რუსთავი-თბილისის მშენებარე ავტომაგისტრალზე დევნილებმა აქცია გამართეს, რის გამოც მშენებლობის პროცესი 3 საათით პარალიზებული იყო. აქცია მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.
ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 60-მდე ოჯახი იძულებული გახდა პროტესტისთვის მიემართა. მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსთავ-თბილისის ავტობანის მშენებლობა დაიწყო, კონსტრუქტორებმა დასახლებასთან გამავალი არხის სიღრმე შეამცირეს. შედეგად არხი წყლით ივსება და სახლები წყლით იტბორება.
ამასთან, ცენტრამდე მისასვლელი გზა მთლიანად მოშლილია. „რაც ამ გზის მშენებლობა დაიწყეს, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ეზოები დაიტბორა, ჩვენი სახსრებით გაკეთებული გზები გათხარეს. სახლში მისასვლელს არსად გვიტოვებენ“, - აცხადებენ დევნილები.
აქციის მონაწილეებს სწრაფადვე მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათი განმარტებით, პრობლემის შესახებ მათ მხოლოდ დღეს, აქციის მეშვეობით შეიტყეს.
„დამკვეთის სახელით მინდა გითხრათ, რომ პრობლემებთან დაკავშირებით მუნიციპალური ფონდისთვის დღემდე არავის მოუმართავს, მაგრამ ჩვენ შევხვდით მოსახლეობას, სიტუაციაში გავერკვიეთ და აღმოჩნდა, რომ ეს მეორადი გზაა, რომელიც პროექტში გათვალისწინებული არ იყო. მიუხედავად ამისა, მყისიერი გადაწყვეტილება მივიღეთ და დღეიდან სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე ინერტული მასალებიც შევა“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ თორნიკე თორაძემ. ამის შემდეგ გზაც გაიხსნა.
მოგვაინებით, გამართული აქციის შესახებ განცხადება მუნიციპალური განვითარების ფონდმაც სპეცილური განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტური სამინისტროც ადასტურებს, რომ რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები, რომელიც საპროტესტო აქციის გამო შეჩერდა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
„იძულებით გადაადგილებულმა 10-მდე პირმა, რომელიც ფონიჭალის ტერიტორიაზე ცხოვრობს, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტში, სოფლამდე მისასვლელი მეორადი გზების არარსებობა გააპროტესტა. აღსანიშნავია, რომ მაგისტრალის მშენებლობის პროექტი 2012 წელს მომზადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ამჟამინდელმა მენეჯმენტმა მოსახლეობის თხოვნა მეორად გზებთან დაკავშირებით გაითვალისწინა და პრობლემის მოსაგვარებლად დონორ ორგანიზაციას მიმართა. პრობლემის მოგვარების მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია და აქციის მონაწილეებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებმა შეხვედრისას მიაწოდეს.
სპეციალისტთა განცხადებით, საცხოვრებელი სახლების დატბორვა ძლიერი წვიმის გამო მოხდა და მას გზის მშენებლობასთან კავშირი არ აქვს. საპროტესტო აქცია უსიამოვნო ფაქტით დაიწყო. გზის მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის მიერ დასაქმებულ პერსონალსა და ადგილობრივ 10 მოსახლეს შორის, დაპირისპირება მოხდა, თუმცა ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობისთვის რეალური ვითარებისა და გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, საპროტესტო აქცია მშვიდობიანად დასრულდა. ტერიტორიაზე ტექნიკა უკვე მობილიზებულია და მეორადი გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაწყებულია“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
წესით და რიგით, დევნილებს აქციების გაგრძელება აღარ უნდა დაჭირდეთ, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ თუკი მათი პრობლემა არ მოგვარდა, ისინი არც შემდგომში დაიხევენ უკან.