ე.წ. გასაღების თაობაზე, პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია, გიორგი მარგველაშვილი დათმობაზე წასულია, ელისო ჩაფიძისა და ანი მიროტაძის პოზიციები შეცვლილია, კობა დავითაშვილისა და დავით ბეჟუაშვილის მიერ კი, დეპუტატის უფლებამოსილება უმრავლესობის სასარგებლოდ აღქმულია.
ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით, პარლამენტმა ნოემბერში, პრეზიდენტის პირველი ვეტო გაიზიარა, დღეს კი, მეორე ვეტო 82 მომხრე ხმით 13-ის წინააღმდეგ დაძლია და ამის გამო, ქუდზე კაცი გამოიყვანა. თუ 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ რესპუბლიკელების კანონპროექტის ჩასაგდებად ხმების მობილიზაცია მოახდინა და ერთით მეტი ხმის არსებობისთვის ათენიდან ქუთაისში ყოფილი ნაციონალი და ამჟამინდელი „ოცნებისტი“ გოგი ლიპარტელიანი ჩაიყვანა, დღეს, ხანგძლივი პაუზის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს ასევე ყოფილი ნაციონალი და ამჟამად, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი ესტუმრა, რომელმაც მხარი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს დაუჭირა. ბეჟუაშვილის მსგავსად, კენჭისყრაში ერთი ხმა კობა დავითაშვილმაც დააფიქსირა, რომელიც გასულ კვირას, for.ge-ს არწმუნებდა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებდა, რადგან ის პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორებულია.
ბეჟუაშვილისა და დავითაშვილის მსგავსად, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი ელისო ჩაფიძემ და ანი მიროტაძემაც დაუჭირეს, რომლებიც გასული კვირის განმავლობაში იმის რწმუნებით იყვნენ დაკავებულნი, რომ შს სამინისტროში „გასაღების“ დატოვებას მხარს არ დაუჭერდნენ. 28 ნოემბრის კენჭისყრას მიროტაძე საერთოდ არ დაესწრო, მაგრამ მისგან განსხვავებით, ჩაფიძემ ხმა ხმალაძის ინიციატივას მისცა და ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ცვლილებების წინააღმდეგ წავიდა, მაგრამ დღეს, მან გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა და პულტი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გამოიყენა.
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას წინ პოლიტიკური დებატები უსწრებდა, სადაც ის დეპუტატებიც კი ამეტყველდნენ, რომელთაც ორი წლის მანძილზე, პლენარულ სხდომაზე განცხადებების კეთებით თავი არ წარმოუჩენიათ. მათ რიგებში იყო თამაზ მეჭიაური, რომელმაც სინანული გამოთქვა, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა პრეზიდენტს კონსტიტუციის ნაცვლად, სულხან-საბა ორბელიანის „კუ და მორიელი“ არ მიუტანა, რათა მისი თქმით, მარგველაშვილს მეტი დასკვნა გამოეტანა. არაორდინალური განცხადებების კეთებაში მეჭიაურს არც უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ჩამორჩა, რომელსაც პრეზიდენტის ვეტომ თოხი გაახსენა.
აღსანიშნავია, რომ ფრაქცია - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ქილიკის საპასუხოდ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე სიმშვიდეს ინარჩუნებდა და მათ კანონპროექტის თაობაზე გიორგი მარგველაშვილის შენიშვნებს განუმარტავდა.
როგორც for.ge-ს კვერენჩხილაძემ განუცხადა, მოსმენების თაობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს უკეთესი მოდელი შესთავაზა, ვიდრე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული ცვლილებებია.
მისი თქმით, პრეზიდენტის ალტერნატიული წინადადებები, რომლის მიხედვით, ერთი „გასაღები“ შსს-ს ჰქონდა, მეორე „გასაღები“ სასამართლოს, ხოლო პროცესზე კონტროლი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ევალა, სანდოობის თვალსაზრისით, მაღალ საფეხურზე იდგა.
„ჩვენი პროექტი ერთი მხრივ, ადამიანის უფლებებს დაიცავდა, მეორე მხრივ კი, ქვეყნის უსაფრთხოებას“, - განაცხადა კვერენჩხილაძემ, რომლის მსგავსად, საკუთარი პროექტის სისწორეში დარწმუნებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, რომელსაც მმართველმა გუნდმა პროექტი კენჭისყრაზე 28 ნოემბერს ჩაუგდო.
for.ge-სთან საუბარში ხმალაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებას შესაძლებლობა აქვს, უკანონო მოსმენა განახორციელოს, მაგრამ მის მიერ მომზადებული პროექტით, იმის მცდელობა იყო, რომ უკანონო მოსმენების ალბათობა შემცირებულიყო. დეპუტატის თქმით, ხელისუფლების მხრიდან მოსმენების რისკი დიდია, იმ კანონით კი, რაც პარლამენტმა მიიღო, მოსმენების რისკი კიდევ უფრო მაღალია.
„უკანონო მოსმენა მოხდება თუ არა, ეს ერთი მხრივ, დამოკიდებულია ხელისუფლების წესიერებაზე, ხოლო მეორე მხრივ, იმ კონტროლზე, რომელიც ხელისუფლების სხვა განშტოებებმა უნდა განახორციელონ. უნდა ითქვას, რომ მოსმენები დამოკიდებულია თვითშეგნებასა და პატიოსნების დონეზე“, - განუცხადა for.ge-ს ხმალაძემ, რომლის მსგავსად, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიციონერი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი.
როგორც for.ge-ს კუბლაშვილმა განუცხადა, შსს-დან ის აპარატურა უნდა გამოსულიყო, რომელიც აუცილებელია პირდაპირი წვდომისთვის. მისი თქმით, შსს-დან სერვერის გატანა იმას არ ნიშნავს, რომ შსს ინფორმაციას კონკრეტულ კრიმინალთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოიპოვებდა.
„შსს-დან სერვერის გატანა იმის გარანტი იყო, რომ სატელფონო საუბრებზე წვდომა სასამართლოს გვერდის ავლით, სასამართლოს თანხმობის გარეშე და უკანონოდ არ ექნებოდა. უმრავლესობის პოზიცია იყო, რომ შსს-ში სატელეფონო საუბრებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა განუსაზღვრელი რაოდენობით უნდა დარჩეს. ეს იმ პრაქტიკის გაგრძელებაა, რაც იყო. ათეული ათასი ადამიანის საუბრებს ისევ მოისმენენ. ეს დათვური სამსახურია, რომელსაც პარლამენტი შსს-ს უწევს, რადგან სამწუხაროდ, მოსმენები ისევ გაგრძელდება იგივე პროგრამით, იგივე ფორმით და იგივე აპარატით, რაც აქამდე იყო“, - აცხადებს კუბლაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ვეტოდადებულ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნები სამწუხაროდ ცუდად იყო მომზადებული.
კანონმდებელის თქმით, როცა პრეზიდენტმა ვერ გაიზიარა პრობლემა სად არის, ამან უმცირესობას იმის საშუალება არ მისცა, რომ მისი შენიშვნები გაეზიარებინა.
კუბლაშვილის მსგავსად, პრეზიდენტის შენიშვნების შინაარსით იმედგაცრუებულია ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პარლამენტმა არჩევანი ცუდს და უარესს შორის გააკეთა და უარესი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტით დაკანონებულია, რომ შსს მოსმენებს გააგრძელებს.
დეპუტატის განცხადებით, ის ფასადური უფლებამოსილებები, რომელიც თითქოს, ინსპექტორს გადაეცემა, იმის გამორიცხვას ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს, რომ შსს მოქალაქეების მოსმენას ყოველგვარი კონტროლის გარეშე არ გააგრძელებს.
„პრეზიდენტის შენიშვნები რეალურ სიტუაციას ვერ ასახავდა და ის ბუნდოვან ფორმულირებებს გვთავაზობდა“, - დასძენს თაქთაქიშვილი, რომლის მსგავსად, პრეზიდენტის შენიშვნებს აკრიტიკებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის საკითხზე აპელირებს.
კანონმდებელის მოსაზრებით, 82 დეპუტატის ხმა მეტყველებს იმაზე, რომ მათმა პროექტმა კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვა.
„ნაბიჯი წინ გადავდგით და ვაპირებთ, რომ რეფორმა გავაგრძელოთ, რომელიც ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს“, - აღნიშნავს ბესელია, რომლის პოზიციას იზიარებს დავით საგანელიძე.
უმრავლესობის ლიდერი პრეზიდენტს შეახსნებს, რომ ვეტო თოხი არ არის და როცა მოგეხალისება, პროცესებს ისე არ უნდა ურტყა.
„ვეტო თოხი არ არის, მაგრამ თოხს და თოხისგან მიღებულ შედეგებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ასევე უნდა იყოს ვეტო და მას დასაბუთება უნდა ჰქონდეს და არა ისე, რომ კანონს ჯერ ვეტო დაადო და შემდეგ შენიშვნები წერო“, - განაცხადა საგანელიძემ.
უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტში ერთადერი ძალა, რომელმაც პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიარა „თავისუფალი-დემოკრატები“ იყვნენ და მათ ქვეყნის პირველ პირის სასარგებლოდ ტაბლოზე ცხრა ხმა დააფიქსირეს. თავად პრეზიდენტმა კი დღის ბოლოს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონოპროექტს ხელი მოაწერა და მაცნეში გამოაქვეყნა, რის თაობაზეც for.ge-ს კითხვის საპასუხოდ, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოებრივად მოიქცა და 1-ელი დეკემბრის ფაქტორის გამო ძალოვანი უწყება სამართლებრივ ვაკუუმში არ შეიყვანა.
რაც შეეხება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტით, ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა შემოდის, რომლიდანაც ერთი „გასაღები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა, ხოლო მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.