რესპუბლიკელების მოთხოვნა და „ოცნების“ წინააღმდეგობა

რესპუბლიკელების მოთხოვნა და „ოცნების“ წინააღმდეგობა

ძალოვანი უწყებების რეფორმირების საკითხზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. რესპუბლიკელები რეფორმების დაწყებას დაუყონებლივ ითხოვენ, „ქართული ოცნება“ კი არ ჩქარობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის რეფორმირების საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან გასულ კვირას დააყენა და საკუთარ თანაგუნდელებს შეახსენა, „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ უწყების როგორ გარდაქმნას გეგმავდა და როგორია დღეს, შსს-ს არსებული სისტემა.

სპიკერის შეფასებით, შსს-ს დებულებით, რომელიც ახალი ხელისუფლების მიერ არის მიღებული, შსს აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი გასამხედროებული სამართალადამცავი დაწესებულებების სისტემაა.

„თუ მეტყვით, რომელ ევროპულ ქვეყანაშია ასეთი შსს-ს, მაშინ გავჩერდები. გასამხედროებული უწყება მსოფლიოს ორ-სამ ქვეყანაშია დარჩენილი“, - აღნიშნა უსუფაშვილმა, რომელსაც ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ არც ერთი დეპუტატი არ გამოხმაურებია.

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში თუ როგორი სისტემის ჩამოყალიბებას ჰპირდებოდა საზოგადოებას „ქართული ოცნება“, ამის გარკვევას for.ge შეეცადა, რომელმაც კოალიციის საარჩევნო პროგრამა დეტალურად შეისწავლა.

პროგრამაში შს სამინისტროს რეფორმებირების საკითხზე საუბარი მე-17 და მე-18 გვერდებზეა, სადაც მაშინდელი ოპოზიციონერები ამომრჩეველს არწმუნებდნენ, რომ შს სამინისტროს საშინაო საქმეთა სამინისტროდ გარდაიქმნებოდა, რადგან უწყების სამოქალაქო სამსახურად ჩამოყალიბება აუცილებელია, რომელიც მმართველობას საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან სფეროებში განახორციელებს.

ასევე, კოალიცია პროგრამის საშუალებით საზოგადოებას აუწყებდა, რომ შს სამინისტროს სისტემიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურები გამოიყოფოდა და ახალი შინაარსით, სტრუქტურითა და ფორმით, ოპტიმალური რაოდენობის მაღალი კვალიფიკაციის საკადრო შემადგენლობით, ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნებოდა, რომელიც გარკვეულ სამოქალაქო კონტროლს დაექვემდებარებოდა.

ამასთანავე, პროგრამაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სახელმწიფოს უმაღლესი პირის წარდგენით პარლამენტი უნდა ამტკიცებდეს.

„ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა მხოლოდ საპოლიციო და უშიშროების სამსახურებთან არის გაიგივებული. საპოლიციო და სახელმწიფო უშიშროების სამსახურების შერწყმით შეიქმნა უპრეცედენტო ძალაუფლების მქონე სტრუქტურა, რომელიც ფაქტობრივად, არავითარ კონტროლს არ ექვემდებარება. გამჭვირვალეა მხოლოდ პოლიციის შუშის შენობები, თავად სისტემა კი - გაუმჭვირვალე. შს მინისტრი საპოლიციო და უშიშროების ფუნქციების განხორციელებაში უშუალოდ ერევა, რის გამოც ეს სამსახურები მმართველი გუნდის პოლიტიკურ წნეხსა და დიქტატს განიცდიან“, - აღნიშნულია კოალიციის საარჩევნო პროგრამაში, რომლის შესრულებას ამჟამად, რესპუბლიკელები ითხოვენ, „ქართულ ოცნებაში“ კი, აცხადებენ, რომ მსგავსი საკითხები პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა დაისვას და არა ტრიბუნიდან.

პროგრამაში არსებულ ამ ჩანაწერებზე და ძალოვანი უწყებების რეფორმებირების აუცილებლობაზე აპელირებს დეპუტატი დავით ბერძენიშვილი, რომელიც for.ge-ს განუმარტავს, რომ ოქტომბრის დასაწყისში, რესპუბლიკელებმა პოლიტსაბჭოს ვრცელი წერილით მიმართეს, სადაც რეფორმების დაწყების თაობაზე კოალიციაში სერიოზული საუბრების დაწყებას ითხოვდნენ. კანონმდებელის შეფასებით, სამართალდამცავი უწყებების გარდა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კიდევ ბევრი სხვა სტრუქტურა არის სარეფორმო.

„ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ძლიერი შსს, ეს ძლიერი სახელმწიფოა, უსუფაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოს ძლიერი, ადეკვატური და დემოკრატიული ფუნქციების მქონე შსს სჭირდება, სადაც სპეცსამსახურები არ უნდა იყოს. ეს დაპირება 2012 წელს საჯაროდ გავეცით და ეს საარჩევნო პროგრამაშიც წერია. რესპუბლიკელების ეს ხედვები ღარიბაშვილის ხედვებისგან განსხვავდება. ბევრი სხვაობა არის, მაგრამ ეს სხვაობა იმ მასშტაბის არ არის, რომ კითხვა დაისვას - კოალიციაში, აბა რა გინდათო?! კოალიციის საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრის მიმდევრებიც გრძნობდნენ, მაგრამ აქ ტემპებზეა საუბარი“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ბერძენიშვილს მოსაზრებით, ერთი ხელისუფლების ფარგლებში, ღარიბაშვილის მმართველობის წილი ძალიან დიდია და უსუფაშვილის რესპუბლიკელები კი, ამ ხელისუფლებაში სხვა პარტნიორებთან ერთად არიან.

„გამოკვეთილი ხედვები ღარიბაშვილმაც გააჟღერა და უსუფაშვილმაც. ალტერნატივები არ არის, აქ ტემპებზეა საუბარი. არც ღარიბაშვილი და არც მისი განსაკუთრებული მხარდამჭერები არ უარყოფენ იმას, რომ რეფორმები საჭიროა. დეკლარირებული მათაც იგივე ხაზი აქვთ, რაც ჩვენ, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ორი წელი საკმარისზე მეტი დროა იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმატებულად დაძლევის შემდეგ, ძალიან სერიოზული რეფორმები დავიწყოთ“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

დეპუტატის ინფორმაციით, 7 დეკემბერს, „რესპუბლიკური პარტია“ სოლიდურ კონფერენციას ჩაატარებს, სადაც რეფორმების გატარების საკითხზე იქნება საუბარი. კერძოდ, ბერძენიშვილის განმარტებით, კონფერენციაზე კონცეპტუალური მიდგომები იქნება წარმოდგენილი.

„მოდერნიზაციის გარეშე, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული კუნძულების ამარა ქვეყნის წინსვლა არ გამოვა. ეს შევარდნაძის დროს იყო და ეს იყო ჭაობი. მოდერნიზაცია დემოკრატიის გარეშე არ გამოვა, ეს იყო სააკაშვილის დროს, ხოლო ჩვენ ვამბობთ - დემოკრატიული მოდერნიზაცია. კოალიცია „ქართული ოცნების“ დაპირებაც ეს არის. ღარიბაშვილს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ის კოალიციის ლიდერიც არის, პრემიერიც და სპეცსამსახურები და შსს უშუალოდ მის დაქვემდებარებაშია. ბუნებრივია, ამას პარლამენტიდან უსუფაშვილი ვერ წვდება“, - აცხადებს დეპუტატი.

ბერძენიშვილის მოსაზრებით, კოალიციაში რეფორმები აუცილებელად გასატარებელია, წინააღმდეგ შემთვევაში, კოლაიცია ან ევროპული ყაიდის კოალიციად უნდა იქცეს, ან ტექნიკურ კოალიციად.

„ან კოალიციური შეთანხმება, ან შეთანხმება - კოალიციურ ცალკეულ საკითხებს. მეორე შესაძლებლობის ფარგლებში ვართ, კოალიციური შეთანხმებები ამდენი ხნის მანძილზე არ მოხდა, მაგრამ სადამფუძნებლო დოკუმენტებზე დაყრდნობით, ცალკეულ საკითხებზე შეთანხმება ხდება. არის საკითხები, სადაც განსხვავებული ხედვები გვაქვს. დეკლარირებული გვქონდა, რომ ასოცირების ხელშეკრულება და თვითმმართველობის არჩევნები ეს იყო ის მიჯნა, რომლითაც ხელისუფლების ერთი ეტაპი დამთავრდებოდა და მეორე დაიწყებოდა. 17 დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. იმას ვითვალისწინებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციამდე რაიმე კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს - საქართველოს ხელისუფლებაში არის თუ არა რყევები მოსალოდნელი. ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის რესპუბლიკელების ხელისუფლებაში ყოფნა ერთერთი ინდიკატორია. ამიტომ, ამ ფაქტორს ვითვალისწინებთ და ზომიერები ვართ“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომელიც ძალოვანი უწყებების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ერთგვარ ტესტად აფასებს და ამბობს, რომ მათ „ქართული ოცნებისგან“ მოსალოდნელი პასუხი მიიღეს, რომ შს სამინისტროს ცვლილებების სწრაფად დაწყება არ შეუძლიათ.

შსს-ს რეფორმირების საკითხზე რესპუბლიკელების პოზიციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იზიარებენ და ამბობენ, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი, ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება.

როგორც for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი გივი თარგამაძე აცხადებს, შსს-დან უშიშროების სფეროს ცალკე გამოყოფა, დაუშვებელია, რადგან ეს ქვეყანას წარსულში დააბრუნებს. თარგამაძის მოსაზრებით, როგორც კი, უშიშროების სამინისტრო ცალკე შეიქმნება, უწყებრივი გაუთავებელი ომი დაიწყება, რომელსაც ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გადააყოლებენ.

„სამართალდამცავი უწყებები პოლიტიკური არ უნდა იყოს. ეს ელემენტები ჩვენს დროსაც იყო და ვნახეთ, რომ ამ ელემენტებმა ის გადაცდომები გამოიწვია, რომელიც ჩვენს დროს წარმოიშვა. უშიშროების სამინისტროს ცალკე შექმნის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს წარსულში დაბრუნება იქნება. ქურდული სამყაროს მაგალითზე ვნახეთ, ეს ცვლილებები თუ რამდენად მყიფეა. ზოგადად, სამართლდამცავი უწყების ჩონჩხი სწორად არის შექმნილი“, - აცხადებს თარგამაძე.

კანონმდებელის შეფასებით, ქვეყანაში პრობლემებს იწვევს არა რეფორმების ნაკლებობა, არამედ ივანიშვილის ფაქტორი.

„თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე თეა წულუკიანს ინფორმაცია არ ჰქონდა, მაგრამ ვნახეთ, „მოქალაქე“ ივანიშვილს თუ როგორ დეტალურ ინფორმაციებს ფლობდა. სანამ ივანიშვილი არაფორმალური მართვის სათავეში იქნება, არაფერი შეიცვლება. როცა უსუფაშვილი ამ მოვლენებზე წუხს, გულწრფელი არ არის, რადგან მან მთავარი გამომწვევი მიზეზი უნდა დაასახელოს, რაც კულისებიდან ქვეყნის მმართველობას უკავშირდება“, - აცხადებს თარგამაძე, რომლის პოზიციას იზიარებს დავით დარჩიაშვილი.

კანონმდებელი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პოლიტიკური ნება უნდა იყოს, რომ შსს სამოქალაქო პირების მიერ იმართებოდეს. მისი განცხადებით, შსს უნდა გაიყოს თუ არა, ამაზე სერიოზული მსჯელობა უნდა გაიმართოს.

რესპუბლიკელები ორი წელია ხელისუფლებაში არიან და ივანიშვილის ხედვების „გაპრავებით“ არიან დაკავებულნი. დღეს თუ რაღაც თქვეს, ვნახოთ, ეს წუხილი პრინციპულ პოზიციაში რამდენად გადაიზრდება. თავდაცვის მინისტრად სპეცსამსახურის ოფიცრის დანიშვნა ევროპული სამოქალაქო კონტროლის რეგულაციას არღვევს. შს სამინისტროს სამოქალაქო სტრუქტურად გადაკეთების იდეა საინტერესოა, მაგრამ ამას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ, რომ საქართველოს სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ საერთოდ რაიმეს აკეთებდნენ. ისინი თავის ენერგიას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში ხარჯავენ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დავით უსუფაშვილს ურჩევს, რომ მსგავსი საკითხები პოლიტსაბჭოს სხდომებზე დააყენოს, ზაქარია ქუცნაშვილი კი, სპიკერის პოზიციას იზიარებს.

როგორც for.ge-ს ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, რეფორმების ტალღა გასაძლიერებელია და ამ კუთხით პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრება სწორია.

დეპუტატის მოსაზრებით, რეფორმების ტალღის გატარებას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა სჭირდება, რადგან შსს-დან უშიშროების სისტემის გამიჯვნას კონსტიტუციური რეფორმა დასჭირდება.

„რეფორმების გაძლიერების ნაწილში სპიკერის მოსაზრება სწორია. აშკარად იკვეთება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არაპოლიტიკოსების მთავრობა აირჩია, ბატონი ბიძინას დროს კი, პოლიტიკური მთავრობა იყო. რომელი სჯობს? - ალბათ, უმჯობესია, მინისტრი შესაბამისი დარგის სპეციალისტი იყოს და თან, ის პოლიტიკური პასუხისმგებლობით იყოს დამძიმებული. იმიტომ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე სახელმწიფო თანანმდებობაზე მყოფი პირისთვის წარმატება და წარუმატებლობა რეზიუმეში პერიოდის აღნიშვნით შემოიფარგლება, პოლიტიკოსის წარუმატებლობას კი მისი კარიერა ეწირება“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

for.ge-სთან საუბარში მანანა კობახიძე აცხადებს, რომ შსს-ს რეფორმირებასა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან თემებზე საუბარი პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა გაიმართოს. კანონმდებელის თქმით, სუსტი პოლიციელი და პროკურორი საქართველოს არ სჭირდება, ისევე როგორც არც სხვა ქვეყნებს.

„ეს ის საკითხებია, რომელზეც მსჯელობა, პირველ რიგში, უმრავლესობის რეჟიმში, პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა მოხდეს. უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა და მას ტრიბუნიდან ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება აქვს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, მსგავს საკითხებზე ხმამაღლა პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა ვისაუბროთ. პარლამენტში გამოსვლამდე სჯობს, ასეთი დისკუსიები გუნდში იყოს, რაც საქმეს უფრო წაადგება“, - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი კოალიცია გაითვალისწინებს თუ არა დავით უსუფაშვილის რჩევას და დაიწყებს თუ არა ძალოვანი უწყებების რეფორმირებას, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ ამჟამინდელ ხელისუფლებას წინამორბედის შეცდომების არსი უნდა ესმოდეს, რომელთა მმართველობას საფუძველი სწორედ ძალოვანმა უწყებებმა გამოაცალა.