უკვე მეორე წელია ბიუჯეტი დიდი გამოცდის წინაშეა. წლევანდელი იანვარ-ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტში 7,174 მილიარდი ლარი შევიდა, 2014 წლის გეგმა კი 9,105 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის შესრულებას 22% უკლია, რაც წლის დარჩენილ პერიოდში ერთი შეხედვით შეუსრულებელი ამოცანაა.
არ არის გამორიცხული, დეკემბრის ბოლოს ბიუჯეტს 200-300 მლნ ლარი დააკლდეს. შარშანდელთან შედარებით ეს უკეთესი მაჩვენებელი კი იქნება, მაგრამ საბიუჯეტო პარამეტრების სრულად შესრულება საფრთხის ქვეშაა.
2 თვეში 2 მილიარდი ლარის შეგროვება, რა თქმა უნდა, უკიდურესად გაჭირდება. მთავრობამ 1 თვეში 1 მილიარდი მხოლოდ ერთხელ - სექტემბერში - შეაგროვა. შეიძლება წლის ბოლომდე ბიუჯტში უფრო მეტი თანხა შევიდეს, ვიდრე საშუალოდ ყოველ თვე შედის, მაგრამ ეს შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძე ოპტიმისტურად უყურებს მოვლენებს. იგი არ ეთანხმება პესიმისტურ მოსაზრებებს, რადგან ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი გადაჭარბებით სრულდება.
„მართალია, შემოსულობების ნაწილში ცოტა პრობლემები შეინიშნება, მაგრამ წლის ბოლომდე ეს ნაწილიც შესრულდება და თუ არ შესრულდება, ჩამორჩენა უმნიშვნელო იქნება. პრობლემა უფრო ხარჯვით ნაწილში გვაქვს, მაგრამ იმედია, ესეც კატასტროფული არ იქნება, რადგან აშკარა გაუმჯობესება იგრძნობა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მხრივ“, - ამბობს კვიჟინაძე და დასძენს, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მდგომარეობას პარლამენტში მალე წარადგენენ. ამიტომ საბოლოო შედეგების გაცნობის გარეშე ამ თემაზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევია:
„ჩემი აზრით, ბიუჯეტი არ გაირღვევა, მაგრამ თუ ხარჯვით ნაწილში რაღაც ვერ შესრულდება, ეს ჩვენი ეკონომიკისათვის სერიოზული პრობლემა არ იქნება“, - განაცხადა დეპუტატმა.
სპეციალისტები კი ხელისუფლების წარმომადგენელთა შემართებას არ იზიარებენ. ისინი კარგა ხანია აკვირდებიან საბიუჯეტო პროცესებს და წლის ბოლოს პრობლემას ოქტომბრიდან მოყოლებული პროგნოზირებენ. მით უფრო კი ახლა, როდესაც აშკარაა, რომ ბიუჯეტის გარღვევა სახეზეა.
„ზოგიერთი ჩემი კოლეგის ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ დეკემბრის ბოლოს ბიუჯეტს 300 მილიონ ლარამდე დააკლდეს, ჩემი აზრით, ეს ყველაზე უკეთესი ვარიანტია. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში გეგმა შესრულებულია. შემოსავლების სამსახური მართლაც კარგად მუშაობს და წელს ამ მიმართულებით პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ საბიუჯეტო შემოსულობები მარტო საგადასახადო შემოსავლები არ არის, ამას ემატება გრანტები, კრედიტები და სხვა შემოსავლებიც. სამწუხაროდ, კრედიტების ნაწილში სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს, რაც აშკარად მენეჯმენტის პრობლემაა. ფაქტია, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაგეგმილი კრედიტების ათვისებას.
ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ გარდა ამისა, გვაქვს ხარჯვითი ნაწილი, სადაც სერიოზული ხარვეზებია. ზოგიერთი სახელმწიფო უწყების მიერ თანხა სრულად არის ათვისებული, მაგრამ რიგი სამინისტროებისა, განსაკუთრებით კი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვერ ასრულებს გეგმით გათვალისწინებული ხარჯების ათვისებას და შედეგიც სახეზეა“, - აცხადებს სააგენტო „ბიპიენთან“ საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე.
მისი თქმით, ბიუჯეტთან დაკავშირებით მკითხაობა სულაც არ არის საჭირო, ამას სჭირდება სახაზინო ანგარიშებში ჩახედვა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ როგორც შემოსულობების, ასევე ხარჯვით ნაწილში გეგმა შეუსრულებელია.
„ვიღაცას ამის აღიარება თუ არ უნდა და პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, იხტიბარს არ იტეხს, ეს სულ სხვა თემაა. ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ანგარიშში კი წერია, რომ გეგმა ორივე მიმართულებით შეუსრულებელია. აქედან გამომდინარე, პროგნოზი, რომ 2014 წლის ბიუჯეტი გაირღვევა, სავსებით რეალური და საფუძვლიანია. იმედი არ მაქვს, რომ ჩამორჩენა, რომელიც 10 თვის განმავლობაში გვქონდა, ახლა დაიძლევა, ეს ყოვლად წარმოუდგენელია“, - დასძინა კალანდაძემ.