რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ყველა საკვანძო სადგური პარალიზებულია. თბილისში, ფოთში, ხაშურში, კახეთსა და იმერეთში აქცია გრძელდება. რკინიგზელები ხელფასების მომატებას, მეცამეტე ხელფასს და პრემიებს ითხოვენ. გაფიცულები ახალ სახელფასო სისტემასაც აპროტესტებენ. რკნიგზის დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია რატომ გაიფიცნენ თანამშრომლები, რადგან შეთანხმდების მიხედვით 2015 წლიდან ხელფასები მოიმატებს.
„საქართველოს რკინიგზის“ ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, თანამშრომლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, სამართლიანი სახელფასო სისტემის შექმნა, სადაც სტაჟი და დამსახურება იქნება გათვალისწინებული, ასევე ახალი საპრემიო სისტემის შემოღება, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება.
გაფიცვის ერთ-ერთმა მონაწილემ, რკინიგზელმა დავით ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ რკინიგზის სადგურის ხელმძღვანელობა, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რკინიგზის ცვლის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს. მისივე განმარტებით, მობილიზებული არიან პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლები, რათა გაფიცვა როგორმე შეწყდეს.
რკინიგზის ხელმძღვანელობა კი პირიქით ზეწოლაში გაფიცულებს ადანაშაულებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი მემანქანეებს შეურაცხყოფას აყენებენ და მოუწოდებენ, რომ ელმავლები გააჩერონ.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის ილია ლეჟავას ინფორმაციით, გაფიცულია რკინიგზის თანამშრომელთა 60-70%, რომლებიც თბილისში, ბათუმში, სამტრედიაში, ქუთაისში, გურჯაანში, გარდაბანსა და ზესტაფონში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილნი.
„ჩვენ, რკინიგზელთა პროფესიული კავშირი, სრულ პასუხისმგებლეობას იმაზე, თუ რა მოხდება რკინიგზაზე უსაფრთხოების მხრივ, მგზავრების შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, ვაკისრებთ რკინიგზის ადმინისტრაციის ასეთ უპასუხისმგებლო ქმედებებს.
უსაფრთხოების წესების დარღვევით მუშაობს დღეს რკინიგზა. მოვუწოდებთ თითოერულ მგზავრს, მოვუწოდებთ ტვირთის გადამზიდავ კომპანიებს, თავი შეიკავონ რკინიგზაში დაკვეთების განხორციელებისგან“, - განაცხადა ილია ლეჟავამ.
„საქართველოს რკინიგზაში“ კი ირწმუნებიან, რომ რკინიგზელების ნაწილის გაფიცვა, მათი ცალკეული ხელმძღვანელების თვითმიზანს წარმოადგენს და არა დიალოგის გზით, საკითხების მოგვარების სურვილს.
„რკინიგზა აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. რკინიგზელების უმრავლესობა არ იფიცება. „საქართველოს რკინიგზაში“ პროფკავშირების ერთ ჯგუფსა და მენეჯმენტს შორის თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. დაფიქსირებული მოთხოვნების ცხრა პუნქტიდან საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტმა შვიდი დადებითად გადაჭრა, დარჩენილი ორი პუნქტიდან ერთ სასამართლო განხილვის საგანია, ხოლო დარჩენილ პუნქტზე ვერ მოხერხდა შეთანხმება.
თუკი გავითვალისწინებთ „საქართველოს რკინიგზის“ ახალი მენეჯმენტის მიერ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, კომპანიის შიგნით გატარებულ კორპორაციულ-სოციალურ პოლიტიკას, პროფკავშირის ამ ჯგუფის მიერ დაჟინებით გაფიცვის ფორმატის შერჩევა და რადიკალური პოზიცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გაფიცვა წარმოადგენს მათი ცალკეული ხელძღვანელების თვითმიზანს და არა მოლაპარაკების გზით საკითხების მოგვარების სურვილს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„საქართველოს რკინიგზაში“ იმედი აქვთ, რომ გაფიცული თანამშრომლები პროტესტს კანონის დაცვით გამოხატავენ და კოლეგების უფლებებს არ დაარღვევენ.
„მიუხედავად აღნიშნულისა, „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტი სრული გაგებით ეკიდება მისი თანამშრომლების თუნდაც მცირე ჯგუფის პროტესტის ამ ფორმას და მზად არის გამჭვირვალედ და კანონის დაცვით წარიმართოს ეს პროცესი. იმედია, გაფიცვის ორგანიზატორები დაიცავენ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და პატივს სცემენ და არ დაარღვევენ რკინიგზის მომხმარებლებისა და თავიანთი არაგაფიცული კოლეგების უფლებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიუხედავად თანამშრომლების ნაწილის გაფიცვისა, „საქართველოს რკინიგზა“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
„უნდა ვაცნობოთ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს, რომ გაფიცვის მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე (რკინიგზაში 12 682 ადამიანია დასაქმებული) „საქართველოს რკინიგზა“ განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვების კუთხით. არანაირ შეფერხებას არცერთ კომპონენტში ადგილი არ ექნება“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე კი აცხადებს, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაფიცვა გაგრძელდება და თბილისში აქცია გაიმართება:
„თუ რკინიგზის ადმინისტრაცია გააგრძელებს ასეთ ქმედებას, ჩვენ 13000 რკინიგზელიდან 60-70%-ს რკინიგზის ადმინისტრაციის წინ შევკრიბავთ და დავანახებთ საზოგადოებას, რეალურად რამდენი ვართ“, - განაცხადა ილია ლეჟავამ. გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტს მოთხოვნების შესრულებამდე გააგრძელებენ.