სავიზო რეჟიმის გამკაცრებისა და მთავრობის მიერ შერჩეული პოლიტიკის გამო, საქართველოში ტურისტების მოზღვავება აღარ შეინიშნება, ის კი არა, ტუროპერატორები ვიზიტორთა ნაკადის კლებაზე ალაპარაკდნენ. ტურიზმის ადმინისტრაცია კი საპირისპირო ტენდენციაზე საუბრობს. ბოლოს და ბოლოს შემცირდა თუ გაიზარდა საქართველოში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა გაუგებარია.
კომპანია „გოუ ტურში” ამტკიცებენ, რომ მოთხოვნა განსაკუთრებით საქმიან ტურებზე შემცირდა, რომელიც სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. ამის მიზეზი კი მათი აზრით, ინფრასტრუქტურის არარსებობაა.
„ამბობენ, რომ რეგიონებში საკონფერენციო დარბაზები არ არის, თბილისამდე ჩამოსაფრენი ბილეთებიც საკმაოდ ძვირია, ნორმალური მომსახურების მქონე სასტუმროებსაც ისეთი ფასები აქვს... ყაზახეთიდან ბევრად უფრო იაფად დუბაიში წავლენ, ვიდრე საქართველოში. სწორედ ამის გამო საქართველოს პროგრამიდან ძალიან ბევრი ჯგუფი აგდებს“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
ტურისტულ სააგენტო „გუდ თრეველში“ კი ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა წელს, დაახლოებით, 40%-ით შემცირდა. კომპანიის შიდა ტურების მენეჯერი ირაკლი ჩაქუჩაძე ტურისტების შემცირებას მთავრობის ნაბიჯებს უკავშირებს და ამბობს, რომ მიდგომა ტურისტებთან და საერთოდ, ტურისტულ ბიზნესთან მიმართებით, სასწრაფოდ შესაცვლელია.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია კი სულ სხვაგვარ მონაცემებს აქვეყნებს. „კომერსანტთან“ საუბრისას ადმინისტრაციის წამომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა.
მათი ინფორმაციით, 2013 წლის ათი თვის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 4 მილიონ 581 ათას 537 ადამიანი შემოვიდა, რაზეც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემები 2%-ით, ანუ 75 ათას 988-ით მეტია და 4 მილიონ 657 ათას 525 ტურისტს შეადგენს. სტატისტიკის თანახმად, ევროპიდან შემომსვლელთა რიცხვი მიმდინარე წელს 10%-ით გაიზარდა, 7%-ით არის გაზრდილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა.
თუმცა, 36%-ით არის შემცირებული აღმოსავლეთ აზიიდან შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა. 2013 წელს ქვეყანაში 109 ათას 042 ადამიანი შემოვიდა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 69 ათას 379. ასევე 36%-თაა შემცირებული შუა აღმოსავლეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა. რაც შეეხება აფრიკის ქვეყნებს, საქართველოში აფრიკიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, 2014 წლის ათი თვის განმავალობაში 15%-ით შემცირდა და 3 ათას 763 პირი შეადგინა.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმს ზრდის პოტენციალი აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდებოდეს. ტურიზმი რამდენიმე ფაქტორის გამო არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მნიშვნელოვნების გაანალიზება და ამის საჯაროდ გამოტანა იქნება ჩემი ერთ–ერთი მთავარი ამოცანა.
ტურიზმი არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი დასაქმებისათვის, ქვეყნის პოპულარიზაციისათვის, ინვესტიციებისათვის. ტურიზმს გააჩნია ერთი თვისება – ის შეიძლება სწრაფად განვითარდეს და მის განვითარებასთან ერთად, განვითარდეს ახლომდებარე სექტორები და მიმართულებებიც. მაგალითად, ტურიზმის ზრდასთან ერთად ვითარდება სასტუმროები, რესტორნები და ასე შემდეგ”, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.