სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალურად დაუცველებისთვის სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგია წარმოადგინა. სააგენტოს დირექტორის გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, გაიზრდება სარეიტინგო ქულის ბარიერი და ის გასცდება 57 000-ს, თუმცა დაწესდება რამდენიმე კატეგორიის ზღვარი, რომლის მიხედვითაც დახმარების ოდენობა განისაზღვრება.
სოციალურად დაუცველი პირებისათვის დახმარების გაცემა დიფერენცირებული სქემით მოხდება და აქამდე არსებული მეთოდოლოგია მთლიანად შეიცვლება. გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი სისტემით ოჯახებს ხელოვნურად გაყოფის სტიმული აღარ ექნებათ. ოჯახის ყველა წევრისთვის თანაბარი ოდენობის თანხა იქნება განსაზღვრული, რაც მათ ხელოვნურად დაყოფას აზრს უკარგავს.
„ამ შემთხვევაში მთავარია მოსახლეობის რაოდენობა და არა ის, ხელოვნურად დაყოფილი ოჯახების რაოდენობა იზრდება თუ მცირდება. წინასწარი სტატისტიკით, მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 40 ათასით იზრდება და ეს ბავშვის ბენეფიტის გარეშე ხდება. მათი ოდენობა კი თითქმით ორმაგდება. ახალი მეთოდოლოგიით მთავარია ის, რომ ოჯახებს აღარ ექნებათ ხელოვნურად დაყოფის სტიმული.
დღესდღეობით ოჯახის პირველი წევრი 60 ლარს იღებს, მეორე წევრი კი - 48 ლარს. ანუ თუკი ოჯახი არის ორსულიანი, მას აქვს სტიმული, რომ ხელოვნურად გაიყოს და ორივემ 60-60 ლარი მიიღოს. ახალი მეთოდოლოგიით ოჯახის ყველა წევრისთვის არის ერთი და იგივე თანხა, შესაბამისად, ოჯახების ხელოვნურად დაყოფას არავითარი აზრი არ ექნება“, - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი.
პარლამენტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ახალი კრიტერიუმების მიხედვით მეტ სოციალურ დახმარებას ის პირები მიიღებენ, ვისაც დახმარება მეტად სჭირდება. ხუნდაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველებისთვის შეფასების ახალი კრიტერიუმის მიღება „იუნისეფთან“ ერთად ჩატარებული კვლევის შემდეგ გახდა საჭირო.
„იმ კვლევების შემდეგ, რომელიც „იუნისეფთან“ ერთად ჩატარდა, გადაწყდა შემუშავდეს ახალი შეფასებითი კრიტერიუმი, რაც უფრო მეტად ობიექტური და სამართლიანი იქნება, რათა სრულად აისახოს კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, მოხდეს სტატუსის მინიჭება და სახელმწიფოს მხრიდან შემწეობის, ფინანსური დახმარების აღმოჩენა“, - განაცხადა ხუნდაძემ.
„სოციალურად დაუცველთა საერთო რაოდენობა, სავარაუდოდ, 420 000-დან 460 000-მდე გაიზრდება. მაგრამ შიდა გადანაწილებით მეტ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან ის პირი მიიღებს, ვისაც უფრო მეტად სჭირდება. თანხების დიფერენცირებაც მოხდება კონკრეტული შეფასების კრიტერიუმებით, ქულათა რაოდენობის მიხედვით - რაც მეტი იქნება ქულა, სოციალურად დაუცველი პირი მიიღებს ნაკლებ დახმარებას, ხოლო რაც ნაკლები იქნება ქულა, მიიღებს მეტ დახმარებას“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
სოციალურად დაუცველებისთვის სტატუსის მინიჭების ახალ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ნაცმოძრაობას კითხვები გაუჩნდა. მათ ერთ-ერთ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს აინტერესებს, მთავრობა ხომ არ გეგმავს ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობის ფონზე დააბალანსოს ბიუჯეტი.
„როდესაც ბიუჯეტი ვერ სრულდება უკვე მეორე წელიწადია, სამუშაო ადგილები იკარგება და ეკონომიკა გაჩერებულია, მთავრობა იღებს უზარმაზარ ვალს. სოციალურად დაუცვლეთა ბაზის მეთოდოლოგიის გადახედვა აღძრავს მარტივ კითხვას - ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მთავრობა აპირებს ყველაზე ღარიბი და გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დააბალანსოს ბიუჯეტი? ამიტომ, ჩვენ დავსვამთ კითხვებს იმ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რასაც წარმოადგენს სამინისტრო“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისი აზრით, ახალი მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველთა ბაზები შემცირდება და შესაბამისი დახმარების მიღების მიღმა გარკვეული ოჯახები დარჩება. ჭიაბერაშვილის მტკიცებით, წარმოდგენილი მონაცემებით თვალნათლივ ადასტურებს, რომ გარკვეული კატეგორიის ოჯახები ამ დახმარებას ვერ მიიღებენ.
„სახელმწიფო გვეუბნება, თითქოს იგივე თანხით უფრო მეტ ოჯახს დაეხმარება. სინამდვილეში (რაც წარმოდგენილი მონაცემებით ძალიან კარგად ჩანს), აშკარაა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან „ამოყრა“ ემუქრება, ძირითადად, მარტოხელა ან ორწევრიან პენსიონერთა ოჯახებს, როცა ცოლ-ქმარი ცხოვრობს ერთად. ეს კი იმ პირობებში მოხდება, როცა პენსია არ იზრდება და პენსიის ზრდა გადაწეულია მთელი 9 თვით.
ჯანდაცვის სამინისტროს მოუწევს ახსნას, არსებული მეთოდოლოგია როგორ ეხმარება უფრო გაჭირვებულ მოსახლეობას, როდესაც ყოველთვიურად გაძვირებული წამლის და პროდუქტის ყიდვა მოუწევს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
სპეციალისტებისა და საზოგადეობისთვის სოციალურად დაუცველთათვის სტატუსის განმსაზღვრელი ახალი მეთოდოლოგიის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.