რუსეთის ეკონომიკურ მარწუხებში

რუსეთის ეკონომიკურ მარწუხებში

სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ რუსები საქართველოს ეკონომიკურ მარწუხებში მოქცევას გეგმავენ. საამისოდ მათ „შეამზადეს“ საქართველოს გეოგრაფიული არეალიც. კერძოდ, სამხრეთში სომხეთია, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ხდება და, თუ აფხაზეთსაც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გასაწევრიანებლად მოამზადებენ, მაშინ ეს ადასტურებს, რომ რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ სხვა გეგმები აქვს. ამას ემატება სამაჩაბლოში მიმდინარე ძვრებიც და ის ფაქტი, რომ ოსები აფხაზეთისგან განსხვავებით, უფრო ფართო შინაარსის ხელშეკრულების დადებას აპირებენ რუსებთან.

ვახტანგ მაისაიას განცხადების კვალდაკვალ, საინტერესოა, ბორის ჩოჩიევის ეჭვებიც - „თბილისი ომისთვის ემზადება“, ამიტომაც ამ საფრთხის ასაცილებლად ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება ოსებთანაც უნდა გაფორმდეს, რადგან ჟენევის მოლაპარაკებებზე თბილისი სოხუმისა და ცხინვალისთვის ძალის გამოუყენებლობის გარანტიებზე ყოველთვის უარს აცხადებს. სწორედ ეს უჩენს ჩოჩიევს ეჭვის საბაბს, ხომ არ ემზადება თბილისი ომისთვის?!

რაც შეეხება ეკონომიკურ მარწუხებს, ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება ვახტანგ მაისაიასთვის ძალზე დამაფიქრებელია.

„სავსებით შესაძლებელია, სიტუაცია ეკონომიკური ბლოკადის ნიშნებს ატარებდეს, თუკი ცხინვალთანაც მოხდება ანალოგიური ხელშეკრულების დადება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცხინვალთან უფრო უარესი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ. კერძოდ, ეს იქნება სხვანაირი ტიპის ხელშეკრულება, რაც ე.წ. ორი ოსეთის გაერთიანებას გულისხმობს. სხვათა შორის, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმაც თქვა: ჩვენ უფრო დიდი და ფართო ინტეგრაცია გვინდა რუსეთთან. ამ პროექტის მიხედვით, ცხინვალი გახდება გაერთიანებული სუბიექტის (ე.წ. ორი ოსეთის) დედაქალაქი. შემთხვევითი არ არის, რომ ინტენსიურად ხდება რუსეთიდან ოსეთის მიმართულებით გზების რეაბილიტაცია, მათ შორის, მოხდა არა მარტო როკის გვირაბის, არამედ ვლადიკავკაზისკენ დამაკავშირებელი შემოვლითი გზის რეაბილიტაციაც, მიდის ინტენსიური სამშენებლო ტემპი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის. საკმაოდ დიდი თანხები იდება იმ მიმართულებით, რომ ცხინვალი გადაიქცეს ისეთივე ტიპის ბუმბერაზ ქალაქად, როგორიცაა გროზნო. ცხინვალისთვის დედაქალაქის სტატუსის მინიჭება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სოლისებურ შემოჭრას ემსახურება. ესაა მცოცავი ოკუპაცია, რათა რუსებმა მაქსიმალურად მოახდინონ ცხინვალიდან უსაფრთხოების ზონის პირობების შექმნა და მაქსიმალურად გაიფართოვონ ტერიტორია. მცოცავი ოკუპაცია გაცილებით ფართო მასშტაბით გაგრძელდება და დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალის გადაკეტვასაც მოიცავს. ანუ რუსები, როგორც ჩანს, აპირებენ თავიანთი კონტროლის ზონაში მოაქციონ თბილისი-გორის საავტომობილო-საკომუნიკაციო მაგისტრალი. ეს ნაწილობრივად უკვე განხორციელდა, რადგან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ან ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის დაახლოებით ერთკილომეტრიანი ზოლი მოქცეულია მცოცავი ოკუპაციის ქვეშ. ანუ ერთ პროექტს- ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის მიმართულებას ისინი აკონტროლებენ, დანარჩენი ორი მიმართულებაც იქვე გადის- ბაქო-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის. ასე რომ, გორი-თბილისის მაგისტრალის ხელში ჩაგდებით რუსები ამ მიზანს ხუთ წუთში აისრულებენ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, ფიქრობს, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყებენ რუსები ქართველების კიდევ უფრო მეტ დაშანტაჟებას - თუ არ გინდათ, ეს მაგისტრალი ავამოქმედოთ, მაშინ მოგვეცით საშუალება, ტვირთები გავატაროთ აფხაზეთის რკინიგზის გავლით. სწორედ აქეთკენ ურტყამს პუტინი და ეს არის პუტინის ვერაგული გეგმა. ამით კი მას გაუადვილდება, ძალით შეგვიყვანოს ევრაზიულ კავშირში.

ამ ეკონომიკური ბლოკადისა და ეკონომიკური შანტაჟის შემდეგ თუკი ესეც არ გაჭრის ქართველებზე, მაშინ რუსეთი კიდევ უფრო აქტიურ ქმედებებზე გადავა და სამხედრო ოკუპაციის მომენტებსაც განიხილავს. მით უფრო, ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესადაა დაძაბული, მიმდინარეობს ცივი ომი, ცხელი ომის კონტურებით. ასეთი ურთულესი მდგომარეობა კი რეიგანისა და ანდროპოვის დროსაც არ ყოფილა.

„რუსეთს საქართველო ჰაერივით სჭირდება. ამის უკან გეოსტრატეგიული მიზეზებია. შემთხვევითი არ არის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იგეგმება ოპერატიული მუდმივმოქმედი ჯგუფის შექმნა. 10-დან 15 ათასი ადამიანის განთავსება ნიშნავს, რომ დასავლეთ საქართველო სამხედრო დარტყმის ქვეშაა. რუსეთმა ამის სიგნალი უკვე გამოგზავნა, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა მოხვდეს. მოკავშირეობის კონკრეტულ მუხლში პირდაპირ დაიწერა, რომ აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამართლებრივ კანონმდებლობას. პუტინმა ამას მოაყოლა აფხაზეთის რკინიგზის მაგისტრალის აღდგენის სურვილიც. ეს პირდაპირი მესიჯი იყო საქართველოსთვის, თუ სადამდე მიდის რუსეთის თავხედობა. 2008 წლის სცენარის ხელახალი განმეორების ალბათობაც მაღალია. კავკასიაში ბაზების განთავსება რუსეთს სჭირდება არა მარტო დასავლეთთან დაპირისპირების გამო, არამედ სირიის ფაქტორის გამოც. ამით გაიხსნება პირდაპირი კორიდორი რუსეთ-საქართველო-ირანი-სირიისკენ. საქართველოზე კონტროლით რუსეთი შავი ზღვის აუზის არეალზე ჰეგემონობასაც ინარჩუნებს და გზას უკეტავს ნატოს ოპერატიულ ძალებს. ასევე, თურქეთს აქცევს ნახევრად ალყაშემორტყმულ მდგომარეობაში. ამასთან, რუსეთი ცდილობს, შექმნას წინმსწრები ზღუდე ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ. ამისთვის რუსეთის გენერალურ შტაბს პუტინმა ბრძანება მისცა, დაიწყოს ახალი საარმიო ერთეულის, 48-ე არმიის შექმნა, რომლის შტაბ-ბინაც იქნება დერბენტში, დაღესტანში, ანუ ჩვენს საზღვრებთან. ამას ემატება ე.წ. კახეთის გზის და პანკისის მიმართულება და ამ ტერიტორიებს მოიცავს სწორედ 48-ე არმიის ოპერატიული ზონა“.

რუსეთის მიერ ეკონომიკურ მარწუხებში საქართველოს მოქცევის მცდელობას ადასტურებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძეც. For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ ის ხელშეკრულებები, რაც აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან უნდა გაფორმდეს, სერიოზული რისკის შემცველია თუნდაც იმ ინფრასტრუქტურულ-მაგისტრარულ პროექტებთან მიმართებით, რისი შესაძლებლობაც საქართველოს აქვს. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებულია ქართული სახელმწიფოს ადეკვატურ ქცევაზე, თუ როგორ პოლიტიკას დაუპირისპირებს რუსული პოლიტიკის ამ ვექტორს.

„ეს არის თემა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხორციელდება. სამწუხაროდ, ჩვენ რუსეთის პოლიტიკის კორექტირებას ვერ მოვახდენთ, მაგრამ პოლიტიკური წინდახედულება უნდა გამოვიჩინოთ შემდგომი პოლიტიკის დაგეგმვისა და იმპლემენტაციის პროცესში. მნიშვნელოვანია ვიყოთ ფრთხილები, მოზომილები და ის რეგულაციები, რაც მსხვილ მაგისტრალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ტარდება, მაქსიმალურად ითვალისწინებდეს ქვეყნის უსაფრთხოებას. თუმცა, ის, რომ უცხო ქვეყნებზე საქართველოს ენერგოდამოკიდებულების ხარისხი დაახლოებით 70%-ია, მათ შორის, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ხვედრითი წილი ძალზე მაღალია, ეს დიდი პოლიტიკური რისკის მქონეა. ამიტომ, პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა უნდა იყოს არსებითი. ჩვენთვის მთავარი ქვაკუთხედი უნდა იყოს სხვა ქვეყნების ენერგომატარებლებზე საქართველოს ენერგოდამოკიდებულების ხარისხის შემცირება“,- აცხადებს ლევან კალანდაძე.