დიდი გამოცნობა არ უნდოდა იმას, რომ ლარის გაუფასურებას ფასების ზრდა მოჰყვებოდა. კურსის ცვალებადობიდან 1 კვირის თავზე სავაჭრო ქსელებში სამომხმარებლო პროდუქტი გაძვირდა, პირველ რიგში კი, მედიკამენტები და სურსათი.
ექსპეტები, მოვაჭრეები და მომხმარებლები პროდუქტების გაძვირებას ლარის ვარდნას უკავშირებენ. კურსის მერყეობისას ყოველთვის არსებობს მოლოდინი, რომ ფასმა იმ რაოდენობით მოიმატოს, რა მოცულობითაც ლარი დაეცა, მაგრამ ფასი იმატებს უფრო მეტად და ეს იმპორტიორების ინფლაციური მოლოდინით არის გამოწვეული.
ბოლო 3-4 დღეში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებმა მნიშვნელოვნად იმატა. ერთი ტომარა წიწიბურა 10-12 ლარით გაძვირდა. მოიმატა შაქრის ფასმაც - ერთი ტომარა 61 ლარიდან 64 ლარამდე. გაძვირებულია ყველა სახის ბურღულეულიც. 10-20 თეთრით გაძვირდა შესქელებული რძე, ყველა დასახელების კარაქი კი - 5-დან 10 თეთრამდე. სავაჭრო ობიექტებში პირდაპირ ლარის კურსისკენ მიუთითებენ. ამასთან, მოვაჭრეები ამბობენ, რომ მყიდველმა იკლო და ნავაჭრიც ცოტაა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ მთავარია პროდუქტების დეფიციტი არ წარმოიშვას, ხოლო გაძვირების მიზეზი კი ბევრი რამ შეიძლება იყოს.
„ჩვენთვის მთავარია პროდუქტების დეფიციტი არ იყოს. ეს კი არ შეიმჩნევა. ჩვენთან საბაზრო ეკონომიკაა. ფასების გაძვირება მოთხოვნა-მიწოდებით და ბევრი სხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მიმსტრმა ოთარ დანელიამ.
საბანკო ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ ინფლაციური მოლოდინი, პირველ რიგში, არის უნდობლობა ხელისუფლების მონეტარული პოლიტიკის მიმართ. ეს ცნობილი ეკონომიკური კანონია, რომელიც ყველა ქვეყანაში იმპორტიორების მხრიდან მოქმედებს.
„უნდობლობის ფაქტორი ყოველთვის არსებობს. შემოტანილ იმპორტირებულ საქონელზე ფასს ზრდიან არა ლარის კურსის ვარდნის მოცულობით, არამედ უფრო მეტი რაოდენობით, რითაც თავს იზღვევენ ლარის კურსის შემდგომი ვარდნისაგან.
ზოგადად შემომტანების ინტერესში არ შედის იმპორტირებული საქონლის ფასის ზრდა, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის გადახდისუნარიანობა არის ძალიან დაბალი, ანუ ელემენტარულად, შესაძლოა, საქონელი გაუყიდავი დარჩეთ. ამიტომაც ისინი ძალიან ფრთხილად, მაგრამ მყისიერად რეაგირებენ სავალუტო კურსის ცვლილებაზე“, - აცხადებს ლია ელიავა.
ლარის კურსის გაუფასურებაში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი ფინანსთა სამინისტრო დუმს და მის ნაცვლად კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო აკეთებს. გიორგი კვირიკაშვილი უკვე მერამდენედ ამშვიდებს საქართველოს მოსახლეობას, რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით საპანიკო არაფერია.
„ინვესტიციების მიმართულებით, ჩვენ წლის ბოლოსთვის მინიმუმ შარშანდელ მაჩვენებელზე გავალთ. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, უამრავი ფაქტორი ახდენს ლარის კურსზე გავლენას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეს იმ სპეკულაციებს და პანიკას, რაც ბაზარზე ხდება.
ეროვნული ბანკი, რამდენადაც ვიცი, ახორციელებს ზომიერ ინტერვენციებს, რათა ნახტომისებური ცვლილებები არ მოხდეს და მგონია, რომ ამის იქით სახელმწიფოს ჩარევა მიზანშეწონილი არ არის. მოვუწოდებ ყველას, არ იყოს პანიკა, რადგან პანიკა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ცუდად მოქმედებს. არაფერი საპანიკო ამ მიმართულებით ნამდვილად არ გვაქვს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ლარის გაუფასურების კონკრეტულ მიზეზებზე არაფერს ამბობენ ეროვნულ ბანკში. ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი ნიკოლოზ ყაველაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა, ეროვნული ბანკის პრიორიტეტად კურსის რეგულირებას ასახელებს და ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ექსპორტის შემცირებას ასახელებს.
ექსპერტები ლარის გამყარებას მომავლი წლის გაზაფხულზე პროგნოზირებენ, ფასების მატება კი, მათი აზრით, კიდევ გაგრძელდება.