ფინანსთა სამინისტრო სრულ სახაზინო კონტროლზე უარს ამბობს. ხაზინის ერთიანი სისტემის ამოქმედების მოდელი სახეცვლილებას განიცდის. როგორც ჩანს, ნოდარ ხადურის უწყებამ გაითვალისწინა ცალკე ბანკების და ცალკე საჯარო უწყებების პოზიცია.
2015 წლიდან სსიპ-ებს, ა(ა)იპ-ებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და ავტონომიურ რესპუბლიკებს უფლება ექნებათ, დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით, იქონიონ ანგარიშები კომერციულ ბანკებში, რომელზეც საკუთარი გადაწყვეტილებისებრ გადაიტანენ ხაზინაში აკუმულირებულ ჭარბ ფულს. ამ ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები იქნება მათი შემოსავალი და ისინი ამ თანხას საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად განკარგავენ.
“კომერსანტის” ინფორმაციით, მარეგულირებელი კომისიების გადაყვანა აღარ განხორციელდება სახაზინო მომსახურებაზე და ისინი გამონაკლისთა ჩამონათვალში მოხვდებიან. ასევე წევრობაზე დაფუძნებული სსიპ-ები, თუ ისინი არ ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასევე გამონაკლისთა ჩამონათვალში მოხვდებიან და მათი სახაზინო მომსახურებაზე გადაყვანა აღარ განხორციელდება.
თავდაპირველად კი, პარლამენტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას საკუთარი ანგარიში მხოლოდ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშთა სისტემაში უნდა ჰქონოდა. პირველი პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, ზოგიერთ სსიპ-ს მიეცემოდა უფლება კომერციულ ბანკში გაეხსნა ანგარიში.
ხაზინის მეშვეობით საბიუჯეტო თანხების მოძრაობის გაკონტროლების ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს წამოაყენა. მისი ინფორმაციით, 2015 წლის პირველი იანვრიდან ყველა დონის ბიუჯეტი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები სახაზინო მომსახურებაზე გადავიდოდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ორგანიზაციებს ანგარიში არა კომერციულ ბანკებში, არამედ ხაზინაში ექნებოდათ და მომსახურებასაც სწორედ ხაზინა გაუწევდა.
“მათ ანგარიში ექნებათ ხაზინაში და ის გაუწევს მომსახურებას. აქამდე ზოგიერთს ჰქონდა კომერციულ ბანკებში, ზოგს კი - ხაზინაში. ახლა მოხდება კონსოლიდაცია, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, სტატისტიკურად, ინფორმაციულად გვქონდეს პირდაპირი წვდომა, რა მდგომარეობაა საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით”, - აცხადებდა ნოდარ ხადური.
სხვათა შორის, ამგვარი გადაწყვეტილება მთავრობას ექსპერტებმა იმთავითვე მოუწონეს. სსიპ-ების ფულის ხაზინის მეშვეობით მართვას დადებითი მოვლენა უწოდა კონტროლის პალატის ყოფილა მოხელემ, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.
“სსიპ-ების სახაზინო მომსახურებაზე გადასვლა, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც მთავრობას წლების განმავლობაში არაერთი სპეციალისტი ურჩევდა, მათ შორის კი, აუდიტის სამსახურიც. ამ გადაწყვეტილებით ჩვენთან საბიუჯეტო პროცესი რეალურად სისტემურად მოწესრიგდება. საქართველოში საბიუჯეტო მოწყობისა და პროცესის უმთავრესი პრინციპი წლების განმავლობაში დარღვეული იყო, არ არსებოდა კონსოლიდირების პრინციპი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას შეეძლებოდა საჯარო ფინანსებისთვის თვალყურის დევნება. ახალი ცვლილება სულაც არ ნიშნავს ამ სსიპ-ეის ხარჯვით ნაწილსა თუ ავტონომიურობაში ჩარევას. ამით საჯარო ფინანსების კონსოლიდირება მოხდება”, - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინანსთა სამინისტრომ პოზიცია შეიცვალა. ხაზინასთან ერთად, საჯარო უწყებებს კომერციული ბანკების ანგარიშებითაც შეეძლებათ სარგებლობა.