პრეზიდენტს ტესტის ჩაბარება მოუწევს, პარლამენტს დაბრკოლების გადალახვა

პრეზიდენტს ტესტის ჩაბარება მოუწევს, პარლამენტს დაბრკოლების გადალახვა

ე.წ. გასაღების თაობაზე კანონი მიღებულია და პრეზიდენტისთვის ხელის მოსაწერად გადაგზავნილია, პარლამენტი კი, ვეტოს მოლოდინშია. for.ge-ს ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს და საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივითაც მიმართავს, რომ ერთი „გასაღები“ შს სამინისტროს გადაეცეს, მეორე „გასაღები“ სასამართლოს ჩააბარონ, ხოლო პროცესზე მონიტორინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა განახორციელოს.

გიორგი მარგველაშვილის ვეტო დადებულ კანონზე პარლამენტი მსჯელობას დღეს, 14:00 საათზე დაიწყებს და შენიშვნებსაც ოფიციალურად გაეცნობა, მაგრამ გაურკვეველია, პრეზიდენტის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს თუ არა ფრაქცია - „ქართული ოცნება“, რომელთა მხარდაჭერით მიღებული კანონით, ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა შემოდის, რომლიდანაც ერთი „გასაღები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა, ხოლო მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.

საპარლამენტო უმრავლესობის 73 წევრმა 30 დეპუტატის წინააღმდეგ კანონი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა, უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტა და პრეზიდენტს მიმართა გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს - კანონს ან ვეტო დაადოს, ან მას ხელი მოაწეროს.

დეპუტატთა ნაწილი პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადების რეკომენდაციას აძლევს, მეორე ნაწილი ცვლილებებს აკრიტიკებს და უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, კანონის ავტორები კი აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკაში პოპულარობის მოსაპოვებლად არ არიან და საკუთარი იმიჯის დარტყმების ფონზე სახელწიფოსთვის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

როგორც for.ge-ს „თავისუფალმა-დემოკრატმა“ შალვა შავგულიძემ განუცხადა, პარლამენტმა ძალიან ცუდი კანონპროექტი მიიღო, პასუხისმგებლობა კი იმ დეპუტატებზეა, რომელთაც ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. მისი თქმით, აგვისტოში მიღებული ცვლილებები ფარული მოსმენა-მიყურადების 80 პროცენტს წყვეტდა, მაგრამ ეს შედეგები ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის წინადადებამ გააქარწყლა.

„შს სამინისტროს ისევ შეუზღუდავი უფლება რჩება, რომ ფარული მოსმენა-მიყურადება გარე კონტროლის გარეშე განახორციელოს, ისევე როგორც ელექტრონული თვალთვალი, რაშიც კომპიუტერული თვალთვალი შედის. ეს კანონი უკან გადადგმულია, მაგრამ არაუშავს, რადგან ამ ქვეყანას ძალიან ბევრი ჭირ-ვარამი აქვს გამოვლილი და დარწმუნებული ვარ, საღი აზრი გაიმარჯვებს. მომავალში იმ რეგულაციის მიღებას შევძლებთ, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსს ერთი მხრივ, პირადი ცხოვრების ხელშეხულებლობის უფლებასა და მეორეს მხრივ, სახელმწიფო უშიშროებასა და უსაფრთხოებას შორის“, - აცხადებს შავგულიძე.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მხრიდან კანონზე ვეტოს დადება მოსალოდნელია, რადგან მან მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ვეტო მხოლოდ იმიტომ დაადო, რომ „გასაღები“ შსს-ში სამი თვით არ უნდა დარჩენილიყო.

„შსს-ში „გასაღები“ სამუდამოდ რჩება, შესაბამისად, მჯერა, რომ პრეზიდენტი თანმიმდევრული იქნება და ამ კანონს ვეტოს დაადებს. ვეტოს დადება დიდ სიკეთეს არ ნიშნავს, რადგან გააჩნია, კანონს ვეტო რა შენიშვნებით დაედება და რამდენად პროგრესირებული იქნება ვეტოში მოწოდებული შენიშვნები. იმედი მაქვს, პრეზიდენტის აპარატი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებდა და შენიშვნები გონივრული ბალანსის ფარგლებში იქნება“, - აცხადებს შავგულიძე, რომლის მსგავსად, კანონს აკრიტიკებს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.

for.ge-სთან საუბარში ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტმა ბევრად უფრო გაუარესებული პროექტი მიიღო, ვიდრე აგვისტოში მიღებული პროექტი იყო. მისი თქმით, ეს კანონი იმ მექანიზმებს არ იძლევა, რომლითაც შს სამინისტროს მხრიდან უკანონო მოსმენები აღკვეთილი იქნება.

„კანონპროექტი კონტროლის არანაირ ბერკეტს არ შეიცავს, რომლითაც უკანონო მოსმენების აღკვეთა მოხდება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ჩვენი შეცდომებიდან გაკვეთილები ვერ გამოაქვს. ქვეყნის მართვა იგივე საშუალებებით არ შეიძლება, მაგრამ ეს გაკვეთილი უმრავლესობამ ვერ გამოიტანა. მოქალაქის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა იდგეს და ჩვენ შეცდომა სწორედ აქ დავუშვით“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

კანონმდებელის შეფასებით, პრეზიდენტისთვის კანონზე ვეტოს დადება ერთგვარი ტესტი იქნება - რამდენად თანმიმდევრულია ის და არის თუ არა ის პრინციპების ერთგული.

„ვნახავთ, პრინციპულობას გამოიჩენს თუ არა პრეზიდენტი. არ ვიცი, მარგველაშვილი რას იზამს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა, რომლის მსგავსად, რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილს პასუხი არ აქვს - პრეზიდენტი კანონს დაადებს თუ არა ვეტოს.

როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, ბურთი პრეზიდენტის მხარესა.

მისი თქმით, დემოკრატიზაციის პროცესი პარლამენტში გააგრძელდება, მაგრამ 0პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ამ ვითარებაში საკუთარ თავს და ფუნქციას როგორ შეხედავს.

„პროგნოზისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს მისი საფიქრალია“, - დასძინა ბერძენიშვილმა, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი თინა ხიდაშელი.

for.ge-სთან საუბარში ხიდაშელი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა კანონს ვეტო ერთი თვის წინ დაადო, ამჟამინდელი ვერსია კი, ფუნდამეტურად გაუარესდა. ხიდაშელის განცხადებით, უმრავლესობას ძალის დემონსტრირება რომ ნდომოდა, ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტს აუცილებლად გაიტანდა.

„დეპუტატებთან წინასწარ ვისაუბრებდით და ჩვენს კოლეგებს მოვამზადებდით. რესპუბლიკელებს კოალიციური ურთიერთობების ეთიკა არცერთი წამით არ დაგვირღვევია. ჩვენ ძალის დემონსტრირებას არავისთვის არ ვახდენთ. ადამიანები ვიცი, რომლებიც მათ მიერ შექმნილი მითების მსხვერპლნი არიან და მათ მოვუწოდებ მოვლენები რაციონალურად გაანალიზონ, ეიფორიაში ნუ ჩავარდებიან, რადგან ყველაფერი წესრიგშია. უბრალოდ, ბრძოლა უფრო მეტად პრინციპების დაცვისთვის მოგვიწევს“, - განუცხადა for.ge-ს ხიდაშელმა, რომელმაც პროტესტის ნიშნად, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო.

მოწინააღმდეგების საპასუხოდ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ თემა პოლიტიკურ კონტექსტში იქნა განხილული.

როგორც for.ge-ს ბესელიმ განუცხადა, როდესაც საუბრობენ, რომ კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია, მას აინტერესებს, კონკრეტულად, უკუპროცესი რაში მდგომარეობს.

ბესელიას განცხადებით, მიღებული კანონით ინსპექტორი აკონტროლებს არამარტო სატელეფონო საუბრებს და მიყურადებას, არამედ კავშირგამბულობის საშუალებებსაც.

„ეს მაქსიმუმია, რაც შეიძლებოდა ინსპექტორისთვის მიგვეცა და მივეცით კიდეც. როცა შალვა შავგულიძე ინტერნეტ სივრცის კონტროლთან დაკავშირებით საუბრობს, მას იმ ჯადოსნური ფორმულის შეთავაზება ვთხოვე, რომელიც მას ერთწლიანი სამუშაო ფორმატში არ შეუმუშავებია. თუ ეს ჯადოსნური ფორმულა არსებობს, მან რატომ არ დაასახელა? ინტერნეტ სივრცე თუ რა მეთოდით კონტროლდება, მან ეს ვერ დაასახელა. ეს ყველაფერი საბაბი იყო იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები ცოტა სხვაგვარად იქნეს გამოყენებული სხვადასხვა პოლიტიკურ ძალის მიერ, რომელთაც სხვადასხვა ინტერესები აქვთ“, - აცხადებს ბესელია.

კანონმდებელის შეფასებით, პარლამენტმა სახელმწიფოებრივად დაბალანსებული კანონი მიიღო და არა რომანტიკული სურვილებით გაჯერებული.

„უმრავლესობის შიგნით ორი პროექტი გაჩნდა და კითხვები აქაც მაქვს, რადგან პოზიციების შეჯერების მცდელობა ხომ უნდა ყოფილიყო? დაპირისპირების სივრცე შეიქმნა, ეს დემოკრატიის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. საუბარია იმაზე, რომ თურმე, ბრძანებებს ერთი კაცი იძლევა და ის დიქტატორია, მაგრამ ამ პროცესებმა აჩვენა, რომ ეს სიმართლე არ არის“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ბესელია კანონზე პრეზიდენტის ვეტოს არ ელოდება და ამბობს, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან რამდენიმე დღე სამართალდამცავი უწყება რეგულაციების გარეშე რჩება.

„სახელწმიფორობივი აზროვნებიდან გამომდინარე ვეტოს არ ველოდები, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პრეზდიდენტი პასუხისმგებლობას არ იღებს. პოლიტიკაში საკუთარი პოპულარობის მოსპოვებლად არ ვართ, ჩვენთვის ხელისუფლება ხალხს იმისთვის არ ჩაუბარებია, რომ ამ სიტუაციაში ვიღაცა უკეთესად გამოჩნდეს და ვიღაცა ცუდად. პასუხისმგებლობა იმიტომ ავიღეთ, რომ ზოგჯერ საკუთარი იმიჯის დარტყმების ფონზე სახელმწიფოსთვის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს“, - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შსს-ს დარჩა. მან ამის შესაძლებლობა ე.წ. გასაღების დატოვებით შეინარჩუნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიცემული მეორე „გასაღები“ კი, მხოლოდ ფარული სატელეფონო მოსმენებისას იმუშავებს.