ორი ძლიერი დამოუკიდებელი მოთამაშე პოლიტიკურ დაფაზე

ორი ძლიერი დამოუკიდებელი მოთამაშე პოლიტიკურ დაფაზე

82 მომხრე, 13 წინააღმდეგი - ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შსს-ს დარჩა. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტით კანონმდებლებმა შსს-ს ფარული მოსმენა-მიყურადების ტექნიკურ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა დაუკანონა. პარლამენტის თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ მთავრობა და პარლამენტი შსს-ს სტრუქტურულ რეფორმირებას შეძლებენ. უსუფაშვილისთვის უცნობია, იგეგმება თუ არა კანონის გასაჩივრება უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა აცხადებს, რომ ერთი დღით სამუშაო პროცესი არ სრულდება.

„ამიტომ ნუ შევხედავთ ცალმხრივად, რომ თუ შსს-დან არ გავიდა რაღაც სტრუქტურა, ამითი გარანტირებულად ცუდი რამეები მოხდება. მე მგონი ჩვენ - მთავრობა, პარლამენტი – შევძლებთ, ამ უწყებაში იმ ტიპის საჭირო რეფორმების გატარებას, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება ევროპული გზის გაგრძელება და მეორე მხრივ, შეამცირებს იმ უნდობლობის ხარისხს, რომელზეც დღეს გვაქვს საუბარი.

უკეთესი რომ გვინდოდა და არ გამოგვივიდა, ამაზე ტირილი, ვიშვიში და ერთმანეთზე შელეწვა, არ არის სწორი და სახელმწიფოებრივი მიდგომა. სახელმწიფოებრივი მიდგომაა, რაც მოვიპოვეთ, ის გავამაგროთ, გავაგრძელოთ შრომა და ბრძოლა. ეს სასასამართლოს გზით იქნება, საკანონმდებლო ცვლილებების გზით იქნება თუ ახალი მოდელების მოფიქრების გზით იქნება, უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

იურისტი ლია მუხაშავრია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. იურისტის განმარტებით, ისევე როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც, დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც სახელმწიფოს ნება ამ საკითხთან მიმართებაში იდენტურია. მისი თქმით, მსგავსი კანონი მოლდოველმა უფლებადამცველებმა ევროსასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ საქმე პრიორიტეტულად ცნო და ორ წელიწადში გადაწყვიტილებაც მიიღო. მოქმედი კანონი ევროსასამართლომ ევროკონვენციის მე-8 მუხლი პირადი ცხოვრების დარღვევად ცნო. 

„ჩვენ გვინდა გავასაჩივროთ კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას აძლევს შსს-ს, ყოველგვარი სასამართლო კონტროლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტპექტორის მონაწილეობისა და ჩარევის გარეშე მოუსმინოს ყველას, ვისაც საჭიროდ ჩათვლის.

ადვოკატს უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი და სრულიად კონფიდენციალური კომუნიკაცია კლიენტთან. მაგალითად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მტკიცებულებების მოპოვება სასამართლომ დაადგინა ფარული მოსმენით. თუ ეს ადამიანი ჩემი კლიენტია, მიკავშირდება ტელეფონით, ბუნებრივია, მეც მისმენენ, რადგან ტელეფონში ორმხრივია საუბარი. დადგენილი ევროსტანდარტით, ჩემს კლიენტზე ფარული მოსმენის დასრულების შემდეგ, შესაბამისი ორგანო ვალდებულია, წერილობით მაცნობოს, რომ დასრულდა ოპერატული ღონისძიება ამა და ამ პირის მიმართ, რომელთანაც მე მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ამა და ამ დროს და საუბრის ჩემი ნაწილი განადგურებულია. ასეთი პრაქტიკა საქართველოში არასდროს ყოფილა და არც ახლანდელი ცვლილებები მოიტანს. მე უფლება მერღვევა, მქონდეს შეუზღუდავი და სრულიად კონფიდენციალური კომუნიკაცია ჩემს კლიენტთან“, - ამბობს ლია მუხაშავრია.

ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის განმარტებით, არის ორი ვარიანტი - დავასუსტოთ პოლიცია და სპეცსამსახურები, მეორე - შევცვალოთ კანონები და სპეცსამსახურები ისე, რომ მათ არ მისცენ საკუთარ თავს თავნებობის უფლება.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიბრძვით იმისათვის, რომ შევცვალოთ სიტუაცია ისე, რომ სპეცსამსახურები აღარ იყოს ქართული სინამდვილისთვის ასეთი ტრაგიკული თემა და ეს არის პარადოქსული. მე არ მესმის ამ პარადოქსის არსი. სანამ მკითხავთ სად დევს ამ პარადოქსის ძაღლის თავი, გეტყვით, რომ ჩვენს გულუბრყვილობაში.

დაახლოებით ანალოგიური რამ ჩვენ გავაკეთეთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. პრეზიდენტები თავის თავს აძლევდნენ უფრო მეტის უფლებას, ვიდრე უნდა მიეცათ, შედეგად რა ვქენით? - კი არ შევცვალეთ სიტუაცია, არამედ შემოვიტანეთ ახალი წყობა, იგივეს ვაკეთებთ ამ შემთხვევაში. ასე რომ, მაშინ უნდა გავაუქმოთ მთავრობა, მერე პარლამენტი, შედეგად რა დაგვრჩება? - ქაოსიანი ქვეყანა. კი, ბატონო! ალბათ, ამას ვიმსახურებთ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებულ კანონში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომლის განცხადებით,

მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ კეთილი პოლიციელის იმედზე.

„ჩვენი პოზიცია ცნობილია და თავიდანვე ვამბობდი, რომ შსს-ს გასაღები არ უნდა ჰქონოდა. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ სისტემა უნდა შეცვლილიყო. სამწუხაროდ, დღევანდელი მონაცემები მეტ-ნაკლები ცვლილებით კვლავ არის შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ კეთილი პოლიციელის იმედზე, არამედ იყოს კონკრეტული ცვლილება კანონმდებლობაში, რომელიც მომავალში უკანონო მოსმენებისგან დაგვიცავს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

„აქამდე ამბობდნენ, რომ არ გისმენდითო, ახლა გვაჩვენეს, რომ მოსმენები მათი ცხოვრების წესია“, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, რომლის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ მოსმენები არ იქნას გამოყენებული იგივე ოპერატიულ სამძებრო საქმიანობისას, ამაზე საუბარი არაა. მისი თქმით, უნდა ყოფილიყო ბალანსი დაცული, ვინაიდან სახელმწიფო უსაფრთხოება მოიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას.

„ბუნებრივია, ხელისუფლების ვალდებულებაა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაიცვას, ეს უსაფრთხოების ცნება, ფართო გაგებით, მოიცავს ადამიანის იმ უფლებების დაცვას, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას, რომლის პირდაპირ ხელყოფას ახდენს ეს კანონი. ამიტომ, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან ასაბუთებდა მოსმენების აუცილებლობას, ამ ცნების ქვეშ მოქალაქეს ნამდვილად არ მოიაზრებდა. როგორც ჩანს, მოიაზრებდა მხოლოდ საკუთარი ხელისუფლების უსაფრთხოებას. სხვა როგორ შეიძლება ერთმანეთისგან გამიჯნო სახელმწიფოს და მოსახლეობის უსაფრთხოება?“, - აცხადებს ლაგაზიძე.

მისივე განცხადებით, ამ კანონპროექტის განხილვისას საქართველოს პარლამენტში ძალზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა, პარლამენტმა დამოუკიდებელი სახე და დამოუკიდებელი მოთამაშის სტატუსი შეიძინა.

„გვახსოვს ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ ევროპას გავაოცებთ ჩვენი დემოკრატიითო. რაოდენ საკვირველი არ უნდა იყოს, ამ დღეებმა აჩვენა, რომ დღევანდელი მოცემულობა და პოლიტიკური კონფიგურაცია არის სწორედ ის, რომლითაც საქართველოსნაირ ახალ დემოკრატიას ნამდვილად შეუძლია გააოცოს ევროპა. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოში სულ მცირე, ორი უმაღლესი თანამდებობის პირი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს ეცილებიან მთავარი დემოკრატის დაფნის გვირგვინის მორგებაში. სწორედ ამ კანონზე მუშაობამ გამოკვეთა ის რეალობა, რომ დავით უსუფაშვილის დიდი ძალისხმევის შედეგად, პარლამენტი დამოუკიდებელი მოთამაშის სტატუსს იძენს, რაც დავიწყებული როლი იყო საქართველოს პარალამენტისთვის შევარდნაძის ხელისუფლების შემდგომ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

საქართველოს პრეზიდენტის და პარლამეტის თავმჯდომარის სახით, ჩვენ ვიღებთ ორ ძლიერ დამოუკიდებელ მოთამაშეს პოლიტიკურ დაფაზე და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა თანამედროვე ქართული პოლიტიკის. გარკვეულწილად, ეს არის იმ კონსტიტუციური მოდელის დამსახურება, რომელსაც ასე ხელაღებით ლანძღავდა ყველა. ეს არის სერიოზული მიღწევა“, - ამაბობს ექსპერტი.

როგორც ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, ამ ტრიუმვირატში ყველაზე სუსტი რგოლი, იმიჯის კუთხით, არის პრემიერმინისტრი. „დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე პრემიერმინისტრი თავისი აღმასრულებელი ხელისუფლებით გვევლინება ამ დემოკრატული პროცესების ერთგავრ ირიბ მონაწილედ. ამ დროს, მის ადგილას ნებისმიერი ისურვებდა ყოფილიყო არა ირიბი მონაწილე, არამედ ყოფილიყო პირველი გამწევი ძალა.

„სამწუხაროა, რომ მას ეს ამბიცია არ აქვს, ან ვერ აქვს. იმ დროს, როდესაც პრემიერი ძლიერ მოქალაქესა და ძლიერ სპეცსამსახურებს შორის არჩევანს აკეთებს ძლერ სპეცსამსახურებზე, ერთი რამ უნდა გაიხსენოს საქართველოს ახალგაზრდა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ვერც შევარდნაძეს შეუნარჩუნა კახა თარგამაძის დრონდელმა პოლიციამ ძალაუფლება, ვერც სააკაშვილს - მერაბიშვილმა თუ ახალაიამ. ამიტომ, თავიდანვე მცდარია პრემიერის აქცენტი, რომელიც მან ლოზუნგით გამოხატა - ძლიერი პოლიცია, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სპეცსამსახურები - ძლიერი მოქალაქის გარეშე ვერც ერთი ვერ იქნება.

პრიორიტეტების გადახედვა არ აწყენდა ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებას და მის მეთაურს იმისათვის, რომ იმ პროცესებში, რომელიც ქვეყანაში ხდება, მან რეალურად აიღოს ლიდერის როლი და არ დაამახსოვროს საზოგადოებას თავი ისეთი ოდიოზური გამონათქვამებით, თითქოს, ისინი ვინც ამ კანონს ეწინააღმდეგებოდა, ყველანი სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისკენ არიან მიმართული, ასეთი გამონათქვამები მას ღირსებას ნამდვილად არ მატებს. მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მთავარი დემოკრატის როლზე ბრძოლაში ერთმანეთს ეჯიბრებიან პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ამ ფონზე, პრემიერი თავისი გამონათქვამებით წამგებიან პოზიციაში გამოიყურება“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე