პრემიერ-მინისტრი უკრაინას ეწვევა. ვიზიტის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე ვარაუდობს ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება. მისივე თქმით, ვიზიტის თარიღი დამოკიდებულია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარდგენაზეც. თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით საქართველოს პრემიერს უკრაინაში ნაციონალური მთავრობა დახვდება.
დავით კერესელიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას და თანამშრომლობას. მისივე თქმით, ქართული მხარე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს და მათ ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს.
„27 ნოემბერს უკრაინაში ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციები, რომელსაც ქართული მხრიდან უხელმძღვანელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ. დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, რათა ორი ქვეყნის თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო აქტიური და კოორდინირებული, როგორც ევროინტეგრაციის, ისე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის თვალსაზრისით.
ამ კონსულტაციების და სხვა სამუშაოების შედეგია ის, რომ უახლოეს ხანებში განხორციელება საქართველოს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში. ეს ვიზიტი იქნება წარმომადგენლობითი და მასში მონაწილეობას სხვა მინისტრებიც მიიღებენ. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გარღმავებას და თანამშრომლობას“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ფორმირება დღის ბოლომდე მოხდება. პეტრო პოროშენკოს ბლოკის ლიდერი, იური ლუცენკო ადასტურებს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში სამი მინისტრი უცხოეთის მოქალაქეა, რომლებსაც უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭებათ. ამ სამეულიდან ერთ-ერთი არის საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელსაც უკრაიანის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზეა წარდგენილი.
დეპუტატ გედევან ფოფხაძის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ჩასვლა შესაძლოა ცოტა დაგვინებულია, მაგრამ ძალიან სწორი დროა შერჩეული. მისი თქმით, ეს არის ის პერიოდი, როდესაც საქართველომ უკრაინასთან ურთიერთობის ორიენტირები ზუსტად უნდა განსაზღვროს და დააფიქსიროს, რომ უკრაინა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობატა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანი მიროტაძე ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკაო უკრაინის ხელისუფლებასთან.
„ურთიერთობებს არ წყვეტენ ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები, ურთიერთობები დგება სახელმწიფოებს შორის. დღეს ეს ურთიერთობები უნდა იყოს უფრო მყარი და უფრო დაახლოებული. განსაკუთრებით იმ ფორნზე, როდესაც უკრაინას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. საქართველოს პრემიერს ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკაო უკრაინასთან და უკრაინის ხელისუფლებასთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანი მიროტაძე.
ქართველი ექსპერტების განცხადებით, პრემიერის ვიზიტი უკრაინაში ნადვილად ძალიან დაგვიანებულია, თუმცა, თვლიან, რომ შეიძლება ამ ვიზიტს გარკვეული პლიუსებიც ჰქონდეს.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერა დღეს უკრაინისთვის აუცილებელია.
„ცოდვა გამხელილი ჯობია, მე მგონია, რომ დაგვიანებული არის ეს ვიზიტი. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ამ ვიზიტს გარკვეული პილუსები მაინც ჰქონდეს, როგორც არის ქართული სახელმწიფოს პოზიციის გაცნობა და იმ მხარდაჭერის გამოხატვა, რომელიც უდავოა, რომ უკრაინას ნამდვილად სჭირდება. გარდა პოლიტუკური განცხადებისა, არის უშუალო ურთიერთობაში ასეთი მხარდაჭერის გამოხატვის შესაძლებლობა და მონიშვნა იმისა, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხარდაჭერისათვის. მხარდაჭერის ასეთი დაზუსტებისთვის შეიძლება ცოტა გვიანიც არის, მაგრამ ისევ და ისევ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც უკრაინა ებრძვის რუსეთს უთანასწორო ბრძოლაში, ამ ხნის განმავლობაში, არც ერთი მაღალი დონის ვიზიტი უკრაინაში არ განხორციელებულა, რაც საქართველოს იმიჯს ნამდვილად არ გამოადგება.
„მაშინ, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ასე აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, ჩვენ რაღაცა, გაჩუმების პოზიცია ვარჩიეთ. ჩვენ არ ვიცით ვიზიტის მიზანი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ეს იყოს ერთგვარი დემარში და რუსეთისთვის იმის თქმა, რომ აი, თქვენ აფხაზეთთან აწერთ ხელს ხელშეკრულებას, ახლა ჩვენ უკრაინასთან ვაღრმავებთ ურთიერთობებს. თუ ეს არის ვიზიტის მიზანი, მაშინ ეს იქნება ადეკვატური პასუხი ანექსიის მცდელობის მიმართ. ჩვენ კარგად უნდა დავანახოთ რუსეთს, რომ საქართველო მწვავედ რეაგირებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ პრემირს საკმაოდ მძიმე ვიზიტი ექნება უკრაინაში. საქართველოს პრემიერს მოუწევს განმარტების მიცემა, რას გულისხმობდა, როდესაც ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კატასტროფა იქნება თუ იარაღს მიაწვდიან უკრაინას.
„არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ პრემიერი რუსეთის შესაშინებლად ჩადის უკრაინაში. პირიქით, საკუთარი შეცდომების გასწორებისთვის ჩადის. უკრაინაში საქართველოს პრემიერს მოუწევს განმარტების მიცემა, რა ამოძრავებდა მას, როდესაც მოძღვრავდა მსოფლიოს პოლიტიკურ ლიერებს, რომ მათ არ უნდა გაატარონ რაიმე სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მხოლოდ პირდაპირი დიალოგი უნდა იყოს პუტინთან და კატასტროფა იქნება თუ კი, იარაღს მიაწვდიან უკრაინას.
მე ვიტყოდი, რომ ამ ფონზე უკრაიანში ჩასვლა ვაჟკაცური გადაწყვეტილებაა ჩვენი პერმიერის მხრიდან, მართალია დაგვიანებული, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. საკმაო მძიმე ვიზიტი იქნება და არ ვგულისხმობ მხოლოდ მის კონკრეტულ მასპინძელს, არამედ მხედველობაში მაქვს რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის ფენები“, -აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.