პროკურატურა „თავდაცვაში გაიჭედა“ და სასამართლოს გადადებას ითხოვს

პროკურატურა „თავდაცვაში გაიჭედა“ და სასამართლოს გადადებას ითხოვს

გამოსაკვლევი მასალები, მოწმეთა დაკითხვა და მტკიცებულებების შეკრება - ამ მიზეზით ითხოვს საქართველოს პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე სასამართლო პროცესის 2 თვით გადადებას. როგორც საქმის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის 2010 წლის 10 თებერვალამდე გადადების შესახებ. 

თავის მხრივ, ადვოკატები სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ, რადგან თვლიან, რომ დაკავებულები ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

რა წერია გრიფირებული საქმეში, რატომ ვერ შეძლო ბრალდებამ ბრალის გამოკვეთა და რა კავშირი აქვს ამ საქმესთან კომპანია „დელტა კომმ“-ს? ამ საკითხებზე for.ge სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.

სოსო ბარათაშვილი: პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ 2 თვით, ანუ 2015 წლის 10 თებერვლამდე გადაიდოს სასამართლო. პროცესის გადადების თაობაზე სასამართლოს განჩინების შემდეგ, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ეს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მოხდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ციხეში ყოფნის საჭიროება არ არსებობს.

თუ არის ცნობილი ის მიზეზი, რატომაც ითხოვს პროკურატურა საქმის გადადებას?

- მასალები აქვთ გამოსაკვლევი, მტკიცებულებები შესაკრები, მოწმეები ჰყავთ დასაკითხი და ა.შ.

ანუ, პროკურატურა ბრალდების დასაბუთების საფუძვლებს ახლა ეძებს და სხდომის გადადება ამ მოტივით მოითხოვა?

- ჩვენი პოზიცია ამგვარია, ჩვენ ხელს არ ვუშლით გამოძიებას და არც ვეწინააღმდეგებით იმას, რომ წინასასამართლო სხდომა გადაიდოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რა საჭიროა ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნა. რაც შეეხება გასაიდუმლოებულ მასალებს, საქმის უდიდეს ნაწილს მოეხსნა საიდუმლო გრფი. ძირითად მასალებს გავეცანით, თუმცა, საქმის ნაწილი ისევ გასაიდუმლებულია. ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც ირღვევა კანონი, ვინაიდან პროკურატურა უარს გვეუბნება იმ მასალების გაცვლაზე, რომელსაც ამ დრომდე გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

ანუ, საქმის 7 პროცენტის გადმოცემაზე ამბობს უარს?

- ჯერ ერთი, დავიწყოთ იქიდან, საიდან იციან, რომ 7 პროცენტია, აწონეს თუ რა ქნეს? თუ საქმის ფურცლებით ავიღებთ, დაახლოებით 200 ფურცელზეა გრიფი დადებული. არაა გამორიცხული კიდევ გაიზარდოს საქმის მოცულება. ამ შემთხვევაში, დარღვევა სრულიად აშკარაა. თავდაპირველად საქმის გაცვლაზე უარს გვეუბნებოდა პროკურატურა, ახლა საქმის ნაწილზე გვეუბნება უარს.

რაც შეეხება იმ საქმის მასალებს, რომელსაც გავეცანით, ჩვენთვის სრულიად ცხადია, რომ ბრალდება არის დაუსაბუთებული. ბრალდებულების მხრიდან უკანონო განზრახვა გამოკვეთილი არ არის. არაა გამოკვეთილი ანგარებითი მიზანი, არ არის დასაბუთებული კვალიფიკაცია 182-ე მუხლი, რაც ითვალისწინებს გაფლანგვას დიდი ოდენობით. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პროკურატურის პოზიცია არის დაუსაბუთებული.

რა წერია ამ გრიფირებულ საქმეში?

- წერია ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ამ თანამშრომელთა ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 4 მილიონი ლარის ზიანი.

საიდან გამომდინარეობს ეს გაფლაგვა?

- დაახლოებით 6 მილიონი ლარის სამუშაო უნდა შეესრულებინა იმ კომპანიას, რომელმაც გაიმარჯვა შერჩევის შედეგად. შემდეგი საოცრება ის არის, რომ ჩატარდა ექსპერტიზა, ექსპერტმა შეკითხვით მიმართა კომპანია „დელტა კომმი“-ს ხელმძღვანელს (რომელიც დაინტერესებული მხარეა, სწორედ „დელტა კომმი“-ს საჩივრის საფუძველზეა გამოძიება დაწყებული), - აღნიშნულ სამუშაოს რამდენად გააკეთებდითო, ისინი პასუხოვებენ, რომ 2 მილიონად გავაკეთებდითო, მაგრამ ამის დასაბუთება არ არსებობს.

ანუ, სადავო ამ საკითხში აღმოჩნდა არა ის, რომ ნამდვილად შესრულდა სამუშაოს ნაწილი და ნაწილი შესრულდება გამარჯვებული კომპანიის მიერ, არამედ ის, რომ დაინტერესებულმა კომპანიამ, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეა ამ კამპანიაში, თქვა, რომ ნაკლებად გავაკეთებდიო. ბრალდებამ ეს ჩათვალა ზიანის მიყენებად, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. ჩვენ შევეცდებით, მტკიცებულების საშუალებით დავადასტუროთ ჩვენი პოზიციის სისწორე.

დაკავებულებს ბრალად ედებათ გაფლანგვა, თუმცა, ბრალდება არ ამბობს რაში გამოიხატება გაფლანგვა, ეს თანხა პირადი მოხმარებსითვის გამოიყენეს, სახლში წაიღეს, თუ ქრთამი აიღეს. თქვენ უკვე გაეცანით საქმის ნაწილს, თუ შეგიძლიათ ახსნათ რაში გამოიხატება გაფლაგვა?

- არა თუ ამ დონეზე ვერ მივიდა ბრალდების მხარე, არამედ იმასაც კი ვერ ამბობს, რომ მათ ჰქონდათ რაიმე განზრახვა და საერთოდ ურთიერთკავშირში იყვნენ ეს ადამიანები და ვინმესთვის უნდოდათ სარგებლის მოტანა. თქვენ რასაც ბრძანებთ, ეს არის კითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას ნებისმიერ საქმეში, მაგრამ ამ კითხვამდე არ მისულა საქმე. იმიტომ, რომ არც ბრალდებაში და არც სხვა დოკუმენტებში არაა ჩამოყალიბებული, არც პირდაპირი განზრახვა, არც მოტივი, არც ანგარებითი ხასიათი.

საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დაადასტურა, რომ ბრალდების მხარის მოტივი ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ არის. თუმცა, არ გამორიცხა, რომ ერთ-ერთი მოტივი შეიძლება ყოფილიყო თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ლექსო ბატიაშვილის ნათესაური კავშირისილქნეტისდირექტორთან. რაზე მიანიშნებს პროკურატურის ეს არგუმენტი?

- ბრალდების მხარის მიერ ეს არის საჯარო აღიარება, რომ ბრალდება ვერ პასუხობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ბრალდება დაიწეროს, შეიქმნას და სასამართლომ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიება. ანუ, როდესაც ბრალდების მხარე საჯაროდ აცხადებს იმას, რომ მათ არ აქვთ გამოკვეთილი განზრახვა და ქმედების ანგარებითი ხასიათი, აქ უკვე ყველაფერი ნათელია. კერძოდ ის, რომ ამ შემთხვევაში ბრალდება არ არსებობს.

თუ კი, ბრალდება არ არსებობს და მითუმეტეს, ამას ადასტურებს პროკუტორი, მაშინ რატომ არიან ეს ადამიანები დაკავებული?

- ნაჩქარევად დაწერილი მოსაზრების საფუძველზე. ცხადია, ეს ადამიანები გადადიან უკანონო პატიმართა კატეგორიაში.

გაზეთიკვირის პალიტრისინფორმაციით, გრიფმოხსნილი მასალებით ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობისთვის საკუთარი რესურსი არ გამოიყენა და სამშენებლო სამუშაოების ვალდებულება კომპანიასილქნეტს“ გადასცა, რაშიც დამატებით 6 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება დაინტერესდა, რატომ არ გამოიყენა თავდაცვის სამინისტრომ თავისი რესურსი. ბატონო სოსო, ბრალდების ნაწილში არის თუ არა საუბარი ამ საკითხზე?

- ამ საკითხზე ბრალდებაში არც ერთი სიტყვა არ არის ჩაწერილი. თუ ბრალდების მხარეს ამ მიმართულებით რამე პრეტენზია გააჩნია, ან გააჩნდა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ბრალდებაში. როდესაც ეს ბრალდებაში არაა ასახული, ცხადია, ეს ყველაფერი არის შავი პიარი, რომელიც ემსახურება ისეთი ფონის შექმნას, რომ საზოგადოებას შეუქმნან წარმოდგენა, თითქოსდა, ეს ადამიანები არიან დანაშაულის ჩამდენი პირები.

თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი მინდია ჯანელიძე ადასტურებს, რომ სამხედრო უწყებას ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის დიდი შესაძლებლობები აქვს. მაშინ, როდესაც ბრალში ამ საკითხზე არაა საუბარი, მინისტრის განცხადება ხომ არ არის გზავნილი პროკურატურისთვის, რომ ამ მიმართულებით დაიწყონ მუშაობა?

- ვიდრე არ შევისწავლი მინისტრის ამ განცხადებას, მანამდე განცხადებას ვერ გავაკეთებ. ჩემი პირდაპირი ამოცანაა, რომ ვუპასუხო ბრალდებას, მაგრამ ბრალდებაში მსგავსი არაფერი წერია.

საქმის ირგვლივ რამდენიმეჯერ მოხდა ბატიაშვილის ხსენება, იგივე, სასამართლოს 2 თვით გადადებაც, ხომ არაა იმის მიმანიშნებელი, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურის მიზანია ბატიაშვილის დაკავება, რაც არ გამორიცხა საქმის პროკურორმა წიკლაურმა...

- მე საერთოდ გამოვრიცხავ ბატიაშვილის ბრალეულობას ამ საქმეში. ვინაიდან, ბატონი ბატიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადაგილედ დაინიშნა მას შემდეგ, როდესაც ყველაფრი დამთავრებული იყო. წერილები გაგზავნილი იყო, შერჩევა ჩატარებული იყო, ხელშეკრულების დეტალებიც გავლილი იყო.

ვინ აწერს ამ ხელშეკრულებებს ხელს?

- ხელს აწერს ბატიაშვილი, რომელიც დაინიშნა 22 ნოემბერს მაგრამ, ეს შერჩევა, გამარჯვებულის გამოვლენა მოხდა 5 სექტემბერს. შერჩევის საფუძველზე მოხდა ხელშეკრულების მომზადება. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 26 დეკემბერს ბატიაშვილის მიერ, მაგრამ ხელშეკრულების პირობები შეთანხმებული იყო სექტემბერში.