თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ლატვიელ კოლეგასთან (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ლატვიელ კოლეგასთან (ვიდეო)

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ლატვიელი კოლეგა რაიმონდ ვეიონისი თავდაცვის უწყებაში მიიღო. ლატვიის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი პრეზიდენტ ანდრის ბერზინის სამთავრობო დელეგაციის წევრია.

სამუშაო შეხვედრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლატვიელ სტუმარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ლატვიის მხარდაჭერა ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ლატვიელი დამკვირვებლების მონაწილეობასა და ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტში „საქართველო III” ლატვიის მხარის აქტიურ ჩართულობაზე.

თავდაცვის მინისტრებმა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები იყო. მინდია ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უელსის სამიტზე საქართველო გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის წევრი ქვეყანა გახდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობასაც. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას ISAF-ისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიებში საქართველოს კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრის თემა იყო ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. როგორც მხარეებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და ყირიმის ანექსია ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ყურადღება რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც გამახვილდა. მხარეები ახალ გლობალურ გამოწვევებსაც შეეხნენ, როგორიცაა ტერორიზმის საფრთხე.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიელ კოლეგასთან განხილულ თემებზე კომენტარი გააკეთა: „შევხვდით ჩვენს კოლეგას - ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს. განვიხილეთ მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები, ასევე შევეხეთ ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ლატვიამ მზადყოფნა დაადასტურა მონაწილეობა მიიღოს იმპლემენტაციის გეგმის რეალიზების პროცესში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ლატვიასთან ურთიერთობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში გაგრძელდება და უფრო ინტენსიური და შინაარსიანი გახდება“.

რაიმონდ ვეიონისმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ლატვიის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია. „საქართველოსთან ძალიან დიდი ხანია ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. მინისტრთან შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების გზები განვიხილეთ. ძალიან დინამიური პერიოდია და მსოფლიო მრავალი გამოწვევების წინაშეა - უკრაინა, ისლამური სახელმწიფო (ISIL), ავღანეთი და სხვა. გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ თანამშრომლობა ნატოს ფორმატში, განსაკუთრებით კი არსებითი პაკეტის განხორციელებაში. რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობები კვლავ გაგრძელდება და ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებთ, მონაწილეობას მივიღებთ სხვადასხვა სწავლებებში როგორც ლატვიაში, ასევე საქართველოში. მზად ვართ თავდაცვის კოლეჯში, სპეციალურ სამეთაურო კურსზე ერთი ქართველი სამხედრო მივიღოთ“ - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.