„გეგმის შესრულებაში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ხარჯვის მხრივ: 9 თვეში ათვისებულია წლიური გეგმის მხოლოდ 69,1% (გადასახდელების მიხედვით, წლიური გეგმა კიდევ უფრო ნაკლებადაა შესრულებული - 68,1%). მართალია, ეს უკეთესია გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლებზე (2013 წელს, შესაბამისად, 67% და 65,7%), მაგრამ იგი არ იძლევა დამშვიდების შესაძლებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ წლიური გეგმის შესასრულებლად წლის დარჩენილ დროში ხარჯების მასშტაბები, წლის წინა თვეების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 1,4-ჯერ და მეტად უნდა გაიზარდოს, წლიური გეგმის შესრულება საკმაოდ პრობლემური იქნება.
მაკროეკონომიკური კუთხით, წლიური გეგმის შესასრულებლად წლის დარჩენილ პერიოდში ხარჯების ფორსირებული ზრდა (ეკონომიკის ზრდის დაგეგმილი (სასურველი) ტემპის მიუღწევლობასაც რომც დავანებოთ თავი), პირდაპირ ახდენს ინფლაციის პროვოცირებას. ამას გარდა, იგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ვალუტის კურსის სტაბილურობასაც“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.