საქართველოში ორ-დღიანი ვიზიტით ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში იმყოფება. პრეზიდენტთან ერთად საქართველოში იმყოფებიან აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს დაიწყო. პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულებითანავე გიორგი მარგველაშვილმა და ანდრის ბერზინშიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. დღესვე ლატვიის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. პრეზიდენტის ვიზიტი საკამოდ დატვირთულია. ლატვიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის ერთობლივ ბიზნეს-ფორუმში.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება სხვადასხვა სამინისტროებთან. 27 ნოემბერს, ლატვიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი და ანდრის ბერზინში აჭარის რეგიონსაც ეწვევიან. ანდრის ბერზინში აჭარის ა-რ მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება.
ასევე დაესწრება ლატვიის საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიას და ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში - საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება ბათუმისა და იურმალის დამეგობრების შესახებ ხელშეკრულებას. ლატვიის პირველი პირი საზღვაო აკადემიასაც ესტუმრება, სადაც მხარეები თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით საქართველომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში ბევრი რეფორმა უნდა განახორციელოს. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო წარმატებით დგამს იმ ნაბიჯს, რომელიც სულ ახალახან ხელმოწერილმა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებამ განსაზღვრა.
„ჩვენ გვაქვს შესასრულებელი ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, გვაქვს განსახორციელებელი ბევრი რეფორმა. ასევე ვემზადებით, რომ მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ვიზიტის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება. ძალიან პრინციპული სამუშაოები, რომელიც დაგვაახლოებს ევროკავშირთან, ამ რამდენიმე თვეში უნდა განხორციელდეს. ამ მიმართულებით ლატვიის გამოცდილება უნიკალურია, რის კონტექსტშიც, ლატვიას შეუძლია ბევრი რამ გაუზიაროს მსგავსი სიდიდის და მსგავსი ისტორიის ქვეყნებს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთმა და აფხაზეთის რეგიონმა ხელი მოაწერეს, არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც ართულებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას.
„ჩვენ ერთობლივად, ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადავწყვიტოთ სამშვიდობო გზებით. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ის ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთმა და აფხაზეთის რეგიონმა ხელი მოაწერეს, უკან გადადგმული ნაბიჯია, რაც ართულებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას და ეჭვის ქვეშ აყენებს რეგიონში სტაბილურობას. მე ვფიქრობ, რომ მხარეებმა თავი უნდა აარიდონ ნებისმიერ დესტრუქციულ საქმიანობას“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, ვიზიტის ერთ-ერთი ამოცანაა ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება ორ ქვეყანას შორის. მისი თქმით, ლატვიამ, ისევე როგორც საქართველომ, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ევროპული მიდრეკილებები და მზაობა ხელი შეუწყონ მშვიდობას ევროპაში.
„მას შემდეგ რაც ჩვენ გავხდით ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა, მეტი შესაძლებლობა მოგვეცა დაგვემყარებინა ურთიერთობები კანადასთან, აშშ-სთან. ამ ვიზიტის ფარგლებში 70-ზე მეტი ბიზნესმენი მახლავს, რათა ჩამოყალიბდეს ახალი კონტაქტები და ერთობლივად შევიმუშაოთ ბიზნეს პროექტები. პირისპირ შეხვედრის დროს საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორ უნდა დაახლოვდეს შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ეს იქნება სასარგელო ყველა ჩართული მხარისთვის. ჩვენი მხარდაჭერა იმისა, რომელიც საქართველომ აირჩია - ეს არის ევროპული გზა. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის საიმედო პარტნიორი, ამის დასტურია ავღანეთის მისია. ჩვენ ერთობლივად ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადავწყვიტოთ სამშვიდობო გზებით“, -განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ლატვიის პრეზიდენტის შეხვედრის ძირითადი თემები. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ლატვიის ბიზნეს-ფორუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებას. მისივე განცხადებით, ლატვიის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
„ჩვენ თვისობრივად ახალი ეპოქა გავხსენით ევროკავშირთან ურთიერთობაში. მინდა მადლობა გადავუხადო ლატვიის პარლამენტს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ლატვიამ ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლატვიელი ხალხი ჩვენი ერთგული მოკავშირეა. ჩვენ წამოვიწყეთ საკვანძო რეფორმები პოლიტიკის, ეკონომიკის და მართლმსაჯულების სფეროებში. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრად გაწერილი დრო და ამ იმპლემენტაციის პროცესს პირადად მე ვაკვირდები. ვხელმძღვანელობ კომისიას, რომელიც მონიტორინგს უწევს იმპლემენტაციის პროცესს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბრიუსელში ვიზიტის დროს საქართველოს პროგრესი ღიად დაფიქსირდა.
„რამდენიმე დღის წინ ვიყავი ვიზიტით ბრიუსელში და შეხვედრების დროს ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელებმა ღიად დააფიქსირეს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ამ მოკლე დროში და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპასთან დაახლოების პროცესში. მათ შორის აღინიშნა საქართველოს წინსვლა გამჭვირვალე და თავისუფალი ეკონომიკური გარემოს კუთხით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კონკრეტული ნაბიჯები რიგის სამიტზეა მოსალოდნელი. მისივე განცხადებით, ლატვიისა და ზოგადად ევროკავშირის სოლიდარობა უკვე გამოხატულია აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„იყო კონკრეტული განცხადებები. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას აქტიურად, რომ გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ფორმატი. ლატვიის მრავალრიცხოვანი დელეგაცია, როგორც სამთავრობო, ასევე ბიზნესმენების შემადგენლობა მოწმობს, რომ არის სერიოზული ინტერესი, მზაობა და შესაძლებლობა, გამოვიყენოთ ასოცირების ხელშეკრულებით მონიჭებული შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებაში.
ლატვიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესია. ამ თემების ყველა დონეზე განხილვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ იქნება კონკრეტული შედეგები, რომელიც საშუალებას მოგვცემს. კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ვიცე-პრემიერმა ფორუმის ლატვიელ მონაწილეებს და ის წარმატებები გააცნო, რომელსაც ქვეყანამ ევროკავშირთან ერთობლივად, აღმოსავლეთ-პარტნიორობის პროექტის ფარგლებში მიაღწია. ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ მხარეზე, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნას გულისხმობს და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, ევროკავშირის ოთხი თავისუფლებიდან ეტაპობრივად მიიღონ სამი.
„თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იქნება დამატებითი ფაქტორი ლატვიელი ბიზნესმენებისთვის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ეს გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას. ასევე საქართველო ინვესტორებს სთავაზობს სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ფორუმი საქართველოსა და ლატვიის ბიზნესებს შორის ურთიერთობას სამომავლოდ გააღრმავებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 2015 წლის იანვარში ლატვიაში საქართველოს სამთავრობო გუნდის ვიზიტი იგეგმება. ლატვიის პრეზიდენტმა ქართველ მეწარმეებს ლატვიაში ინვესტირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ლატვიის მთავრობა მათ ყველაფერში დაეხმარება და გადაუჭრის ყველა იმ პრობლემას, რაც კი რეგულაციების მხრივ შესაძლოა წამოიჭრას.