პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ზვიად ჯანყარაშვილი შესაძლოა უკრაინაში დესპანის თანამდებობაზე დაინიშნოს. ოფიციალურად ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, თუმცა არაოფიციალურ საუბარში ჯანყარაშვილის დაწინაურებას არ გამორიცხავენ. მოსალოდნელ საკადრო ცვლილებაზე არაფერს ამბობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე, თუმცა საელჩოს მუშაობით უკმაყოფილოა.
თედო ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ თუკი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობებზე ინიშნებიან, ეს იმის ბრალია, რომ ქართულმა დიპლომატიამ ცუდად იმუშავა და უკრაინულ მხარეს ამ ადამიანების შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია აქვს.
გაზეთი „ახალი თაობა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის საელჩოში ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მუშაობენ და საქართველოს კონსული უკრაინაში პირადადაა ჩართული, რომ უკრაინის ხელისულფებასთან ნაციონალების ატქივისტები დაახლოვოს.
იქნება თუ არა ჯანყარაშვილი ის ოფიციალური პირი, რომელიც დანიშვნის შემთხვევაში უკრაინულ მხარეს ამ ადამიანების შესახებ საკმარის ინფორმაციას მიაწვდის, ამის შესახებ არაფერს ამბობს თავად ჯანყარაშვილი. for.ge მცდელობის მიუხედავად ზვიად ჯანყარაშვილმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანი მიროტაძე ჯანყარაშვილის დესპანად დანიშვნას მიესალამება, თუმცა ინფორმაციას ვერ ადასტურებს, ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოახერხა.
„ვერ მოვახერხე ამ ინფორმაციის გადამოწმება. ვისთანაც დავრეკე ისინი ვერ აღმოჩნდნენ კომპეტენტურები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ამის დადასტურება არ შემიძლია. ზვიადი პარტიული საქმით არის დაკავებული, ძალიან ბევრი საქმეა პარტიაში. მაგრამ თუ ამ პოზიციაზე მისი გამწესება მოხდება, არ იქნება ეს ცუდი საქმე. ვერ ახერხებს ელჩი უკლება და საელჩო ვითარების სრულად განკარგვას, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება ასეთი გამოცდილი კადრის გაშვება. ვფიქრობ, რომ კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანი მიროტაძე.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის ბუნაგს. რაც შეეხება ჯანყარაშვილის დესპანად დანიშვნას, ცისკარიშვილი ამბობს, რომ ჯანყარაშვილი პრაქტიკულად თანამედროვე ფიგაროდ აღიქმება.
„ჯანყარაშვილს არ ვიცნობ და მართალი გითხრათ არც მისი ბიოგრაფი გახლავართ, რომ რაიმე ინფორმაციას ვფლობდე. მაგრამ, ერთი ფაქტია, დღეს ჯანყარაშვილს პრაქტიკულად, თანამედროვე ფიგაროდ აღვიქვამთ, ფიგარო - აქ, ფიგარო - იქ. ანუ, სადაც კი უჭირს ხელისუფლებას, იქით მიავლინებენ ხოლმე ბატონ ჯანყარაშვილს. სამწუხაროდ, ჯერ არაა შესაძლებლობა, რომ ჯანყარაშვილის ქსეროასლები შეიქმნას და დარიგდეს ყველა იმ თანამდებობაზე სადაც ეძვირფასება ჩვენს უმაღლეს ხელისუფალს. უპირველეს ყოვლისა, ამ ადამიანის ასეთი შეუცვლელობა მის უნარებზე საუბრობს, ხოლო თავად მისი უნარების დასახასიათებლად საკმარისი ინფორმაცია არ გამაჩნია.
ერთი ფაქტია, უკრაინაში საქართველოს საელჩო დიპლომატიური მისიის ნაცვლად, წარმოადგენდა სააკაშვილის ბუნაგს. დღეს უაღრესად მაღალი რანგის დიპლომატია ელჩად მივლინებული, მიხეილ უკლებას სახით. წინა წლებში საქართველოს საელჩოს ინიციატივით უზარმაზარი ბანერები იყო გამობმული კიევის ცენტრალურ ნაწილში, ამ ბანერზე ხან სააკაშვილის, ხან ბენდუქიძის და კიდევ ყოფილი ელჩის სურათი იყო გამოსახული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, უკაინაში ვიზიტისა უკრაინელ რადიომსმენელებთან საუბრის შემდეგ, დარწმუნდა რაოდენ მცადრი ინფორმაციის მფლობელი არიან უკრაინელები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„არ ვიცი რამდენად დიპლომატიური იქნება ბატონი ჯანყარაშვილი საკუთარი ხედვის დაფიქსირებისას უკრაინაში, მაგრამ თუ მოხდა თანამდებობრივი შეთავსება, შესაძლოა სწორედ ასეთი კაცი სჭირდებოდეს ბატონ უკლებას საელჩოში, რომლის კომპეტენციაში არ შედის სხვა თანამშრომლის შეცლა, ეს სამინისტროს პრეროგატივაა“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ზვიად ჯანყარაშვილი შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა. 2014 წლის 15 აპრილს თანამდებობა იმ მოტივით დატოვა, რომ არ სურდა ადგილი ჰქონოდა სპეკულაციებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან მისი ნათესაობის თემაზე. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანყარაშვილმა თანამდებობა ვიცე-პრემიერთან კახი კალაძესთან დაპირისპირების შედეგად დატოვა. დაპირისპირების მიზეზი კი თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი გახდა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა, რაც არსებული ინფორმაციით, კალაძისა და ჯანყარაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.