რუსეთსა და სეპარატისტებს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე“ ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევის შესახებ განაცხადა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია თარიღი როდის გაიმართება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას უნდა მიეძღვნას.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აცხადებს, რომ საგარეო უწყებას მუშაობს იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახოს ის სახიფათო შედეგები, რაც შესაძლოა, მის წაყრუებას მოჰყვეს. მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა არ ნიშნავს, რომ სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ.
„ნუ დაგვავიწყდება, რომ მოპასუხე იქნება რუსეთის ფედერაცია, რომელსაც გაერო-ში მუშაობის და მისთვის სასურველი საკითხების ლობირების უდიდესი გამოცდილება აქვს, მაშინ, როცა საქართველოსთვის ეს არის პირველი მცდელობა უშიშროების საბჭოზე გაიტანოს თავისი საკითხი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით და ოფიციალურ მოთხოვნას გავაკეთებთ მაშინ, როცა საკითხი სათანადოდ მომზადდება. აჟიტირება და ამ პროცესის ზედმეტი პოლიტიზირება კი, მხოლოდ ხელს შეუშლის სასურველი შედეგის მიღწევას“, - აცხადებს დონდუა.
მისივე განცხადებით, ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა, გაეროს მასშტაბებით, საბედნიეროდ არ არის იმ რეზონანსის მოვლენა, რომ უშიშროების საბჭო შეიკრიბოს პირველივე მოთხოვნისთანავე.
„იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების პირველადი რეაქცია ამ მოვლენაზე იყო ზედმეტად მშვიდი. ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახოთ ამ მოვლენის სიმწვავე და ის სახიფათო შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს მის წაყრუებას. კონსულტაციები მიმდინარეობს, როგორც გაეროში უშიშროების საბჭოს მუმდმივი და არამუდმივი წევრების დელეგაციებთან, ისე თბილისში მათ საელჩოებთან და შესაბამის დედაქალაქებში“, - განაცხადა დავით დონდუამ.
დონდუას თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც გაერო-ში უშიშროების საბჭოს მუდმივი და არამუდმივი წევრების დელეგაციებთან, ისე თბილისში მათ საელჩოებთან და შესაბამის დედაქალაქებში. რადგან გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის დასაყენებლად მხოლოდ ოფიციალური მიმართვის გაკეთება არ არის საკმარისი.
როგორც დონდუა აღნიშნავს, თუ საკითხი წინასწარ არ იქნა სათანადოდ მომზადებული, ოფიციალურ მიმართვას მოჰყვება ოფიციალური უარი და ხელმეორედ ამ თემის წამოწევა ვეღარ მოხერხდება.
ექსპერტების განცხადებით, როგორც საქართველოს მთვარობა, ისევე საქართველოს სახელმწიფო რუსეთთან მოკავშირეობის ხელშეკრულებას საკამოდ მოუმზადებელი შეხვდა. რეაქცია, რომელიც ხელშეკრულების შემდეგ იყო, ერთი მხრივ იყო სწორი, თუმცა დაგვიანებული.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი მთავრობას მოუწოდებდა განეხილა უშიშროების საბჭოს ჩატარების შესაძლებლობა, ასეთ შემთხვევაში, მთავრობა ვალდებული იყო გავლილი ჰქონდოდა კონსულტაციები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ და არა მუდმივ წევრებთან, რის შემდეგ თვითონ უშიშროების საბჭოს წევრები ინიცირებას აკეთებენ მსგავსი პროცესის დაწყებისა.
„ის, რა პროცესიც მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ იყო გარკვეული ქაოსი, მოუმზადებლობა და ნაჩქარევი განცხადებები იმაზე, თუ რა დავალება მისცა სახელმწიფოს მეთაურმა სახელმწიფო უწყებებს. სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც გვაქვს სიტუაცია, როდესაც სახელმწიფო მოხელეები მათ პირად აზრს უფრო მეტად გვიზიარებენ, ვიდრე შეჯერებულ ერთიან პოზიციას საგარეო თუ კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში“, - აცხადებს მაჭავარიანი.
რაც შეეხება დონდუას განცხადებას, მაჭავარიანი ამბობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო არის ფორმატი, სადაც ქვეყანა ახერხებს მიიზიდოს ყურადღება იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობს როგორც რეგიონალური, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით.
„სწორედ ამას ემსახურება უშიშროების საბჭო და ვალდებულია განიხილოს საფრთხის შემცველი მოვლენები. ვფიქრობ, რომ არასწორია ამ პოზიციის დაფიქსირება მანამ, სანამ ჩვენ არ გვექნება პოზიცია ჩვენი მეგობარი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მუდმივი და არა მუდმივი წევრების მხრიდან. ამისთვის კი, აუცილებელია როგორც გაეროს, ასევე დედაქალაქის ფარგლებში ჩატარდეს ორმხივი კონსულტაციები. ჩემი 4 წლიანი მუშაობის პერიოდში სწორედ ასე ვახერხებდით იმ რეზოლუციების მიღებას, რომელიც საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.
პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, დაადებს თუ არა ვეტოს მუდმივმოქმედი წევრი ქვეყანა - რუსეთი.
„აქ არის ორი მომენტი - პირველი, იქნება თუ არა უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ადეკვატური ან შესაბამისი ჩვენი მოლოდინებისა, და მეორე - საერთოდ მიიღება თუ არა ეს საკითხი. ვინადან, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც საწინააღმდეგო იქნება რუსეთისთვის, დაადებს ვეტოს. რაც შეეხება იმას, როგორი ტექსტი შემუშავდება და როგორი იქნება დებატები, ამ ნაწილში უშიშროების საბჭოს მოწვევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
როდესაც უშიშროების საბჭოს ყველა წევრი, გარდა რუსეთისა, მომხრეა რაღაცა კრიტიკული რეზოლუციის მიღების, ამას უკვე აქვს საერთაშორისო რეზონანსი და ჩვენ თუ სწორად წავიყვანთ ამ საკითხს, ამან უნდა გამოიღოს შედეგი საერთაშორისო რეზონანსის თვალსაზრისით და პოზიცია უნდა გაამყაროს ჩვენს სასარგებლოდ. ეს არის უშიშროების საბჭოს მოწვევის ერთადერთი მიზანი. სხვა უფრო მაღალი მიზანი მიღწეული არ იქნება. რეზოლუციის მიღება შეუძლებელია მაშინ, როდესაც რუსეთს აქვს ვეტოს უფლება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან დიალოგზე უარს არ ამბობს. თამარ ბერუჩაშვილი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ერთადერთ გზას დისკუსიაში ხედავს.
„როგორც ყველა ქვეყანა მსოფლიოში, ასევე საქართველოც ერთადერთ გზად, განიხილავს მხოლოდ დიალოგს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის. ჩვენ დიალოგის არხებზე უარს არ ვამბობთ. რაც შეეხება შეხვედრას, დისკუსიას კონკრეტულ თემებზე, დღის წესრიგს, აბაშიძე-კარასინის დიალოგში დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ამ თემაზე საუბარი არ არის“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გააგრძელოს. თუმცა, რა ფორმით გაგრძელდება ურთიერთობა, გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებამ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.
„ისტორიას უფრო მწვავე დაპირისპირებებიც ახსოვს, მაგრამ რუსეთთან კონტაქტი არ გაწყვეტილა. რა ფორმატით განხორციელდება ეს კონტაქტი, გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთი დიალოგის პროცესში აგრძელებს ტერიტორიების ანექსიას, ერთადერთი სწორი დემარში იქნებოდა დიალოგის შეჩერება. მისი თქმით, პროცესი აჩვენებს, რომ მაღალ ეშელეონებში გადაწყვეტილება სხვანაირად არის მიღებული და დიალოგის გაჩერებას არ აპიერებენ. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოების რექაცია როგორიც უნდა ყოფილიყო მოკავშირეობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, არ არის ისეთი სიმწვავის, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაშია.
„სამწუხაროდ, გამოხმაურება არაა ისეთი მწვავე, როგორც ყირიმის შემთხვევაში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ პოზიციას დავიკავებთ და როგორ შევხედავთ ამ პროცესებს. თუ ჩვენ რუსეთთან დიალოგსაც არ ვაჩერებთ, მაშინ ევროკავშირმა რატომ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს? შეიძლება ჩვენთან საფრთხეების შეფასებამ უჩვენა, რომ ამ სიტუაციაში ჯობია გაჩუმება, მაგრამ ამის არგუმენტირება კარაგად უნდა მოხდეს. თუ გადავწყვიტეთ, რომ გავჩუმდეთ იმიტომ, რომ საფრთხე მაღალია, მაგალითად იგივე პირდაპირი აგარესიის საფრთხე რუსეთიდან, მაშინ ეს უნდა იყოს არგუმენტირებული“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.