ე.წ. გასაღების თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია ბესელიას სასარგებლოდ, ხმალაძე დამარცხებულია, უმცირესობა პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია, არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის ემზადება, დეპუტატები კი ისევ მობილიზებულნი არიან.
ბოლო ორი წლის მანძილზე, საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაზე რეგისტრაცია 134-მა კანონმდებელმა გაიარა, 75 მომხრე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ ინიცირებულ პროექტს გამოუჩნდა, ხმალაძის მხარე კი 61 დეპუტატმა დაიკავა, რომელთა შორის სამი დეპუტატი ფრაქცია -„ქართული ოცნების“ წევრი - თამარ კორძაია, ელისო ჩაფიძე და ვანო კიღურაძე იყვნენ, „ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძე კი, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში for.ge-ს არწმუნებდა, რომ მხარს რესპუბლიკელს დაუჭერდა, კენჭისყრაზე არც კი გამოცხადებულა. მიროტაძისგან განსხვავებით, სხდომაზე ყოფილი ნაციონალი და ამჟამინდელი „ოცნებისტი“ გოგი ლიპარტელიანი გამოჩნდა, რომელიც ათენიდან პარლამენტში სპეციალურად კენჭისყრისთვის ჩამოფრინდა.
ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, რესპუბლიკელები თავს დამარცხებულად არ გრძნობენ, უმცირესობა პრეზიდენტს მოუწოდებს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადოს, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ნაციონალების შეთქმულების თეორიაზე აპელირებს, თავად ხმალაძე კი შედეგებს ბენჯამინ ფრანკლინის სიტყვებით პასუხობს.
როგორც for.ge-ს რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, ხმალაძის პროექტს გასვლისთვის შვიდი ხმა დააკლდა, მაგრამ თუკი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, მისი დაძლევა რთული იქნება. მისი თქმით, მიმდინარე პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ხმალაძის ცვლილებებს მხარი - ჩაფიძე-კიღურაძე-კორძაიამ დაუჭირეს.
„იმდენი ხმა მივიღეთ, რამდენსაც ვვარაუდობდით. თავს დამარცხებულად არ ვგრძნობთ, რადგან ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. საქმე სერიოზულად ორგანიზებულ მეგობრებთან გვქონდა“, - აცხადებს ბერძნიშვილი, რომლისგან განსხვავებით მოკლე შეფასებით შემოიფარგლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე - „ის ვინც უპირატესობას უსაფრთხოებას აძლევს და არა თავისუფლებას, ის არც უსაფრთხოებას იმსახურებს და არც თავისუფლებას“.
ვახტანგ ხმალაძისგან განსხვავებით, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს კანონპროექტი თავად არ დაუწერია, მაგრამ მისი ინიცირება მოახდინა და ცვლილებების პათოსს იზიარებს.
for.ge-სთან საუბარში სესიაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით ის კანონი მიიღო, რომელიც შეთავაზებულ წინადადებებს შორის საუკეთესო იყო. მისი მოსაზრებით, მის მიერ ინიცირებული ცვლილებები იდეალური არ არის, შეიძლებოდა, უკეთესი პროექტი მომზადებულიყო, მაგრამ პრეზიდენტის ვეტომ პროცესი დააჩქარა.
„პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს თუ არა. იურისიტი არ ვარ, რომელიც კანონებს წერს, მაგრამ სისტემას მხარი დავუჭირე. არ ვმალავთ, რომ კონსულტაციები შსს-სთან გავიარეთ, მაგრამ თუ ვინმე ეშმაკის კუდს ეძებს, ვერ იპოვის“, - აცხადებს სესიაშვილი, რომლის პოზიციას იზიარებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
for.ge-სთან საუბარში კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის შვედეთის პარლამენტს შეშურდება, ისეთი დემოკრატიაა.
დეპუტატის თქმით, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ თანაგუნდელებს ხელების გადაგრეხვით არ უდგება.
„ეს დემოკრატიის ნიმუშია, მსგავსი რამ ნაციონალების დროს გინახავთ? მეორე პროექტის შემოტანას ვინ გაბედავდა? ეს არის დემოკრატია, რომ ერთი ადამიანის დირექტივის და დიქტატის ქვეშ მოქცულნი არ ვართ. კარგია, როცა ერთსულოვნება არის, მაგრამ ამ მოკლე ვადაში პოზიციების შეჯერება ვერ მოესწრო. პროექტი იდეალური ვერ იქნებოდა, გარკვეული ცვლილებები საჭიროა, მაგრამ მხარი სწორ კანონპროექტს დავუჭირეთ“, - აცხადებს კობახიძე და სამართლებრივად საფუძველს ვერ ხედავს, რომ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს.
„დემოკრატიულ ქვეყნებში „გასაღები“ შს სამინისტროშია, მაგრამ ამას კონტროლი უნდა ჰქონდეს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გავაძლიერეთ. კანონმა უნდა იმუშაოს და თუ კანონს მუშაობის პროცესში ხარვეზები ექნება, ის უნდა გასწორდეს. როგორ შეიძლება, ქვეყნის საფრთხეები ზერელედ მოიხსენიო და არაფრად არ ჩააგდო? ყველას კარგად გვესმის, რომ ბალანსი დაცული უნდა იქნეს - ადამიანის უფლებებს და უსაფრთხოებას შორის. ვნებათაღელვის საფუძველი იყო, რაც შეიქმნა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ნაციონალების არნახული წარმომადგენლობა იყო მობილიზებული. მათ გამიზნული უმრავლესობის გახლეჩვა ჰქონდათ, მათი სურვილი იყო მთავრობას უმრავლესობა დაეკარგა. მათ ამ მიზანს ვერ მიაღწიეს და ეს მიხარია“, - აცხადებს კობახიძე, რომელსაც ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე უდასტურებს, რომ უმცირესობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ივანიშვილს რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოშორდეს.
როგორც for.ge-ს ბარამიძემ განუცხადა, მოსმენა ყველა ქვეყანაში ხდება, რომ ტერორიზმს და კრიმინალს ებრძოლონ, მაგრამ განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ შსს-ს ეფექტური საქმიანობის პარალელურად, ვიღაც-ვიღაცეებმა ეს არასწორი მიმართულებით გამოიყენეს. მისი მტკიცებით, ის ვერ ხედავს, რომ ჯაშუშებთან და კრიმინალებთან ბრძოლა ეფექტურად მიდიოდეს, პირიქით, შსს გაცხოველებულია ოპონენტების წინააღმდეგ მოსმენით.
„სამწუხაროდ, ივანიშვილის ინტერესიდან გამომდინარე, უმრავლესობა მზვერავებს და კრიმინალებს კი არ ებრძვის, არამედ ისინი არასწორ და არაპოპულარულ ნაბიჯს დგამენ და ამ ცვლილებებს მხარს უჭერენ. ქალბატონ მანანს ვუპასუხებ, რომ ვინც ივანიშვილს ჩამოშორდება, ეს რომ გვინდა, ამას დიდი წიაღსვლა უნდა? ალასანია რომ წამოვიდა, მივესალმეთ და რესპუბლიკელებს მოვუწოდეთ, რომ იმ სამარცხვინო ადამიანებს თავი დააღწიონ, რომლებიც პუტინის ინტერესებიდან მოქმედებენ. ცხადია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ივანიშვილს რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოშორდეს. ამ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს, რომ თანმიმდევრული იყოს და თავის თავს პატივი სცეს“, - განაცხადა ბარამიძემ.
ბარამიძის მსგავსად, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ ინიცირებულ პროექტს აკრიტიკებს თამარ კორძაია, რომელიც საკუთარი პოზიციის გამო არ ელის, რომ ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ დისკომფორტი შეექმნება. for.ge-სთან საუბარში კორძაია აცხადებს, რომ ხმალაძის პროექტი გაცილებით სრულყოფილია და მეტ დეტალს ითვალისწინებს.
მისი თქმით, ეს არის სტატუს-კვოს დატოვება და ყველაზე პრინციპული ისაა, რომ არ შეიძლება, შსს-ს მონაცემებზე ისეთი ფართო წვდომა ჰქონდეს, რაც ადრე ჰქონდა.
„დღეს შესაძლოა, შსს-ს ვენდობით და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დეპოლიტიზირებული უწყება გვყავდეს, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, ხვალ რა იქნება. ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, სადაც კარგი თუ ცუდი მმართველი უფლებამოისილების ბოროტად გამოყენებას ვერ შეძლებს“, - აცხადებს კორძაია, რომლის პათოსს იზიარებს „სამართლიანი არჩევნებისთვის“ თავმჯდომარე ნინო ლომჯარია.
for.ge-სთან საუბარში ლომჯარია აღნიშნავს, რომ მისთვის ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის არსი პრინციპულად მიუღებელია. ლომჯარიას შეფასებით, ცვლილებების მიღება არაკონსტიტუციური იქნება და არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
„სარჩელს შევიტანთ არაკონსტიტუციორობის მოტივით ისეთი ნორმების გამო, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევს. ყველა ხერხს გამოვიყენებთ და ეს ცვლილება ვეტოს იმსახურებს. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი იმ საკითხზე თანამიმდევრული იქნება, რაზეც პოზიცია უკვე გამოხატა“, - განაცხადა ლომჯარიამ.
იქედან გამომდინარე, რომ ხმალაძის კანონპროექტი ჩავარდა, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებზე მსჯელობა გაგრძელდება. პარლამენტმა პროექტი დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს და ცვლილებები 1-ელ დეკემბრამდე კიდეც უნდა დაამტკიცოს და ხელის მოსაწერად პრეზიდენტსაც გადაუგზავნოს. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილი ცვლილებებს ვეტოს დაადებს, მაშინ „ოცნებას“ ვეტოს დაძლევისთვის 76 ხმა დასჭირდება, რისი შეგროვებაც გაუჭირდებათ, რადგან დღეს, მათ დეპუტატების მობილიზაციით 75 ხმა შეაგროვეს. შეგახსენებთ, რომ ხმალაძე ე.წ. გასაღებს და ელექტრონული კომუნიკაციების ე.წ. მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას გადასცემდა, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტით კი, „ორგასაღებიან“ სისტემა შემოდის, სადაც ერთი „გასაღები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა, ხოლო მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.
ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხზე, პარლამენტმა კანონპროექტი აგვისტოში მიიღო, თუმცა, ერთ-ერთი მუხლი ღია დატოვა, კომუნიკაციის საშუალებებით განხორციელებულ მონაცემებზე წვდომა თუ ვის უნდა ჰქონდეს - შს სამინისტროს თუ მობილურ ოპერატორებს. აგვისტოში დათქმა გაკეთდა, რომ ამ საკითხზე დეპუტატებს 1-ელ ნოემბრამდე უნდა ემსჯელათ და ამ მიზნით, სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, მაგრამ ჯგუფმა კანონპროექტის მომზადება ვერ მოასწრო, რის გამოც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა შავგულიძემ ამ ვადის 1-ელ აპრილამდე გაგრძელება მოითხოვა. შავგულიძემ შესაბამისი ცვლილებები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეიტანა და პარლამენტმა მისი განხილვა დაიწყო, თუმცა, პროექტზე უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. ცვლილებებს მხარს „თავისუფალი დემოკრატები“ არ უჭერდნენ. შექმნილ ვითარებაში, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შავგულიძეს ცვლილებების მომზადების ვადად 1-ელი მარტი შესთავაზა და საკანონმდებლო ორგანომ ამ ნორმით კანონპროექტი დაამტკიცა, მაგრამ მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება მოუწია, რადგან უმრავლესობას ვეტოს დაძლევისთვის 76 ხმის შეგროვება გაუჭირდებოდა. პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, დეპუტატებმა ე.წ. გასაღების მომზადების თარიღად 1-ელი დეკემბერი განსაზღვრეს და ცვლილებებზე მუშაობაც დაიწყო.