მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს რუსეთის გეგმად აფასებს და ამბობს, რომ დღეს საქართველოს პროკურატურა პირდაპირ მონაწილეობს სახელმწიფო ღალატში ივანიშვილის დავალებით. ექსპრეზიდენტის განცხადებით, პროკურატურის დღევანდელი საქმიანობა ქვეყანას ძვირად დაუჯდება.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა დეტალებზე არ საუბრობს. პარალელურად, საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.
„დაკითხვაზე დაიბარეს ჩემი პირადი ოპერატორი. 2008 წლის 8 აგვისტოს ჩატარდა უშიშროების საბჭოს სხდომა, ეუბნებოდნენ, რომ ვითომ მან გადაიღო სხდომა, სადაც ჩვენ ვლაპარაკობთ, როგორ გავწყვიტეთ ოსები. საქმე აღძრულია ქართველების მიერ ოსი მოსახლეობის გენოციდის მუხლით. რუსეთის საგამოძიებო ორგანომ უკვე გამოაცხადა, რომ ისინი საქმეს აღძრავენ ჩვენს წინააღმდეგ გენოციდის მუხლით და მოითხოვენ ჩემს საერთაშორისო ტრიბუნალზე გადაცემას.
დღეს საქართველოს დადანაშაულება 2008 წლის ოსეთის გენოციდში, ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლის შექმნა, რომელიც დაიწყო ღარიბაშვილმა თვითგამორკვევაზე გაკეთებული ცნობილი განცხადებით. თუ გენოციდი მოვუწყვეთ ოსებს, მაშინ, საერთოდ, რა პრეტენზიები შეიძლება გვქონდეს, რომ ოდესმე დაიბრუნებს საქართველო ამ ტერიტორიებს“, - განაცხადა თოქ-შოუ „არჩევანში“ მიხეილ სააკაშვილმა.
მთავარ პროკურატურაში ყოფილი პრეზიდენტის პირადი ოპერატორი თამაზ შავშიშვილი რამდენიმე დღის წინ დაკითხეს. დაკითხვის დეტალებზე შავშიშვილი არ საუბრობს. ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, ბადაშვილის უწყება აგვისტოს მოვლენებით ინტერესდება. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარებს გენოციდის და ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ნორმების დარღვევის მუხლებით. მისი თქმით, გამოძიება ქართული მხარის დანაშაულს ეძებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საერთაშორისო სასამართლოს თეორიულ დონეზეც კი არ დარჩეს ეჭვები ქართული მხარის მიერ რაიმე გადაცდომის ჩადენასთან დაკავშირებით. ხიდაშელი ადასტურებს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გამოძიებას აწარმოებს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან პოპულარული ფრაზაა, რომ აგვისტოს ომზე მხოლოდ ორ ქვეყანაში მიმდინარეობს გამოძიება - რუსეთსა და საქართველოში - ეს არის ტყუილი. გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და ყველაზე კარგად ეს იცოდა ზურაბ ადეიშვილმა და თინა ბურჯალიანმა, იმიტომ რომ ისინი იყვნენ მაშინ საქართველოდან კონტაქტზე მათთან და ეს იცის დღეს იუსტიციის სამინისტრომ.
დეპუტატის განმარტებით, აგვისტოს ომში რუსეთის მიერ ეთნიკური წმენდის განხორციელების დამტკიცებას სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს და წინამორბედ მთავრობას ამ კუთხით საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულების სახით ერთი ფურცელიც არ გაუგზავნია.
„არც ერთი ფურცელი არ იყო გაგზავნილი ჰააგაში ეთნიკურ წმენდაზე. მე, თინა ხიდაშელმა, 6 ათასი მტკიცებულება გავაგზავნე ამ სასამართლოში. მაშინ არასამთავრობო სექტორში ვიყავი - სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ფოტო და ვიდეო მასალა შევკრიბეთ. დღეს საქართველოს ხელიუსუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საქმე განვითარდეს და შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომელსაც, ვიმეორებ, არც ერთი ფურცელი არ ჰქონია შეტანილი მთავარ სასამართლოში, რომელიც ომის დანაშაულებებს არკვევს.
ამიტომ არ მივიღებ მიშა სააკაშვილისგან და მისი პოლიტიკური მეგობრებისგან არც ერთ არგუმენტს ამის შესახებ - მათი უპასუხისმგებლობის შედეგია, რომ საერთაშორისო სასამართლოს დონეზე დღეს ეს საქმე იქ არის, სადაც არის. ამიტომ, ბოდიში მოიხადონ, როცა ამაზე ლაპარაკობენ და მადლობა თქვან იმისთვის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ICC-ის არ დარჩეს არანაირი ეჭვი საქართველოს შესახებ“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ტყუილსა და უპასუხისმგებლო განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს. როგორც ბურჯალიანი აცხადებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლობის შესახებ თინა ხიდაშელის განცხადება იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვინც წლებია ამ უწყებებში რუსეთის აგრესიის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების მიცემაზე მუშაობს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შევხვდი პირადად რუსული აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. ასევე შევხვდი 2008 წლის სექტემბერში და გადავეცი საქმის მასალები რამდენიმე ტომად, რომელიც აჩვენებდა რუსი სამხედროების მიერ ქართველების ეთნიკურ წმენდას, ომის დანაშაულსა და სხვა მძიმე სამართალდარღვევებს. 2009 წელს მე და ზურაბ ადეიშვილი ისევ შევხვდით სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს პორკურორს ბატონ ოკამპოს და გადავეცით დამატებითი მასალები, რაც იმ დროისათვის გამოძიების და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იქნა მოპოვებული“, - ამბობს ბურჯალიანი.
ბურჯალიანის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მათ შორის ოფიციალური დოკუმენტების მიწოდება ხდებოდა პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს კანცელარიების გავლით. ამ წერილების ნომრები და ასლები უნდა ინახებოდეს ორივე უწყებაში. ამასთან, ადამიანები ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ მასალების მომზადებაში ისევ მუშაობენ მთავარ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში და მათ ამნეზია არ აწუხებთ.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სარჩელები შეიტანა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში. სტრასბურგში მიმდინარე საქმეზე საქართველოს განაცხადი დასაშვებად იქნა გამოცხადებული 2011 წელს. მისი არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა. უმჯობესია ქალბატონმა ხიდაშელმა საზოგადოებას უთხრას, რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში“, - აცხადებს თინა ბურჯალიანი.
რაც შეეხება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დავას, ბურჯალიანის განცხადებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ უნდა მომხდარიყო ეთნიკური წმენდის ბრალდების გარშემო არგუმენტების გაცვლა მოლაპარაკების გზით. მისი თქმით, ქართული მხარე არ ეთანხმებოდა ამ პოზიციას, თუმცა დავის გასაგრძელებლად ამ პირობის შესრულება აუცილებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია 4 დანაშაული, როგორიც არის: გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ომის დანაშაული და აგრესია. პირველი სამი დანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC-ის) თავის იურისდიქციას ახორციელებს 2002 წლის 1 ივლისიდან. რაც შეეხება აგრესიის დანაშაულს ICC თავის იურისდიქციას 2017 წლიდან ამოქმედებს.
საერთაშორისო სს-ს სპეციალისტი, მერაბ ტურავა ამბობს, რომ საერთაშორისო დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთ ასპარეზსს წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი. სწორედ ამიტომ მოექცა ICC-ის პროკურორის სამსახურის ყურადღების ცენტრში აგვისტოს ომის გამოძიება.
როგორც მერაბ ტურავა ამბობს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიემართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის. მაგრამ ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა სტრასბურგისა და გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს. ექსპერტების განცხადებით, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ქართულ მხარესაც ჰქონდა შიში, რომ ყოველმხრივი გამოძიების შემთხვევაში გამოვლინდებოდა ქართული მხარის დარღვევები.
„საერთაშორისო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს თუ მიაჩნდა, რომ მას არავითარი სახელმწიფო ნორმა არ დაურღვევია, მაშინ რატომ არ გამოიყენა თავისი უფლება, როგორც რომის სტატუსის მონაწილე სახელმწიფომ, რომ გამოეძიათ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ჩადენილი დანაშაული? არის ვარაუდი, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეეშინდა იმისა, რომ 2008 წელს მის მიერ ჩადენილი დარღვევები არ გამოვლენილიყო. სწორედ ამიტომ არ მიმართა ICC-ის პროკურორს რუსეთის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ჩატარების თაობაზე“, - აცხადებს მერაბ ტურავა.
მისივე თქმით, რომის სტატუსი მონაწილე სახელმწიფოს ავალდებულებს გამოიძიოს საერთაშორისო დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფუნქციას თავის თავზე აიღებს ICC-ის პროკურორი.
„დღეს ასეთი პრინციპის წინაშე ვართ - ან დასაჯე, ან გადაეცი. მე ვფიქრობ, რომ 2008 წელს მოხდა ომის დანაშაული. მაგრამ ვინ ჩაიდინა ომის დანაშაუალი და რაში გამოიხატა საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა, ეს არის საქართველოს პროკურატურის პრეროგატივა. თუ ამას საქართველოს პროკურატურა ვერ შეძლებს, ან არ გააკეთებს, მაშინ ამოქმედდება ICC-ის მექანიზმები. მე გამოძიებაში არ ვღებულობ მონაწილეობას, ამიტომ ვერ გეტყვით კონკრეტულად ვისი ბრალეულობა შეიძლება გამოიკევთოს. გამოძიება უნდა ჩატარდეს არა ცალმხრივად, არამედ ორმხრივად. უნდა შეფასდეს, როგორც ქართული, ისე რუსული მხარის ქმედებები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მერაბ ტურავა.