აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, ნდობის ჯგუფი პრემიერ-მინისტრს, რამდენიმე მასალაზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის წინადადებით მიმართავს. ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მათ უკვე განიხილეს აუდიტის სამსახურის დასკვნები, რომელიც როგორც თავდაცვის, ისე შსს-ს საიდუმლო შესყიდვებს ეხება და 2011დან 2012 წლამდე პერიოდს მოიცავს. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ვლინდება, რომ გარკვეული საიდუმლო შესყიდვები კანონის გვერდის ავლით განხორციელდა.
for.ge ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.
ირაკალი სესეშვილი: დღეს გავავრცელეთ აიუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ფინანსური მონიტორინგის შედეგების ანალიზი. რიგ შემთხვევებში ჩავთვალეთ, რომ გრიფით „საიდუმლო“ შესყიდვები ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, ანუ არ უნდა მომხდარიყო მათი საიდუმლოდ შესყიდვა და ჩავთვალეთ რა, რომ ეს არასწორად იყო განხორციელებული, რეკომენდაციით მივმართეთ პრემიერმინისტრს, რომ მოახდინოს მისი განსაიდუმლოება.
ნდობის ჯგუფის შესახებ კანონის მიხედვით, ჩვენი გვაქვს უფლებამოსილება, თუკი საჭიროდ ჩავთვლით, მასალები შემდგომი გამოძიებისთვის პროკურატურას გადავცეთ ან მივმართოთ პრემიერს, გარკვეული დოკუმენტაციის განსაიდუმლოების მოთხოვნით, თუ დავინახავთ, რომ შესაბამისი შესყიდვა არასწორად განხორციელდა.
ამ შემთხვევაში ვიხილავდით, აუდიტის სამსახურის მიერ მიღებულ დასკვნებს საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით. თქვენ მოითხოვეთ 2013 წლის საიდუმლო შესყიდვის განსაიდუმლოება, ეს უკავშირდება თუ არა ე.წ. კაბელების საქმეს?
- ჩვენ პირველ სხდომაზე მივმართეთ პრემიერს, რომ ნაწილობრივ მოხდეს განსაიდუმლოება, ეს პრემიერმა ასეც გააკეთა. კაბელების საკითხი ჩვენ უკვე დავხურეთ, ამ საკითხს საერთოდ არ დავუბრუნდებით.
შესაძლებელია კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს კონკრეტულ საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით?
- ყველა ეს საქმე, შემდგომი რეაგირებისთვის უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში. ზოგადად, ნდობის ჯგუფს აქვს სამი კომპეტენცია, ერთი - გაეცნოს საქმეს და საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს, მეორე - თუ კი დაინახა სამართალდარღვევის ნიშნები, ასეთ შემთხვევაში მიმართოს პროკურატურას, მესამე - მოთხოვოს პრემიერმინისტრს გარკვეული დოკუმენტების განსაიდუმლოება, იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ დაირღვა კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენეთ მესამე უფლება, აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული თითქმის ყველა მასალა უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში. ჩვენ მხოლოდ გარკვეული ნაწილის განსაიდუმლოება მოვითხოვეთ, რომელზეც ჩავთვალეთ, რომ არაკანონიერად იყო გასაიდუმლოებული.
ეს გასაგებია, მაგრამ ამ მასალების მიხედვით შესაძლებელია გამოიკვეთოს კონკრეტული პირების სისხლის სამართლებლივი დანაშაული?
- მე არ მაქვს უფლება შევიჭრა პროკურატურის უფლებამოსილებაში. ეს მათი გადასაწყვეტია. მე შეიძლება ჩემი ვარაუდი მქონდეს, მაგრამ ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ, მანამ, სანამ, პროკურატურა არ გამოიძიებს ამ საქმეს.
რაც შეეხება ნდობის ჯგუფის აქტიურობას. ფაქტია, რომ 2 წლის განმავლობაში ნდობის ჯგუფი არ შეკრებილა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების შემდეგ ერთი თვის თავზე, ორჯერ შეიკრიბა. ჩნდება კითხვა, ე.წ. კაბელების საქმემდე, ერთხელ მაინც რატომ ვერ შეძლო ნდობის ჯგუფმა შეკრება, რა გიშლიდათ ხელს?
- სამწუხაროდ, გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდა 2014 წლის საგაზაფხულო სესიების ბოლოს, შემდგომ იყო ზაფხული და უკვე 2014 წლის სექტემბრიდან, მე, როგორც ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავიწყე ნდობის ჯგუფის სხდომების მომზადება. ამისათვის ყველა უწყებას დავუგზავნე შესაბამისი წერილები, შესაბამისი მასალების მოთხოვნით, რასაც სჭირდება კოლოსალური დრო. ასევე, მნიშვნელოვანი დრო სჭირდება ამ დოკუმენტაციის შესწავლას, მის დამუშავებას.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ ყველაფერთან ერთად, ყოველდღიურად, მე ვმუშაობ ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, ნატოს საპარლამენტო ასაბლეის დელეგაცაიის ხელმძღვანელი ვარ და ამ პერიოდში მიწევდა ნატოს საპარლამენტო ასაბლეისთვის მომზადება. ასე რომ, ჩვენი დროის რესურსი და შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ეს ორივე შეხვედრა ჩატარებულიყო და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთი სხდომის ჩატარებას მოვასწრებთ.
როგორც ნდობის ჯგუფისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი, თუ დაინტერესდით იმ ბარლდების შესახებ, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ წარდგენილი? პროკურატურა ამბობს, რომ მოკვლევის მასალები, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებების შეკრება უნდა დაიწყონ ახლა და ამ მოტივით მოითხოვეს სასამართლოს 2 თვით გადადება...
- არავის, მათ შორის დეპუტატებს, არც ნდობის ჯგუფის წევრებს, არ აქვთ უფლება ჩაერიონ საგამოძიებო პროცესში. ეს სცილდება ნდობის ჯგუფის, კომიტეტის თავმჯდომარის თუ დეპუტატის კომპეტენციას. ჩვენ არ ვართ მხარე, ჩვენ ვახორციელებთ საპარლამეტო კონტროლს. თქვენი კითხვა მთლიანად არის სასამართლო ხელისუფლების კომპეტენცია.
მაგრამ, როდესაც პროკურატურა პირდაპირ ამბობს, რომ ბრალდების ფორმულირება არ მაქვს ჩამოყალიბებული, ამით არ უნდა დაინტერესდეს პარალამენტი?
- მე, როგორც რიგით მოქალაქეს შეიძლება გამიჩნდეს კითხვები, მაგრამ ამ კითხვებზე უნდა იდავონ მხარეებმა და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
პირადად თქვენ, რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ ადამიანები იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ დანაშაულის მოტივი არ იყოს გამოკვეთილი?
- მე ვერ ჩავერევი გამოძიების პროცესში. ვერ გავაკეთებ კომენტარს პროკურორების თუ ადვოკატების განცხადებებზე. მათ აქვთ თავისი საქმე, ისინი გამოდიან საკუთარი კლიენტის თუ ბრალდების ინტერესებიდან. ამ შემთხვევაში, ჩემი კომენტარი ერთგვარად, შეიძლება, აღქმული იყოს, როგორც ზეწოლა. ამიტომ, დაველოდები სასამართლოს გადაწყვტილებას. თუ გაინტერესებთ, ვისურვებ, რომ ამ ადამიანების უდანაშაულობა დამტკიცდეს. მე ვარ გულშემატკივარი ჩვენი სამხედროების, თავდაცვის სამინისტროსი და ზოგადად პროცესის.
თუ კი დადასტურა, რომ 5 ადამიანი უდანაშაულოდ არის დაკავებული, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მთავრობამ თუ პროკურატურამ?
- დაველოდოთ მოვლენებს, დაველოდოთ სასამართლო პროცესს. მე იმაში დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება იქნება ობიექტური. სასამართლოზე არავინ არ მოახდენს ზემოქმედებას, რაც ჩემთვის არის ყველაზე მთავარი. დანარჩენი, რა შედეგი დადგება, შემდგომ შეგვიძლია ამაზე ღიად ვიმსჯელოთ.
თუ დასვამთ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს?
- „თუ“-ებით ვერ ვილაპარაკებთ, იმდენად, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ძალიან სერიოზულ თემასთან გვაქვს საქმე. წინასწარ პოლიტიკოსმა „თუ“-ებით ილაპარაკოს, ეს არასერიოზულია. როგორი შედეგიც დადგება, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ჩემთვის იქნება ერთგვარი ინდიკატორი.