„მთავარი კითხვაა - პოლიტიკურ თამაშს თამაშობს თუ არა პროკურატურა და ამაზე პასუხი არ არის“

„მთავარი კითხვაა - პოლიტიკურ თამაშს თამაშობს თუ არა პროკურატურა და ამაზე პასუხი არ არის“

„საქართველო რჩება დასავლეთის გზაზე“, - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Wall Street Journal-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს. 
როგორც საქართველოს პრემიერი წერილში აღნიშნავს, ევროპული ინტეგრაციისკენ ქვეყნის გზა მტკიცე და შეუქცევადია. 

„ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში შიდა პოლიტიკურ მოვლენებს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. როდესაც თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ 2016 წლის არჩევნების წინ დამოუკიდებელი გზით სვლა გადაწყვიტა, თამამი, მაგრამ სარისკო სტრატეგია აირჩია და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ხელწერის მოქცევის რისკის ქვეშ არის. ეს არგუმენტი უსაფუძვლოა“, - ნათქვამია წერილში.

გარდა ამისა, ღარიბაშვილი საუბრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ პანიკა გადაჭარბებულია. 

„იგივე შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ჩემს მთავრობას აკრიტიკებს, რომ პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე სახელმწიფო შესყიდვების საქმე, რომელშიც თავდაცვის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, შერჩევით სამართლის ნიშნებს ატარებს. როგორც ჩანს, „შერჩევითი სამართლის“ კონცეფცია ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებას გასცდა და ვრცელდება ყველა სასამართლო პროცესზე, რომელიც უხერხულია ყველასთვის, ვისაც საზღვარგარეთ სიამოვნებით უსმენენ. ოპოზიციური პარტიების ტაქტიკა, გამოიყენონ უცხოელთა გრძნობები შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის, ჩემი მთავრობისთვის არახალია“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

ამ კონტექსტში დასავლეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს თუ გადავხედავთ, რეალობაა, რომ თავდაცვის სამინისტროსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები დასავლეთში მართლაც ერთიან ჭრილში აღიქმება. ვის აწყობს ეს სიტუაცია და ვინ შეიძლება დარჩეს მოგებული, ამ თემაზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესში შეიძლება იყოსნაციონალური მოძრაობისმაღალჩინოსნების საქმეებისა და თავდაცვის სამინისტროში მომხდარი ფაქტის ერთიან კონტექსტში განხილვა?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი სურვილი აქვს, დაანახოს უცხოეთს, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სამართლის გამოყენება მარტო ნაციონალების შემთხვევაში არ მომხდარა. როგორც კი ერთნაირი ბედ-იღბალი რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს შეეხება, უფრო ადვილია იმაში დარწმუნება უცხოელების, რომ დამნაშავე ხელისუფლებაა და არა ეს ჯგუფები.

სტალინის დროს იყო ასე - იცით, რითი ჩამოიშორა სტალინმა უამრავი მოწინააღმდეგე? - კრიმინალური ბრალდებებით, რომ ისინი არიან „შპიონები“, თხრიან გვირაბს მოსკოვიდან ლონდონამდე და ა.შ. ასეთი მეთოდია გამოყენებული უამრავ, ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყანაში და გამოდის, რომ ასეთი იმიჯი უკეთდება დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებასაც.

შეუძლებელია, მმართველი გუნდი ვერ ხვდებოდეს, ნაციონალები რასაც ცდილობენ... წერილების გამოქვეყნების გარდა, რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ მსგავსი პარალელები არ გაკეთდეს თუნდაც დასავლეთის მხრიდან, იმიტომ, რომ საქართველოში ყველამ იცის, რომ ამ ორი თემას შორის რა სხვაობაა...

- ხელისუფლებამ უარი რომ თქვას ამ ხერხებზე, ან თუნდაც ზეწოლა შეამციროს, მაშინვე დაიწყება ყველა კრიმინალის ამოფარება ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის ქვეშ - ყველა დაიძახებს, პოლიტიკიოსები ვართ და ამიტომ გვდევნიანო. ერთი მხრივ, ამიტომ არ შეიძლება უკანდახევა ხელისუფლებისთვის და მეორე მხრივ, ამომრჩეველმა ერთ-ერთი პირველი დანამუსება რაც გააკეთა ამ ხელისუფლებისა და რაც მოითხოვა მისგან, ეს იყო სამართლიანობის აღდგენა და თუ ეს არ გააკეთა ხელისუფლებამ, ძალიან რთული არჩევნები ექნება მომავალში - ეს რაც შეიძლება ითქვას ნაციონალების მიმართულებით.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს თემას, შეფასება ძნელია. ნაციონალების თემატიკაში იმდენი მასალა იყო დაგროვილი, ათასობით საჩივარი და ამას როგორ გადადებ გვერდზე ასე მარტივად? მითუმეტეს, ყველანი ვართ ამ დანაშაულის მოწმე მეტ-ნაკლებად, - ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ, მათი (ნაციონალების) დანაშაულთან ზიარების შესახებ კითხვა ნაკლებად ჩნდება.

რაც შეეხება ალასანიას მიმართულებით, აქ მოსახლეობას არაფრის თქმა არ შეუძლია, ის უნდა დაელოდოს პროკურატურას და რაკი ძიება არ არის ბოლომდე მისული, ანალოგიების გაკეთება შეუძლებელია. თუ იქ (თავდაცვის სამინისტროში) დანაშაული არის მომხდარი, ისმის კითხვა - უნდა დახუჭოს თვალი საზოგადოებამ თუ არა?!

საზოგადოება ვერ დახუჭავს თვალს, თუმცა თავად პროკურატურის მიმართაც ჩნდება ბევრი კითხვა, მასალების გასაიდუმლოების, შემდეგ კონტროლის პალატის თითქოსდა გეგმიური შემოწმების შესახებ და ....

- გეთანხმებით, მაგრამ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. პროკურატურის აუხსნელი საქციელი არ ნიშნავს, რომ იქ დანაშაული არ მომხდარა. თუ პროკურატურის აუხსნელი საქციელი ნიშნავს პოლიტიკურ დაკვეთას, ეს ცხადყოფს, რომ პროკურატურა არ ვარგა.

თუმცა, ეს ყველაფერი ნაციონალებს აძლევს იმის საშუალებას, რომ პარალელები გაავლონ ბაჩო ახალაიასთან და განაცხადონ, რომ როგორც კი ძველ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დგება, მაშინვე ახალი ბრალდება ჩნდება და .. ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება აირიდოს თავიდან ხელისუფლებამ ასეთი პარალელები?

- ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ეს არის ის, რომ მიბაძოს პოროშენკოს. რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო ძველ გამოცდილებაზე - როდესაც რუზველტმა ჩაიბარა მაფიოზური ქვეყანა - მთელი ამერიკა იყო მაფიების დიდი ქსელი (მაფია ნიშნავს, როცა დამნაშავეები და ხელისუფლება ერთმანეთთან ალიანსში არიან) - ასეთი მდგომარეობიდან რუზველტმა ქვეყანა იმით გამოიყვანა, რომ ამოკრიბა ექვსიოდე სანდო გამომძიებელი და მათგან დაიწყო ეს ყველაფერი. წმინდა, წმინდა და ბოლოს მიიღო ის ქვეყანა, რაც მიიღო. ანალოგიურად, პოროშენკოს გაუჩნდა პრობლემები და ბევრი თანამდებობის პირი დაითხოვა, მათ შორის, პროკურორები.

ჩვენთან მსგავსი გადამოწმება პროკურორებისა არ მომხდარა. ჩვენთან იგივე პროკურორები დარჩნენ, რომლებიც ნაციონალების დროს იყვნენ და მგონი, დაწინაურდნენ კიდეც. თუ არ გამოჯანმრთელდა სხეული, ისე ავადმყოფობა როგორ მოისპობა?! ამიტომ პასუხი კითხვაზე - პროკურატურა ეფექტური არის თუ არა, გაცემული არ არის და ეს არ არის მარტო პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, თუმცა პროფესიონალიზმთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა ისმის.

მთავარი კითხვაა - პოლიტიკურ თამაშს თამაშობს თუ არა პროკურატურა და ამაზე პასუხი არ არის. თუ ხელისუფლება ამ საკითხს არ მოაგვარებს, ეს პროკურატურის მიმართ ეჭვებს კიდევ უფრო გაამძაფრებს.

გარდა ამისა, უნდა ინახოს ნაციონალების მემკვიდრეობა, ვიდეო და აუდიო მასალები, რომელიც ჰქონდათ შენახული კომპრომატების სახით და უნდა მოიძებნოს, სად ფიგურირებს სამართალდამცავი უწყებების ხალხი. ანუ, ხომ არ არის მათზე მოგროვილი კომპრომატები, რომ შემდეგ მათზე ზეწოლა მომხდარიყო. ჩემი აზრით, შეუძლებელია, იმ სტრუქტურების ხალხზე არ მოეგროვებინათ კომპრომატები, რომელთა გამოყენებაც სამომავლოდ დასჭირდებოდათ. მაგრამ, ამ მასალის დამუშავებასაც თუ ძველი კადრებით დააპირებენ, მაშინ იგივე სურათს მივიღებთ.

ხელისუფლება თავს ვერ აბამს იმას, რომ შექმნას მისთვისაც და საზოგადოებისთვისაც სანდო ჯგუფი. პროკურატურაში, სხვადასხვა უწყებებში, ნაციონალების კადრებს ნიშნავს, რაც მოსახლეობის იმ ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირდებოდა და ა.შ.

ასე რომ, ამ მხრივ ეს ხელისუფლების პრობლემაა, მაგრამ შედეგად ვიღებთ იმას, რომ მასალები საბრალდებო საქმეებზე ძალიან მყიფედ გამოიყურება.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ნაციონალები დასავლეთისთვის ცდილობენ, მათი დათავისუფალი დემოკრატებისასოცირება მოხდეს ერთმანეთთან. „თავისუფალი დემოკრატებიროგორც მათი განცხადებებიდან ჩანს, საპირისპიროს ცდილობენ, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ქართული საზოგადოებისთვის ამ ორი ძალის მიმართ დამოკიდებულება გაიგივდეს?

- „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს იმ დოზით გაავლოს პარალელები, რომ მხოლოდ ჩრდილი მიადგეს ხელისუფლებას თორემ, ერთ-ერთი პირველი, სწორედ, მიშა სააკაშვილი იყო, რომელმაც თქვა, რომ ივანიშვილმა ხელოვნურად შექმნა ოპოზიცია და ეგენიც შეკრულები არიან ივანიშვილთანო. ანუ, ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ მათ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. რატომ? - იმიტომ, რომ ალასანიაც მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

ალასანია აწყობთ მათ, როგორც ხელისუფლების ბრალდების საბაბი, თორემ იციან რომ ალასანია გინდ შეიერთონ და გინდ ცალკე დარჩეს, ყველა შემთხვევაში, წაიღებს ელექტორატის იმ ნაწილს, დასავლური ღირებულებებისა თუ სხვა მოტივით რომ დგას დღეს ნაციონალების მხარდამჭერად.

ანუ ნაციონალების 40%- ალასანია წაიღებს?

- მთლად 40%-ს არა, მაგრამ რაღაც რაოდენობას წაიღებს...

ხელისუფლებას რომ დავუბრუნდეთ, ბოლო პერიოდში ალასანიას თემის გამო საკმაოდ ბევრი კრიტიკა მიიღო დასავლეთისგან, როგორ ფიქრობთ, რა დოზით უნდა აღელვებდეს მას ეს ფაქტორი? მეორე მხრივ, მხოლოდ მას (ხელისუფლებას) აქვს საშუალება, დაანახოს დასავლეთს, რასთან გვქონდა საქმე - თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში საუბარია 6 მილიონის გაფლანგვაზე, ხოლო ნაციონალების შემთხვევაში ბრალდებები ეხება მკვლელობებს, წამებებს, გატაცებებს და ....

- უნდა აღელვებდეს და ვფიქრობ, აღელვებს კიდეც. ღელვა ეტყობათ, ისე უხარიათ დასავლეთის კეთილი სიტყვა და ისე ცდილობენ მიაფუჩეჩონ კრიტიკა, რომ ეტყობა, უწევენ ანგარიშს.

ეს მკვლელობები თუ გატაცებები მოამზადა პროკურატურამ იმ დონეზე, რომ არგუმენტებად გამოეყენებინა? ორივე შემთხვევაში ყველაზე დიდი პრობლემაა საქმეების მომზადება, რაც პროკურატურის ფუნქციაა, მაგრამ ის ვერ, ან არ ამზადებს საქმეებს დამაჯერებლად.

თუმცა საეჭვოა, ეს ხელისუფლების ინტერესში იყოს...

- მე ნაციონალების ინტერესს ვხედავ იმიტომ, რომ ეს ცუდად მომზადებული საქმეები ხელისუფლებას უყენებს წყალს და ნაციონალების გამართლებას ემსახურება.

თუ არ შეიცვალა სიტუაცია, რა პროგნოზი შეიძლება გავაკეთოთ უახლოესი მომავლის პოლტიკური ვითარების შესახებ? არჩევნებამდე ძალიან დიდი დროც არ არის დარჩენილი...

- როგორც ვთქვი, მძიმე არჩევნებია მოსალოდნელი და თუ სიტუაცია არ შეიცვალა ასეც იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, პოლიტიკური ალტერნატივები ძალიან ცოტაა. კარგი, არ მოეწონა ხელისუფლება ხალხს, ვინ უნდა აირჩიონ? - ნაციონალები? - ისინი კიდევ უფრო არ მოსწონს.

შემდეგ გადადის უკვე სხვა ფიგურებზე. იქ შეჩვეულია ხმის არმიცემას. არის მთელი რიგი პარტიები, რომელსაც ქართული საზოგადოება 10%-ზე მაღლა არ უშვებს. ამ სიტუაციაში ისევ „ქართული ოცნება“, ოღონდ ძალიან დიდი გაჭირვებით, მიიღებს საპარლამენტო სავარძლებს.

თუმცა, არის კიდევ ერთი საფრთხე, თუ ამასობაში გაჩნდა მკვეთრი პოლიტიკური ძალა და მიიქცია საზოგადოების ყურადღება, ჯერ კიდევ არის მაგის დრო, გავიხსენოთ, ივანიშვილმა ერთ წელიწადში მოახერხა რეიტინგის შექმნა. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, „ქართული ოცნება“ აღმოჩნდეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში.

ვინ შეიძლება იყოს ეს ძალა, ოპოზიციაში გადასული ალასანია?

- თეორიული შანსი არსებობს, ალასანიასაც აქვს ეს პოტენციალი. შესაძლოა, ასეთი ძალა წარმოიქმნას დარჩენილი კოალიციის დაყოფითაც - ზოგიერთი სუბიექტები გახდნენ უფრო აქტიურები და ამით აიღონ ხმები. შეიძლება არასაპარლამენტო ოპოზიცია და ა.შ. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ არ შეცვალა თავისი როლის შესრულების თამაშის წესები და არ შესთავაზა სიახლეები მოსახლეობას.

თეორიულად, პრორუსული ძალების გაძლიერების შანსიც ჩნდება?

- მე ვერ ვხედავ პრორუსულ ძალებს. სულ არის ლაპარაკი, მაგრამ მე ვერ ვხედავ. ბურჯანაძე, კუკავა? - თუ ამბობენ, რომ რუსეთს გავუწიოთ ანგარიში და ვცადოთ მასთან დალაპარაკება, ეს პრორუსობა არ არის. პრორუსული იყო, ერთ დროს „კომპარტია“ რომ არსებობდა საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იგორ გიორგაძის მამა რომ ხელმძღვანელობდა. ის აფხაზეთის დაკარგვის შემდეგაც იძახდა რუსეთი სწორიაო. ეს ნიშნავს პრორუსულობას, მაგრამ რუსეთს დაველაპარაკოთო - ეს პრორუსულობა არ არის.