თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელისუფლებას ერთპიროვნულ მმართველობაში სდებს ბრალს. ირაკლი ალასანიას შეფასებით, დღეს ქვეყანას არ მართავს ინსტიტუციები, ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის საკითხის გადაწყვეტა, ამიტომაც ჭიანურდება ყველა სახის გადაწყვეტილება. Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ალასანია აცხადებს, რომ თუ საკითხის გადაჭრას სჭირდება 5 წუთი, ან თუნდაც ერთი დღე, იჭიმება ორი თვე.
„ძალიან ნათლად გამოჩნდა ბოლო მოვლენების განვითარებაში, რამდენად ჩახედულია თუნდაც ბიძინა ივანიშვილი იმ დეტალებში, რაზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს ასე ღრმად. ეს კიდევ ერთი საბუთია იმის, რომ ქვეყანას ერთი კაცის ნება და არა ინსტიტუტები და კანონები მართავს. როდესაც არ არის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი პრემიერ-მინისტრი, როდესაც მას აქვს ვალდებულება, ყველა საკითხი კონკრეტულ ადამიანთან შეათანხმოს, ეს ქმნის ვაკუუმს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ამავე ინტერვიუში ალასანიამ დუბაიში მის ვიზიტთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, „ყველაზე სულმოკლე ადამიანის“ ნაბიჯი უწოდა. ალასანია ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის შენელებაზე საუბრობს და ეჭვობს, რომ თავდაცვის სამინისტროს სკანდალი სწორედ ინტეგრაციის პროცესის შენელებას ისახავდა მიზნად. ყოფილი მინისტრი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბოლო დროს თავდაცვის უწყებისა და მისი მისამართით განხორციელებულ მოვლენები პოლიტიკურად მოტივირებულია.
„დღესაც მაქვს ეჭვი, ჩვენი მთავარი გადაწყვეტილებების, - როდესაც უელსის სამიტზე საქართველომ ნატოსთან არსებითი პაკეტი მიიღო, შესაძლებელია, ვინმეს მიზნად ჰქონდა იმის შესრულების და აღსრულების შენელება განზრახული. ჩემთვის კითხვა აღარ არსებობს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. როდესაც მართალი კაცი ხარ, სახეს არ კარგავ, მაგრამ როდესაც იცი შენს ნაბიჯებს პოლიტიკური მოტივი აქვს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სიმართლის ძალა შენს სახეს და შენს სიტყვებს არ აქვს“, - აცხადებს ირაკლი ალასანია.
ალასანიას ამ მოსაზრება არ იზიარებს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუსი, რომლის განცხადებით, საქართველოს მიერ წამოწყებული რეფორმების პროცესი არ შენელებულა.
„მე დიდ პატივს ვცემ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მაგრამ არ ვეთანხმები მის მოსაზრებას, რადგან არსებითი პაკეტი, რომელსაც უელსის სამიტზე მოეწერა ხელი, სამხედრო სფეროში სხვადასხვა რეფორმის გატარებას გულისხმობს. ეს პროცესი არ შენელებულა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. შეხვედრები უკვე გამართა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ალასანიას შეხვედრა ჰქონდა „თეთრ სახლში“, ეროვნული უშიშროების საბჭოში, სადაც ამერიკელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.
ალასანიას ამერიკაში ვიზიტის პარალელურად, საქართველში განხილვის საგანი გახდა მისი ხმაურიანი განცხადება, საქართველოში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. ალასანიას ამ განცხადებას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ასევე ხმაურიანი განცხადება, რომ ქვეყანა კულისებიდან არ უნდა იმართებოდეს. არაფორმალურ მმართველობაზე ალასანიას შენიშვნას არ იზარებს უმარვლესობა და მისგან ფაქტის დაზუსტებას ითხოვენ.
ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელის, სოსო ცისკარიშილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რაიმე სიახლე ალასანიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაში არ არსებობს, ასეთი კომპაქტური და ყოვლისმომცველი შეფასებები, ნამდვილად მძიმე მოსასმენია კრიტიკის ადრესატებისთვის. მისი თქმით, ის ვერ შეეკამათება ვერც ერთ მის პოსტულატს.
„ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დანერგა, როდესაც მისი გადადგომით შეწუხებულ გულშემატკივრებს განუცხადა, რომ არსადაც არ მივდივარო. სრულიად თვალსაჩინოა, რომ მხოლოდ მოქალაქის სტატუსი შეუფერებელია ბატონი ბიძინასთვის. რასაკვირველია, მას მხოლოდ სიკეთის შექმნა სურს საკუთარი ქვეყნისათვის, მაგრამ რა ტიპის უნარების მატარებელია პოლიტიკაში, ეს განსახვავებული აზრის საფუძველი გახლავთ“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგის შეფასებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ალასანიას ინტერვიუ არის დამაფიქრებელი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, არანაკელბ ხმაურიანი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა.
„უცხოურ პრესაში გამოქვეყნდა პრემიერის წერილი, სადაც ჭკუის დამრიგებლის როლში გამოდის ევროპის და ამერიკის ხელისუფლებასთან მიმართებაში. ჩვენ აღმოვჩნდით იმ სახელმწიფოთა რიგში, რომელიც ყველას ჭკუას ასწავლის მსოფლიოს, საწინააღმდეგო მიმართულებით სვლას ვურჩევთ, რომ არავითარი იარაღით დახმარება უკრაინას, არავითარი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მხოლოდ პირადი ურთიერთობები რუსეთის პრეზიდენტთან.
არ ვიცი, ეს ტექსტი შემთხვევით მოხვდა თუ არა ჩვენი პრემიერის უბეში, თუ ვისი გავლენის თემაზე უნდა ვილაპარაკოთ ამჯერად. მაგრამ, ფაქტია, რომ ქვეყანა, რომელიც საკუთარი პირველი პირების საზღვარგარეთ მოგზაურობებს ყოველთვის იწყებს და ამთავრებს ლოზუნგით - ბიძია დამეხმარე, დეიდა დამეხმარე, უცებ ჭკუის დამრიგებლის როლში რომ მოგევლინება იმ ქვეყნის თავკაცი, რომელსაც თავად უამრავი გასაჭირი აქვს, რასაკვირველია, სულ ცოტა, ღიმილის მომგვრელია მათთვის, ვისაც მიუთითებს როგორ მართოს სიტუაცია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, როგორც ჩანს, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ბევრ არასწორ ნაბიჯებს გადაადგმევინებს პოლიტიკოსებს.
„რაც შეეხება ერთი კაცის მმართველობას, თავდაცვის სამინისტროში თუ რეალაურად არის გაფლნაგვა, ეს ერთი კაცის მმართველობით ვერ აიხსნება. თუ იქ გაფლანგვა არაა და პოლიტიკური დუელია, მაშინ შეიძლება ეს ფრაზა სწორი იყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი ვანო მაჭავარიანის შეფასებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია რა გაგრძელება ექნება ამ განცხადებას. მისივე განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რთულ მდგომარეობაშია ირაკლი ღარიბაშვილიც, რადგან რეალურად არასახარბიელო სიტუაცია გვაქვს, როგორც საგარეო პოლიტიკური თავალსაზრისით, ისე სოციალური თუ ეკონომოკური კუთხით.
„ცხადია, ეს იწვევს ძალიან ბევრ კითხევებს, რამდენად სწორად ან ეფექტურად იმართება სახელმწიფო, ან იმართება თუ არა ისე, რომ ჩვენ არ მივიღოთ უარესი სიტუაცია, ვიდრე გვქონდა 2012 წელს. კოალიციაში პრობლემები გამოჩნდება მომავალი წლის დასაწყისში, ვფიქრობ, რომ ეს ერთობა საკმაოდ რთულად წარმოსადგენი იქნება. ალასანიამ გააკეთა ის განცხადება, რომელზეც საუბარს ერიდებიან სხვა პარტიები. ანუ, მთავარი კითხვა ჩნდება სწორდ აქ, გაერთიანდება თუ არა ალასანიას ამ თეზისის გარშემო - რომ, არ შეიძლება ქვეყანა იმართებოდეს ერთი პიროვნების მიერ.
ფაქტია, რომ ალასანიას განცხადებამ, რომ ქვეყანა უხვევს ევროატლანტიკური კურსიდან, ვერ შეძლო ოპოზიციური ძალების გაერთიანება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ნაბიჯიც ამ განცხადების შემდეგ უნდა გადადგას ალასანიამ და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, გახლავთ ის, რომ ამ თეზისის გარშემო - არა პიროვნებები, არამედ ინსტიტუტები უნდა მართავდეს სახელმწოფოს - უნდა გააერთიანოს ჯანსაღი ოპოზიცია.
სხვა შემთხვევაში, ჩვენ გვექნება არა სახელმწოფოს განვითარების პროცესი, არამედ პიროვნებებს შორის ურთიერთობის გარკვევის პროცესი, რომელიც შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს, როგორც ეს ხდებოდა შევარდნაძის დროს - შეჯიბრი - ვინ უფრო ახლოს იყო შევადნაძესთან. ხოლო ამ შემთხვევაში, ვინ უფრო ახლოს არის ივანიშვილთან, ვის უფრო მეტი ეთქმის, ვის უფრო მეტი ეკუთვნის პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ სხვა სფეროში გავლენების მოპოვების თვალსაზრისით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.