ნოემბერში ლარის კურსის ტრადიციულ ვარდნასთან ერთად, მოსახლეობის ნაწილი ცდილობს, ლარების კონვერტირება უცხოურ ვალუტაში განახორციელოს. პარალელურად, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეროვნულ ბანკს თანდათან ეწურება რეზერვი, ამიტომ ლარის კურსის ვარდნა მძიმე შედეგის მომტანი იქნება. საქმე ისაა, რომ ეროვნულმა ბანკმა ფული უკვე ამოიღო ფასიანი ქაღალდებისგან, რაც ნიშნავს, რომ იგი მოემზადა უარესი მდგომარეობისთვის და შეინახა უცხოური ვალუტა. თუმცა არის საპირისპირო მოსაზრებაც, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები საკმაოდ სტაბილურია, უბრალოდ, ეროვნულ ბანკს ჯერ კიდევ არ განუხორციელებია რაიმე სერიოზული ინექცია ამ ბაზარზე. მეტიც, წლის ბოლომდე დარჩენილი დროში ორი მილიარდია დასახარჯი.
ლარის კურსის ვარდნის შესახებ For.ge ეკონომიკის დოქტორს ლია ელიავას ესაუბრა.
ეკონომიკის სფეროში სახიფათო ტენდენციებზე საუბრობთ. რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი უარესი მდგომარეობისათვის მოემზადა და ლარის კურსის ვარდნა კიდევ უფრო მძიმე შედეგების მომტანი იქნება?
- მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას მომზადებული შეხვდა. მან გაყიდა მილიარდ ასი მილიონი დოლარის ფასიანი ქაღალდები და მოიმარაგა რვაასი მილიონი ლარი კურსის ვარდნის შესაჩერებლად. ანუ, პრაქტიკულად, ეროვნულმა ბანკმა უკვე ივარაუდა, რომ მას მოუწევდა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დახარჯვა და შეემზადა ამისთვის. დღეისთვის სავალუტო რეზერვების მოცულობა არის 2 მილიარდ 600 მილიონი. აქიდან ეროვნულ ბანკს რეალურად 800 მილიონის დახარჯვა შეუძლია. სავალუტო კურსის რყევა ძალზე სწრაფად იწვევს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ამოწურვას, ეს ხდება მომენტალურად და ამას სულ რამდენიმე დღე სჭირდება. ამიტომაც ეს რეზერვები ძალზე მყიფე საფუძველია იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა მართოს სავალუტო კურსი. საქართველოში სავალუტო კურსი არის მართვადი, ვინაიდან ეროვნული ბანკი სისტემატურად ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას ლარის კურსის დასარეგულირებლად.
ანუ ცალკეულ ექსპერტთა იმედი, რომ რეზერვები ეროვნულ ბანკს აქვს, არასაიმედოა?
- ეს ძალიან მყიფე საფუძველია.
ეროვნული ბანკი არაფერს ამბობს, ინფორმაცია დახურულია, ამდენად, შესაძლოა, ამ ექსპერტებს არც აქვთ რეალური ინფორმაცია?
- ეროვნული ბანკის მდუმარებას რაც შეეხება, ოქტომბერში ჩამოსული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელმაც დაავალა ეროვნულ ბანკს, 2015 წლიდან განახორციელოს ყოველკვირეული ბრიფინგები და საზოგადოებას შექმნილი სიტუაცია აუხსნას.
რით ახსნით, რომ ყოველწლიურად მაინც და მაინც ნოემბრის თვეს ემთხვევა ლარის კურსის ვარდნა?
- მე გეტყვით ჩემს პოზიციას. საქართველოში ინვესტიციების მეტი წილი შემოსულია ოფშორული ზონებიდან, ანუ ეს არის ფული, რომელიც გადასახადებისგან გადამალულია, ის მუშაობს საქართველოს ეკონომიკაში, მოიგდებს საკმაოდ მსუყე მოგებას და წლის ბოლოს აუცილებელია ამ მოგების ისევ ოფშორებში გატანა, რომ იგი დაიმალოს დაბეგვრისგან და არ დაიბეგროს. ანუ, ლარის კურსის ფორმირება ხდება მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ბანკების სავალუტო გადარიცხვების, მათ შორის, ვალუტით ვაჭრობის ფორმირების შედეგად. თვითონ ეროვნული ბანკიც აცხადებს, რომ კომერციული ბანკების ვაჭრობა ბლუმბერგის სისტემაში არის სავალუტო კურსის განმსაზღვრელი. ამიტომ წლის ბოლოს საქართველოდან ეს ფული გაედინება. ჩვენისთანა ღარიბი, განუვითარებელი ეკონომიკისთვის ეს დამახასიათებელი პროცესია. არა მარტო ჩვენთვის, განვითარებულ ქვეყნებშიც და ზოგადად, ყველგან ხელისუფლებები ებრძვიან ამ პროცესს.
მაგრამ საქართველოს ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე და ლარის კურსის გაუფასურებას ჩვენი საზოგადოება მძიმედ აღიქვამს. სხვა ქვეყანა კი ამ პროცესს ვერც იგრძნობდა.
- როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ძლიერია და იმპორტის წილი მცირეა, შიდა ვალუტის მერყეობა მძიმე შედეგებით არ აისახება ეკონომიკაზე. ხშირად ამას უბრალო მოსახლეობა ვერც ამჩნევს და არც რეაგირებს. საქართველოში საპირისპირო მდგომარეობაა. არა იმიტომ, რომ ჩვენ დამოკიდებულნი ვართ იმპორტზე და იმპორტის ფასებზე, რომელიც განისაზღვრება დოლარში, არამედ საქართველოს მოსახლეობის 60-65%-ს საფინანსო სექტორის მიმართ უცხოურ ვალუტაში აქვთ ვალდებულებები, ანუ საუბარია დოლარებზე.
ყველაზე მძიმედ ლარის კურსის ვარდნა მათზე აისახება, ვისაც ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში აქვს.
- რა თქმა უნდა, უმძიმდებათ ვალდებულებების გასტუმრება და უფრო მეტი სახსრები სჭირდებათ ამისთვის.
2009 წლიდან ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ინფლაცია ქვეყანაში უნდა იყოს 6%, მაგრამ ამ მაჩვენებლის მიღწევა მაინც არ ძალუძს. არადა, ეს მაჩვენებელი კარგი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკისთვის?
- დიახ, 2009 წლიდან ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ის ახორციელებს ინფლაციის თარგეთირებას (მიზნობრივი მაჩვენებლის წინასწარი დადგენა) და მიზნობრივ მაჩვენებლად ისახავს 6%-ს. ანუ ეროვნული ბანკი თვლის, რომ ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს 6%-იანი ინფლაციის პირობებში. არცერთხელ ინფლაციის მაჩვენებელი არ ყოფილა 6% - ან დარბის 14 ნახევრამდე, ან ვარდება მინუს სამნახევრამდე. ინფლაციის მკვეთრი ცვლილება ნეგატიურად აისახება ბიზნესპროცესებზე და ეკონომიკის ვითარებაზე.
იმისთვის, რომ არ ვთქვათ, ეროვნული ბანკი ვერ მართავს ინფლაციის პროცესებს, როგორი პროცენტული მაჩვენებელი უნდა დაფიქსირდეს?
- ეს მართლაც ასეა, ეროვნული ბანკი ვერ მართავს ინფლაციის პროცესებს. არადა, მათ კანონში უწერიათ, რომ მათი მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. სამწუხაროდ, ამ ვალდებულებას ვერ ასრულებს წლების განმავლობაში. რაც შეეხება ოპტიმალურ მაჩვენებელს, მე ვთვლი, რომ 6%-იც კარგი მაჩვენებელია, 7%-იც და 8%-იც, ოღონდ არავითარ შემთხვევაში, მინუს სამი და ორი პროცენტი. ეს ეკონომიკას თრგუნავს. ოდნავ ერთნიშნიანი მაღალი ინფლაცია კი ჩვენისთანა განვითარებადი ქვეყნისთვის აუცილებელია, რადგან ეს ეკონომიკის განვითარების ბიძგს იძლევა.
მეორე მომენტია, რომ ქვეყნის ეკონომიკას აკლია ლარი და ის არის ძალზე დოლარიზებული. ქვეყნის ეკონომიკის ლარიზაციის კოეფიციენტი არის 18%, წინა წლებში უფრო მცირე იყო, ეს არის კატასტროფა. ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი ორჯერ დიდია. როდესაც ქვეყანას აკლია ლარი, ანუ ეროვნული ვალუტა, მის ეკონომიკაში მიმდინარე ბიზნესპროცესები არის ძალიან სუსტი, ანუ ბიზნესი ვერ ვითარდება ჯეროვნად.
სამაგიეროდ, კომერციული ბანკები ვითარდება. აქედან გამომდინარე, როცა ქვეყანაში ბანკების საქმიანობის კომერციალიზაცია მიმდინარეობს, გამოსავალს რაში ხედავთ?
- რაც შეეხება გაბერილ საფინანსო სექტორს, ეს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების ზედამხედველობის სისუსტისა და არაადეკვატური მართვის შედეგია. აქედან გამოსავალი მხოლოდ კვალიფიციური კადრებით ეროვნული ბანკის დაკომპლექტებაა, რომელიც კომერციული ბანკის ზედამხედველობას ევროპულ სტანდარტებს მიუახლოებს.
ხომ შეიძლება ეროვნულ ბანკსაც ჰქონდეს გარკვეული ინტერესი კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით?
- ეჭვი შეიძლება ყველაფერში შევიტანოთ. მით უფრო, განსაკუთრებით, ბოლო ხანებში სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა კომერციული ბანკების მიერ არასაბანკო აქტივების ფლობის თაობაზე. მათ კანონით აკრძალული აქვთ არასაბანკო საქმიანობა და მკაცრი ჩამონათვალი აქვთ იმ საქმიანობის, რისი განხორციელებაც შეუძლიათ. ეროვნული ბანკი ამ პროცესზე თვალს ხუჭავდა. ეროვნული ბანკის განცხადებაში წერია კიდეც, რომ კრიზისში მყოფ ბანკებს ჩვენ მივეცით ნება, დაერღვიათ კანონი. ანუ, პრაქტიკულად, ეროვნული ბანკი იძახის, რომ დღემდე საქართველოს საბანკო სექტორი იყო კრიზისულ მდგომარეობაში, მათ მისცეს კანონის დარღვევის უფლება და ახლა ორი, ათი თუ რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება გამოასწორონ სიტუაცია. აშკარად ჩანს მიკერძოება ამ საკითხში.
სხვათა შორის, კომერციული ბანკების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მიესალმებიან ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილებას, რადგან ბანკმა უნდა აკეთოს თავისი საქმე და არ უნდა გაუწიოს კონკურენცია თუნდაც სამშენებლო ბიზესს. ეს სიტყვიერ დონეზეა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, კომერციული ბანკები რატომ არ ეხმარებიან ჩვენს ეკონომიკას, რატომ არ აფინანსებენ სხვადასხვა დარგებს და, პირიქით, რატომ აუძლურებენ მათ?
- ცხადია, კომერციული ბანკები საქართველოს ეკონომიკისთვის არ მუშაობენ. კომერციული ბანკები აფინანსებენ უცხოელ მწარმოებლებს არა მარტო სავაჭრო კრედიტებით, არამედ სამომხმარებლო კრედიტებითაც კი. ძირითადად სულ უცხოური საქონელი იყიდება. იმისთვის, რომ საქართველოს საბანკო სექტორმა დაიწყოს ეკონომიკის დაკრედიტება, ამისთვის ეროვნულ ბანკს გააჩნია ადმინისტრაციული და ეკონომიკური ბერკეტები. მას შეუძლია, სტიმული მისცეს კომერციულ ბანკებს, რომ შემობრუნდნენ საქართველოს ეკონომიკისკენ. კომერციული ბანკებზე რომ არაფერი ვთქვათ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში იმიტომ იქმნებოდა, რომ მათ დაეფინანსებინათ წვრილი და საშუალო ბიზნესი. ამის მაგივრად, ჩვენი მიკროსაფინანსოები ეწევიან იპოთეკურ დაკრედიტებას, რაც გაუგონარი რამ არის. ანუ, ესეც არის ეროვნული ბანკის რეგულირების სისუსტე. ამის გამოსწორება შესაძლებელია, რადგან სხვა ქვეყნები ამ პრობლემას მოერივნენ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, აქეთკენ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ.
თქვენ აცხადებთ, რომ ქვეყანას მართავს მსხვილი ბიზნესი, მაგრამ მთელ მსოფლიოს მართავს მსხვილი ბიზნესი და რა გასაკვირია, საქართველოს მართავდეს? ამის აცილება ხელგვეწიფება ანტიმონოპოლიური კანონით?
- რაც შეეხება ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, ეს კანონი მორგებულია მსხვილ ბიზნესზე. კანონმდებლობაში წერია, რომ ანტიმონოპოლიურ სამსახურს უფლება არ აქვს, ჩაერიოს იმ სფეროებში, რომელსაც არეგულირებს ეროვნული ბანკი. ეს საერთოდ, სასაცილო ჩანაწერია. თქვენ წარმოიდგინეთ, საბანკო ბაზარზე ორი უზარმაზარი ოლიგოპოლიაა და 80% უკავია, თითქმის ბაზრის წილის. შეიძლება, აქ რაიმე კონკურენციაზე საუბარი? ანალოგიური სიტუაციაა სხვა დარგებშიც. წვრილი მეწარმეები პრაქტიკულად, მსხვილი ოლიგოპოლიური სტრუქტურების მომსახურების რეჟიმში არიან. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რის გამოც ვერ ვითარდება წვრილი და საშუალო ბიზნესი საქართველოში. ბუნებრივია, როდესაც ოლიგოპოლიები უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე მთავრობა და სახელმწიფო ბიუჯეტი, მათ ყოველთვის აქვთ საშუალება, მოახდინონ რეალური გავლენა ქვეყნის მართვაში. მე არ ვგულისხმობ მარტო დღევანდელ მდგომარეობას. წინა ხელისუფლებაშიც ბევრი კანონი სწორედ ბიზნესის ზეწოლის შედეგად იყო მიღებული.
ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკი არის ისეთი კანტორა, რომელიც მოგება-ზარალით მუშაობს და ამაშიც ხელს მოითბობს.
- ეროვნული ბანკი მართლაც მუშაობს მოგებაზე, თუმცა მას კანონში უწერია, რომ მისი საქმიანობის მიზანი არ არის მოგების მიღება, მაგრამ მოგებიდან საკმაოდ მსუყე შემოსავლები შესდის. ეს საქმიანობა განპირობებულია მისი ფუნქციებით, მაგალითად, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობით (რომლის შედეგადაც ის ღებულობს საპროცენტო მოგებას), ანდა ინტერვენციით სავალუტო ბაზარზე, იმავე ვალუტით ვაჭრობით, რითაც ღებულობს გარკვეულ მოგებას. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის საქმიანობა ძალიან ბევრ კითხვას იწვევს და სერიოზულად არის დასახვეწი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეროვნული ბანკი უნდა მუშაობდეს არა მარტო საფინანსო სექტორისთვის, არამედ იღწვოდეს მთელი ეკონომიკისთვის. ჩვენმა მთავრობამ რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს და რა პროგრამაც უნდა შეიმუშავოს, არ იქნება ეფექტური, თუ მას მხარში არ დაუდგება ეროვნული ბანკი, თავისი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის სწორი და ეფექტური განხორციელებით. დანარჩენი, ზღაპარია.
ლარის კურსის ვარდნა როდემდე გაგრძელდება?
- მალე დასტაბილურდება, რადგან ეროვნულმა ბანკმა უკვე გაყიდა 40 მილიონი, კიდევ გაყიდის უცხოურ ვალუტას და გააჩერებს ლარის კურსის ვარდნას. არა იმიტომ, რომ საზოგადოება ნერვიულობს, არამედ იმიტომ, რომ ამან შეიძლება ინფლაციის დონე გაზარდოს და ეროვნულ ბანკს ინფლაცია გაექცეს.