გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს კოალიციის მაჯისცემაზე ხელი ძლიერად უჭირავს და მან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ცხოვრების ყველა ნიუანსი იცის. კანონმდებელი ოპონენტებს მოუწოდებს „თავისუფალი-დემოკრატების“ რიგში მეხუთე კოლონას ნუ ეძებენ, რადგან მისი თქმით, უმრავლესობიდან ირაკლი ალასანიას გუნდი წავიდა და ამავე უმრავლესობაში ყოფილი თორმეტი ნაციონალი მიიღეს.
„თავისუფალი-დემოკრატების“ გეგმებსა და იმედგაცრუებაზე, for.ge გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:
ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მართავს არა ინსტიტუტები, არამედ ერთი კაცი. მის პოზიციას იზიარებთ?
- როდესაც, ალასანია ამბობს, რომ ქვეყანას ერთი კაცი მართავს, როგორც ჩანს, ის პოლიტსაბჭოს იმ შეხვედრას იხსენებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. ჩვენთვის სიურპრიზი იყო და ნამდვილად არ ველოდით, რომ ყოფილი პრემიერი იქ იქნებოდა. სამწუხაროდ, იქ „თავისუფალ-დემოკრატებს“ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება არ მოგვეცა, შესაბამისად, შეხვედრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. იმ პროცესების განაალიზების შედეგად, ვხვდებით, რომ კოალიციის ლიდერებს პროცესი იქამდე მიჰყავდათ, რომ ჩვენ კოალიცია დაგვეტოვებინა. როდესაც, ოჯახიდან და პოლიტიკური გაერთიანებიდან გდევნიან, არ აწყობთ, რომ მათთან ერთად იყო, ღირსების საკითხია, რომ გადაწყვეტილება მიიღო - თუ სად უნდა იყო.
იმ დღეების ანალიზიდან გამომდინარე, ალასანიას წარმოდგენა შეექმნა, რომ მისი პოსტიდან გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ღარიბაშვილის მიერ მიღებული არ იყო და ამ თემის განხილვაში ჩართული ყოფილი პრემიერიც იყო.
ანუ, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ალასანიას გადაყენების გადაწყვეტილება ივანიშვილმა მიიღო?
- პოლიტსაბჭოს იმ სხდომაში მონაწილეობას ივანიშვილიც იღებდა. შესაბამისად, თავს ნუ მოვიტყუებთ და სჯობს, ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. თუკი მას პროცესებზე გავლენა არ აქვს, მაშინ, ის იქ არ უნდა ყოფილიყო. ივანიშვილს მიმდინარე პროცესებზე გავლენა რომ აქვს, ეს იმითაც გამჟღავნდა, როდესაც მან საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა და საგამოძიებო საქმის ყველა დეტალი იცოდა, თან საკმაოდ სიღრმისეულად. მას კოალიციის მაჯისცემაზე ხელი საკმაოდ ძლიერად უდევს და მან ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ყველა ნიუანსი იცის. აქედან გამომდინარე, ალასანია ხაზს იმას უსვამს, რომ ყოფილი პრემიერი სახელმწიფოს მართვაში აქტიურ თანამონაწილეობას იღებს.
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია?
- თქვენ რაც გსურთ, ამას ის უწოდეთ.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე ივანიშვილის დასწრებასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრებს საკუთარი ახსნა აქვთ. ისინი ამბობენ, რომ პრემიერი შეხვედრას პროცესის გადარჩენის მიზნით ესწრებოდა...
- თუ ვინმე კოალიციის გადარჩენას და ჩვენს შენარჩუნებას ცდილობდა, ეს ასე არ კეთდება. ერთი ხელის მოსმით იმ პარტნიორების მოშორება არ შეიძლება, რომლებიც ძალიან დიდი გასაჭირის ჟამს გამოსცადე. ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან სასახელო და მძიმე წარსული გვაკავშირებს და არა უსახელო, უნიადაგო საქმიანობა. პროცესის გადარჩენა თუ გვსურდა, ერთმანეთთან მეტი უნდა გვესაუბრა.
ანუ, ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა გქონდათ?
- უდავოდ. იმ სკანდალურ დღეებში, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშილმა თქვა, რომ ტრაგედია არის ის, რომ მთავრობის თავმჯდომარეს თავდაცვის მინისტრთან ოთხი დღის მანძილზე არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონდა. თქვენ რომელ კომუნიკაციაზე მესაუბრებით? რა თქმა უნდა, კომუნიკაცია არათუ ნაკლები იყო, არამედ ბოლო თვეებში, ღარიბაშვილსა და ალასანიას შორის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი საერთოდ აღარ იყო. როცა პრემიერს მინისტრთან ურთიერთობა არ აქვს, ეს სახელწმიფოს ტრაგედიაა და სრული კოლაფსია.
ვიცი, რომ იმ დღეებში, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი დააკავეს, ალასანიამ მცდელობა არ დააკლო, პრემიერთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა, მას შეტყობინებებიც გაუგზავნა, მაგრამ იქედან არავითარი პასუხი არ იყო. როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერს მაშინ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ალასანიას თანანმდებობა უნდა დაეტოვებინა და ჩვენ კოალიციიდან წავსულიყავით. ეს პროცესი მწიფდებოდა და რატომ ხდებოდა ეს?
რატომ ხდებოდა? თქვენი კოალციიდან წასვლა ვისი მიზანი იყო?
- პასუხი არ მაქვს, მაგრამ მაინტერესებს, კოალიციიდან „თავისუფალი-დემოკრატების“ წასვლით ვინმემ იხეირა?
თუკი პრემიერს კოალიციიდან თქვენი გაშვება განზრახული ჰქონდა, მან იმ პროცესებით არ იხეირა?
- არ დაგეთანხმებით. თუკი კოალიციის შიგნით იმ პრობლემებზე საუბრობ, რომელიც ქვეყანას აქვს, ამით შენ უნდა გაღიზიანდე? თუკი ამ კრიტიკით ღიზიანდები, იმ კოალიციას ემსგავსები, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა და რომელსაც ყველას აზრი ფეხებზე ეკიდა.
როგორ ფიქრობთ, მინისტრთა კაბინეტში ალასანიას ყოფნა ღარიბაშვილს დისკომფორტს არ უქმნიდა, რომელსაც მასზე მეტი რეიტინგი ჰქონდა?
- თუკი მინისტრთა კაბინეტის რომელიმე წევრს შენზე მეტი რეიტინგი აქვს, ეს პრემიერისთვის პრობლემა კი არ არის, პირიქით, მისი წარმატებაა. ეს პრემიერს უნდა უხაროდეს და ეს მისთვის მასტიმულირებელი უნდა იყოს. არ მგონია, რომ ღარიბაშვილს იმაზე ედარდა, რომ ალასანიას მასზე მზარდი რეიტინგი ჰქონდა. სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იმიტომ არ მიბრძოლია, რომ ერთი ახსნის გარეშე, ჩემთვის ეთქვათ, რომ თქვენი და ჩვენი გზები გაიყო, საჭირო აღარ ხართ და ჩვენი მოწინააღმდეგები ხართო. ეს აზრი ვის თავში მომწიფდა და ვის თავში დამკვიდრდა, ვერ გეტყვით. მსგავსი დამოკიდებულება მცდარია და ეს წარმატებას „ქართულ ოცნებას“ არ მოუტანს, შესაბამისად - ქვეყანას. საკრებულოს რამდენიმე თავმჯდომარე პოსტიდან მხოლოდ იმიტომ გადააყენეს, რომ „თავისუფალი-დემოკრატები“ იყვნენ. ასე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იქცეოდნენ, როდესაც ადამიანების დევნა პოლიტიკური ნიშნით მიდიოდა და ადამიანებს პოსტებიდან ათავისუფლებდნენ. ჩვენ ხომ, ეს არ მოგვწონდა? ჩვენ რისთვის ვიბრძოდით და ეზოები რისთვის ავატალახეთ?
ყოფილი თანაგუნდელებით იმედგაცრუებული ხართ?
- რა თქმა უნდა! ვერ გეტყვით, რომ კოალიციიდან წასვლა, ჩემთვის მარტივი გადასატანი იყო, რადგან ჯერ ადამიანი ვარ და შემდეგ პოლიტიკოსი. კოალიციაში სულ სხვა დინებები მკვიდრდება.
კერძოდ, რას გულისხმობთ?
- ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით, ბევრად უარესი კანონი მივიღეთ, ვიდრე ვეტოს დადებამდე იყო.
თქვენ იმედების გაცრუებაზე ისაუბრეთ და მაინტერესებს, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებაზე გული არ დაგწყდათ?
- მის ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მე და თეა ძალიან ახლო მეგობრები ვართ. მეგობრებს პოლიტიკური კონიუნქტურის გამო არც ვიჩენ და არც ვიცვლი. ის ადამიანი არ ვარ, რომ ახლა წულუკიანი ავითვალისწუნო, გამარჯობა არ ვუთხრა. ჩვენს შორის მეგობრობა გაგრძელდება, მან გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ბევრს მოეწონა, ბევრსაც - არა.
რაც კოალიცია დატოვეთ, მასთან კომუნიკაცია გქონდათ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე არ გვისაუბრია.
კოალიციიდან თქვენი წამოსვლა სკანდალური იყო და პირველი ტალღაც ჩაცხრა. ოპონირების რეჟიმში, როდის გადახვალთ?
- ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, რთულია, ხელისუფლების წარმომადგენელმა დაიძინო და ოპოზიციონერმა გაიღვიძო. ჩემს თავზე წისქვილი არ დატრიალებულა, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. კვირას ხელისუფლების წარმომადგენელი იყო, ორშაბათს ოპოზიციონერი გახდე და სამშაბათს ყოფილი თანაგუნდელები გალანძღო, ეს მე არ შემიძლია, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა. ასეთი „ნიჭიერი“ არ ვარ.
ოპონირების რეჟიმში გადასვლას როდის შეძლებთ, რადგან თქვენს მიმართ უკვე კრიტიკა ისმის, რომ არ ოპოზიციონერობთ...
- ვინ მაკრიტიკებს, აქ მიშა სააკაშვილის ნარჩენები და გარეთ, ბურჯანაძის სახით ასევე მიშა სააკაშვილის ნარჩენები? ამ ადამიანებს ნაკლებად ვუსმენ, რადგან სხვების დამოძღვრისთვის მორალური უფლება უნდა გქონდეს.
საკრიტიკოს ვერ ხედავთ, თუ ჯერ ოპოზიციონერობა ვერ გაითავისეთ?
- ე.წ. გასაღების თაობაზე მკაფიო და მკაცრი პოზიცია დავაფიქსირეთ. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით, მკვეთრი პოზიცია ოქტომბერში დავაფიქსირეთ და ვგრძნობდით, რომ კოალიციიდან ჩვენი გარიყვა ხდებოდა. მათ შორის, ამ კანონპროექტზე მხარის არდაჭერა პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იყო. ბევრი კანონპროექტი იქნება, რომლის თაობაზეც განსხვავებულ მოსაზრებებს დავაფიქსირებთ. ნელ-ნელა ყველა უნდა შეეგუოს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში „თავისუფალი-დემოკრატები“ მუშაობდნენ როგორც კოალიციის წარმომადგენლები და ახლა საქმიანობას გააგრძელებენ როგორც ოპოზიცია.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერთ?
- ფრაქცია ფიქრობს, თუ რა ნაბიჯს გადადგამს. კლასიკური მაგალითია, რომ თუ ოპოზიციაში ხარ, ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირო, მაგრამ ხაზი იმასაც უნდა გავუსვათ, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილია და მან პროექტი ორი მოსმენით განიხილა. 1-ელ ოქტომბერს, როდესაც ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შემოვიდა, მხარს ვუჭერდით და ის განხილვების დროს გავაკეთილშობილეთ, შესაბამისად, პოზიციას შევაჯერებთ.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, „თავისუფალი-დემოკრატები“ მთავარი ოპოზიციური ძალა იქნებით?
- ეს გამოჩნდება, მაგრამ არ ვაპირებ, უმადურ ადამიანს დავემსგავსო, რომელიც თავისი პოლიტიკური მომავლისთვის განვლილ გზას დაივიწყებს. ეს იქნება ივანიშვილთან განვლილი, თუ ღარიბაშვილთან. ვინმეს სურვილი არ გაუჩნდეს, რომ ერთმანეთთან „თავისუფალი-დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დააკავშიროს. არიან ყმაწვილები, რომლებიც გუშინ სად დაეხეტებოდნენ, კაცმა არ იცის და დღეს, ჩვენ გვმოძღვრავენ. ერთ-ერთი ყმაწვილი გამოვარდა და ნინო გოგუაძე შეთქმულებაში დაადანაშაულა, მაგრამ, სანამ, ეს უწვერ-ულვაშო ადამიანი მაგიდის ქვეშ მამალოს წუწნიდა, მაშინ, მიხეილ სააკაშვილს ვეუბნებოდი, რომ ნაძირალა იყო და დღესაც ვამბობ, რომ ყოფილი პრეზიდენტი არის ნაძირალა.
„თავისუფალი-დემოკრატების“ რიგში მეხუთე კოლონას ნუ ეძებენ, რადგან უმრავლესობიდან მე წამოვედი და უმრავლესობაში ყოფილი თორმეტი ნაციონალი მიიღეს. არჩევნები მე რომ წამეგო, ის თორმეტი ადამიანი სად იქნებოდა? – „ნაციონალურ მოძრაობაში“. შეიძლება, პოლიტიკაში ყოფნას ვასრულებ, მაგრამ ერთადერთი, რაც შევინარჩუნე, ჩემი სახელი და ღირსებაა. შესაბამისად, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გაიხედ-გამოიხედეთ, სად ხართ და თქვენც გირჩევთ, უღირსად არ მოიქცეთ.