საქართველოში უკვე მილიონამდე ავტომობილია და ამის გამო მილიონობით პრობლემა გაჩნდა - ეკოლოგიიდან მოყოლებული გაუთავებელი საცობებით დამთავრებული. სპეციალისტები ხელისუფლებას ურჩევენ, რომ რაც შეიძლება მალე იზრუნონ მანქანების რაოდენობის შემცირებაზე და ამისათვის შესაბამისი სტრატეგია შეიმუშაონ.
„ქვეყნის მასშტაბით დღეს 900 000-ზე მეტი ავტომობილია, აქედან 40% დედაქალაქშია თავმოყრილი. ავტომობილებით ასე გადატვირთვა კი საცობებსა და ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად 8000 დაშავებული და 600-მდე დაღუპული გვყავს“, - აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი.
მისი განცხადებით, საჭიროა შეიქმნას ორგანო, რომელიც სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ამ გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობას აიღებს.
„იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და საცობებისგან გავთავისუფლდეთ, საკმარისი არ არის, რომ ესტაკადა აშენდეს, „ჭკვიანი შუქნიშნები“ დამონტაჟდეს, ორმხრივი მოძრაობის ქუჩები გაიხსნას. ეს მხოლოდ დროებით თუ მოაგვარებს პრობლემას. საჭიროა გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება და აქცენტი მანქანების რაოდენობის შემცირებაზე გავაკეთოთ. ევროპულ ქვეყნების სტარტეგია მიმართულია იქითკენ, რომ ავტომობილების რაოდენობა შემცირდეს ქალაქში, განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტი იარონ ფეხით ადამიანებმა.
ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება ავტომობილების რაოდენობა. ის ღონისძიებები, რაც ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ტარდება, არ არის საკმარისი. ამას უფრო კომპლექსური მუშაობა სჭირდება. სჭირდება როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ დონეზე საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის შექმა. ჩვენ დაახლოებით მაინც უნდა ვიცოდეთ, რა გველის 4 წლის შემდეგ“, - განაცხადა ლალიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი 2002 წლამდეა წარმოებული, უფრო მეტიც, ჩვენს ავტოპარკში 11-დან 20 წლამდე და უფრო მეტი ხნის ავტომობილების აშკარა სიჭარბეა.
არასამთავრობოთა ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივას“. ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე კიდევ უფრო რთულ მდგომარეობას პროგნოზირებს. მისი გაანგარიშებით ამჟამად ჩვენს ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების რაოდენობა მილიონს აღწევს და მათი უმრავლესობა მოძველებული, ექსპლოატაციიდან გამოსული მანქანებია.
„ხელთ მაქვს 2013 წლის ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ჩვენი ავტოპარკის 57 პროცენტს 20 წელს გადაცილებული მანქანები შეადგენენ, 17 პროცენტს - 15 წელს გადაცილებული, 11 პროცენტს - 10-დან 15 წლამდე ასაკის მანქანებია და მხოლოდ 3 პროცენტია 5 წლამდე ასაკისა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს ავტომობილების განბაჟება და ჩვენ ავტოპარკს ეს რაოდენობაც ემატება, ნათელი ხდება, რომ ავტომობილების რაოდენობა საქართველოში ზრდას განაგრძობს“, - ამბობს ურუშაძე.
მისი აზრით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ქაოტურად იზრდება და ხელისუფლება ვერანაირ რეგულაციას ვერ აწესებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
„თუ სახელმწიფომ ვერ შეძლო, რომ ავტომობილების რაოდენობა ქალაქების განვითარების ტემპის შესატყვისი იყოს, ჩვენი ქუჩები მთლიანად გაიჭედება და მოძრაობა შეუძლებელი გახდება, რასაც თბილისის ქუჩებში უკვე ხშირად ვაწყდებით. გაუთვალისწინებელი საცობების გამო ადამიანები აგვიანებენ, ნორმალურად ვერ მოძრაობს სასწრაფო და სამაშველო სამსახური, ფერხდება დისტრიბუციის სერვისი, რომელიც პურითა და საკვებით ამარაგებს მაღაზიებს და ა.შ. ამიტომ ყველა ქვეყანაში არსებობს რეგულაცია, რომლებიც მოძრაობას აწესრიგებს, საქართველოში კი ასეთი რამ არ ხდება.
არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ტაქსების სიმრავლე: თუ შეუიარაღებელი თვალით გადავხედავთ, ტაქსების უმეტესობა 20 წელს არის გადაცილებული, ადამიანს სჭირდება ავტომობილი და იაფი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაადგამს ავტომობილს და ხდება დასაქმებული. უმუშევრების უმეტესობა სწორედ ასე იქცევა, ამიტომ, დღეს ვინმემ რომ იკითხოს, რამდენი ტაქსი გადაადგილდება თბილისის ქუჩებში, არავინ იცის, იმ ორგანოებმაც კი, ვისაც ამის ცოდნა ევალება“, - დასძენს ურუშაძე.