ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში პოლიტიკური ტემპერატურა დღითიდღე მატულობს. ე.წ. გასაღების თაობაზე პარლამენტში ინიცირებული ორი კანონპროექტი შესაძლოა, უმრავლესობაში განხეთქილების მიზეზი გახდეს.
ვახტანგ ხმალაძისა და ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტები ერთმანეთს პაექრობას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაუწევენ და კენჭისყრის შედეგებით, ერთ-ერთი პროექტი ლიდერის სტატუსს მოიპოვებს, მაგრამ ფრაქცია რესპუბლიკელებისა და „ქართული ოცნების“ დაპირისპირება ყოველ დღე მწვავდება.
რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სად დაიწერა, ყველამ იცის, მაგრამ სჯობს, დეპუტატებმა საზოგადოებას სიმართლე უთხრან, ინიციატივაში თუ რა წერია.
კანონმდებელის განმარტებით, აღნიშნულ კანონპროექტში „ორი გასაღების“ თაობაზე არაფერი წერია, შესაბამისად, მომავალში ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება, როგორც იმ კანონის მიხედვით ხდებოდა, რომელიც 2010 წელს, პალიკო კუბლაშვილმა მოამზადა.
„არხი ღიაა და ვისაც რამდენი ხანი მოუნდება, მოსმენას იმდენი ხანი აწარმოებს. ჩვენ კი, ჩამოკიდებული კეთილი ადამიანების კეთილ ნებაზე უნდა ვიყოთ. ეს სახელმწიფო არ არის, რომელიც კეთილ ადამიანებზე არის ჩამოკიდებული“, - აღნიშნავს ხიდაშელი.
დეპუტატის ცნობით, კანონიდან მაკომპრომიტირებელი ინფორმაციის ცნება 1-ელ აგვისტოს ამოიღეს და ეს დეპუტატებმა იზეიმეს კიდეც, მაგრამ ამჟამად, ნორმა უკან ბრუნდება.
„ასევე არ შეიძლება, მიყურადება სახელმწიფო საიდუმლოებას მივაკუთვნოთ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესების 90 პროცენტი უნდა დავხუროთ, ვინაიდან ფარული მიყურადება საქმეში მტკიცებლებაა. შესაბამისად, რადგან მტკიცებულებაა და თან სახელმწიფო საიდუმლოებაა, გაჭირვალეობა დამთავრდა. დარწმუნებული ვარ, ავტორებს ამაზე არ უფიქრიათ“, - აცხადებს ხიდაშელი, რომლის მსგავსად ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს აკრიტიკებს ვახტანგ ხმალაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, წარმოდგენილი პროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და იმ ცვლილებებზე უარის თქმაა, რომელიც პარლამენტმა აგვისტოში მიიღო.
ხმალაძის თქმით, კანონპროექტებს შორის პრინციპული განსხვავება ის არის, რომ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშცილის პროექტით, „გასაღები“ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს გადაეცემა, ხოლო მისი წინადადებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
„ბევრისგან განსხვავებით, ექსპერიმენტი და თეორია რა არის, კარგად ვიცი, რადგან განათლებით ფიზიკოსი ვარ. მათი წინადადებით, „გასაღები“ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ხელში უნდა გაჩნდეს, ჩემი ცვლილებით კი, სხვა სახელმწიფო უწყების ხელში. ვინმემ მითხრას, თუ ეს მეორე ექსპერტიმენტია, მაშინ პირველი, რატომ არ არის ექსპერიმენტი? თუ პირველი არ არის, მაშინ მეორე რატომ არის? მომხსენებელმა შენიშვნების ნაწილი გაიზიარა, მაგრამ მან ზოგზე თქვა, რომ საკითხს სხვებსაც შეუთანხმებს“, - აცხადებს ხმალაძე გედევან ფოფხაძის მისამართით.
for.ge-სთან საუბარში ფოფხაძე ადასტურებს, რომ მას კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღია, ცვლილებები ბესელიამ გააცნო, მაგრამ მან საკითხზე კონსულტაციები შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიასთან გაიარა. დეპუტატის თქმით, მის მიერ ინიცირებული პროექტით, დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ასევე ქვეყნის უსაფრთხოება.
„ნაბიჯები უკან გადადგმული არ არის. არასწორად მიმაჩნია, რომ ვექტორი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სასარგებლოდ გადაიხაროს და ქვეყნის უსაფრთხოება ყურადღების მიღმა დარჩეს. დავით აღმაშენებლმა მსტოვართა ინსტუტუტი გამოიგონა, რადგან ასეთი ინსტიტუტი სახელმწიფოს სჭირდება. მთავარია, ეს ყველაფერი ლეგალური და სანქცირებული იყოს. რაც შეეხება პროექტში ჩემს მონაწილეობას, კანონპროექტი ბესელიამ გამაცნო და ეს ჩემთვის შს სამინისტროს ნამდვილად არ გადმოუცია და შსს-ში არავის დავუბარებივარ“, - აცხადებს ფოფხაძე, რომლის მიერ მომზადებულ ცვლილებებს მკაცრად აკრიტიკებს მისი ყოფილი თანაპარტიელი ნინო გოგუაძე.
for.ge-სთან საუბარში „თავისუფალ-დემოკრატელი“ გოგუაძე აღნიშნავს, რომ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტის გასვლის შანსი არსებობს, რადგან შექმნილია „ნაციონალურ- ოცნების“ უმრავლესობა. მისი თქმით, საკითხის კენჭისყრის დროს, მობილიზებული იქნება ყველა ყოფილი ნაციონალი.
„ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს მივმართავ, რომ გაიხსენონ, უკანონო მოსმენებს ერთად როგორ ვებრძოდით და ვიძახდით, რომ ეს უნდა დამთავრდეს. საკითხის შელამაზებაა თითქოს, მეორე „გასაღები“ ინსპექტორს გადაეცემა, მაგრამ კანონში ვერცერთ მუხლს ვერ ნახავთ, სადაც მეორე „გასაღები“ ფუნქციონირებს. 1-ელ აგვისტოს მიღწეული კანონის დებულებები იმ სურვილებით არის შეცვლილი, რომელიც შს სამინისტროს ჰქონდა“, - აცხადებს გოგუაძე, რომლის მსგავსად, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ პროექტს გმობს „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში.
როგორც for.ge-ს ტუღუშმა განუცხადა, „გასაღების“ შს სამინისტროში დატოვება ქვეყნის რეპუტაციისთვის და უსაფრთხოებისთვის დარტყმა იქნება.
მისი თქმით, ძალიან საწყენია, რომ ამ კანონპროექტით პროცესი იმ პოზიციას უბრუნდება, რაც მხარეებმა ცვლილებების დამტკიცების დროს აგვისტოში გაიარეს.
„ყველაფერს უკან ვატრიალებთ და ერთი ხელის მოსმით წყალში ვყრით. იმედს ვიტოვებ, რომ უმრავლესობა ამ ტიპის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სპეკულაციები სრულდება, რომ უსაფრთხოება ზიანდება და ა.შ. რადგან უსაფრთხოებას შსს იცავს, მაშინ გარემოს ეკოლოგიური დაცვა მას დავავალოთ, ისევე როგორც უსაფრთხო საკვების მომზადება. ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცას სურს, ბერკეტები კვლავ ჰქონდეს, რომ გარკვეულ სიტუაციაში ეს ბერკეტები ისე გამოიყენოს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამ მოდელს არ მიიღებს, რადგან ეს საშიშია და მოქალაქებეისთვის“, - აცხადებს ტუღუში.
არასამთავრობო სექტორის პათოსს იზიარებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ კორძაია, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხმას ხმალაძის ინიციატივას მისცემს, რადგან ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული ცვლილებები წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან მოდის.
თუ „ქართულ ოცნებაში“ ამ დროისთვის, კორძაია ერთადერთი დეპუტატია, რომელიც მხარს ხმალაძის ინიციატივას უჭერს, „ეროვნულ ფორუმში“ ანი მიროტაძეა ერთადერთი, ვინც მხარდაჭერას ასევე ხმალაძის წინადადებას უცხადებს.
როგორც for.ge-ს მიროტაძემ განუცხადა, საკითხზე „ეროვნულ ფორუმში“ თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდება.
პარლამენტი დღეს კანონპროექტებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭსაც პირველი მოსმენით უყრის. უმრავლესობაში მობილიზაციაა, რესპუბლიკელები და „ქართული ოცნება“ საკუთარი ინიციატივების გატანისთვის იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ ხმალაძე საკუთარი წინადადებით, ე.წ. გასაღებს და ელექტრონული კომუნიკაციების ე.წ. მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას გადასცემს, ცვლილებების ამოქმედების ვადად 2015 წლის 1-ელ ივნისს განსაზღვრავს და საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებისთვის დაახლოებით 100 000 ლარიან ხარჯს პროგნოზირებს, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის შესრულებისთვის კი, საჭირო დაახლოებით 280 000 - 300 000 ლარი იქნება, ცვლილებების ამოქმედების ვადად 2015 წლის 31 მარტი განისაზღვრება და „ორგასაღებიან“ სისტემაში ერთი „გასაღები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა, ხოლო მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.
ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხზე, პარლამენტმა კანონპროექტი აგვისტოში მიიღო, თუმცა, ერთ-ერთი მუხლი ღია დატოვა, კომუნიკაციის საშუალებებით განხორციელებულ მონაცემებზე წვდომა თუ ვის უნდა ჰქონდეს - შს სამინისტროს თუ მობილურ ოპერატორებს. აგვისტოში დათქმა გაკეთდა, რომ ამ საკითხზე დეპუტატებს 1-ელ ნოემბრამდე უნდა ემსჯელათ და ამ მიზნით, სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, მაგრამ ჯგუფმა კანონპროექტის მომზადება ვერ მოასწრო, რის გამოც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა შავგულიძემ ამ ვადის 1-ელ აპრილამდე გაგრძელება მოითხოვა. შავგულიძემ შესაბამისი ცვლილებები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეიტანა და პარლამენტმა მისი განხილვა დაიწყო, თუმცა, პროექტზე უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. ცვლილებებს მხარს „თავისუფალი დემოკრატები“ არ უჭერდნენ. შექმნილ ვითარებაში, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შავგულიძეს ცვლილებების მომზადების ვადად 1-ელი მარტი შესთავაზა და საკანონმდებლო ორგანომ ამ ნორმით კანონპროექტი დაამტკიცა, მაგრამ მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო.
პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება მოუწია, რადგან უმრავლესობას ვეტოს დაძლევისთვის 76 ხმის შეგროვება გაუჭირდებოდა. პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, დეპუტატებმა ე.წ. გასაღების მომზადების თარიღად 1-ელი დეკემბერი განსაზღვრეს და ცვლილებებზე მუშაობაც დაიწყო.