შეეწირება თუ არა ბიუჯეტს ლარის კურსი

შეეწირება თუ არა ბიუჯეტს ლარის კურსი

დღეს საზოგადოების უპირველესი განხილვის თემა ლარის კურსია. მასზე საუბრობენ ყველგან - სახლში, სამსახურში, ქუჩაში, ტრანსპორტში. ხალხი მთავრობისგან პასუხს და გადამწყვეტ ნაბიჯს ელის. ჯერ დეკემბერიც არ დამდგარა, როდესაც ეროვნულ ვალუტას ტრადიციულად ყველაზე მეტად უჭირს.

უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის კურსის დაცემასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესებს კავშირი არ აქვს საბიუჯეტო სახსრების აუთვისებლობასთან.

„სჯობს, ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთოს განცხადება. მოგეხსენებათ, საქართველოში მონეტარულ პოლიტიკას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, თუ ბიუჯეტი გაუხარჯავია, მით უფრო ვერ გააუფასურებდა ლარს, მაგრამ ბიუჯეტი სრულდება გეგმის მიხედვით და არანაირ ზედმეტ ხარჯს ადგილი არ აქვს. შესაბამისად, ბიუჯეტის გავლენა ლარის კურსზე არის ნულის ტოლი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ასეთი მოსაზრების აბსოლუტურად არ სჯერათ საქმეში ჩახედულ ადამიანებს. ექსპერტები სწორედაც რომ დარწმუნებულნი არიან კურსის გაუფასურებასა და საბიუჯეტო პროცესების ურთიერთკავშირში. როგორც ჩანს, უკვე დაწყებულია წლის ბოლოს დაგროვილი ხარჯების რეალიზაცია და ეს პროცესი ლარის კურსსაც დაეტყო.

„აქვე რამდენიმე ფაქტორიც დაემთხვა ერთმანეთს: დოლარზე მოთხოვნა იზრდება, თანაც, წლის ბოლოა, ინვესტორებს ფული გააქვთ, ხალხიც დაფრთხა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მიაწყდა - ნაწილობრივ ეს იმის ბრალია, რომ ბიუჯეტის შეუსრულებელი ხარჯების დაფარვა წლის ბოლოს ხდება, რაც ძალიან მოქმედებს ვალუტის კურსზე“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.

მისი აზრით, ლარი მაღალ ნიშნულზე ისედაც ხელოვნურად იყო შეჩერებული და თუ ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად დაიწყებს ლარის კურსის ნელ-ნელა დაწევას, ეს ცუდი სულაც არ იქნება, რასაკვირველია, თუ ეს ეკონომიკაზე იქნება მიბმული. „ლარს არავინ გაწირავს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე დოლარისა და ლარის მიმართება 1,9 ნიშნულზე დაფიქსირდება და 2015 წელს ეს ტენდენცია შენარჩუნდება“, - აღნიშნა გიორხელიძემ.

ეკონომიკის განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარეს, ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტს რომან გოცირიძეს უკვირს რატომ არავის უხარია ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება, თუნდაც ქართველ ექსპორტიორებს. იგი კურსის რყევას ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას და უცხოურ ინვესტიციებს უკავშირებს.

„ლარი როცა მყარდება ერთ ვაი-უშველებელს ატეხავენ - რას სჩადიან, ლარი მყარდებაო, ჩვენი ექსპორტი იღუპებაო, ანაბრები გვიუფასურდებაო! როცა ლარი ეცემა, უკვე სხვა სახის განგაში ისმის. საინტერესოა, რატომ არ გამოდის თუნდაც ერთი ადამიანი (ვთქვათ, ექსპორტიორი) და გახარებული არ მიესალმება ლარის გაუფასურებას? ან დეპუტატები რატომ დუმან?

ვალუტის ის კურსი კი არ არის კარგი, რომელიც ვიღაც ერთს აწყობს, არამედ ის, რომელიც რეალურად ასახავს ეკონომიკის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, სტაბილური სჯობია, თუ ეს ბუნებრივია“, - ამბობს გოცირიძე.

იგი მიიჩნევს, რომ წლევანდელ დარჩენილ პერიოდში ხარჯების ფრთხილად გაწერაა აუცილებელი: „უმჯობესია ბიუჯეტის გეგმა ხარჯვით ნაწილში არ შესრულდეს, ვიდრე ბოლო თვეში გადაირიცხოს დიდძალი თანხა მხარჯველი ერთეულებისთვის და ამას ლარის დევალვაციის პროვოცირება მოჰყავს. როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, ბიუჯეტი ვერ შესრულდება“.

გოცირიძის აზრით, ლარის გაუფასურების წყარო სეზონურობით ან საგარეო ფაქტორებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

„თუ ფუნდამენტურ ფაქტორებთან არ გვაქვს საქმე, ლარის კურსი ჩვეულ დიაპაზონში იმოძრავებს. როგორც იტყვიან, აღმართს დაღმართი მოსდევს... ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში ფულის მასა ძალზე ზომიერად იზრდება. მიმოქცევაში არ შეიმჩნევა რაიმე მკვეთრი მატება არც ნაღდი ფულის, არც ე.წ. „სარეზერვო ფულისა“, რომელსაც ეროვნული ბანკი საკმაოდ კარგად აკონტროლებს. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე რეფინანსირებით გაცემული ერთკვირიანი სესხებიც კი შეამცირა 500 მილიონიდან 330 მილიონამდე. მცირეოდენ ასწია რეფინანსირების განაკვეთიც - კერძოდ, 4 პროცენტამდე, ანუ მოთხოვნის მხრიდან ყველაფერი წესრიგშია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.