რუსეთსა და აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადება, თუმცა რა რეაქცია იქნებოდა ქმედითი და ეფექტური, ზუსტი რეცეპტი არ არსებობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დაგმობისკენ, ხოლო ხელშეკრულება შეაფასა, როგორც „ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“.
საპასუხო რეზოლუცია საქართველოს პარლამენტმაც მოამზადა - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციას, მმართველმა გუნდმა საკუთარი ვარიანტი დაუპირისპირა. უკვე ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებასა და აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაყინვას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ კრემლის ხელშეკრულება ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვისთვის რუსულ-აფხაზური ძალების ერთობლივი ჯგუფის ჩამოყალიბებას, დანაშაულთან საბრძოლველად ერთობლივი სამართალდამცავი სტრუქტურების შექმნას, ასევე მოსკოვის დაფინანსებით მთელ რიგ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის ეკონომიკურ, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სისტემებში აფხაზეთის შემდგომი ინტეგრაციისკენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი ინიციატივები, სავარაუდოდ, ხანგრძლივი დებატების საგანი გახდება, თუმცა საინტერესოა, იმ ნიუანსების განხილვა, რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთთან ურთიერთობის ერთადერთი ფორმატის შეჩერებას, ან პირიქით - მის გაგრძელებას? პოლიტიკური გადაწყვეტილება იქონიებს თუ არა გავლენას ახლადგაჩენილ ეკონომიკურ კონტაქტებზე? მისი შეჩერების შემთხვევაში რამდენად სერიოზული იქნება ქართული ბიზნესის და მთლიანად, ეკონომიკის ზარალი?
ექსპერტულ წრეებში კონკრეტული პროგნოზების გაკეთება უჭირთ, რადგან დღევანდელი რთული პოლიტიკური ვითარება არა მხოლოდ ქართულ, არამედ მთლიანად, რეგიონის ბიზნესურთიერთობებში ტოვებს არასტაბილურობის განცდას.
საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შემდეგი შეხვედრის თარიღი დანიშნული არ არის, რადგან ამ ვითარებაში, ამ ფონზე ასეთი შეხვედრის ჩატარება ვერანაირად ვერ იქნება პროდუქტიული.
„მაგრამ გარდა იმისა, რომ ამ ფორმატში განვიხილავთ ძალზე კონკრეტულ საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები, ტრანსპორტი და ა.შ. ეს ფორმატი არის კომუნიკაციის არხი თბილისსა და მოსკოვს შორის. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, არ გვაქვს საელჩოები, რაღაც ფორმით კომუნიკაციის არხი ხომ უნდა არსებობდეს მეზობელ ქვეყნებს შორის? არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, რომელსაც რაღაც ფორმით რუსეთთან კომუნიკაციის საშუალება არ აქვს, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებს“,- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
მისივე განმარტებით, უკრაინასაც კი, რომელსაც დღესდღეობით, ჩვენზე რთული ვითარება აქვს რუსეთთან, საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია აქვს მოსკოვთან და სხვათა შორის, დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გაუწყვეტიათ. ამიტომ, კომუნიკაციის არხზე უარის თქმა თავისთავად, არ იქნება სწორი.
„როდესაც ჩემს უცხოელ კოლეგებს ვეუბნები, რომ ოპოზიცია საკითხს ასე აყენებს, ისინი ვერ იგებენ (პრაგმატული ხალხია), რაზეა საუბარი. მეკითხებიან, ამაზე თუ უარს ვიტყვით, მომავალში რომ დაგვჭირდეს ერთმანეთთან დალაპარაკება, რაღაც საკითხზე, რანაირად დავილაპარაკებთ?“,- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
ლოგიკურად, ერთია პოლიტიკური, ხოლო მეორე - საკითხის ეკონომიკური მხარე, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, არჩევანის გაკეთება არ მოუწევს, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს თუ ეკონომიკური ეფექტიც გაითვალისწინოს, რადგან რუსეთთან ურთიერთობისას ყველა ტიპის ურთიერთობა პოლიტიკური ჭრილიდან იმართება.
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე თვლის, რომ ასეთი ფორმატის შეჩერება თავისთავად არ გულისხმობს ეკონომიკური ურთიერთობების შეჩერებას. თუმცა, მისი აზრით, დიდი ალბათობით, ეს ფორმატი შენარჩუნდება.
„არ ჩანს არანაირი ნიშანი, რომ მთავრობა ამ ფორმატის გადახედვას აპირებს, ამიტომ არ მგონია, რაიმე მნიშვნელოვანი შეიცვალოს“, - მიიჩნევს შეშელიძე.
რაც შეეხება ბიზნესკონტაქტების მომავალ პერსპექტივებს, ზურაბ აბაშიძე ვარაუდობს, რომ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ გარემოზე.
„ყოველთვის ვამბობდით და არც სჭირდებათ ჩვენს ბიზნესმენებს მაინც და მაინც იმისი მტკიცება, რომ რუსთი საკმაოდ სარისკო ბაზარია და მარტო საქართველოსთვის არა, ყველა მეზობელი ქვეყნისთვის, რადგან მასზე ყოველთვის ახდენდა და ახდენს გავლენას პოლიტიკა. რა ბედი ეწევა ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკაზე. ჩვენ ვცდილობდით, ისე წაგვეყვანა პოლიტიკური ურთიერთობები, რომ მისგან გაგვემიჯნა ვაჭრობა და ეკონომიკური კავშირები“,- აცხადებს აბაშიძე.
პაატა შეშელიძე რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის კონტექსტში უარყოფით შედეგებსა და სიტუაციის გაუარესებას არ ელოდება, რადგან მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება არსებული სიტუაციის შენარჩუნებას.
„ჩვენს მთავრობას მიაჩნია, რომ უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იღებს, როდესაც რუსეთს არ ელაპარაკება. გარდა ამისა, დასავლეთიც არ არის მზად, რომ საქართველოს უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი და მისი მოთხოვნები პოლიტიკურად ან სამხედრო ძალით გაამყაროს. ამიტომაც ქართული მხარე რაღაცნაირად, დროის გაწელვის პოლიტიკას ახორციელებს. კიდევ ერთი - ლოიალურობა რუსეთისადმი ხელისუფლებას მიაჩნია იმის გარანტად, რომ შემდგომი ექსპანსია არ მოხდება.
ეს არის ჩემი აზრით, ის სამი კომპონენტი, რომელიც დღევანდელი მთავრობის პოლიტიკას განსაზღვრავს. ვიდრე მთავრობა ამ პოლიტიკას ახორციელებს აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ შეწყდება, შესაძლოა, გადახედილ-გაუმჯობესებული იქნას, მაგრამ არ შეწყდება. შესაბამისად, ეკონომიკური ურთიერთობებიც გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ნეგატიური მიმართულებით არ შეიცვლება“,- აცხადებს შეშელიძე.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატმა ეკონომიკური მიმართულებით თავისი საქმე უკვე გააკეთა.
„უნდა შეწყდეს თუ არა, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ რომ შეჩერდეს კიდეც, არ მგონია, რუსეთთან მიმართებაში ძველი სიტუაცია დაბრუნდეს. ეს უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება თვითონ რუსეთისთვისაც. ეკონომიკურ ნაწილს თავი რომ დავანებოთ, დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ რუსეთთან დიალოგის საშუალება არ უნდა დავკარგოთ არავითარ შემთხვევაში. რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ვერავინ ვერ იტყვის რა მოხდება, რადგან ეს პოლიტიკური თემაა, რადგან არა მხოლოდ ქართული, არამედ მთელი მსოფლიოს ბიზნესი უკვე პოლიტიკის ტყვეობაშია“,- აცხადებს ჯგერენაია.
გაურკვეველი მოლოდინების ფონზე გარანტია, რომ რუსეთი არ გაიმეორებს 2006 წლის სცენარს, არ გვაქვს. პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ასეთი გარანტია მართლაც არ არსებობს, მაგრამ 2006 წელს იყო ძალზე სპეციფიკური სიტუაცია - ლაპარაკი იყო პროდუქციის ხარისხზე.
„ახლაც შეიძლება წამოჭრან იგივე საკითხი, მაგრამ ასე უსაფუძვლოდ ვეღარ დასვამენ, რადგან ის განსხვავებაა, რომ ამჯერად პროდუქცია, რომელიც შედის რუსულ ბაზარზე, მოწმდება თვითონ რუსების მიერ“,- განმარტავს შეშელიძე.
გარდა ამისა, რუსეთი 2006 წელს არ ყოფილა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, თუმცა პაატა შეშელიძე თვლის, რომ არც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას არ აქვს ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა, რადგან მას აქვს ტარიფების შენარჩუნების ვალებულება და არა უხარისხო პროდუქციის შეშვების.
„რუსებმა მთელ მსოფლიოს დაუწესეს ემბარგო და საქართველოს შემთხვევაში რაიმეს წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია“, - მიიჩნევს შეშელიძე.
ქართული პროდუქცია რუსეთში სპეციალური ლიცენზიის მქონე კომპანიებს გააქვთ და ამ ლიცენზიას რუსეთი გასცემს. თუ ამ კომპანიებს პრობლემა შეექმნებათ, შეშელიძე თვლის, რომ გონიერი ბიზნესმენი თვითონვე ეძებს ალტერნატიულ ბაზრებს.
„მითუმეტეს, რომ რუსულ ბაზარზე სიტუაცია ამ კონფლიქტების ფონზე, სულ უფრო მძიმდება და მძიმდება. თანაც ღვინის მთელი წარმოება საქართველოს ეკონომიკის შემადგენელი მცირე ნაწილია. საუბარია ამ მცირე ნაწილის რაღაც ნაწილზე, რაც კონკრეტული ბიზნესმენისთვის შესაძლოა, იყოს შემოსავლის წყარო, მაგრამ მთლიანად ეკონომიკისთვის ტრაგედია ვერ იქნება.
ბოლოს და ბოლოს, თუ ძალიან გაჭირდა, ისიც შესაძლებელია, ასეთ კომპანიებს რაღაცით დაეხმაროს სახელმწიფო „აკლიმატიზაციის“ პერიოდში. ეს ყველაფერი მოგვარებადია, მაგრამ ამ წუთას ეს ამოცანა არ დგას და ამ მთავრობის პოლიტიკაც ისეთია, რომ არც დააყენებს ამ საკითხს“,- აცხადებს შეშელიძე.
მეორე მხრივ, ექსპერტულ წრეებში ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე რუსეთს საქართველოს მიმართ აგრესიული ქმედებები არ აწყობს და პირიქით, რაღაც ნიშანი სჭირდება სხვებისთვის საჩვენებლად, რომ აგრესორი არ არის.
„ამდენად, ღია კონფრონტაციაზე არ წავა და გარდა იმისა, რაც უკვე გაკეთებული აქვს ამ წუთისთვის, სხვა საფრთხეს ვერ ვხედავ. ეს არ ნიშნავს, რომ თუ სიტუაცია პოლიტიკურად შეიცვლება, დამოკიდებულებაც შეიცვალოს, მაგრამ ამოცანა იქნება არა ეკონომიკური ემბარგო, არამედ პოლიტიკური აგრესია.
აქ არის მხოლოდ ერთი პრობლემა - დასავლეთი არ არის მზად საქართველოს კი არა, უკრაინის დასახმარებლადაც კი, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში, უფრო მეტი საფრთხეები დაინახა, ვიდრე აქამდე ხედავდა, ხოლო საფრთხეების დანახვა ერთია, რეალური პოლიტიკის წამოება - მეორე“,-თვლის შეშელიძე.